ბაქო ერევნის პასუხს ელოდება

ბაქო ერევნის პასუხს ელოდება

მთიანი ყარაბაღის გარშემო დაძაბული სიტუაცია კვლავ შენარჩუნებულია. ოფიციალური ბაქო „მადრიდის სამშვიდობო წინადადებებზე“ ერევნის საბოლოო პასუხს ელის. აზერბაიჯანი მოლაპარაკების წარუმატებლობის შემთხვევაში კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტას არ გამორიცხავს.

 

მადრიდის წინადადებები ყარაბაღის გაჭიანურებული კონფლიქტის გადაჭრას აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში გულისხმობს. რის გამოც სომხეთი არ ჩქარობს მათი სულისკვეთების გაზიარებას. მიუხედევად იმისა, რომ მთიან ყარაბაღს დევნილების დაბრუნების შემდეგ სტატუსის განსაზღვრის უფლება საყოველთაო რეფერენდუმის გზით ეძლევა.

 

ანალიტიკოსები ამ ეტაპზე ყარაბაღის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების განახლებას ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევენ. საერთაშორისო საზოგადოებას დღეს იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ვიდრე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია.

 

„იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე აზერბაიჯანში რაღაც მსგავსს (საომარ მოქმედებებს) გეგმავს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამისგან არავისგან არაფერს მიიღებს. მაგალითისთვის საქართველოც კმარა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება“, – აცხადებს გერმანელი ექსპერტი ალექსანდრ რარი.

 

საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელებმა გრიგოლ ვაშაძემ და ელმარ მაედიაროვმა მთიან ყარაბაღში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება თბილისში განიხილეს. როგორც ვაშაძემ აღნიშნა, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, გარდა კონფლიქტური რეგიონებისა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, მათ შორის ენერგეტიკის, ტურიზმისა და ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

 

„უპირველესი მიზანია საქართველოსა და აზერბაიჯანის მეგობრული, სტრატეგიული, მოკავშირეული ურთიერთობების გაღრმავება, რომელიც გამყარებულია ჩვენი პრეზიდენტების მეგობრობით. შეხვედრის ფარგლებში ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტზე, ენერგეტიკაზე ტურიზმზე, ჰუმანიტარულ საკითხებზე და რა თქმა უნდა რეგიონში არსებულ ვითარებაზე“, - აღნიშნა ვაშაძემ.

 

თავის მხრივ მამაედიაროვმა დასძინა, რომ ქართველ კოლეგას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. კერძოდ კი, რა ვითარებაა და როგორ მიმდინარეობს სომხეთთან მოლაპარაკები.

 

„ჩემს კოლეგას დეტალური ინფორმაცია მივაწოდე მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით, რადგან ეს კონფლიქტი საფრთხეს არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მთლიანი რეგიონისთვის შეიცავს. თავის მხრივ გრიგოლ ვაშაძემ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება გამაცნო“, - განაცხადა მამედიაროვმა.

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შესახებ ბაქო „მადრიდის ინიციატივასთან“ დაკავშირებით ერევნის პასუხს ამ დრომდე ელოდება. ელმარ მამედიაროვის

განამარტებით, 2004 წლიდან სომხეთის მხარესთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებით მოლაპარაკები მიმდინარეობს, რომელიც საგარეო უწყების და პრეზიდენტების დონეზე ხორციელდება.

 

2007 წელს კი მადრიდში ეუთოს ფარგლებში შეხვედრის დროს აშშ-ს, საფრანგეთის და რუსეთის მონაწილეობით შემუშავდა კონფლიქტის მოგვარების წინადადებები, რომელიც „მადრიდის წინადადებების“ სახელით არის ცნობილი. აღნიშნულის განახლებული ვარიანტი კი 2009 წლის დეკემბერში დამტკიცდა.

 

„მადრიდის წინადადებები ჩვენთვის მისაღებია და ვთვლით, რომ კონფლიქტის მოგვარებას ხელს შეუწყობს, თუმცა ამ დრომდე სომხეთის პოზიცია ჩვენთვის უცნობია. ასტანის სამიტამდე კიდევ ერთი თევა დარჩენილი და იმედი გვავს, რომ ამ დროში მათი მოსაზრება ცნობილი გხდება“, - აღნიშნა მამედიაროვმა.

 

ამასთან, მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა აზერბაიჯანის პოზიცია და განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღიდან სომხეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს და დევნილების დაბრუნება დაიწყოს.

 

ამასობაში მთიანი ყარაბაღი ომისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

ბოლო დროს არაერთხელ გაიჟღერა, რომ აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ძალისმიერი გზებით აპირებს. სტეპანაკერტის და ერევნის საპასუხო რეაქციებიც არ იგვიანებს ხოლმე. 

 

ყარაბაღელი სომხები ირწმუნებიან რომ შესაძლო საომარი მოქმედებებისთვის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაში ჰყავთ.

