"ერთ დღეს ბაბომ ყველი და კვერცხი ჩაალაგა, ორი კალათი გაივსო და წავიდა სოფლის ბოლოს, ცხინვალის საზღვართან. იმას პაპა დაუდგა გვერდზე მსხლითა და ვაშლით... სადაც ბაზრის შესასვლელი იყო იქ დიდი ბეტონია, დასხდნენ ასე კოხტად და დაიწყეს თავიანთვის ჭუკჭუკი. ჩამოიარა ოსმა, ჯერ გაუკვირდა, შემდეგ გაუხარდა და ყველაფერი იყიდა. წასვლისას კი დაუბარა, ხვალაც ამოიტანეთო. მეორე დღეს ერთის ნაცვლად ხუთი ოსი ამოვიდა. "ბაბუშკამაც" თავის დაქალს უთხრა და ახლა ორი ბაბო და ორი პაპა დასხდნენ საზღვრის ბეტონზე. ბაბოებს ახალგაზრდებიც მიყვნენ, შემდეგ ერთი ქოხი წერეთელმა გააკეთა, რომელაშვილმა - მეორე, ასე ნელ-ნელა დავიწყეთ"... - ერგნეთის ბაზრობის შექმნას ასე იხსენებს ადგილობრივი ნიკოლოზ რომელაშვილი.
მეორე თანამოსაუბრე, აკაკი წერეთლის მოგვარსახელე, გვიყვება, რომ ერგნეთელი "ბაბოსა" და "პაპას" მიერ შექმნილი სავაჭრო ადგილი სულ მალე დიდ ბაზრობად გადაიქცა, 50 ჰექტარამდე ტერიტორია მოიცვა და მთელს საქართველოს იაფი პროდუქცით წლების განმავლობაში ამარაგებდა.
მართალია, ეს ბაზრობა კონტრაბანდული საქონლით მარაგდებოდა, მაგრამ ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ კონტრაბანდამ გასული საუკუნის 90-ინი წლების ომის დროს გადამტერებული ოსები და ქართველები შეარიგა და დააახლოვა.
დღეს ბაზრობის ტერიტორიის ნახევარი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ნახევარი - იქით, ცხინვალისკენ. მინდორი უკაცრიელია, ცხინვალის საზღვართან მხოლოდ ქართული ბლოკ-საგუშაგო დგას და ქართული დროშა ფრიალებს. მათ ზურგს უკან 50 მეტრში კი რუსულ-ოსური დროშაა.
დღეს, ასე ზურგშექცევით მდგარი ქართველები და ოსები სულ რამოდენიმე წლის წინ გვერდიგვერდ იდგნენ და ერთად ვაჭრობდნენ. მთელი საქართველო მოდიოდა და ვაჭრობდა. სოფელში სიცოცხლე დუღდა, დღეს კი - ცარიელი და ჩამკვდარია აქაურობა. ადრე ღარიბი ოჯახი არ არსებობდა, დღეს - ლუკმა-პური ენატრებათ. ადრე 200 კომლი ცხოვრობდა, დღეს - თითქმის ცარიელია, მხოლოდ გადამწვარი სახლების კედლებია დარჩენილი და მათ გვერდით ერთოთახიანი პატარა კოტეჯები. ერთ-ერთ ასეთ კოტეჯში შევხვდით ჩვენს რესპონდენტებსაც და ორივე ძალიან კარგი მოსაუბრე გამოდგა.
"გორში ჩვენ საერთოდ რა გვინდოდა? როცა აქ ბაზრობა იყო, გორსა და თბილისში აქედან იზიდებოდა ყველაფერი. კანფეტიდან დაწყებული, თევზით თუ სიგარეტით დამთავრებული, ყველანაირი პროდუქცია რუსეთიდან შემოდიოდა. აქ იყო საბითუმო ბაზარი. კონტეინერები სავსე იყო ათასი რაღაცებით, შეხვიდოდი, სულ რაღაც კაპიკებში აიღებდი, გამოცდებოდი ბაზარს და მანეთებში გაყიდდი. რუსებს, ოსებს ქართველებს, ყველას რუსეთიდან მოჰქონდა, რაც უნდოდა და ყიდდა. აგერ, თქვენც შეგეძლოთ რუსეთში წასულიყავით, ჩამოგეტანათ რაც გინდოდათ და გევაჭრათ.
