საქართველოს პარლამენტმა, 2002 წლის 18 მაისს, გამოსცა კანონი მეფუტკრეობის შესახებ, რომლის ძირითადი მიზანი "მსოფლიოში აღიარებული, უნიკალური ქართული ფუტკრის დაცვა, ხალასჯიშიანი მოშენება და სელექციური სრულყოფა" უნდა გამხდარიყო. ისევე, როგორც ფუტკრის პროდუქციის წარმოების სტიმულირების, სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და სხვა მცენარეების დამტვერვაში ფუტკრის ეფექტიანად გამოყენების, მეფუტკრეობაში დასაქმებული ფიზიკური ან/და იურიდიული პირის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების სამართლებრივი ხელშეწყობა.
როგორც ბევრი სხვა კანონი, ეს კანონიც მხოლოდ ფურცლებს შერჩა და რეალურად ეს დარგი, რომელსაც ქვეყნისთვის და თავად მწარმოებლებისთვის დიდი სიკეთე შეიძლებოდა მოეტანა, აბსოლუტურად მიტოვებული აღმოჩნდა. არადა, მეფუტკრეობა საქართველოს მოსახლეობისთვის, ერთ-ერთი უძველესი და მაღალშემოსავლიანი დარგი იყო ოდითგანვე.
დარგის სპეციალისტების განმარტებით, საქართველოში, ძირითადად, სამოყვარულო მეფუტკრეობაა განვითარებული. მეფუტკრე, რომელსაც 20 ოჯახამდე ფუტკარი ჰყავს, მოყვარულის კატეგორიაში გადის. თუ ფუტკრის რაოდენობა ოც ოჯახს აღემატება, მეწარმეს შეუძლია, უკვე პროფესიონალურ მეფუტკრეობაში სერიოზული ნაბიჯი გადადგას. ექსპერტების შეფასებით, მსოფლიო გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი სახარბიელო ნამდვილად არ არის. დარგის მაღალი განვითარების ქვეყნებში, პროფესიონალ მეფუტკრედ ითვლება ადამიანი, რომელსაც ფუტკრის 300 ოჯახი ჰყავს.
"პირველად, სამი წლის წინ, სულ სამი ოჯახი სკა შევიძინე. ადვილად მრავლდებიან და ამ დროისთვის 30-მდე მყავს. მთავარია, ზამთარი კარგად გადაიტანონ. შრომა, როგორც ყველაფერს, ამასაც სჭირდება, თუმცა, ოჯახში გარკვეული შემოსავალი გაგვიჩნდა. არ არის ისე, ზოგიერთებს რომ ჰგონიათ _ თოხნა არ სჭირდება და ბარვაო. რაც მთავარია, ფულია საჭირო _ უამრავი სპეციფიური რამეა შესაძენი, რომ ამ საქმიანობას გაგრძელება ჰქონდეს. ჯერჯერობით, საკუთარი ფინანსებით და პროდუქციიდან მიღებული თანხებით ვერევი საჭიროებებს, მაგრამ, მერე რა იქნება, არ ვიცი," _ გვეუბნება მოყვარული მეფუტკრე კარლო ჩაჩიბაია.
მისივე განმარტებით, გარდა მოვლის საშუალებებისა, ხარისხიანი თაფლის მისაღებად, სკების ადგილმონაცვლეობაა საჭირო, რაც ასევე ფინანსურ დანახარჯს და შრომას საჭიროებს.
"ჩვენთან, სამოყვარულო მეფუტკრეობაა უფრო განვითარებული. წლებია, ამ საქმიანობით ვართ დაკავებული და შეიძლება 20-30 მეფუტკრესიყოს, ვისაც 300 ან მეტი ოჯახი სკა ჰყავს," _ ამბობს შპს "მეთაფლიას" დამფუძნებელი კახაბერ ზირაქაშვილი.
მისივე განმარტებით, პრობლემას ერთიანი ბაზის არარსებობა ქმნის, რასაც შეეძლება, ინფორმაციის შეგროვება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა: "ერთიანი ინფორმაციული ბაზის არარსებობა ხელს უშლის პროდუქტის გატანას ექსპორტზე. თითოეულ რეგიონში უნდა შეიქმნას ცენტრები, საექსპორტო სახლები, რომელიც შეიძლება მხოლოდ მეფუტკრეობას არ ეხებოდეს _ ისეთი ცენტრები, სადაც ადამიანი, სოფლის მეურნეობის, ან სხვა სახის პროდუქციას წარმოადგენს. ეს ხელს შეუწყობს შეიქმნას ერთიანი ბაზა, რომელიც დაეხმარება ფერმერებს პროდუქციის ექსპორტზე გატანაში," _ ამბობს ზირაქაშვილი.
თავად შპს "მეთაფლიას" თავისი პროდუქცია, სხვადასხვა მსხვილ სავაჭრო ქსელში შეაქვს, ზირაქაშვილის განმარტებით, მომხმარებელმა ქართული პროდუქტი კარგად მიიღო: "საქმიანობა სამი წლის წინ, ფაქტობრივად, ჯიბის ფულით დავიწყეთ, მაგრამ საქართველოს ბაზარზე ფეხის მოკიდება უკვე შევძელით," _ ამბობს კახაბერ ზირაქაშვილი.