 

„მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ძალები მარტო თავდაცვაზე არ არიან ორიენტირებულნი. კონფლიქტის განახლების შემთხვევაში ჩვენ სადაც საჭიროდ ჩავთვლით იქ ვიბრძოლებთ, – აცხადებს რუსულ  „რეგნუმთან“ საუბრისას მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი მოვსეს აკოფიანი.

 

აკოფიანის თქმით, არმიის გაძლიერებისთვის მისი ქვეყანა უდიდეს ძალისხმევას არ იშურებს:

„მხოლოდ ასე შეიძლება აიძულო მოწინააღმდეგე, რომ მან ძალის გამოყენებაზე ფიქრი შეწყვიტოს, – აცხადებს აკოფიანი. მინისტრის აზრით, თუ აზერბაიჯანმა იგრძნო, რომ კონფლიქტის მოგვარება ძალით შეუძლია, მაშინვე მიმართავს ამ მეთოდს.

 

„უნდა იცოდნენ აზერბაიჯანელებმა, რომ მათ მიერ განხორციელებული დივერსიული ქმედებები უპასუხოდ არ დარჩება“, – დასძენს მთიანი ყარაბაღის თავდაცვის მინისტრი.  

 

ანალიტიკოსები მოვლენების განვითარების ამ ეტაპზე ყარაბაღის ფრონტზე საბრძოლო მოქმედებების განახლებას ნაკლებად ვარაუდობენ. გერმანიის საგარეო პოლიტიკის საზოგადოების რუსეთისა და დსთ-ის ქვეყნების კვლევის პროგრამების დირექტორი, ექსპერტი ალექსანდრე რარი აცხადებს, რომ საბრძოლო მოქმედებების განახლება მთიან ყარაბაღში გამორიცხული არ არის, თუმცა ნაკლებსავარაუდოა. ამ საკითხთან დაკავშირებით რარს საქართველოს მაგალითი მოჰყავს.

 

„საერთაშორისო საზოგადოებას დღეს იმაზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს ვიდრე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტია. ევროპა დაინტერესებულია, რომ მთიანი ყარაბაღის საკითხი როდესმე მაინც გადაწყდეს, მაგრამ მოცემულ მომენტში ამ მიმართულებით სერიოზულ ნაბიჯებს არ დგამს“, – აცხადებს ექსპერტი.

 

მისი თქმით, ევროპას ყოველივე ეს ძალიან შორეულ მომავლად ესახება და მას თავისი პრობლემებიც მრავლად აქვს.

 

„მთიანი ყარაბაღი არავის აინტერესებს. ძლიერებს ამა ქვეყნისა მხოლოდ სატრანსპორტო დერეფნები აინტერესებს. ამავე დროს, სულაც არა აქვს მნიშვნელობა ვინ მოიგებს და ვინ წააგებს, ამჟამად მნიშვნელოვანია რეგიონის სტაბილურობა მთლიანობაში, თუნდაც ეს სტაბილურობა სადღაც არასამართლიანი იყოს“, – აცხადებს რარი და დასძენს, რომ ამჟამად „ნაბუქოს“ საკითხი წყდება და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისთვის, რომელსაც აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობები სჭირდება.

 

„რუსეთი კი ორივე მხარეს თამაშობს, იმიტომ, რომ არ სურს, სატრანსპორტო დერეფნები მისი კონტროლის გარეშე აშენდეს“, – აცხადებს რარი.

 

ექსპერტი არ გამორიცხავს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხეს, თუმცა დასძენს, რომ ამის განხორციელება ნაკლებსავარაუდოა.

 

„მიმაჩნია, რომ მილიტარისტული განცხადებები უფრო საერთაშორისო საზოგადოების რეაქციის შემოწმება უფროა. იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე აზერბაიჯანში რაღაც მსგავსს გეგმავს, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ამისგან არავისგან არაფერს მიიღებს. მაგალითისთვის საქართველოც კმარა, რომელიც იზოლაციაში იმყოფება“, – აცხადებს რარი.

 

ცნობისთვის, მთიანი ყარაბაღი (აზერ. Dağlıq Qarabağ) – ისტორიული რეგიონი ამიერკავკასიაში. 1923 წელს შეიქმნა ავტონომიური ოლქი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. 1988 წლის შემდეგ ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ტერიტორია და მისი მომდებარე აზერბაიჯანის რაიონები ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს სომხურ სეპარატისტულ დაჯგუფებებს. ტერიტორიის სტატუსი კვლავაც გაურკვეველია.

 

ფართობი – 2,7 ათასი.

მოსახლეობა – 146 ათასი, კონფლიქტამდე ძირითადად ცხოვრობდნენ სომხები და აზერბაიჯანელები. ამჟამად მხოლოდ სომხები არიან დარჩენილი.

დედაქალაქი – სტეპანაკერტი (აზერბაიჯანულად – ხანქენდი).