"სანამ ბაზრობა იყო, სოფელში არავის უჭირდა, ყველა კარგად ვცხოვრობდით. დღეს კი ნახეთ სად ვართ, ორსართულიანი სახლები მედგა, დღეს კი ერთ 22 კვადრატული ფართის კოტეჯში ვართ თავშეფარებულები", - ამბობს და გულისტკივილს არ მალავს რომელაშვილი.
რეზონანსი": როგორი ურთიერთობა გქონდათ ოსებთან ბაზრობის დროს? ისინი სოფელში თავისუფლად მოდიოდნენ და ვაჭრობდნენ?
აკაკი წერეთელი, ერგნეთის მკვიდრი: ოსები დადიოდნენო? სოფელში შემოდიოდნენ, ვაშლი იყო, პომიდორი თუ სხვა რამ ბოსტნეული, მოსახლეობისაგან ადგილზე ყიდულობდნენ და ორჯონიკიძეში მიჰქონდათ. თუკი ორჯონიკიძეში თავად წაიღებდი, ორმაგ ფასში გაყიდდი, მაგრამ წვალების ფასად არავის უღირდა, ვაჭარი კარებთან მოუდიოდა ყველას.
ნიკოლოზ რომელაშვილი: ჩვენ მათზე ვყიდდით ჩვენს ნაშრომს, ისინი - თავის ჩამოტანილ პროდუქტს და ძალიან მაგარი ცხოვრება გვქონდა. ერთადერთი სიგარეტის ყიდვა-გაყიდვას დასდევდნენ, სალიარს (დიზელის საწვავი - რედ.) და ბენზინს კი რამდენსაც გინდა გაყიდდი. აზერბაიჯანელები ჩამოდიოდნენ და ყველაფერი აქედან მიჰქონდათ.
"რ": კონტრაბანდა რომ იყო, ასე თავისუფლად როგორ შეეძლოთ აზერბაიჯანელებს გაეტანათ?
ა.წ: თავისუფლად მიჰქონდათ კი, ერგნეთის ბაზრობით მთელი საქართველო მარაგდებოდა. თავიდან არ მისდევდნენ, მაგრამ ბოლოს უკვე გაამკაცრეს, ბაზრის დაშლა უნდოდათ, იმიტომ, რომ ჩვენთან იაფი ღირდა, სხვაგან კი - ძვირი...
ნ.რ: იმიტომ აიკრძალა, რომ ბაზარი უნდა დაშლილიყო და კონფლიქტი მომხდარიყო... მთელი საქართველო აქ ჩამოდიოდა და აქედან მიჰქონდა ყველაფერი, ამიტომაც დაშალეს. სხვაგან ძვირი იყო და არავინ არაფერს ყიდულობდა. ბობოლა ხალხის შემოტანილი, შევარდნაძის ძმისშვილი თუ სხვების, აღარ იყიდებოდა... აზერბაიჯანელებს ტონობით პროდუქტი მიჰქონდათ. ცხოვრება არაჩვეულებრივი გვქონდა, ერგნეთის ბაზრობა არა მარტო მთელ საქართველოში, აზერბაიჯანშიც იყო განთქმული...
2004-ის ბოლოს, სანამ ოქრუაშვილი წავიდოდა, ბაზრობას წყალი მანამ შეუყენეს. ვისი რა ინტერესი იყო, არ ვიცი. ჭორის დონეზე ათას რამეს ამბობდნენ, მაგრამ ზუსტად არ ვიცი და ძნელია რაიმეს თქმა. ამ ბაზრობის ამბავში იმოდენა ხალხი იყო ჩართული, ყველაფერი ახლართულ-ჩახლართული იყო.
"რ": ვინ შექმნა ბაზრობა?
ნ.რ: ჩვენმა ხალხმა შექმნა, გლეხობამ - ერთმა ბაბომ და ერთმა პაპამ. ცხინვალსა და ჩვენ შორის პირველი კონფლიქტი რომ მოხდა, დრო გავიდა. დრო ყველაფრის მკურნალიაო და თითქოს შერიგების ამბავი წავიდა. ერთ დღეს ერთმა ბაბომ წაიღო ვაშლი, მეორემ - ყველი და ეგრე... ბაბოებს ახალგაზრდებიც მიემატნენ... შემდეგ რა აღარ გაკეთდა, მშენებლობები წავიდა. 1700 კონტეინერი იდგა, ამის გარდა კი რამდენი დახლი და მაღაზია იყო, მარტო ჩეკის შემოსავალი იმდენი იყო, თვლას ვერ აუდიოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, "დრანგალეტკის" მძღოლებს საგზურებს უწერდნენ ხოლმე, დღის ბოლოს 50 ლარი უნდა გადაეხადათ, ისე ბაზარში არ შეუშვებდნენ, მაგრამ უღირდათ, დღეში 100 ლარი რჩებოდათ.
