არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა” მოუწოდებს მთავრობას სტუდენტებს საბანკო კრედიტის აღებისას გარანტორად დაუდგეს. რაც მათ საშუალებას მისცემს ისწავლონ და არ მოუხდეთ სასწავლებლის დატოვება ფინანსების არქონის გამო.
ზოგადად, განათლება ისეთი სფეროა, რომელსაც მსოფლიოს ნებისმიერ განვითარებად თუ განვითარებულ ქვეყანაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, ჩვენთან ხელისუფლებას უმაღლესი სასწავლებლები და სტუდენტები, მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება, რეალურად კი საზოგადოების ამ ფენისთვის, დღესდღეობით, ერთ–ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას ფინანსების არქონა წარმოადგენს, რათა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება, რომლითაც შემდგომში გამოადგებიან, როგორც საკუთარ თავს, ისე ქვეყანას.
დღევანდელი მდგომარეობით სტუდენტური სესხები ფაქტობრივად, ხელმიუწვდომელია. ბანკების მიერ დაწესებული მოთხოვნების დაკმაყოფილება სტუდენტების უმრავლესობისთვის შეუძლებელია, რომ აღარაფერი ვთქვათ სტუდენტური სესების საპროცენტო განაკვეთების სიდიდეზე (საშუალოდ 20%).
აღსანიშნავია, რომ ქართული ბანკები სესხის ამღებ სტუდენტებს ისეთ მოთხოვნებს უყენებენ, როგორიცაა – სამსახური, ხელფასი აუცილებლად უნდა გერიცხებოდეს რომელიმე ბანკში, მინიმუმ ერთი თავმდები, რომელსაც ასევე ბანკში უნდა ერიცხებოდეს ხელფასი და იგი აუცილებლად ოჯახის წევრი უნდა იყოს. ამას ემატება ოჯახის უძრავი ქონება, კომუნალური ხარჯები და ა.შ. ბანკების მოთხვნების ჩამონათვალი არცთუ მცირეა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტს სწავლა მოეთხოვება და არა მაღალანაზრაურებადი სამსახური, რომელიც აუცილებლად ბანკში ურიცხავს ხელფასს. თუ სტუდენტს ასეთი სამსახური აქვს, მაშინ რაღად უნდა მას ბანკის კრედიტი, გაუგებარია. ზოგიერთ ბანკის შემთხვევაში კი ისეთ საინტერესო ფაქტებსაც შეხვდებით სტუდენტური სესხის აღების სურვილის შემთხვევაში, როგორიცაა – ჩვენ მხოლოდ თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებზე გავცემთ კრედიტებს. ან, ასეთსაც – სტუდენტური სესხის მაქსიმალური ვადაა 1 წელი, საინტერესოა სტუდენტური სესხი რატომღა ქვია ამ კრედიტს.
ბანკების მიერ მკაცრი მოთხოვნების არსებობაზე მეტყველებს სტატისტიკაც: 2012 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ბანკებმა საქართველოს ეკონომიკა 7,306 მილიარდი ლარით დააკრედიტეს, საიდანაც განათლების სფეროზე მხოლოდ 25,5 მილიონი ლარია გაცემული, რაც მთლიან სესხების 0.3%–ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ ეს ციფრი შეიცავს, როგორც ფიზიკურ ისე იურიდიულ პირებზე გაცემულ კრედიტებს და არა კონკრეტულად სტუდენტურ სესხებს. ესეც მკაფიო მაგალითია, როგორ ზრუნავს ქართული სახელმწიფო და საზოგადოება ახალგაზრდობის და საერთოდ, ქვეყნის მომავალზე.
განათლების სამინისტროს ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება, 2012 წელს მან 616,284 მილიონი შეადგინა, საიდანაც სტუდენტებისთვის განათლების დაფინანსებაზე, მხოლოდ 75,474 მილიონი ლარია გამოყოფილი, რაც განათლების სამინისტროს მთლიანი ბიუჯეტის 12%–ია. აღარაფერს ვამბობთ საქართველო ბიუჯეტში განათლებაზე გაწეული ხარჯების სიმცირეზე, სხვა განვითარებულ ქვყენებთან შედარებით. თუ საქართველოში განათლებაზე გაწეული ხარჯები მშპ–ს 3%–ს შეადგენს მსგავსი მაჩვენებელი განვითარებულ ქვეყნებში მინიმუმ ორმაგია. განათლებაზე გამოყოფილ თანხების სიმცირეს, რომ თავი დავანებოთ არსებული ბიუჯეტში ბევრია არამიზნობრივად გაწეული ხარჯები, რომელსაც შეგვიძლია მივაკუთნოთ სტუდენტების ე.წ. საზაფხულო დასაქმების პროგრამა.
„აფბას“ შეფასებით, ხელისუფლება 12.5 მლნ ლარს სტუდენტებს წინასაარჩევნოდ აძლევს, თითოეულს 500 ლარს, მათ ნაწილს ეს ფული არ სჭირდება, მაშინ, როცა მყარი გარანტიის არქონის გამო, უნიჭიერესი ახალგაზრდები სტუდენტურ სესხს ვერ იღებენ და წყვეტენ სწავლას. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ასეთი ერთჯერადი აქცია წინასაარჩევნო პერიოდში სტუდენტების არაპირდაპირი მოსყიდვაა.
სტუდენტების დაფინანსებაზე და კრედიტებზე ხელმისაწვდომობაზე ყველა ქვეყნაში განსხვავებული მიდგომები აქვთ. მაგალითად.: აშშ–ში სტუდენტური სეხების საპროცენტო განაკვეთი 8%–ს არ აღემატება, ხოლო სოციალურად გაჭირვებულ სტუდენტების 5%–იანი სეხებს იღებენ, რომლებსაც საპროცენტო განკვეთს, სახლემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სტუდენტს სესხის აღების გარანტად თვითონ უნივერსიტეტები უდგებიან.
ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა აფინანსებდეს ხელისუფლება ცუდ მენეჯერებს, მაგ.: პროგრამა „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის“ ფაგლებში და არ ზრუნავდეს მომავალი კარგი მენეჯრების აღზრდაზე.
„აფბა“ ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას ნიჭიერი ახალგაზრდების განთესვა უმაღლესი სასწავლებლებიდან და დაუდგეს გარანტორად ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მაძიებელ პერსპექტიულ სტუდენტებს სესხის აღებისას.
“აფბა” მიმართავს ხელისუფლებას გადადგას ქმედითი ნაბიჯები სტუდენტებისთვის ფინანსური რესურსების მოძიების მიზნით. ამ მხრივ, შეიძლება განხილული იყოს, როგორც იაფი სესხების გაცემა, ასევე მათთვის გარანტორად დადგომა კრედიტის აღებისას, აგრეთვე სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის დამატებითი შეღავათების მიცემა, თუნდაც იგივე საპროცენტო განაკვეთის ბიუჯეტიდან დაფარვის გზით ან გრძელვადიანი სესხების აღების ხელშეწყობით.
ამასთან, აფბა მიმართავს ოპოზიციურ ძალებს წარმოადგინონ მათი ხედვა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებული ამ პრობლემის გადაჭრის გზებთან დაკავშირებით.