2012 წლის 22 აპრილს, და თუ საჭირო გახდა - 6 მაისსაც, ფრანგი ამომრჩეველი აირჩევს ადამიანს, რომელიც საფრანგეთს მომავალი 5 წლის განმავლობაში წარუძღვება.
როგორც არჩევნების უმეტესობა, საფრანგეთში, საპრეზიდენტო არჩევნებიც ორტურიანია.
პირველ ტურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა იმ კანდიდატს, რომელიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს (რაც ასევე გულისხმობს ხუთასი არჩევადი თანამდებობის პირის ხელმოწერების შეგროვებას) და საკმარისი დაფინანსება აქვს.
როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, ვერ ერთი კანდიდატი ვერ აგროვებს ხმათა აბსოლუტურ უმრავლესობას პირველ რაუნდში, ამიტომ ყოველთვის ტარდება მეორე ტური, რომელიც მონაწილეობს ის ორი კანდიდატი, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს პირველ ტურში. ამ რაუნდის გამარჯვებული ხდება საფრანგეთის პრეზიდენტი ერთი ვადით, რომლის ხანგრძლივობაც 5 წელია.
პრეზიდენტს პოსტზე ყოფნა შეუძლია არა უმეტეს ორი ხუთწლიანი ვადის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი პირველად 2007 წელს აირჩიეს.
არჩევნებისთვის პრეზიდენტობის სულ 10 კანდიდატია დარეგისტრირებული:
- ნიკოლა სარკოზი (კონსერვატიული პარტია)
- ფრანსუა ოლანდი (სოციალისტური პარტია)
- მარი ლე პენი (ნაციონალური ფრონტი)
- ფრანსუა ბაიროუ (დემოკრატიული მოძრაობა)
- ჟან-ლუკ მელენშონი (მემარცხენე ფრონტი)
- ევა ჟოლი (ეკოლოგები)
- ნიკოლა დიუპონ-ეინანი (სუვერენისტები)
- ნატალი არტო (რადიკალური მემარცხენეები)
- ფილიპ პუტუ (ახალი ანტიკაპიტალისტური პარტია)
- ჟაკ შემიდანი (დამოუკიდებელი კანდიდატი)
2012 წლის არჩევნები ხმების პოლარიზაციის გამო სარკოზისა და მისი მთავარი ოპონენტის, სოციალისტური პარტიის კანდიდატის, ფრანსუა ოლანდის გარშემო, უკვე შეფასდა, როგორც რეფერენდუმი ამჟამინდელი პრეზიდენტის, სარკოზის თემაზე. 2012 წლის დასაწყისში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო კვლევების თანახმად, ოლანდი სარკოზის მეორე რაუნდში დაამარცხებს, თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ მისი უპირატესობა უკანასკნელ პერიოდში საკმაოდ შემცირდა.
ნიკოლა სარკოზი ოფიციალურად პრეზიდენტის პოსტის ხელმეორედ მოსაპოვებლად 15 თებერვალს დარეგისტრირდა. კონსერვატორული პარტიის ყოფილი ხელმძღვანელი მემარჯვენეების მთავარი კანდიდატია. იგი წინასაარჩევნო კამპანიას ატარებს როგორც „ძლიერი საფრანგეთის“- la France forte - სახე. სარკოზი ძლიერ ამაყობს თავისი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი რეფორმების გატარებით. მის სასარგებლოდ მოქმედებს ისიც, რომ საერთაშორისო არენაზე საკმაოდ კარგი რეპუტაციით სარგებლობს და ამიტომ მშვენივრად ასრულებს საფრანგეთის წარმომადგენლის როლს.
სარკოზის აქტიურად უჭერს მხარს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ასევე, როგორც სახელმწიფო მოღვაწემ, საკმაოდ კარგი შეფასება მიიღო ბარაკ ობამასგან. თავის კამპანიაში იგი საკუთარ პერსონას ხაზს უსვამს, როგორც ერთადერთს, ვისაც შეუძლია საფრანგეთის ინტერესების დაცვა საერთაშორისო არენაზე, ასევე როგორც კანდიდატი, რომელსაც აქვს საკმარისი სიმტკიცე იმისთვის, რომ მიმართოს კონკრეტულ ზომებს, არაპოპულარულსაც კი, თუ ეს საჭიროა საფრანგეთის ეკონომიკის სტაბილიზაციისა და ქვეყნის გაძლიერებისთვის. სარკოზი ირწმუნება, რომ მისი მთავარი სოციალისტი მოწინააღმდეგე საფრანგეთს ან ეკონომიკურ კატასტროფას მოუტანს თავისი პროგრამების განხორციელებით, ან მალევე იტყვის უარს თავის წინასაარჩევნო დაპირებებზე.
