"რას მალავს სკოლის დირექტორი და რა დავალება მისცა სააკაშვილმა თავის ხელქვეითებს იმერეთში ვიზიტის შემდეგ? თავის დროზე "ალია" წერდა სააკაშვილის ვიზიტის შესახებ სამტრედიაში, რა დროსაც მიშა უკმაყოფილო დარჩა მასპინძლების "ნაციონალური შემართების" გამო, "ალია" მაშინ წერდა, როგორ დაემუქრა სააკაშვილი თავის ხელქვეითებს და არასათანადო მასპინძლობის ორგანიზატორებს, მიუხედავად მცდელობისა, 100-მდე ადამიანს ძლივს რომ მოუყარეს თავი. პრეზიდენტს მაშინ ძირითადად მასწავლებლები დაახვედრეს და "ნაციონალური მათრახი" პირველად სწორედ მათ მოხვდათ. ერთი კვირის განმავლობაში სამტრედიის რამდენიმე სკოლიდან, საერთო ჯამში 20-მდე მასწავლებელი გაათავისუფლეს", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "სააკაშვილი რომ ჩამოვიდა მითხრეს, უნდა დახვდეო, მე არ დავხვდი... ეს გახდა განთავისუფლების მიზეზი"
"მეშვიდე საშუალო სკოლაში ვმუშაობ 1999 წლიდან, საერთო 28-წლიანი სტაჟიდან, 12 წელის ამ სკოლაში მაქვს ნამუშევარი. ერთი შენიშვნა, ერთი საყვედური არ მიმიღია. ამ ეტაპზე სკოლაში, ჩემს გარდა არავინაა სპორტის მასწავლებელი. მე ვიყავი ერთი და მეც გამათავისუფლეს. 11 იანვარს დირექტორი დამიკავშირდა და მთხოვა, აუცილებლად უნდა გნახოო. მივედი, და მაჩვენებს 9 იანვრის შეტყობინებას, სადა წერია, რომ მე ვარ სამსახურიდან გათავისუფლებული. ვიკითხე საფუძველი, არ მითხრა, მეორე დღისთვის დამიბარა და მომცა სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება. ხელშეკრულება შარშან 15 სექტემბერს მქონდა დადებული და წელს 15 სექტემბერს თავდება ამ ხელშეკრულების ვადა ანუ დროზე ადრე გამათავისუფლა. ხელშეკრულების შეწყვეტის მოტივი ვერაფერი მიტხრა. არასდროს გვქონია მე და დირექტორს პრობლემა, მას თავისუფლად შეეძლო ეტქვა, რა მოხდა სინამდვილეში. ერთადერთი რაც გავარკვიე ისაა, რომ "ზემოდან დაავალეს", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მასწავლებელი ივანე კილტავა. "ასე მითხრა, კი, ზემოდან დამირეკესო. ვთხოვე ტელეფონის ნომერი, ვინ დარეკა, მითხარი მეთქი და არ აფიქსირებს ნომრებსო, მიპასუხა. სამტრედია პატარა ქალაქია. აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ყველამ იცია, არასდროს დამიმალავს, რომ მე ოპოზიციის აქტიური მხარდამჭერი ვარ, არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, დამკვირვებელიც ვიყავი და კომისიის წევრიც ოპოზიციიდან. სააკაშვილი რომ ჩამოვიდა სამტრედიაში, მითხრეს უნდა დახვდეო. არ დავხვდი, უარი ვთქვი დახვედრაზე, მეტი საქმე არ მქონდა. ჰოდა, ეს არის ამჟამად ჩემი სამსახურიდან განთავისუფლების მიზეზი. ახლა ხელისუფლებაში დარჩენის ბოლო და გადმწყვეტი მცდელობა აქვთ, ამიტომ ითვლიან ყველა მომხრესა და მოწინააღმდეგეს, ჩემს ადგილზე სხვას, თავისიანს მიიყვანს და მისცემს დავალებას არჩევნებში", - დასძენს ივანე კილტავა და შეკითხვას - "თქვენ გაგათავისუფლეს მხოლოდ?" - პასუხობს: "ჩემს სკოლაში კი, მაგრამ მესამე საშუალო სკოლიდან 6 მასწავლებელი, დირექტორი და მისი მოადგილეა განთავისუფლებული. იქ უფრო მძიმე თემაა, ივანიშვილის ნათესავის გამო მოხდა ყველაფერი. კიდევ რამდენია გათავისუფლებული სამსახურიდან, მე რაც არ ვიცი... ან რას ნიშნავს ზემოდან დარეკეს და მითხრეს - ეს კაცი უნდა გაათავისუფლოო. იქნებ პროფესიონალი არ ვარ, იქნებ ბავშვებთან არ მაქვს კარგი ურთიერთობა? ზემოთ ასე გადაწყდაო - სად ზემოთ. ვისთან, არა ვარ ღირსი, მითხრან?" "ეს იმდენად შიდასასკოლო საქმეა, მე უბრალოდ ვერ გეტყვით ამას. ეს შიდასასკოლო საქმეა. მიზეზს, რა თქმა უნდა, ვიტყვი, მაგრამ სასამართლოში დავასახელებ. არა, არა ზემოდან დარეკვა რა შუაშია, გადაწყვეტილება მივიღე მე. არის რაღაც მიზეზი, რომელსაც სასამართლოში ვიტყვი. მე არ ვმალავ ამას. უბრალოდ თქვენთან არ დავასახელებ ამ მიზეზს. სასამართლოს დაველოდები", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სამტრედიის მეშვიდე სკოლის დირექტორი მარინა გოგიშვილი. |