"რ": გადასახადს ვის უხდიდნენ?
ა.წ: ბაზარი რომ გამსხვილდა, შემდეგ დირექცია შეიქმნა. ქართველები იყვნენ უფროსები და ჯიბეში იდებდნენ შემოსავალს. ნემსივით წვრილები მოვიდნენ და ბობოლები გახდნენ. ლიფსიტას რომ კარგ აუზში ჩააგდებ, კარგად რომ გამოკვებავ და ორაგულად გადაიქცევა, ისე მოხდა აქაც.
რ": ბაბოს მიერ გახსნილი ბაზარი როგორ გახდა ვიღაც "ბობოლასი"?
ნ.რ: ბაბოს ფული სად ჰქონდა? გამოჩნდა ვიღაც, ვისაც დიდი ფული ჰქონდა, მოიტანა იმან 120 ტონიანი ცისტერნა, დააგდო მიწაში, გააკეთა "ზაპრავკა", დააყენა "ზაპრავშიკი", დააყენა მრიცხველი, ბუღალტერი და მორჩა. ყოველ დღე მივიდოდა ოსის მანქანა და ჩაასხამდა საწვავს; მეორემ თანხა ჩადო და სასტუმრო გააკეთა; მესამემ - დახლები და შენობები დადგა. სამეული შეიკრა, დაინიშნეს ბუღალტერი, გამოყვეს მეჩეკეები. 1700 კონტეინერი ათზე გაამრავლე, დღეში ერთ შემოვლაზე მეჩეკეები მარტო ამ კონტეინერებიდან 17 ათას ლარს იღებდნენ.
ა.წ: ვიღაცებმა თონეები ააშენეს, ვიღაცამ სასადილოები, კიდევ ვიღაცამ სასტუმროც კი ააშენა. ბაზრობის ტერიტორია ჩვენს მხარეს 24 ჰექტარი იქნებოდა. შემდეგ ცალკე, იქვე საზღვრის გაყოლებაზე თავის მხარეს ოსებმაც მოაწყვეს მსგავსი საბითუმო ბაზრობა და ჯამში სულ 50-ჰექტარამდე ტერიტორია გამოვიდა.
ერთი უფროსი, მიტო დოიჯაშვილი ადრე მოსამართლე იყო, ჩვენებურია, ახლა პენსიონერია, გორში კოტეჯში ცხოვრობს; მეორე ჩიხლაძე - ტყვიავიდან იყო და ახლა არ ვიცი, სად არის; მესამე - ტირძნისელი ლანგი იმერლიშვილი გარდაცვლილია.
ჩვენები ოსებისგან თითქმის სულ მუქთად ყიდულობდნენ საწვავს, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოჰქონდათ და ასე ორ ნაბიჯში უფრო ძვირად ყიდნენ დასავლეთელზე, კახელზე, თბილისელზე თუ აზერბაიჯანელზე. ამ სოფლის მცხოვრებლების გარდა სხვებმა ოსებთან მისასვლელი გზები არ იცოდნენ და ერგნეთელებიდან ყიდულობდნენ, მაგრამ რა გინდა, ერგნეთელებისაგანაც მაინც ბევრად იაფად ყიდულობდნენ, ვიდრე იგივე პროდუქცია საერთოდ საქართველოში ღირდა.
პირადად მე "სალიარს" ვყიდდი, 8 ცისტერნა მედგა. ოსი მყავდა მომმარაგებელი. ჩამომიტანდა სალიარს და წავიდოდა. მოგებაც ძალიან კარგი მქონდა. დღეში 100-200 ტონას ვყიდდი. დღეში 100 დოლარი მრჩებოდა. ყველა ამ ბაზრობაზე მოდიოდა, ჩინოვნიკებიც კი აქ ყიდულობდნენ ყველაფერს.
"რ": აქ მხოლოდ საბითუმოდ ყიდდნენ საქონელს თუ ცალობითაც?
ა.წ: მე სალიარს საბითუმოდ ვყიდდი, მაგრამ სხვა პროდუქცია ცალობაშიც იყიდებოდა. თუმცა მეტი წილი ბითუმად ყიდულობდა ყველაფერს. ერთი-ოროლა თუ იყო ისეთი, ცალოობით რომ ეყიდა რამე. ოსებისაგან დილით აღებული ყველა პროდუქტი საღამოს მთლიანად გაყიდული იყო.
