ვინ უფრო ამაყია - მინისტრი თუ პენსიონერები?!

ვინ უფრო ამაყია - მინისტრი თუ პენსიონერები?!

საარჩევნოდ გამზადებული-გამიზნული საპენსიო ცვლილებები ჯანდაცვის მინისტრმა ამაყად წარმოადგინა. ოპოზიციამ კი ეჭვის თვალით შეხედა. პენსიონერებს კი ჯერჯერობით საქმე საამაყოდ სულაც არ აქვთ.

მინისტრმა ანდრია ურუშაძემ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპენსიო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ცვლილებები იხილებოდა და ოპოზიციასთან შეხლა-შემოხლა მოუვიდა.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, 67 წელს ზემოთ ასაკის პენსიონერების საპენსიო პაკეტის სრული ოდენობა 140 ლარამდე გაიზრდება. პრეზიდენტის ინიციატივით კი, 1-ლი სექტემბრიდან ყველა ასაკით პენსიონერის სამედიცინო დაზღვევა დაიწყება.

“67 წელს ზემოთ ასაკით პენსიონერების საპენსიო პაკეტის სრული ოდენობა 140 ლარამდე იზრდება. შესაბამისი ცვლელებები შედის სახელმწიფო პენსიის შესახებ კანონში, რომელიც ბიუჯეტის შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოდის”, - განაცხადა ურუშაძემ.

როგორც ახალ საპენსიო პაკეტთან დაკავშირებით მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განმარტა, იქნება ორი სახის პაკეტი - საპენსიო და სოციალური, რომელშიც თავმოყრილი იქნება როგორც ფულადი, ისევე არაფულადი დახმარებები. ამ დახმარებების მისაღებად “ერთი ფანჯრის” პრინციპი იმოქმედებს.

გარდა ამისა, ცვლილებებით ბენეფიციართა რეესტრი იქმნება, საიდანაც ნებისმიერ პირს, ნებისმიერი საჯარო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნება.
პენსიონერებს კი პენსიის დასანიშნად შესაბამისი სამსახურისათვის მიმართვა ელექტრონული ფორმითაც შეეძლებათ, ანუ ნებისმიერი ადგილიდან, სადაც ინტერნეტია. ახალი ინიციატივით მოიხსნება შეზღუდვა, როდესაც პენსიონერს საპენსიო დაწესებულებაში თავისი საქმის წარმოების დაწყება მხოლოდ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით შეეძლო.

ურუშაძის და ხუროშვილის საზეიმო განცხადებები დიდად არ ეჭაშნიკა საპარლამენტო ოპოზიციას. ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატები” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ანდრია ურუშაძის პასუხისმგებლობის საკითხის დასმას გეგმავენ. როგორც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, იმ შემთხვევაში, თუ საპენსიო კანონმდებლობაში დისკრიმინაციული მუხლები დარჩება, მაშინ ქდმ მინისტრ ურუშაძის პასუხისმგებლობის საკითხს დასვამენ.  

ვეფხვაძის აზრით, დისკრიმინაციული მიდგომაა, როდესაც ქალები 60 წლის ასაკში გადიან პენსიაზე და 140-ლარიანი პაკეტის ლოდინი 7 წელი დასჭირდებათ, მამაკაცებს კი ორი წელი, რადგან მათი საპენსიო ასაკი 65 წლით განისაზღვრება. დეპუტატი აპროტესტებს იმ ფაქტსაც, რომ თბილისში სოციალური პაკეტის მიმღებები დაზღვეული იქნებიან, ხოლო რეგიონებში - არა.  

თანაპარტიელის აზრს აგრძელებს ქდმ-ს წევრი მაგდა ანიკაშვილიც. მისი თქმით, ასაკით პენსიონერ ქალბატონებსა და მამაკაცებს შორის უსამართლო ზღვარი დაწესდა. “უსამართლოა, რომ დაირღვა ასაკით პენსიონერებზე ზღვარი, რომელიც 67 წელზე გადის. გარდა ამისა, მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები და მარჩენალდაკარგულები ისევ საარსებო მინიმუმზე სამჯერ ნაკლები დახმარების იმედად რჩებიან და მათთვის სადაზღვევო პაკეტიც არ არის გათვალისწინებული. 

ჯანაცვის მინისტრს საპრალამენტო უმცირესობის კრიტიკაზე წარბიც არ შეუხრია. ურუშაძისათვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ის გარემოება, რომ ასაკით პენსიონერების დაზღვევა სწორედ მისი მინისტრობის პერიოდში ხდება შესაძლებელი. “ბევრი იამაყებდა იმით, თუკი 600 000 ასაკით პენსიონერის დაზღვევა მისი მინისტრობის პერიოდში მოხდებოდა”, - ამაყად განაცხადა ურუშაძემ.

ამასთან, მინისტრის განმარტებით, საპენსიო ასაკის ადამიანების დაზღვევაზე კერძო სადაზღვევო კომპანიები უარს ამბობენ. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ, რომ 2012 წლის 1-ლი სექტემბრიდან ასაკით პენსიონერები სახელმწიფოს დაეზღვია.

“ჩვენი ყველა დაპირების უკან ფინანსური გარანტია დგას. სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი მხოლოდ სურვილებზე არ უნდა იყოს დამყარებული. არასწორი ვალდებულებების აღება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ფინანსური კრიზისების საფუძველი გახდა”, - აღნიშნა ურუშაძემ. 

როგორც ჩანს, მიღებული გადაწყვეტილებით ჯერჯერობით მხოლოდ მთავრობის წევრები ამაყობენ. ამაყ ქართველ პენსიონერებს კი წიწილებივით შემოდგომაზე დაითვლიან.