თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მექსიკის ყურეში მდებარე კომპანია BP-ის კუთვნილ საბურღ პლატფორმა Deepwater Horizon-ზე ავარია მოხდა. და აი, ბრიტანულმა ნავთობკომპანიამ თანხმობა განაცხადა ნავთობის დაღვრისაგან დაზარალებულებს კომპენსაცია გადაუხადოს. კომპანია იმედოვნებს, რომ მთლიანი საკომპენსაციო თანხა 7,8 მილიარდ დოლარს არ გადააჭარბებს. თუმცა, ჯერ მხოლოდ საუბარია კერძო პირებისა და ფირმების სარჩელებზე. BP-ის წინ გაცილებით რთული და ალბათ ძვირადღირებული პროცესი ელის – ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს ისტორიაში უდიდესი ეკოლოგიური კატასტროფა 2010 წლის 20 აპრილს მოხდა. ჭაბურღილზე მომხდარმა აფეთქებამ 11 ადამიანი შეიწირა. პლატფორმაზე ხანძარი გაჩნდა და რამდენიმე დღეში ჩაიძირა, შედეგად, დაზიანდა ჭაბურღილი, საიდანაც ოკეანეში ნავთობმა უკონტროლოდ ჩაღვრა დაიწყო.
BP-ის სპეციალისტებმა ნავთობის დაღვრის შეჩერება მხოლოდ სამი თვის შემდეგ მოახერხეს. ამ ხნის განმავლობაში ოკეანეში თითქმის 5 მილიონი ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ნავთობის ლაქამ მექსიკის ყურესთან მდებარე აშშ-ს ხუთივე შტატის სანაპიროებამდე მიაღწია.
კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის პარალელურად BP-ის კომპენსაციის უამრავ მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოუწია. კომპანიის წინააღმდეგ პრეტენზია გამოთქვა 110 ათასზე მეტმა კომპანიამ და კერძო პირმა. ესენი ძირითადად გახლდნენ მექსიკის ყურეში სასტუმროების, რესტორნების და სხვა უძრავი ქონების მფლობელები და მეთევზეები. მათ ინტერესებს BP-ისთან მოლაპარაკებებზე მოსარჩელეთა კომიტეტი – PSC იცავდა. ხანგრძლივი შეხვედრების შემდეგ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მხარეებმა კონსენსუსის მიღწევა შეძლეს და საქმე სასამართლომდე არ მივა.
დაახლოებით, ბრიტანული კომპანია საკომპენსაციოდ 7,8 მილიარდ დოლარს გადაიხდის. ეს კომპრომისული თანხაა, რადგან PSC 14 მილიარდს ითხოვდა, BP-ის თავდაპირველი წინადადება კი 6,1 მილიარდი დოლარი გახლდათ. აღნიშნული თანხა ორ კატეგორიად – მატერიალური და ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გაიყოფა და იგი ადრე შექმნილი საკომპენსაციო ფონდიდან გამოიყოფა, რომლის მოცულობა 20 მილიარდს შეადგენს.
საბოლოო დოკუმენტებს ხელი 45 დღეში მოეწერება და შემდეგ შეთანხმებას ახალი ორლეანის სასამართლოს წარუდგენენ. როგორც წესი, კომპენსაციის გადახდა მხოლოდ მას შემდეგ იწყება ხოლმე, რაც მას სასამართლო გაეცნობა, მაგრამ ამჯერად BP-იმ გადაწყვიტა ზარალის ანაზღაურება ნაადრევად დაიწყოს. ყველაზე დიდ, 2,3 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას კომპანია მექსიკის ყურის დაზარალებულ მეთევზეთა საკომპენსაციოდ გაიღებს. აგრეთვე დიდძალი თანხის გაღება მოუწევთ ბრიტანელებს რეგიონის ტურიზმის სარეკლამო კამპანიის დასაფინანსებლად.
რაც შეეხება ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე BP-ის დათანხმებას, ეს PSC-ის დიდ ვაჟკაცობად უნდა ჩავუთვალოთ, რადგან საქმე რომ სასამართლომდე მისულიყო, ამგვარი ზარალის არსებობის დამტკიცება ძალზე რთული იქნებოდა. ამ მიმართულებით კვლევები ახალი დაწყებულია და მნიშვნელოვანს და სერიოზულს ჯერჯერობით ვერაფერს მიაკვლიეს გარდა იმ სიმპტომატური ჩივილებისა, რომლებითაც სხვადასხვა დროს ამა თუ იმ ადამიანმა საავადმყოფოს მიმართა. სასამართლოსათვის ყურადსაღები დასკვნების მომზადებას კი ძალიან დიდი დრო დასჭირდება. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ამ პუნქტის გარეშე ეს შეთანხმება არც შედგებოდა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ შეთანხმებით BP-ის პრობლემები არ მთავრდება, რადგან კომპანიას აშშ-ს იუსტიციის სამინისტროსთან და სხვა ფედერალურ უწყებებთან სასამართლო გარჩევები ელის. კომპანიასთან პრეტენზიები აქვს სხვადასხვა შტატს. ექსპერტთა გათვლით, BP-ის სულ 17 მილიარდ დოლარს შეედავებიან და ალბათ კომპანია ამ დავების უმრავლესობას წააგებს.
ასე რომ, გამოდის, BP-ის მთლიანობაში 24,8 მილიარდ დოლარამდე ექნება გადასახდელი. ამას დაუმატეთ ის მილიარდები, რაც კომპანიამ ავარიის გამო აქამდე იზარალა. ასე რომ, თუ BP-იმ ამ განსაცდელს გაუძლო, მართლაც რომ ლეგენდარული მოვლენა იქნება.