"რ": ანუ ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ოსები ვაჭრობდნენ და ერგნეთში - ქართველები?
ნ.რ: ოფიციალურად ის მხარე ოსების ბაზარს ეკუთვნოდა და გადასახადსაც იქით იხდიდნენ. ოსებს გამყიდველებად ქართველები ჰყავდათ, თავის ხალხს არ ენდობოდნენ, საქონელი კი თავად მოჰქონდათ. ოსები ჩვენს მხარეზეც თავისუფლად გადმოდიოდნენ და ყიდდნენ რაღაცებს.
"რ": როგორ ფიქრობთ, ეგ ბაზარი რომ არ დაშლილიყო, ოსებსა და ქართველებს შორის შერიგება მოხდებოდა?
ნ.რ: არ უნდა დაშლილიყო, არა. ეს ბაზარი რომ არ დაშლილიყო, ხალხი საბოლოოდ შერიგდებოდა და ეს კონფლიქტიც არ მოხდებოდა. ოსი არ გაბრაზდებოდა და ჩვენ წინააღმდეგ არ გამოილაშქრებდა... ამ ბაზრობის მოშლით ოსებმაც იზარალეს, ლუკმა-პური წაერთვათ. მარტო მე, სახლში 6 ორჯონიკიძელი ოსი მდგმური მყავდა. ზოგი საბურავებს, ზოგი - ბენზინსა და ზოგიც - გაზს ყიდდა. მანქანა მქონდა და არაფერში ფულს არ ვიხდიდი, ჩემი მდგმურები მაძლევდნენ უფასოდ. ჯიხურიც მქონდა და ის ორჯონიკიძელ ოსზე მქონდა მიქირავებული 200 დოლარად.
ა.წ: ეს ბაზარი არა მარტო მთელი სოფლის, მთელი საქართველოს საზრდო იყო, მაგრამ მის დაშლა-არდაშლას ჩვენ ვინ გვკითხავდა. ჩვენი ახალგაზრდები ვითომ არ კადრულობდნენ მუშაობას, სხვა კუთხეებიდან ჩამოდიოდნენ და ისინი მუშაობდნენ.
"რ": სოფელში ყველა კარგად ცხოვრობდა?
ნ.რ: ჩემთან ერთ ოთახში მდგმურად იდგნენ ჭიათურის რომელიღაც სოფლიდან. ერთ-ერთს დედა გარდაეცვალა და დაკრძალვაზე წავედი. ძალიან ღარიბი სოფელი დამხვდა. ხალხი იმდენად გაჭირვებული იყო, რომ ჩემთან ვინც ცხოვრობდნენ და ერგნეთის ბაზრობაზე მუშებად, მტვირთავებად მუშაობდნენ, ისინი სოფელში შეძლებულებად ითვლებოდნენ და ყველას ეხმარებოდნენ. ყოველ თვე 800 ლარზე ნაკლები არასდროს არ მიჰქონდათ. ახლა კი ჩვენ როგორ ვცხოვრობთ... არც სახლები, არც საქონელი, არც ბაღები და არანაირი შემოსავალი. რა დღეში ვართ, სახლები სულ დამწვარია, დანიელებმა აგვიშენეს ეს ერთოთახიანი კოტეჯები. ერთი პირი ბლოკითაა აშენებული და საშინლად ცივა. წესიერი ჭერი ამას არ აქვს და იატაკი. ახლა გვპირდებიან, რომ სახლებს გადაგიხურავთ და ერთ ოთახსაც გაგიკეთებთო.
ადრე სიცოცხლე დუღდა, 200 კომლამდე ცხოვრობდა, დღეს - ცარიელი და ჩამკვდარია აქაურობა. ადრე ღარიბი ოჯახი არ არსებობდა, დღეს - ლუკმა-პური ენატრებათ.
ომმა ყველაფერი გააფუჭა. ვისაც პირადად ვიცნობდი, შესაძლოა ოდესმე შევურიგდეთ, მაგრამ უცხოებთან ძალიან ძნელია. მით უმეტეს ახალგაზრდა თაობასთან, რომლებსაც ეზიზღებათ ქართველები. წარმოიდგინეთ 1989 წლის შემდეგ დაბადებულებს ჩვენგან რა ახსოვთ?! მათთვის ჩვენ კაციჭამიები ვართ. დედები ასე ზრდიან...