სახელმწიფო ვალი საბიუჯეტო შემოსავლების 135%-ს აღწევს. სპეციალისტების განცხადებით, აღნიშნული მაჩვენებელი ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად აფერხებს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის საგარეო ვალი მშპ-სთან მიმართებაში 32%-ის დონეზეა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემების მიხედვით, 2012 წლის 29 თებერვლის მდგომარეობით, მთავრობის საგარეო ვალი 3,668 მილიარდი დოლარია, ეროვნული ბანკის საგარეო ვალმა კი 592 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
სახელმწიფო ვალი არ უნდა აღემატებოდეს კრიტიკულ მაჩვენებელს - მშპ-ს 60%-სა და ექსპორტის 110%-ს. მთლიანმა სახელმწიფო ვალმა მშპ-ს 60%-ს 2010 წელს გადააჭარბა, 2011 წელს - 57.5%-ს ტოლი იყო, ხოლო 2012 წელს, პროგნოზის თანახმად, 56.6%-მდე შემცირდება. 60%-იანი ნიშნული, როგორც საგარეო ვალის მშპ-სთან შეფარდების სახიფათო ზღვარი, ემპირიული ზღვარია, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში ქვეყანა საკუთარი ლიკვიდურობის სერიოზული პრობლემის წინაშე დგება.
2011 წელს სახელმწიფოს საგარეო ვალმა 4,375.7 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო საშინაო ვალი 1,983.3 მილიონი ლარის ტოლი იყო. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტების განცხადებით, ამ ციფრების მნიშვნელობის ნათლად გაგებისათვის, მიღებული პრაქტიკაა ვალის რამდენიმე ინდიკატორის შეფარდებების სახით გამოსახვა. ეს არის მშპ-ის, ექსპორტისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროცენტული წილი. სწორედ ამ მიმართულებით ვლინდება ვალის რეალური საფრთხე. მშპ-სთან შეფარდების შემთხვევაში, როდესაც ვალი მშპ-ის მნიშვნელოვან წილს შეადგენს და ამ ვალის ზრდის ტემპი მშპ-ის ზრდას მნიშვნელოვნად აჭარბებს, ეკონომიკაში რეცესია მოხდება მაშინაც კი თუ მშპ-სთან ვალის შეფარდება დასტაბილურდება.
რაც შეეხება ვალის ექსპორტთან შეფარდებას, ეს გვიჩვენებს, რომ მთლიანი ვალი უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ქვეყნის საგარეო შემოსავლის ძირითადი წყარო, რაც იმის მანიშნებელია, რომ ქვეყანას შეიძლება მომავალში სავალო ვალდებულებების შესრულებაში პრობლემები შეექმნას. ასევე, ვალის შემოსავლებთან შეფარდება აჩვენებს, რომ ბიუჯეტს შეიძლება პრობლემები შეექმნას ამ შიდა ვალის მომსახურებაში. ასეთი უარყოფითი სცენარის შემთხვევაში გამოსავალი უცხოელი კრედიტორებია, რადგან ვალის 75% საგარეო ვალია. ასეთ შემთხვევაში, ვალი შეიძლება სწრაფად გაიზარდოს და კიდევ უფრო დააზარალოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივა.
ექსპერტების განცხადებით, საქართველოში არსებულ სიტუაციას თუ შევხედავთ, 2011 წელს სახელმწიფო ვალის მშპ-სთან შეფარდება მისაღებ დონეზე - 31.3%-ზე იყო შენარჩუნებული, ვალის ექსპორტთან შეფარდება ამჟამად 89.0%-ს შეადგენს მაშინ, როდესაც 2009 წელს 100%-ს აღემატებოდა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის სახელმწიფო საგარეო ვალი თითქმის იმდენივეა, რამდენიც წლიური ექსპორტი. რაც შეეხება ვალის საბიუჯეტო შემოსავლებთან შეფარდების მაჩვენებელს, იგი ამჟამად 135%-ს უდრის, ყველაზე მაღალ ნიშნულს - 150%-ს კი 2010 წელს მიაღწია.
ქვეყნის ვალის პრობლემები ყველა მოქალაქეს ეხება მაშინაც კი, თუ მათ პირადად არა აქვთ ვალი. ვალის დიდი მოცულობა სახიფათოა იმიტომ, რომ მისი მომსახურება სახელმწიფოს შემოსავლის უფრო და უფრო მეტ წილს მოითხოვს და ამ შემოსავალს ვალის მომსახურებისაკენ და არა ეკონომიკური განვითარებისკენ მიმართავს. 2011 წლის მდგომარეობით, ვალის მომსახურება საბიუჯეტო შემოსავლების 14.6% უდრის.
განსხვავებული მოსაზრება აქვთ ფინანსთა სამინისტროში, სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელი წარმოადგენს მთლიანი სახელმწიფო ვალის 79%-ს. ამ საკრედიტო რესურსის დიდი ნაწილი მიღებულია მრავალმხრივი და ორმხრივი დონორებისგან და ძირითადად შეღავათიანია.
"სახელმწიფო საგარეო ვალის ასეთი ხელსაყრელი სტრუქტურა საშუალებას იძლევა, მიღწეული იქნეს ძალიან დაბალი საშუალო შეწონილი საპროცენტო განაკვეთი მხოლოდ წლიური 2%-ის ოდენობით. სწრაფად მზარდი საბიუჯეტო შემოსავლები, ძალიან დაბალი საშუალო საპროცენტო განაკვეთი და ვალის დაფარვის შეღავათიანი გრაფიკი ძირითადი თანხების დაბალი და ადვილად ხელმისაწვდომი ყოველწლიური გადასახდელებით - ეს არის იმ ძირითადი ფაქტორების ჩამონათვალი, რომლებიც უზრუნველყოფენ მთავრობის საგარეო ვალის მომსახურების კოეფიციენტების სტაბილურად დაბალ დონეს და კლებად ტენდენციას", - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში და დასძენენ, რომ ნებისმიერი ერთი ფისკალური წლის განმავლობაში ვალის მომსახურებაზე მიიმართება საბიუჯეტო შემოსავლების მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი, რაც საშუალებას იძლევა, რომ საბიუჯეტო ასიგნებები მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული ქვეყნის განვითარების პრიორიტეტებზე და სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე.
გარდა ამისა, ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ იმასაც, რომ სახელმწიფო საგარეო ვალის პორტფელის 67% შედგება ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის მქონე კრედიტებისგან და ეს გარემოება ხელს უწყობს საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის მომსახურების პარამეტრების დაცულობას საპროცენტო განაკვეთების ეგზოგენური რყევებისგან.