გრაფიკული სიმბოლოთი აღჭურვილი თურქული ლირას დიდი ამბიციები

გრაფიკული სიმბოლოთი აღჭურვილი თურქული ლირას დიდი ამბიციები

თურქეთის ეროვნულ ვალუტას ლირას თავისი გრაფიკული სიმბოლო აქვს. იგი მარტის დასაწყისში თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა გამოაქვეყნა, რამაც, თურქეთის ხელისუფლების ჩანაფიქრით, ვალუტის საიმედოობის და მზარდი პრესტიჟის დემონსტრირება უნდა მოახდინოს. თუმცა, თურქულმა ოპოზიციამ ლოგოში უკვე ამოიცნო ოსმალეთის იმპერიის ბეჭედი და პრემიერ-მინისტრის ინიციალებიც კი. ზოგიერთს კი ის არ მოეწონა, რომ ეს გრაფიკული სიმბოლო დაუძინებელი მტრის, სომხეთის ვალუტის, დრამისას მიამსგავსა. სხვათა შორის, ეს მსგავსება სომხებმას შენიშნეს, თურქები პლაგიატობაში დაადანაშაულეს და მედიაში დასცინეს კიდეც.

თურქული ვალუტის ლოგო ასო L გახლავთ, რომელიც ღუზასავით არის მოხრილი და ორი შტრიხითაა გადახაზული. პრემიერ-მინისტრ რეჯებ ტაიპ ერდოგანის თქმით, “ღუზა” იმისი სიმბოლოა, რომ ლირა ერთგვარი “მშვიდი ნავსაყუდელია”, ხოლო მაღლა მიმართული შტრიხები კი თურქული ვალუტის მზარდი ღირებულების მანიშნებელია. 

ერდოგანმა ამაყად აღნიშნა, რომ ამიერიდან ლირას თავისი სიმბოლო აქვს, როგორც ამერიკულ დოლარს, ევროს და იენას. და რომ გრაფიკული სიმბოლო ნიშნავს თურქული ვალუტის პრეტიჟის ზრდას მსოფლიო ბაზარზე. ამასთან აღინიშნა, რომ ლირასთვის ლოგო 8 ათასი ვარიანტიდან კონკურსის შედეგად შეარჩიეს. 

ამ დროს კი ექსპერტები ღიმილით გვახსენებენ, რომ ლირამ აქამდე სულ სხვა, ერთობ არასასიამოვნო მიზეზების გამო მოიპოვა პოპულარობა. კერძოდ, საყოველთაოდ ცნობილია თურქული ვალუტის ჰიპერინფლაციისა და კურსის მკვეთრი ცვალებადობის შესახებ. ხოლო 1995-1996 და 1999-2004 წლებში ლირა გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა, როგორც მსოფლიოს ყველაზე იაფასიანი ვალუტა.

ყველაფერი ზემოთთქმულის გარდა ლირას ლოგო აშკარა შეხსენებაა, რომ თურქეთის მთავრობას დაგეგმილი აქვს ქვეყანა მსოფლიოს უმსხვილეს 10 ეკონომიკას შორის 2023 წლისათვის შეიყვანოს. ეს თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილე გახლავთ. ამ დროისათვის ქვეყნის ეკონომიკა მსოფლიოში მეთექვსმეტეა, რაც უდავო წარმატებაა. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქვეყნის კიდევ უფრო აღმასვლის შემდეგ ლირა მსოფლიოს ერთ-ერთი სარეზერვო ვალუტა გახდება. 

თუმცა, თავისთავად ცხადია, გრაფიკული სიმბოლოს შემოღება სულაც არ ნიშნავს თურქული ვალუტის სტაბილურობას. გასული წლის მონაცემების მიხედვით, 2011 წლის განმავლობაში ლირას კურსი დოლართან მიმართებაში 18 პროცენტით დაეცა, რაც მსოფლიოს ყველა კონვერტირებად ვალუტას შორის მაქსიმალური მაჩვენებელია. 

დღეს გრაფიკული სიმბოლო მსოფლიოს ყველა მსხვილ ვალუტას აქვს – ამერიკულ დოლარს, ევროს, ბრიტანულ ფუნტ სტერლინგს, იაპონურ იენს და ა.შ. ცხადია, ერთ-ერთი ყველაზე “ახალგაზრდა” ლოგო ევროს აქვს, რომელიც 1996 წელს წარმოადგინეს, როცა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად უამრავი ვარიანტიდან გამოარჩიეს, შემდეგ კი საბოლოო გადაწყვეტილება ევროკომისიამ მიიღო. ევროს ლოგოს შემქმნელთა ვინაობა დღემდე არ გახმაურებულა, ცნობილია მხოლოდ ის, რომ მასზე ოთხი დიზაინერისაგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა.

ყველაზე ძველი გრაფიკული სიმბოლო ამერიკულ დოლარს აქვს. ასევე ძალიან ძველია ინგლისური ფუნტი სტერლინგის სიმბოლოც. ხოლო ყველაზე ახალი ლოგო ინდურ რუპიას აქვს, რომელიც 2010 წელს შემოიღეს. ეს რაც შეეხება დღევანდელობას, თორემ ფულის სიმბოლოების ისტორია ძალიან ძველი გახლავთ. ამგვარი სპეციალური ნიშნები ჯერ კიდევ ძველ ბერძნებს ჰქონდათ. გამონაკლისი არც ძველი რომი გახლდათ. ასე რომ, ვალუტის გრაფიკული ნიშნის არსებობა ერთგვარად პრესტიჟულიც გახლავთ.