სადაზღვევო კომპანიებს ყველა შავი თვალით უცქერის - დაზღვეულიც, ოპოზიციაც და ბოლო დროს პრეზიდენტსაც გაუჩნდა პრეტენზიები. ყველაზე მთავარი მაინც მოსახლეობის ნეგატიური განწყობაა. ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის, “ეისითის” კვლევის მიხედვით, თბილისის მოსახლეობა ყველაზე მეტად სადაზღვევო კომპანიების მომსახურებით არის უკმაყოფილო.
კომპანიამ დედაქალაქის მცხოვრებლებს სხვადასხვა სფეროებში მომსახურების დონე 5-ქულიანი სისტემით შეაფასებინა და თებერვალში დედაქალაქში 400 ადამიანი გამოიკითხა. მომსახურების ხარისხით ფარმაცევტული სფერო ლიდერობს, რომელსაც 4,3 ქულა მიენიჭა. პირველ სამეულში არიან საყოფაცხოვრებო და ტექნიკის მაღაზიები, ასევე საჯარო სამსახურები, რომლებმაც 4,1 ქულა მიიღეს. 4 ქულას მოსახლეობა ბანკებს ანიჭებს. 3,9 ქულას სურსათის მაღაზიებს, ბენზინგასამართ სადგურებს, სატელეკომუნიკაციო კომპანიებს და ავტომომსახურების ცენტრებს. თბილისელებმა 3,7 ქულით ტანსაცმლის მაღაზიები შეაფასეს, 3,4 ქულით მედპუნქტები, ხოლო ყველაზე ნაკლები - 3,2 ქულით სადაზღვევო კომპანიები.
კვლევის ავტორების განცხადებით, აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ნათლად გამოიკვეთა დადებითი ტენდენცია, არც ერთ სფეროს არ დაუმსახურებია ნეგატიური შეფასება. ეს იმის დასტურია,რომ საჯარო და ბიზნესსექტორიც საკმაო ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა კმაყოფილების დონეს.
ის, რომ მოსახლეობის მომსახურების თვალსაზრისით სადაზღვევო სექტორში სახარბიელო მდგომარეობა არ არის, საქართველოს პრეზიდენტიც არ მალავს. მისი თქმით, ხშირად, მანიპულაციების შედეგად, დაზღვეულმა არ იცის, რას დაფარავს დაზღვევა. “ამიტომ თამაშის ახალი წესები იქმნება, რომ სადაზღვევომ დაზღვეული არ მოატყუოს”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სადაზღვევო კომპანიებში კი ამტკიცებენ, რომ ისინი მოსახლეობას არ ატყუებენ. მზღვეველების მიმართ ნეგატიური განწყობის მიზეზი ისაა, რომ მოსახლეობა სადაზღვევო კომპანიებისგან ითხოვს უფრო მეტს, ვიდრე მათი პოლისი ითვალისწინებს.
სადაზღვევოების მიმართ ყოველთვის კრიტიკული იყო და ახლაც რჩება ოპოზიცია, თუმცა მათი პრეტენზიები მზღვეველებს და სახელმწიფო სტრუქტურებს ერთნაირად ეხება. საპარლამენტო უმცირესობის წევრის მაგდა ანიკაშვილის აზრით, ხელისუფლების მიერ ახალი საავადმყოფოების გახსნა საქმეს ვერ უშველის, რადგან ინფრასტრუქტურა არაფერია თუ ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა არ იქნება.
“დაზღვეულ ადამიანებს აქვთ პრობლემები, რომ ვერ იღებენ სათანადო მომსახურებას. ბიუჯეტიდან გასულ თანხებზე კონტროლი თითქმის არ არსებობს. ფული, რომელიც სახელმწიფოს მიერ უმწეო მოქალაქეთა დაზღვევაზე იხარჯება, რეალურად უნდა მივიდეს სადაზღვევო კომპანიამდე და დაზღვეულმა სათანადო სამედიცინო მომსახურება მიიღოს.
გაცილებით რთული სიტუაციაა იმ ადამიანებთან დაკავშირებით, რომლებიც სიღარიბის ზღვარზე არიან, მაგრამ მინიჭებული აქვთ 70 000 ქულაზე მეტი. ისინი არ არიან დაზღვეულნი.შუა ასაკის ადამიანებისათვის არ მოქმედებს არცერთი სახელმწიფო პროგრამა. უმრავლესობა არ მუშაობს; ვინც მუშაობს, იმდენად მცირეანაზღაურებადი სამუშაო აქვს, რომ საკუთარი შემოსავლით ჯანდაცვის ხარჯების დაფარვა, პრაქტიკულად, შეუძლებელია”, - აცხადებს ანიკაშვილი.
მისი აზრით, ეს პრობლემები შეიძლება გადაწყდეს თუ სახელმწიფო სხვადასხვა მიმართულებით ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებას გაზრდის. ასაკობრივი შეზღუდვები ონკოლოგიის, კარდიო-ქირურგიის, ურგენტულ პროგრამებზე უნდა მოიხსნას.
“არსებობს ჯანდაცვის მედიაციის სამსახური. ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნაა გაძლიერდეს ისეთი უწყება, რომელიც იქნება მოქალაქის ინტერესების დამცველი სადაზღვევო კომპანიასთან ურთიერთობაში. ჯერ კიდევ ისეა შედგენილი კონტრაქტები და თავად პოლისების კომპონენტები ისეა ჩადებული, რომ სადაზღვევო კომპანიებს აქვთ საშუალება, რიგ შემთხვევებში მოქალაქეებს გარკვეულ სერვისებზე უარი უთხრან.
როგორც წესი, მოქალაქეების ინფორმირებულობის დონე არც ისე მაღალია. თუ იარსებებს ძლიერი მედიაციის სამსახური, რომელიც რაიმე პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში დაიცავს მოქალაქის უფლებებს, ეს გარკვეულ პრობლემებს მოხსნის. მთავრობამ უნდა მოითხოვოს ინფორმაცია, ანგარიშგება იმის თაობაზე, რამდენი დაიხარჯა, რამდენმა მოქალაქემ ისარგებლა, რამდენი მოგება დარჩა სადაზღვევო კომპანიას და ა.შ.”, - ამბობს ანიკაშვილი.