"საქართველოს ერთი დიდი პრობლემა ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ფირმებია - ეკონომიკის დიდი წილი სწორედ მათზე მოდის"

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" არასამთავრობო ორგანიზაციაა. ვმუშაობთ კორუფციის აღმოსაფხვრელად და ქვეყანაში მეტი გამჭვირვალობისა და დემოკრატიის დასამყარებლად - აქ როგორც ქართული ორგანიზაცია, მაგრამ ამავე დროს ეს არის შემადგენელი დიდი საერთაშორისო ორგანიზაციისა, რომელიც გამჭვირვალობისა და დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში იბრძვის. საქართველოში 2009 წელს ჩამოვედი როგორც თავისუფალი ჟურნალისტი - ძალიან დამაინტერესა თქვენი ქვეყნის ისტორიამ და კულტურამ, მიმდინარე პროცესებმა. ჩამოვედი, რომ სტატიები დამეწერა გერმანულენოვანი გაზეთებისთვის, შემდეგ კი უფრო აქტიურად ჩავერთე არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში და დღეს სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში ვმონაწილეობ", - აცხადებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ავსტრიელი ექსპერტი მათიას ჰუტერი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "რუსეთში კორუფციამ ხალხი ძალზე შეაწუხა" / "ამ დებატებში ვერ მოვისმინე როგორ უნდა შეიცვალოს ქვეყანა უკეთესობისკენ".

"ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია, და მათ შორის ჩვენიც, ლობირებს კანონის - `პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ~ შეცვლას, რადგან ის სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ხელს ნამდვილად ვერ შეუწყობს. არ შეიძლება ერთ მხარეს ჰქონდეს განუსაზღვრელი ადმინისტრაციული რესურსი და მრავალი მილიონი ლარის დახარჯვის საშუალება, მეორეს კი ამის გამო ემუქრებოდეს კანონი, რომელიც ნამდვილად არ არის სრულყოფილი. მასში არის რეგულაციები, რომლებიც სასჯელს ითვალისწინებენ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამომრჩეველი პრობლემის გადასაჭრელად თხოვნით მიმართავს პოლიტიკოსს, ან თუ პოლიტიკოსი ნებისმიერი ფორმით ნებისმიერ შემთხვევაში გადაწყვეტს, დაეხმაროს მოქალაქეს. პარლამენტის წევრებს შეუძლიათ საბიუჯეტო თანხებით ჩაატარონ საქველმოქმედო აქციები, დაარიგონ საჩუქრები, ხოლო თუ იმავეს ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გააკეთებს, კანონის წინაშე მოუწევს პასუხისგება. ჩვენ უკვე გავხდით მოწმენი მრავალი სოციალური პროექტისა, სხვადასხვა ვაუჩერის დარიგებისა, რომლებიც მოსახლეობისთვის, ანუ ამომრჩევლისთვის, შეღავათებს გულისხმობს. ეს აშკარა დადასტურებაა, რომ ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ფულის დახარჯვა ამომრჩევლის გულის მოსაგებად. შედეგად, იქმნება უსამართლო გარემო, სადაც მოთამაშეები არათანაბარ პირობებში არიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მათიას ჰუტერი.

"ერთი და მთავარი განსხვავება დასავლურსა და ქართულ პოლიტიკას შორის არის ის, რომ აქ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პერსონალიებს და არა პარტიის რეალურ პოლიტიკას ან სტრატეგიას. საქართველოში პარტიების უმრავლესობას არა აქვს მკაფიოდ გამოხატული დოქტრინა, ხედვა იმის შესახებ, თუ რისი გაკეთება სურთ მომავალში, რის გაკეთებას აპირებენ. დასავლეთში პარტიებს უფრო მეტი წევრი ჰყავთ, რომლებიც მხარს უჭერენ თავიანთ პოლიტიკურ მიმდინარეობას, თავის მხრივ, ეს მიმდინარეობაც აღებულ კურსს მკაცრად მიჰყვება. მაგალითად, სოციალ-დემოკრატიული პარტია უფრო ორიენტირებულია მშრომელთა უფლებებზე, კონსერვატიულ პარტიას, თავის მხრივ, თავისი ინტერესთა სფერო აქვს, ლიბერალურ პარტიას _ თავისი. ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ, მაგალითად, საქართველოში სოციალისტური ან სოციალ-დემოკრატიული პარტია ისე მძლავრად არ არის წარმოდგენილი, როგორც დასავლეთ ევროპაში. აქ არის პარტიები, რომლებსაც ხშირად ერთნაირი იდეოლოგიური დოქტრინები აქვთ", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ქართველ ჩინოვნიკებს, ერთი მხრივ, საჯაროდ აქვთ გამჟღავნებული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელ ბანკში რა თანხები აქვთ, რა მანქანები ჰყავთ ან რა ქონება აქვთ. ამ ყველაფრის ნახვა ინტერნეტში შეგიძლიათ - ასეთი რამ ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშიც კი არ არის, მაგრამ საქმე ის არის, რომ საქართველოში მეტად მნიშვნელოვანია ოჯახური და ნათესაური კავშირები, ასევე, ახლო მეგობრობაც. შესაძლებელია, მაღალი რანგის ჩინოვნიკს არ ჰქონდეს და არ აკონტროლებდეს ოფიციალურად ბიზნესს ან სხვა ტიპის ქონებას, მაგრამ ამას ეფექტურად აკეთებდეს ოჯახის წევრების ან მეგობრების მეშვეობით. აქედან გამომდინარე, საქართველოში ძალიან რთულია იმის გამოძიება, ვინ დგას რეალურად ამა თუ იმ კომპანიის უკან. კიდევ ერთი დიდი პრობლემა საქართველოში, და არა მხოლოდ საქართველოში, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმებია - საქართველოში ეკონომიკის დიდი წილი სწორედ ასეთ ფირმებზე მოდის", - განმარტავს მათიას ჰუტერი.

