უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები არ იზრდება. აქედან გამომდინარე, არ იზრდება ფასები. მართალია, სამშენებლო კომპანიები სხვაგვარ პროგნოზებს აკეთებენ, მაგრამ ეს უფრო მათი სურვილია, ვიდრე რეალობა. ამჟამად უძრავი ქონების ბაზარზე სრული სტაგნაციაა.
უძრავი ქონების სააგენტო “ბერუკას” ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით როგორც მეორად, ისე მშენებარე ბინებზე მოთხოვნა 15-20%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, მეორად ბინებზე დაიკლო, ახალ კორპუსებზე კი - გაიზრდა.
“ამ დროისთვის, ძირითადად, მოთხოვნა ე.წ. ძველ ბინებზეა, ისიც მცირე ფართებზე, 100-150 კვ-მ-მდე. თუმცა, თბილისში ასეთი ფართების დეფიციტია. რაც შეეხება ახალ ბინებს, აქ პრობლემას მაღალი ფასები ქმნის. სამშენებლო მასალების გაძვირების გამო, არ არის გამორიცხული დეველოპერებმა ფასები კიდევ გაზარდონ, რაც რეალიზაციას თითქმის გააჩერებს. არსებული ვითარების გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ კიდევ რთული ვითარებაა”, - განმარტვენ “ბერუკაში”.
მათი ინფორმაციით, ცენტრალურ უბნებში ფასი 1 კვ.მ-ზე 1000-1200 დოლარია, პერიფერიებში კი 500-700 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ზოგიერთი სააგენტოს წარმომადგენელი ვითარების გაუმჯობესებას უკვე ამ გაზაფხულიდან ვარაუდობს, დეველოპერები კი უფრო ფასების თემით ინტერესდებიან. მათი პროგნოზებით, ზაფხულიდან მშენებარე კორპუსებში ბინების ფასი მოიმატებს. ასეთ განცხადებები წელიწადში რამდენჯერმე კეთდება ხოლმე, თუმცა ბოლო რამდენიმე წელიწადია ბაზარზე არსებული ვითარება არ იცვლება.
უძრავი ქონების ერთ-ერთი უმსხვილესი სააგენტო “გორო ჯგუფის” დამფუძნებელი აცხადებს, რომ ბაზარზე მდგომარეობა წინა თვეების ანალოგიურია და გამოცოცხლება გაზაფხულიდან არის მოსალოდნელი. გიორგი ბარვენაშვილის განმარტებით, ტრანზაქციების მოცულობებით უძრავი ქონების ბაზარზე არსებული რეალური მდგომარეობის დადგენა არასწორია, რადგან ბანკების და მევახშეების მხრიდან ქონების ჩამორთმევის ფაქტები გრძელდება. რაც შეეხება ფასებს, საარჩევნო ფაქტორიდან გამომდინარე, სააგენტო შემოდგომამდე არსებული ფასების შენარჩუნებას ელოდება.
დეველოპერების ნაწილს კი ფასებთან დაკავშირებით განსხვავებული პროგნოზები აქვს. ისინი ზაფხულში უძრავი ქონების გაძვირებას ელოდებიან.
“არსში” ფასების 15-20%-იან მატებაზე საუბრობენ, რაც მათი განმარტებით, ახლადაშენებულ ბინებზე მოთხოვნის ზრდით იქნება გამოწვეული. მათი აზრით, საცხოვრებელი ფართების ღირებულებაზე გავლენას ნედლეულის ფასის გაზრდა მოახდენს. “არსი” 2012 წელს 3 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას დაასრულებს. ამ ეტაპზე კომპანია ახალი მშენებლობების დაწყებას არ გეგმავს და აქცენტს არსებულ ვალდებულებებზე გააკეთებს.
ზაფხულში უძრავი ქონების შესაძლო გაძვირებაზე საუბრობს დეველოპერული კომპანია “კიდ არქიტექტურას” გენერალური დირექტორიც. მისი განმარტებით, ფასის ცვლილებას რიგი ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს. მათ შორის მსოფლიო ბაზარზე საშენი მასალის გაძვირება, ზოგადი მსოფლიო ეკონომიკური ფონი და ახლადაშენებულ ბინებზე გაზრდილი მოთხოვნა. “კიდ არქიტექტურა” 2012 წელს ექსპლოატაციაში ჩაუშვა ვაკეში მშენებარე კომპლექსი “ვილა ვაკე” და 2013 წელს კი ორი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას დაასრულებს.