არ იქნება მომჩივანი, არ იარსებებს პრობლემა

არ იქნება მომჩივანი, არ იარსებებს პრობლემა

ამ ქვეყანაში ყველაფრის კომერციალიზაცია ხდება. ყველაფერზე წესდება გადასახადი, მათ შორის იმაზეც, თუკი ვინმე სახელმწიფო პროგრამით დაზარალდა და სამართლის საძებნელად დაზღვევის მედიაციის სამსახურს მიადგა. ბოლო გამოკვლევებით სადაზღვევო სექტორი მომსახურების სფეროს აუტსაიდერია, შესაბამისად, მომჩივანიც ბევრი ჰყავს. ჰოდა, ხელისუფლებამ გადასახადის დაწესებით ბენეფიციარების წინაშე “ხელები დაიბანა”. მაღალი გადასახდი მომჩივანების ოდენობას მკვეთრად შეამცირებს, ხოლო თუ არ იქნება მომჩივანი, არ იარსებებს პრობლემაც.

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 29 თებერვლის N80 დადგენილებით, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება ფასიანი ხდება. იურიდიულმა პირებმა მედიაციის სამსახურს გადაწყვეტილების მიღებისათვის 500 ლარი უნდა გადაუხადონ, ხოლო ფიზიკური პირებისათვის გადასახდელი თანხის ოდენობას “ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო” 2012 წლის 1-ელ ივნისამდე განსაზღვრავს.  
ექსპერტი ლევან კალანდაძე სამედიცინო მედიაციის განხორციელებისთვის საფასურის დაწესებას მთავრობის მხრიდან ყოვლად გაუმართლებლ ნაბიჯად აფასებს. მისი აზრით, მედიაციის სამსახურის მომსახურებისთვის საფასურის დაწესება მნიშვნელოვნად შეზღუდავს სადაზღვევო კომპანიებისა და სამედიცინო დაწესებულებების მიერ დაზარალებული პაციენტების მიმართვის რიცხოვნობას.  

“ადამიანები, უბრალოდ, ფულს ვერ გადაიხდიან და მათი სადაზღვევო უფლებები დაუცველი დარჩება. მით უმეტეს, გასათვალისწინებელია, რომ სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მოსახლეობის უმწეო კატეგორია და პედაგოგები არიან ჩართულნი, ხოლო 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან მათ რიცხვს პენსიონერები მიემატებიან. 

ეს არის მოსახლეობის სოციალურად ყველაზე დაუცველი ნაწილი, რომლებსაც ნამდვილად არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა სადაზღვევო კომპანიის ან სამედიცინო დაწესებულების მიერ მათი უფლებების დარღვევის, ან მათთვის არასათანადო მომსახურების გაწევის ფაქტების შემთხვევაში მედიაციის სამსახურს სარჩელის და საჩივრის წარდგენისათვის დამატებით ფული გადაუხადოს”, - განმარტა ლევან კალანდაძემ.  

მისი თქმით, მთავრობამ ფასიანი მედიაციის შემოღებით უმწეოების, პედაგოგებისა და პენსიონერების ინტერესების დაცვისგან “ხელები დაიბანა” და ეს უნდა შეფასდეს, როგორც სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის გადასახადების ფარული გაზრდა.  

“ახალი მემარჯვენეები” მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, უარი თქვას აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება, ისევე როგორც სხვა სამთავრობო სტრუქტურების მომსახურება ყოველგვარი საფასურის გარეშე განახორციელოს და ფასიანი სერვისების შემოღების ნაცვლად, სამედიცინო მედიაციის ეფექტურობის გაზრდასა და დაზღვეული მოქალაქეების სადაზღვევო უფლებების რეალურ დაცვაზე იზრუნოს.

აღსანიშნავია, რომ თუ მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება ან არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება მხარეთათვის სავალდებულოა. ხოლო თუ მხარეებს შორის არ არის დადებული ხელშეკრულება ან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე, დავას განიხილავს მედიაციის სამსახური და იძლევა რეკომენდაციას. იმ შემთხვევაში თუ მხარეები არ ეთანხმებიან რეკომენდაციას, დავის არსებით განხილვას მხარის მოთხოვნის შესაბამისად, დაიწყებს სასამართლო.