ბოლო სამ წელიწადში პირველად უცხოური ინვესტიციების რაოდენობა მილიარდიან ნიშნულს მიუხლოვდა, მაგრამ მაინც ვერ გადაცდა. 2011 წელის იმითაც იყო აღსანინავი, რომ წარსულს ჩაბარდა აზიურ-არაბული კაპიტალის დომინირება. შარშან ყველაზე აქტიური ევროპული ინვესტიციები იყო. მთავრობას მადა გაეხსნა, წელს ცხრანიშნა თამასის დაძლევას აპირებს.
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წელს 981 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20 პროცენტით აღემატება 2010 წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს. “საქსტატის” ინფორმაციით, 2010 წელს საქართველოში 815 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2011 წელს შემომავალი ნაკადების მოცულობამ 1367 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინასწარი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, 2011 წელს საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებიდან 891 მლნ დოლარი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, ხოლო 377 მლნ დოლარი რეინვესტიცია იყო.
2011 წელს ყველაზე მეტი ინვესტიცია ნიდერლანდებიდან (21,8 მლნ დოლარი) და დანიიდან (10,2 მლნ დოლარი) განხორციელდა. 2011 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 181 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2011 წლის IV კვარტალში 337 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 58 პროცენტით აღემატება 2010 წლის შესაბამისი პერიოდის დაზუსტებულ მაჩვენებელს, ხოლო მიმდინარე წლის III კვარტალზე 27 პროცენტით მეტია. აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სწორედ 2011 წლის IV კვარტალში დაფიქსირდა.
მეოთხე კვარტალში ყველაზე აქტიური იყო ჰოლანდია, რომლის წილად მთლიანობაში განხორციელებული კაპიტალდაბანდებების 23 პროცენტი მოდის; შემდეგ არიან საერთაშორისო ორგანიზაციები (15 პროცენტი), ლუქსემბურგი და აშშ (10-10 პროცენტი). 2011 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში განხორციელდა და მან 79 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
მთავრობას ინვესტორების ეიმედება 2012 წელსაც. თუმცა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ საარჩევნო წელს ინვესტორები “ისვენებენ”. ისინი ყურადღებით აკვირდებიან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და მხოლოდ ნაარჩევნებს იწყებენ ზრუნვას საკუთარი კაპიტალის სარფიანად დასაბანდებლად. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი არჩევნები მეტ-ნაკლებად უშფოთველად ჩაივლის და ქვეყნის პოლიტიკურ თერმომეტრში ტემპერატურა მაღალ ნიშნულს არ მიაღწევს.
რადგანაც საქართველოში არჩევნები 2012 წლის ბოლოს გაიმართება, ხოლო ქვეყანაში ვითარება უკვე ისედაც დაძაბულია, წლეულს ინვესტიციების მოზღვავების იმედი არ უნდა გვქონდეს. ის კი არადა, 2013-იც საარჩევნო წელია (სხვათა შორის, 2014-ში თვითმმართველობის არჩევნებიც უწევს) და, შესაძლოა, ინვესტორებმა მინიმუმ 2-წლიანი “შვებულება აიღონ”.
ქართველი ჩინოვნიკები კი იხტიბარს არ იტეხენ და ამჯერადაც 1 მილიარდი დოლარის შემოსვლას ელიან. “ინვესტორებს სჯერათ, რომ საქართველო გააგრძელებს იმ კურსით მოძრაობას, რომელიც დღეს არის ქვეყანაში. ბიზნესი მაინც ბიზნესია და პოლიტიკაში ნაკლებად ერევა. როდესაც ანალიზს აკეთებენ, ქვეყნის შეფასება ხდება, ამ ფაქტორსაც ითვალისწინებენ, თუმცა ამ ეტაპზე დიდ ბარიერად არ თვლიან.
ყველაზე დიდი ფაქტორი, რამაც ინვესტიციების რაოდენობაზე შეიძლება გავლენა მოახდინოს, არის ევროზონის კრიზისი. აქედან გამომდინარე, პროგნოზის გაკეთება რთულია, მაგრამ ჩვენ ვვარაუდობთ, რომ 2012 წელს ინვესტიციების რაოდენობა მილიარდამდე იქნება. ეს, რა თქმა უნდა, პროგნოზია და შესაძლოა, ცდომილება 30%-მდე იყოს”, - ამბობს ბოჭორიშვილი, რომელსაც 1 მილიარდში 300 მილიონის ცდომილება, საოცარია, და ნორმალურ მოვლენად მიაჩნია.