კვირიდან კვირამდე მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობა იზარდება. თუ 10 დღის წინათ რეესტრში ჩანაწერთა რაოდენობა თითქმის 60 ათასს შეადგენდა, დღევანდელი მონაცემებით, ამ ციფრმა 61 ათას გადააჭარბა.
ამ მზარდი სტატისტიკის ფონზე ექსპერტები მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების რაოდენობის ზრდას არც მომავალში გამორიცხავენ და ამის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვეყანაში დაბალ ეკონომიკურ აქტივობას ასახელებენ. მეორე და ასევე მნიშვნელოვან ფაქტორად სამომხმარებლო კრედიტების გამარტივებას და ამაზე დაწესებულ მაღალ საპროცენტო განაკვეთს ასახელებენ.
ექსპერტის საბანკო საკითხებში ლია ელიავას თქმით, დღეისათვის საბანკო სექტორთან დადებული საკრედიტო ხელშეკრულებების რაოდენობა დაახლოებით 543 ათასს შეადგენს. აქედან, 1000 ლარამდე სასესხო ხელშეკრულებაზე მოდის 90 პროცენტი, ანუ 488 ათასი. რაც შეეხება მსხვილ სესხებს, რომლებიც აღემატება 50 ათას ლარს, მათზე ხელშეკრულებების რაოდენობა მხოლოდ 134 ერთეულს შეადგენს.
მისი თქმით, ბანკების მიერ სამომხმარებლო დაკრედიტებაზე აქცენტის გადატანა ბიზნეს ინტერესითაა განპირობებული, რადგან ასეთი სახის სესხების ადმინისტრირება და ამოღება ადვილია მათი მცირე მოცულობის გამო, ასევე მათზე დაწესებული საპროცენტო განაკვეთები იმდენად მაღალია, რომ ბანკებს, პრაქტიკულად, არც სჭირდებათ სხვა სახის სესხების გაცემა იმისთვის, რომ ყოველთვის ჰქონდეთ მსუყე შემოსავალი.
ექსპერტის ეკონომიკის საკითხებში ავთანდილ სილაგაძის თქმით, მოვალეთა რეესტრში ჩანაწერების გაზრდის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა 1000 და 2000-ლარიანი სამომხმარებლო კრედიტების გაცემა. ამის ფონზე კი გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი და საჯარიმო სანქციები.
ექსპერტთა განცხადებით, საბანკო სექტორმა მსხვილი ბიზნესის, მრეწველობის თუ აგროსექტორის დაკრედიტება რომ დაიწყოს, ამისათვის საჭიროა მათ ამის სტიმული სახელმწიფომ მისცეს. სილაგაძის თქმით, საქართველოს ეკონომიკური წინსვლისათვის აუცილებელია საბანკო სექტორის მიკროდაფინანსების სფეროდან გამოყვანა.
“როდესაც რეესტრის ჩანაწერების რაოდენობა იზრდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ცხოვრება ძვირდება და სოციალური ფონი მძიმდება. დეკემბერში მიიღეს ცვლილებები კანონში, რის შედეგადაც აუქციონი დაყადაღებიდან ორი თვის ნაცვლად, ერთ თვეში გაიმართება. ხელახალი აუქციონი კი სამ დღეში. პირველ აუქციონზე თანხას განსაზღვრავს ფინანსთა სამინისტრო, მეორე აუქციონი ნულოვანია, შემცირდა მოვალისთვის შეტყობინების გაგზავნის ვადა, საგადასახადო საქმის აღსრულებისას მევალეს ნებაყოფლობით შესრულების ვადა საერთოდ აღარ ეძლევა.
კანონში შეტანილი ცვლილებები იქითკენაა მიმართული, რომ მესაკუთრის ქონება სწრაფად და იაფად გადავიდეს სხვის ხელში. 2011 წელს, წინა წელთან შედარებით, უძრავი ქონების ბაზარზე ტრანზაქციათა რაოდენობა, დაახლოებით, 26%-ითაა გაზრდილი. ეს სწორედ საფინანსო ინსტიტუტების მიერ კერძო ქონების ჩამორთმევის ხარჯზე მოხდა”, - აცხადებენ ექსპერტები.
ასეთ შეფასებას არ ეთანხმებს აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონალური ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნინო გოგილაშვილი. “მოვალეთა რეესტრი 2010 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ჩანაწერების განახლება მუდმივად ხდება. ასე რომ, მისი მონაცემები როგორც მატულობს, ისე იკლებს. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შემდეგ პირი ხვდება მოვალეთა რეესტრში, ამ შემთხვევაში არსებობს მასზე დაკისრებული ვალდებულება. თუ ამ პირმა ეს ვალდებულება შეასრულა, იგი მოვალეთა რეესტრიდან მაშინვე ირიცხება.
60 000 დღევანდელი მონაცემია და ეს მონაცემი არის ცვალებადი. რეესტრში ჩანაწერთა ზრდა, სასამართლოში განხილული საქმეების რაოდენობის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში სამართლებრივი კულტურის დონე უფრო ამაღლდა და ადამიანები დავების გადაჭრის მიზნით სასამართლოში მიდიან. ჩვენთან ხვდება მხოლოდ ის დავა, რომელიც სასამართლოში იყო და უკვე გადაწყვეტილებაა მიღებული. არ უნდა იყოს გაგებული ისე, რომ ვინც მოვალეა, პირდაპირ მოვალეთა რეესტრში ხვდება, აქ მოხვედრამდე საქმეს ყველა ინსტანცია გავლილი აქვს.
ეს ყველაფერი დღეს იურიდიულად გამართულად ხდება, დადასტურებული სესხები გაიცემა, დავების განხილვა სასამართლოში ხდება და ჩვენთან მოდის ის შემთხვევები, როდესაც ვალის გადახდა არ ან ვერ ხდება”, - აცხადებს ნინო გოგილაშვილი.