"მაგალითად, არსებობენ მცირე კომპანიები, რომლებიც ვირჯინიის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული სხვა კომპანიის წილობრივ მფლობელობაში არიან. თუ ამ უამრავი კომპანიისგან შემდგარ ქსელში გარკვევას შეეცდებით, უკიდურესად გაგიჭირდებათ ძაფის ბოლომდე მისვლა, რადგან მფლობელობა და რეგისტრაციის ადგილები ხშირად ერთმანეთშია გადახლართული. თუ ამ კომპანიებს ყველაფერი წესრიგში აქვთ და არც არაფრის დამალვა არ სჭირდებათ, რატომ არ გვაჩვენებენ, ვინ არის მათი ნამდვილი მფლობელი? როგორც წესი, განვითარებულ ქვეყნებში ოფშორულ ზონაში დარეგისტრირება იმიტომ არის მომგებიანი, რომ იქ შეღავათიანი საგადასახადო წესებია. არა მგონია, საქართველოშიც ამ მიზეზით სურდეთ ოფშორულ ზონებში დარეგისტრირება, რადგან გადასახადები აქ ისედაც დაბალია. ჩემი აზრით, საქართველოში ოფშორული კომპანიები პოპულარული იმიტომ არის, რომ ფირმებს არ სურთ რეალური მფლობელის გამომზეურება ან იმ ფულის გამოყენება, რომელიც არცთუ კეთილსინდისიერად არის ნაშოვნი და უნდათ მისი წარმომავლობის დამალვა", - დასძენს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ავსტრიელი ექსპერტი.

"საქართველო საკმაოდ რთულ პოლიტიკურ არეალში მდებარეობს. რთული გეოპოლიტიკური გარემოა ბევრი ძლიერი მეზობლით, რომლებსაც თავიანთი ინტერესები აქვთ და ამის გამო ქვეყანა ყოველთვის რთულ სიტუაციაშია. მაგრამ, ვფიქრობ, საქართველომ უკვე გააკეთა არჩევანი ევროპისა და ამერიკის სასარგებლოდ, მისი მზერა დასავლეთისკენ არის მიმართული და ევროპა და ამერიკა ცდილობენ, საქართველოს დაეხმარონ დემოკრატიული სისტემის მშენებლობაში, რეალურად სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაში, უფრო თავისუფალი მედიაგარემოს შექმნაში, რომ ქვეყანა მეტად განვითარდეს ეკონომიკურად. საქართველო თავის თავს არ ადარებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, შუა აზიის ქვეყნებს. საქართველო თავის მიღწევებს სხვა საზომებით ზომავს და ეს საზომები ევროპის სტანდარტებს უნდა ესადაგებოდეს და ეს სწორი მიდგომაა. ვიმედოვნებ, რომ დასავლეთი გააგრძელებს საქართველოს დახმარებას ამ საქმეში. მაგრამ ეს იმედი იმ შემთხვევაში ასრულდება, თუ დასავლეთი დაინახავს საქართველოს რეალურ სურვილს რეალური ცვლილებებისა დემოკრატიის განვითარებისთვის", - ამბობს მათიას ჰუტერი.

"ვფიქრობ, შეგვიძლია იმედი ვიქონიოთ, რომ საარჩევნო გარემო უფრო გაჯანსაღდება და არჩევნებიც კარგად ჩატარდება. დღეს მოქმედი რამდენიმე ფაქტორი გარემოს უსამართლოს ხდის. პირველი ის არის, რომ მედია ზედმეტად პოლარიზებულია, განსაკუთრებით ეს ნაციონალურ ტელევიზიებზე ითქმის, რომლებსაც აშკარად ეტყობათ ხელისუფლების ზეგავლენის კვალი. აქ პრობლემა ცხადად ჩანს, რადგან ეს მაუწყებლები ოპოზიციურ აზრს გაცილებით ნაკლებად ავრცელებენ. სამაგიეროდ, ვხედავთ ზედმეტად ბევრ რეპორტაჟს, თუ როგორ ხსნიან ოფიციალური პირები საავადმყოფოებს, სხვადასხვა საწარმოს. მეორე პრობლემაა საკანონმდებლო გარემო, რომლებშიც პარტიები მოექცნენ. ვგულისხმობ ფინანსურ მონიტორინგს, რომელიც, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის როგორც არასამთავრობო სექტორის, ისე მედიისა და პოლიტიკოსების წინასაარჩევნო აქტიურობას. კიდევ ერთი პრობლემური საკითხი, რაც ჯერ ისე მკვეთრად არ ჩანს, თვითონ საარჩევნო სისტემაა, მიუხედავად დეკლარირებისა, მისი ძირეული რეფორმირება სინამდვილეში არ მომხდარა", - დაასკვნის მათიას ჰუტერი.