პრეზიდენტის ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშს უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები - "შოუ", "დადგმული სპექტაკლი", "მიშას ნამდვილი სახე", "პრეზიდენტის პარლამენტიდან გაქცევა"... პარლამენტში ისმოდა შეურაცხმყოფელი მიმართვებიც, მაგრამ სიტუაცია განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატმა, ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის ოჯახი ელიტურ კორუფციასა და მონოპოლიების შექმნაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც პრეზიდენტმა ბაღათურიას "მძიმე ფანტაზიებისგან" გასათავისუფლებლად განსაკუთრებული რეცეპტი და "ტალახის აბაზანები" "გამოუწერა". ნორმალურ ქვეყანაში ასეთი გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტი მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თავდასხმის ობიექტი გახდებოდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნორმალურ ქვეყანაში...
ჩვენ დავინტერესდით, აქვს თუ არა ჯონდი ბაღათურიას ტალახის აბაზანების მიღების განწყობა და რამდენად მოულოდნელი იყო ქვეყნის პირველი პირისგან ასეთი რეაქცია.
- ტალახის აბაზანების მიღების განწყობა ჯერჯერობით არ მაქვს და მერე რა შეიცვლება, არ ვიცი... პარლამენტში წარდგენილ არგუმენტებს დროთა განმავლობაში ვაგროვებდი. მე და ჩემი გუნდი დიდხანს ვმუშაობდით ნავთობის ჭაბურღილების, ოქროს საბადოების, განათლების სფეროსა და სარეკლამო ბიზნესზე. მაქვს შესაბამისი დოკუმენტები და ნებისმიერ დროს შემიძლია წარვადგინო, თუ პარლამენტში ამ საკითხის შემსწავლელი სპეციალური კომისია შეიქმნება, მაგრამ იმის ილუზია არ მაქვს, რომ პრეზიდენტი ამას დათანხმდება... გარდა ამისა, როგორც კი საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ყოველწიური ანგარიშით უნდა წარმდგარიყო, ერთი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში 200-ზე მეტი ადამიანი დამიკავშირდა და პრეზიდენტის ოჯახის წევრების კორუფციული საქმიანობის ამსახველი ფაქტები მომაწოდეს... რაც შეეხება დებატებს, პრეზიდენტის ზრდილობა და ლექსიკა ჩემთვისაც და საზოგადოებისთვისაც ახალი არ არის, მაგრამ ასეთ ნერვიულ მოწყვეტას მაინც არ ველოდი. უტაქტო გამოსვლებსა და ჩარევებს კი ველოდი, მაგრამ ასე თუ გადაირეოდა, არ მეგონა. იმდენი რამე მქონდა სათქმელი, რომ არ ჩარეულიყო, მეტს ვილაპარაკებდი, მაგრამ როცა ის ჩაერია, მერე რაღაცები შეიცვალა. რაც მთავარია, იმ დღის შემდეგ ყველა ქვეყნის პირველმა პირმა და საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიგო, როგორი ლიდერი მართავს საქართველოს... როცა არგუმენტები ვერ იპოვა, ღია ეთერში დამემუქრა.
- როგორი იყო უმრავლესობის წევრებისა და დიპლომატიური კორპუსის რეაქცია, როცა პრეზიდენტი პარლამენტის დარბაზიდან გავიდა?
- მას მაშინვე გაეკიდა მთავრობის რამდენიმე წევრი და როგორც მერე მითხრეს, არც უნდოდა შემობრუნება, მაგრამ უთხრეს, - დიპლომატიური კორპუსიც აქ არის და სირცხვილიაო. თუმცა გაქცევა მაინც შედგა, სლენგით რომ ვთქვათ "ავარდა". ასეთი თავდასხმისთვის მოუმზადებელი იყო. შემობრუნების შემდეგ მაფიოზურად მუქარაზე გადავიდა და ძველბიჭობანას თამაში დაიწყო, არადა, როცა პრეზიდენტი ხარ, ასეთი გამოუვალ სიტუაციაშიც კი დელიკატური უნდა იყო. როცა პრეზიდენტი პარლამენტის დარბაზში ასე იქცევა, უმრავლესობის წევრებს რა უნდა მოსთხოვო?!.. ფეხებს აბაკუნებდნენ და მაგიდაზე ხელებს ურტყამდნენ. დავიწვი მათი საცოდაობით, როცა ვუყურებდი, როგორ ცდილობდნენ მიშასთვის ეამებინათ. ვითომ თავს გვაჩვენებდნენ, რომ ჩვენზე გაბრაზებული იყვნენ, სინამდვილეში კი, მიშას შიშით გვეჩხუბებოდნენ.
- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ ასეთი კატეგორიული გამოსვლით ჯონდი ბაღათურიამ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის კარზე დააკაკუნა...
- ასე არ არის. პოლიტიკოსის ტონი რეალობის ადეკვატური უნდა იყოს და ჩემი გამოსვლა მდგომარეობის შესაბამისი იყო. თუმცა ნაწილობრივ ამ მოსაზრებასაც გავიზიარებ, რადგან პოლიტიკაში ასეთი ძლიერი მოთამაშე გამოჩნდა, ოპოზიციის მხრიდან კატეგორიული საუბარი უფრო რეალური გახდა. დღეს უფრო ადეკვატურები ვართ, ვიდრე აქამდე ვიყავით.
- თუმცა პრეზიდენტმა ოპოზიციას "წინასწარ წაგებულის პოზიციიდან მოსაუბრე პოლიტიკური ძალა" უწოდა...
- დიახ, რადგან მისთვის წარამარა შეკითხვის დასმა, - წავა თუ დარჩება, სისუსტის გამოვლინებაა. სააკაშვილის მტაცებლური ბუნებიდან გამომდინარე, თუ მას არ გამოვგლიჯეთ ძალაუფლება, ის არ დათმობს. თქვა კიდეც - წასვლას არ ვაპირებო. ან რატომ წავა, უზარმაზარი პირადი ფული აქვს, ახალგაზრდაა, ადმინისტრაციული რესურსი აქვს, ჯარი და სპეცრაზმი ჰყავს და, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველანაირად ეცდება, უკანონოდ, მაგრამ ძალაუფლება შეინარჩუნოს. ამიტომაც გვითხრა, იყავით მაგრები და წამართვითო, ჩვენც უნდა წავართვათ.