2011 წლის ბიუჯეტის ანალიზმა საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციები გამოააშკარვა. ბიუჯეტის ხარჯების 21% ჩინოვნიკების ხელფასებზე მოდის. ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარება ვერ ხერხდება. საქართველოში ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია.
საქართველოს ეკონომიკის პერსპექტივის 2011 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2011 წლის მონაცემებით, საქართველოში ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 22,945,2 მილიონი ლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით, 10 პროცენტით არის გაზრდილი. თუმცა, 2011 წლის მდგომარეობით, საქართველოს, რომლის ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი 5,450 დოლარს შეადგენდა, 181 ქვეყანას შორის 111-ე ადგილზე იყო. ეს მაჩვენებელი მსოფლიოს საშუალო მშპ-ის მაჩვენებელს მკვეთრად ჩამოუვარდება, რაც ამჟამად 10,700 დოლარის ტოლია.
“სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საქართველოში ცხოვრების დონე მსოფლიოს საშუალო სტანდარტზე დაბალია”, - ნათქვამია ანგარიშში.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა 2011 წლის ივლისიდან “ღია საზოგადოების ინსტიტუტის” დახმარებით საქართველოს ეკონომიკის ყოველკვარტალური ანგარიშის მომზადება დაიწყო. ამჯერად მან რიგით მეოთხე ანგარიში წარმოადგინა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი რეკორდულად მაღალია.
2011 წლის წინასწარი გაანგარიშებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,244 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 35 პროცენტით აღემატება.
“ვაჭრობის 75 პროცენტს იმპორტი შეადგენს. ამის შედეგი უარყოფითი სავაჭრო ბალანსია, რომელმაც 2011 წელს 4,865 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ეს კი 2010 წლის შესაბამის მონაცემს 32 პროცენტით აღემატება და რეკორდულად მაღალია. მსგავსი უარყოფითი სავაჭრო დეფიციტი 2008 წელს აღინიშნა. თუმცა მხედველობაში უნდა მივიღოთ ის, რომ მაშინ ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყო, რაც ამ დეფიციტს ნაწილობრივ აბალანსებდა”, - აღნიშნულია ანგარიშში.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2011 წლის ნაერთი ბიუჯეტის მთლიანმა შემოსავლებმა 6,960 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2010 წელთან შედარებით და მშპ-ის 29.3%-ს.
2011 წლის საბიუჯეტო ხარჯების წინასწარი მონაცემების თანახმად, სოციალურ დახმარებებზე ხარჯების ყველაზე დიდი წილი - 30% მოდიოდა. ხარჯების სიდიდის მიხედვით მეორე ადგილზეა საქონელი და მომსახურება - 21%, სახელმწიფო მოხელეების ხელფასებთან ერთად, რომელმაც ასევე მთლიანი ხარჯების 21% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 15% “სხვა” ხარჯების კატეგორიაშია. სპეციალისტების განცხადებით, 833 მილიონი ლარის სხვადასხვა ხარჯის კატეგორიით კლასიფიცირება არ იძლევა ამ თანხების გაანალიზების საშუალებას და არც მათ გამჭვირვალობის უზრუნველყოფს.
გარდა ამისა, სოციალური ხარჯების კატეგორია ბოლო წლებში იზრდება.
დინამიკა მიუთითებს, რომ ბიუჯეტი სულ უფრო და უფრო მძიმდება სოციალური ვალდებულებების ტვირთით. საინტერესოა, რომ სოციალური ხარჯების ზრდის ტემპი თითქმის ყოველთვის აჭარბებს ნომინალური მშპ-ის ზრდის ტემპს.
“ჩვენ სრულად ვაცნობიერებთ იმას, რომ 2009 წელს სოციალური ხარჯების მკვეთრი ზრდა რუსეთთან ომის შედეგებით იყო განპირობებული და საჭიროა მოსახლეობის ღარიბი ფენის საჭიროებების დაკმაყოფილება. მიუხედავად ამისა, ამ სფეროს პროგნოზირება და თანამიმდევრულობა საქართველოს მთავრობისა და ზოგადად, ეკონომიკის წინაშემდგარი სერიოზული გამოწვევაა”, - აცხადებენ ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ექსპერტები.