თონეებს და სილამაზის სალონებს პროფილაქტიკებსაც გაუთანაბრებენ და მათთვის სპეციალურ ფიქსირებულ ტარიფს შეიმუშავებენ. თუმცა, მთავრობის მიერ დადგენილი მაზანდები წვრილი ბიზნესისთვის მიუღებელია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებული შეთავაზება არც პროფილაქტიკების შემთხვევაშია მოსალოდნელი.
ამ შემთხვევაში მთავარი ის არის შემოსავლების სამსახური რა რაოდენობის ფიქსირებულ გადასახადს დაუწესებს პროფილაქტიკებს. თუკი მთავრობამ ისეთივე პრინციპით იხელმძღვანელა როგორც თონეებისა და სილამაზის სალონების შემთხვევაში მოხდა, გამორიცხული არ არის, პროფილაქტიკების მეპატრონეებიც ისევე უკმაყოფილონი დარჩნენ, როგორც ეს წინა ორ შემთხვევაში მოხდა. ჯერჯერობით განსაკუთრებულ უკმაყოფილებას სილამაზის სალონის მფლობელები გამოხატავენ, რადგან თითო სავარძელზე დაწესებული 100 ლარი მათთვის მძიმე საგადასახადო ტვირთია. ყველაზე მეტად მცირე და საშუალო ზომის სალონები აღმოჩნდნენ გაუკრვევლობაში. ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სილამაზის სალონის მეპატრონე ამბობს, რომ მისი შემოსავლის წლიური ბრუნვა 1500-2000 ლარის ფარგლებშია და ფიქსირებული გადასახადის გადახდა არ შეუძლია. “სალარო აპარატი მედგა, მაგრამ მუშახელი არ მყავდა დაქირავებული და მომახსნევინეს. უბნის ინსპექტორი იყო მოსული და მითხრა, არ გჭირდებაო. ახლა ისევ მომაკითხეს და გამაფრთხილეს ფიქსირებული გადასახადის შესახებ, რისი გადახდაც ჩემს შესაძლებლობებს ბევრად აღემატება. მომხმარებელს მინიმალურ 3ლარს ვახდევინებ, ზოგჯერ ისე გადის დღე, რომ კლიენტი საერთოდ არ მყავს სალონში. მითხრეს, ჯერჯერობით ნებაყოფლობითიაო, მაგრამ ამაში დიდად დარწმუნებული არ ვარ. ამ მომცრო სალონში მფლობელი და კოსმეტოლოგიც ერთდროულად ვარ. სალონი რომ დამიხურონ, ფაქტობრივად, ქუჩაში მომიწევს დარჩენა, გადახდით კი ამ თანხას ვეღარ გადავიხდი, ისედაც შემცირდა მუშაობა, კლიენტები, ძირითადად, დღესასწაულებზე მოდიან”, - აცხადებს სალონის მფლობელი. წვრილი ბიზნესის უკმაყოფილებას არ იზიარებს შემოსავლების სამსახურის უფროსი ჯაბა ებანოიძე და ცდილობს თავისებური გათვლებით დაასაბუთოს მთავრობის გადაწყვეტილების სისწორე. “ჩვენ ეს ყველაფერი გათვლილი გვაქვს: თონე ისეთი ბიზნესია, როდესაც ზუსტად იცი, რა რაოდენობის პური გამოცხვება ერთეულ თონეზე. არ არსებობს, უცებ ვიღაცამ ისეთი მენეჯმენტი გამოიგონოს, რაც გამომცხვარი პურის რაოდენობას და მერე ამ პურის რეალიზაციას სასწაულებრივად გაზრდის. ავიღოთ, მინიმალური დატვირთვის მქონე თონე, რომელსაც თავისი მომხმარებელი ჰყავს, მის მფლობელს დღეში, საშუალოდ, 2 ტომარა ფქვილი სჭირდება. ასეთ მინიმალურ შემთხვევაშიც კი, 100-ლარიანი მოსაკრებელი თვეში, ერთ თონეზე, დაახლოებით სამჯერ ნაკლებია, ვიდრე სკრუპულოზური აღრიცხვის შემთხვევაში გადასახადის სახით უნდა გადაეხადა. ანალოგიური პრინციპია სილამაზის სალონების შემთხვევაშიც, ოღონდ თონისგან განსხვავებით, აქ ტერიტორიულ მდებარეობა მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია. |