100-ლარიანი გადასახადების ეპოქა მცირე მეწარეებისთვის

100-ლარიანი გადასახადების ეპოქა მცირე მეწარეებისთვის

თონეების მფლობელებს დაწესებული მაღალი ფიქსირებული გადასახადის პროტესტი დამთავრებული არ ჰქონდათ, რომ მათ სილამაზის სალონების მეპატრონეები შეუერთდნენ. ერთ სავარძელზე 100 ლარის დადგენამ მცირე მეწარმეები ძალიან გააღიზიანა.

შემოსავლების სამსახური სილამაზის სალონებს ფიქსირებული გადასახადის გადახდას სთავაზობს. „ფიქსირებულ გადასახადზე გადასვლის შემთხვევაში მეწარმეს სალარო აპარატი, ბუღალტერი, ხარჯების დოკუმენტური აღრიცხვა აღარ დასჭირდება. ის, უბრალოდ, ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდის და სავაჭრო ბრუნვამ 100 000 ლარსაც რომ გადააჭარბოს, დღგ-ს გადახდის ვალდებულება არ ექნება.  ფიქსირებული გადასახადის შემოღების შემდეგ მეწარმეები ვეღარ მოიტყუებიან და ვეღარ დამალავენ შემოსავლებს“, - განაცხადა შემოსავლების სამსახურის უფროსმა ჯაბა ებანოიძემ.

როგორც ებანოიძე განმარტავს, სილამაზის სალონების, ისევე როგორც თონეების მფლობელები, ტერიტორიული მდებარეობის მიხედვით განსხვავებულ ფიქსირებულ გადასახადს გადაიხდიან.

„თბილისში ტერიტორიულად სამდონიანი გრადაცია იქნება. ქალაქის ცენტრში სილამაზის სალონების მფლობელები დაახლოებით 100 ლარს, გარეუბნებში - 50 ლარს და მათ შორის მოქცეულ რაიონებში კი 70 ლარს გადაიხდიან. სხვა დიდ ქალაქებში, რომლებსაც თვითმმართველი ერთეულები ჰყავთ, მაგალითად, ქუთაისში, რუსთავში, გორსა და თელავში, მეწარმეებს 70 ლარს დავუწესებთ, გარეუბნებში კი - 50 ლარს. ყველა სხვა ქალაქში ფიქსირებული გადასახადი 30 ლარი იქნება“, - განაცხადა ებანოიძემ.

შეგახსენებთ, რომ თონეების მფლობელები ფიქსირებულ გადასახადებს უკვე იხდიან. დედაქალაქში მათთვის, ისევე როგორც სილამაზის სალონების შემთხვევაში, 100 ლარი დაწესდა. გადასახადის გადახდის ეს ფორმა ნებაყოფლობითია.

როგორც აღმოჩნდა, ფიქსირებული გადასახადის ოდენობა არა მარტო პატარა სალონებისთვის არის მაღალი, არამედ საკმაოდ მოზრდილი ობიექტებისთვისაც. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე სილამაზის სალონის „ზიზის“ მეპატრონე საუბრისას აცხადებს, რომ ამ ტიპის გადასახადის გადახდა დააზარალებს.

„ერთ სალონში 7 სავარძელია, გამოდის, რომ 700 ლარი უნდა გადავიხადო, რომელსაც დაემატება პედიკურ-მანიკურის სავარძლებზე დაწესებული გადასახადის. ჯამში, 1000 ლარამდე მომიწევს გადახდა, რაც წარმოუდგენელია. არის ისეთი დღე, როცა მუშაობა საერთოდ არ მაქვს. ამხელა სალონია და ზოგჯერ 2-3 კლიენტი შემოდის. ხალხს ფული არ აქვს და ჩვენი მომსახურების მიმართ პასიურობს.

სიმართლე გითხრათ, არ მაწყობს ამ გადასახადის გადახდა და დედაქალაქის მასშტაბითაც, ალბათ, ძნელად მოიძებნება სილამაზის სალონი, სადაც ამ გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდებიან. ძალიან მეშინია, რომ საქმიანობა შემეზღუდება. პირობა, რომლესაც ფიქსირებული გადასახადი გულისხმობს, ჩემთვის მიუღებელია“, - აცხადებს სილამაზის სალონ „ზიზის“ მფლობელი.

ვაჭრობის რეგულირების თემა შემოსავლების სამსახურმა კიდევ ერთი მიმართულებით განავრცო. ებანიოძის უწყებამ ამჯერად მიზანში „ელიავას“ ბაზრობა ამიოღო. როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა განაცხადა, თუ ბაზრობის ადმინისტრაცია ვაჭრობის ახალ რეგულაციაზე გადასასვლელ გეგმას 2 აპრილამდე არ წარმოადგენს, მათ საქმიანობა აეკრძალებათ.

„ელიავას ბაზრობას 2 აპრილამდე აქვს ვადა, წარმოადგინონ გეგმა იმის შესახებ, თუ როგორ გადავლენ ვაჭრობის ახალ რეგულაციაზე. თუ ამ ვადაში გეგმა არ წარმოადგინეს, საქმიანობას ავუკრძალავთ, თუმცა იმდენად კარგ პირობებს ვთავაზობთ, რომ ვადას არ გადააცილებენ.

ჩვენ მიერ შეთავაზებული პირობის მიხედვით, „ელიავას“ ბაზრობის მოვაჭრეს დიდი ბუღალტერიის წარმოება აღარ დასჭირდება, თუ ბაზარში ცენტრალიზებული სალარო აპარატი იმუშავებს. ამ შემთხვევაში მოვაჭრეს ბაზრის ადმინისტრაცია, ცენტრალიზებულ სალარო აპარატზე დაფიქსირებული ბრუნვიდან 3%-ს დაუკავებს, დღგ-ის ჩათვლით და მისი საგადასახადო ვალდებულება სულ ეს იქნება“, - აღნიშნა ებანოიძემ.

მისივე თქმით, დახლზე ვაჭრობის სისტემას საგადასახადო სამსახური დაახლოებით 2 წელიწადში სრულად მოაწესრიგებს. 

„დღეისათვის დახლზე ვაჭრობა სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია. რეგიონებში სალარო აპარატები მხოლოდ სავაჭრო ობიექტებშია, თუმცა სამომავლოდ ბაზრის რეგულირების კარგ წესებს შემოვიღებთ. კერძოდ, დახლზე მოვაჭრეებისთვის ერთი ცენტრალიზებული სალარო აპარატი დაიდგმება და ბაზარს ორგანიზატორი ეყოლება. ამ გეგმას 2-3 წელიწადში ბოლომდე განვახორციელებთ. ლილოს ბაზრობაზე ეს სისტემა უკვე დავნერგეთ, ახლა რიგში „ელიავას“, შემდეგ კი „ვაგზლის“ ბაზრობაა“, - განაცხადა ებანოიძემ.