მიუხედავად ამისა, ფინანსური სიძნელეები მაინც არსებობს. თაფლი, არ არის სწრაფგაყიდვადი პროდუქტი, გარკვეული რისკების გათვალისწინებით კი, კომერციული ბანკები ამ დარგის დაკრედიტებას ერიდებიან, ისევე, როგორც სოფლის მეურნეობის სხვა დარგებისას. არადა, კახაბერ ზირაქაშვილის განმარტებით, მეფუტკრეობის განვითარება, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, ფაქტობრივად, შეუძლებელია, ტექნოლოგიურ გადაიარაღება კი, ფინანსებს საჭიროებს.
"მეფუტკრეობა რომ განვავითაროთ, ამისთვის საკმაოდ ძვირადღირებული ტექნოლოგიებია საჭირო. ტექნოლოგიების თვალსაზრისით, აბსოლუტური ჩამორჩენაა _ თოხის დონეზე ვართ," _ ასე ფიქრობს ზირაქაშვილი.
დარგის სწრაფად განვითარებას ისიც აფერხებს, რომ მეფუტკრეობა, სხვა დარგებისგან განსხვავებით, პროდუქციის რეალიზაციის შემდეგ თანხებს თითქმის არ ტოვებს, რადგან შიდა ბაზარზე თაფლის საბითუმო ფასები საკმაოდ მაღალია. როცა მეწარმე საბოლოო პროდუქტს მომხმარებელს დაფასოებული სახით აწვდის, სარეალიზაციო ხარჯები იმდენად მაღალია, რომ მას მცირე მოგება რჩება. მაგრამ როცა პროდუქტს თავად აწარმოებს, მოგება უკვე სოლიდურია. ამის გამო, ჩვენთან სამოყვარულო მეფუტკრეობა უფრო განვითარებულია, ვიდრე მსხვილი წარმოება.
კახაბერ ზირაქაშვილს მიაჩნია, რომ მეფუტკრეობას უფრო დიდი პერსპექტივა აქვს საქართველოში, ვიდრე სხვა დარგს, რადგან ძალიან ადვილად გასავითარებელი დარგია: "საქართველო, ჯერჯერობით, არ არის ეკოლოგიურად დაბინძურებული ქვეყანა, რადგან ძალიან მცირე მიწიანია და არც მომავალში არ იქნება, რადგან გეოგრაფიულად სხვა მდებარეობა აქვს. ამიტომ, პროდუქციის ხარისხი საუკეთესოა. უბრალოდ, საჭიროა ერთიანი ბაზის შექმნა. არადა, თუნდაც გურიის რეგიონს ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს მეფუტკრეობაში".
ამ დრომდე მოუგვარებელია ქართული თაფლის სერტიფიცირების საკითხი. ამ კუთხით არა ერთი ორგანიზაცია მუშაობს, თუმცა, საერთაშორისო სტანდარტების სერტიფიკატის მიღება სიდიდდან თანხა ღირს. გამომდინარე აქედან, ზირაქაშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ უახლოეს მომავალში, გადასახადების სოლიდურობიდან გამომდინარე, საკითხი ისევ ღიად დარჩება.
ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მე-4 საუკუნეში, კოლხეთში, ქართველთა ტომები უკვე სარგებლობდნენ შინაური მეფუტკრეობის პროდუქტით.
ახლო წარსულში, მე-20 საუკუნეში, ქართულმა ფუტკარმა არა ერთხელ მიიპყრო მსოფლიო საზოგადოების ყურადღება. კერძოდ, როგორც ყველა სხვა ჯიშის ფუტკართან შედარებით გრძელხორთუმიანმა და თვინიერმა, პროდუქტიულობაც არ დათმო _ 1961 წელს გერმანიაში საერთაშორისო გამოფენაზე, 1965 წელს ბუქარესტში მეფუტკრეობის XX საიუბილეო საერთაშორისო კონგრესზე და 1970 წელს მოსკოვში მეფუტკრეობის საერთაშორისო გამოფენაზე.
სამეცნიერო ლიტერატურა გვეუბნება, რომ ქართული (კავკასიური) ჯიშის დედა ფუტკარზე მოთხოვნა დიდი იყო. ის ათიათასობით იგზავნებოდა საექსპორტოდ მსოფლიოს ყველა კონტინენტის 48 ქვეყანაში. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა მთის რუხი ქართული ფუტკარი, რომელიც სხვა ჯიშის ფუტკრებისგან განსხვავდება თვინიერებით, ნაკლებ ნაყრობით, ხორთუმის სიგრძით და მაღალპროდუქტიულობით. ამის გამო, მას იყენებენ როგორც ხალასად მოშენებისთვის, ისე სელექციაში სხვა ჯიშის ფუტკრის ზოგიერთი თვისების გასაუმჯობესებლად. მაგალითად, აშშ-ში, ქართული ფუტკრის ნაჯვარით და შემდეგი სელექციით მიიღეს ერთ-ერთი ყველაზე მაღალპროდუქტიული ხაზი _ "მიდნაით". ამ ხაზის დედა ფუტკარზე დღესაც დიდი მოთხოვნაა.
ქართულ დედა ფუტკარზე დიდი მოთხოვნილებისა და მოსაზღვრე რაიონებიდან დაბალპროდუქტიული ფუტკრის შემოდინების გამო, ზემოხსენებული კანონის შესაბამისად, საქართველოში აიკრძალა სხვა ქვეყნებიდან ფუტკრის შემოყვანა და ქვეყანა გამოცხადებულია მთის ქართული ფუტკრის ნაკრძალად.