ინტერვიუ მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტ გიორგი ისაკაძესთან
- რა შეცვალა ახალმა საგადასახადო კურსმა მცირე და საშუალო ბიზნესისათვის? - კურსმა ერთმნიშვნელოვნად შეცვალა მდგომარეობა. მინდა გამოვყო გეზ-ის ტიპის ახალი წარმონაქმნები. ნუ წარმოვიდგენთ, რომ გაფორმების ერთიანი ზონით მხოლოდ მსხვილი ბიზნესი სარგებლობს. იმპორტის სხვადასხვა ოპერაციებით დაკავებული ადამიანებისთვისაც მნიშვნელოვანია პროცედურების გამარტივება. იქმნება ინსტიტუცია, რომელიც არ იქნება დამოკიდებული კარგი მენეჯერის ან მმართველის მოსვლაზე სახელმწიფო უწყებაში. რაც შეეხება საბაჟოსთან ურთიერთობას, ყველა მხრიდან პოზიტივი მესმის. ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც ყველა თანხმდება. ვერ ვიტყვი, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან ან სხვა უწყებებთან კომუნიკაცია არ არსებობს, მაგრამ მე, შემოსავლების სამსახურის გარდა, ვერ ვხედავ უწყებას, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ზრუნავს. სხვა სამსახურებისთვის ბიზნესის ეს სეგმენტი არ არსებობს. შემოსავლების სამსახური გარკვეულ ნაბიჯებს დგამს ფიქსირებულ გადასახადებთან მიმართებაში, რომელმაც უკვე საკანონმდებლო სახე მიიღო, გარკვეული ნაბიჯები იდგმება მედიაციის თუ პრევენციის სამსახურებთან დაკავშირებით, რომელიც ამ შემთხვევაში ფისკალურ ხასიათს არ ატარებს. ჩვენ ვხედავთ გარკვეულ პოზიტივს და მცდელობას, ცოტა მეტი ყურადღება მიექცეს მცირე და საშუალო ბიზნესს. თუ შემოსავლების 80% მსხვილ ბიზნესზე მოდის, საქართველოს თვითდასაქმებული მოსახლეობის 70-80% სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის სეგმენტშია და ეს ადამიანები, სამწუხაროდ, მხოლოდ 4 წელიწადში ერთხელ ახსენდებათ. - რა საკანონმდებლო ინიციატივების განხორციელებაა საჭირო მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობისათვის? - რამდენიმე ინიციატივა, რომელიც ახლა მუშავდება, ორი მიმართულებით აკეთებს აქცენტს. პირველი - ფიქსირებულ გადასახადზე მაქსიმალური ორიენტაცია. ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოებთან ცალკე ვიმუშავებთ, რომ მაქსიმალურად დაბალი განაკვეთები დაადგინონ, რადგან ეს გარკვეული სტიმულირებაა მათ რეგიონებში, მეტი ახალი სერვისი გაიხსნას. მეორე მიმართულებაა ფონდების შექმნა. სახელმწიფომ გენერირება უნდა გაუკეთოს შედარებით იაფ ფულს, რომელიც სტიმულს მისცემს კონკურენციას ქართულ საკრედიტო ბაზარზე, სადაც ფული არანორმალურად ძვირია და მსოფლიოში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, პერსპექტივა იმისა, რომ იგი გაიაფდება, ძალიან მცირეა. ამ მიმართულებით არანაირი მცდელობა არ არის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის დეფინირება მოხდეს. ეს ყველაფერი შემოიფარგლება მხოლოდ საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით. ჩვენ მართალი აღმოვჩნდით, როდესაც ვამბობდით, რომ მაკრო სტატუსის შემოღება დამანგრეველი იქნებოდა. ამან კომპანიების დივერსიფიცირება გამოიწვია. გასაკეთებელია ძალიან მარტივი მატრიცა, 10-12 პუნქტიანი გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება სეგმენტის დეფინირება და იმ კონკრეტული ნაბიჯების განსაზღვრა, რაც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად არის საჭირო. |