“გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი პოლიტიკურ პარტიებს “გიგანტური ჰესების” მშენებლობის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ამ საკითხზე ბრიფინგიც გამართეს და აღნიშნეს, რომ მომზადებულია მემორანდუმიც.
“გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფი და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ნაწილი მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, მხარი დაგვიჭირონ “უსაფრთხო ენერგეტიკა სიცოცხლისთვის” proeqtis ფარგლებში და ხელი მოაწერონ მემორანდუმს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე “გიგანტური ჰესების” მშენებლობის აკრძალვას გულისხმობს. ჩვენ მოვითხოვთ, შეწყდეს გიგანტური კაშხლების მშენებლობა და სახელმწიფო პრიორიტეტად გამოცხადდეს განახლებადი ენერგეტიკის სხვა დარგების განვითარება”, - განაცხადა “გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფის წარმომადგენელმა თათია შოთაკაურმა.
“გრინფისის” მხარდამჭერთა ჯგუფის კიდევ ერთი წევრის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით კი, ამ მემორანდუმზე ხელმოწერა მნიშვნელოვანია, რადგან ხელისუფლებამ გარემოსდაცვითი ორგანიზაციების დასკვნების გარეშე დაიწყო რამდენიმე გიგანტური ჰესის მშენებლობა.
“საფრთხეშია მილიონობით კუბური მეტრი ტყე, რომელსაც გადააქცევენ მერქნის რესურსად. საფრთხეშია მოსახლეობა კლიმატის შესაძლო ცვლილებების გამო, საფრთხეშია ისტორიული ძეგლებიც”, - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
ბოლო პერიოდში ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის სწრაფი განვითარების გამო, ეკოლოგიური პრობლემებმა წინა პლანზე გადმოინაცვლა. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ხუდონჰესისა და ნამახვანჰესის კასკადების მშენებლობის პროექტი.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” თავმჯდომარის, მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით, “ნამახვანის” კასკადის მშენებლობით 14 სოფელი დაზარალდება და დაახლოებით 800 ადამიანს გაასახლებენ. დაიტბორება 924 ჰექტარი მიწა (10 კვ_კმ), აქედან 654ჰა სასოფლო-სამეურნეო მიწებია, რომლებიც აქტიურად მუშავდება. 270 ჰექტარი კი - ტყეებია.
“ასევე ზიანი მიადგება ხვამლის ნაკრძალს, რომელიც ტვიშის რეზერვუარიდან 100 მეტრშია. აქ ისეთი მღვიმეებია, რომლებსაც უმნიშვნელოვანესი კულტურული დატვირთვა აქვს. რეზერვუარები შეიქმნება რიონის გასწვრივ, 27 კილომეტრზე, ეს ნიშნავს, რომ მდინარის ეკოსისტემა სრულიად შეიცვლება. ასევე შეიცვლება კლიმატი, გააქტიურდება ქარები”, - აცხადებს ქოჩლაძე.
მისი თქმით, მშენებლობის პროექტში არ ჩანს სეისმოლოგიური და ეკოლოგიური რისკები. რეგიონი სეისმურად აქტიურია და ამ ტერიტორიაზე ჰესები 7-8-ბალიან მიწისძვრას უნდა უძლებდნენ. უმნიშვნელოვანესი ბიძგებიც კი მეწყერებს გამოიწვევს, მეწყერები კი ამ რაიონს ისედაც არ აკლია. ნამახვანის კასკადის ქვემოთ კი გაიზრდება ეროზია. აღსანიშნავია, რომ ამ თვალსაზრისით, თურქმა, ამჟამად უკვე ყოფილმა ინვესტორებმა იმის პირობაც კი დადეს, რომ მეწყერების თავიდან ასაცილებლად ტერასებს გააშენებდნენ.
“მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძე ირწმუნება, რომ “ნამახვანის” პროექტი ტექნიკურად დაუსაბუთებელია. გარდა ამისა, ამ პროექტიდან საქართველოს ვერც ეკონომიკურ სარგებელს მიიღებს, ვინაიდან ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიას თურქები საკუთარ ქვეყანაში წაიღებდნენ.
არანაკლები საფრხთეა ლარსის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ პროექტის გამოისობით საქართველომ, შესაძლოა, თრუსოს ხეობა მთლიანად დაკარგოს.
ყაზბეგის რაიონში მდინარე თერგზე 20-მეგავატიანი ჰესის მშენებლობის პროექტს, რომლის ღირებულება 20 მლნ ლარია, შპს “ენერგია” ახორციელებს. პროექტის მიხედვით, რამდენიმე ობიექტის მშენებლობაა დაგეგმილი, მათ შორის, სათავე ნაგებობის, გამწმენდი ნაგებობისა და ჰესის შენობის. კაშხლის სიმაღლე დაახლოებით 3 მეტრი იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანეთა მოძრაობა”–ს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გიგანტური ჰესების მშენებლობა ტერიტორიების დაკარგვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ჩხობაძის თქმით, ლარსის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა კანონის დარღვევით დაიწყო და ჰესის მშენებლობის შედეგად, საქართველომ, შესაძლოა, თრუსოს ხეობა მთლიანად დაკარგოს.
“ლარსის ჰიდროელექტროსადგური შენდება იმ მონაკვეთზე და იტბორება ის ტერიტორია, რომელიც არის თრუსოს ხეობაში შესასვლელი საქართველოს მხრიდან. ამ გზით შეიძლება ულამაზესი ხეობა დავკარგოთ, რადგან ჰესის აშენების შემდეგ ამ ხეობაში შესვლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ჩრდილოეთ ოსეთიდან. მეორე პრობლემა თვითონ დარიალის მდინარეა. ჰესი იმდენ ელექტროენერგიას არ მოგვცემს, რაც შეიძლება ღირდეს ჩრდილოეთის მარშრუტზე ტურისტული პოტენციალის დაკარგვად”, - აცხადებს ჩხობაძე.
“ყველაზე დიდი საფრთხე და პრობლემა, რომელიც საქართველოში გამოიკვეთა, ის სტრატეგია და პოლიტიკაა, რომელიც საქართველოს აქვს აღებული. ჩვენ ვამბობთ, რომ გვინდა გავყიდოთ ელექტროენერგია, რომელსაც გამოვიმუშავებთ ჰიდროელექტროსადგურებით. თითქოს ეს არის ალტერნეტიული ენერგეტიკის წყარო.
სინამდვილეში, დიდი, გიგანტური ჰესები საქართველოსთვის იქნება დამღუპველი. ჩვენ შეიძლება დავკარგოთ საქართველოს კუთხეები იმიტომ, რომ ტენიანობა და დაავადებები მოიმატებს. ადამიანები იქნებიან გადასახლებულები. მარტო ხუდონჰესის მშენებლობის შედეგად 26 ისტორიული ტოპონიმი გაქრება, ხაიში დაიტბორება. მოსახლეობის ნაწილს აქვს მოლოდინი, რომ კომპენსაციას მიიღებს. მე ვიცი, რომ ეს არ მოხდება. იმდენ კომპენსაციას მაინც ვერ მისცემენ, რომელიც საქართველოსთვის სვანეთის დაკარგვას აანაზღაურებს. ამიტომ ყველა დიდ ჰესთან და გრანდიოზულ მშენებლობასთან მიმართებაში “საქართველოს მწვანეთა მოძრაობას” მიაჩნია, რომ ეს შეიძლება საქართველოსთვის დამღუპველი იყოს”, - აღნიშნავს “საქართველოს მწვანეთა მოძრაობის” ხელმძღვანელი.
ექსპერტის განმარტებით, ამ სიტუაციიდან გამოსავალი ენერგოეფექტურობის კანონმდებლობის შემოღებასა და ენერგოდაზოგვის სახელმწიფო პოლიტიკის გატარებაშია.