ფრანსუა ოლანდი სოციალისტების ოფიციალური კანდიდატი მას შემდეგ გახდა, რაც 2011 წლის შემოდგომაზე გამართულ პრაიმერზე დაამარცხა მთავარი მოწინააღმდეგეები - მარტინ ობრი და სეგოლენ როიალი. ტრადიციულად, ოლანდი სოციალისტური პარტიის ზომიერი ფრთის წარმომადგენლად მიიჩნევა და ხშირად პარტიის ხისტი ხაზის მიმდევრების მხრიდან კრიტიკის ობიექტიც ხდება თავისი „რბილი“ პოზიციის გამო. უკანასკნელი კვირების განმავლობაში იგი აქტიურად ირგებდა მემარცხენეს სტატუსს, და შესაბამისად არჩევის შემთხვევაში სახელმწიფო სექტორში მეტი სამუშაო ადგილის შექმნის დაპირებას იძლეოდა. ამასთან, მან დადო პირობა, რომ საფრანგეთის საბიუჯეტო დეფიციტს 2017 წლამდე აღმოფხვრის და კომპანიებსა და მაღალშემოსავლიან პირებს გადასახადებს გაუზრდის.
საერთაშორისო წრეებში ოლანდი არაა კარგად ცნობილი. მას ეკავა სოციალისტური პარტიის პირველი მდივნის, პარლამენტარის და დასავლეთ საფრანგეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მერის თანამდებობა.
გარდა ზემოთ ნახსენები ორი აშკარა ფავორიტისა, არჩევნებში მონაწილეობს კიდევ 8 კანდიდატი იღებს. წარმოგიდგენთ თითოეულ მათგანს:
ფრანსუა ბაიროუ ყოფილი მინისტრი და კონსერვატორული პარტიის ყოფილი წევრია, რომელისგანაც 2007 წელს ცენტრისტული პარტია, „დემოკრატიული მოძრაობა“ შექმნა. მან 2002 და 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა. ბაიროუს საკმაოდ მრავალრიცხოვანი მხარდამჭერი ჰყავს ზომიერ კონსერვატორებს შორის, რომელთათვისაც სარკოზი მეტისმეტად მემარჯვენეა, და იმ სოციალ-დემოკრატებს შორისაც, ვისთვისაც ოლანდი მეტისმეტად „ძველი სტილის“ სოციალისტია. თუმცა, თუკი რაიმე სენსაცია არ მოხდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიროუმ ხმათა 10%-ზე მეტი აიღოს.
კიდევ ერთი კანდიდატი - მარი ლე პენი - მემარჯვენე ნაციონალური ფრონტის ლიდერია. 2002 წელს მისმა მამამ და წინარმორბედმა სენსაციურად მოახერხა სოციალისტი კანდიდატის, ლაიონელ ჟოსპენის უკან ჩამოტოვება და საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გადასვლა. თუმცა, მეორე რაუნდში ლე პენი სერიოზულად დაჯაბნა ჟაკ შირაკმა, რომელმაც ხმათა 80% მიიღო. მარი ლე პენი შეეცადა აღედგინა საკუთარი პარტიის რესპექტაბელურობა, მაგრამ პარტია მაინც პოპულისტი ნაციონალისტებისა და ქსენოფობების გაერთიანებასთან ასოცირდება, რომლებსაც არ აქვთ არანაირი მესიჯი, გარდა ისეთი ლოზუნგებისა, როგორიცაა მაგალითად „სამუშაო ადგილები საფრანგეთში - ფრანგებს!“ ნაციონალური ფრონტის მთავარი როლი არჩევნებში ფაქტობრივად ის არის, რომ სარკოზის წაართვას მილიონობით რადიკალი მემარჯვენის ხმა, რომელთა მხარდაჭერაც მას მეორე რაუნდში მარცხის თავიდან ასაცილებლად აუცილებლად დასჭირდება.
ჟან-ლუკ მელენშონი ყოფილი სოციალისტი მინისტრია, რომელსაც პოსტი ლაიონელ ჟოსპინის დროს ეკავა. 2008 წელს მან დატოვა სოციალისტური პარტია იმ მოტივით, რომ პარტიამ უღალატა მემარცხენე მიმართულებას, და დააარსა ახალი პარტია, რომელსაც მარტივად, „მემარცხენეების პარტია“ (Parti de Gauche) უწოდა. 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ის გამოდის, როგორც მემარცხენე ფრონტის კანდიდატი. ეს მემარცხენე პარტიების კონსორციუმია, რომელშიც ასევე შედის საფრანგეთის კომუნისტური პარტია. მელენშონს, როგორც „ჭეშმარიტ მემარცხენეს“, ანტიკაპიტალისტური და ანტილიბერალური პოზიცია უკავია. არჩევნებზე მისი ფუნქცია ძირითადად არის ის, რომ აიძულოს ფრანსუა ოლანდი, დაიკავოს კიდევ უფრო მემარცხენე პოზიცია, რათა მემარცხენე ამომრჩევლის ხმები არ დაკარგოს.
ევა ჟოლი „ევროპელი ეკოლოგების“, მწვანეთა პარტიების ფედერაციის კანდიდატია. წინა საპრეზიდენტო არჩევნებში მწვანეებმა ხმების საკმაოდ სოლიდური რაოდენობა მიიღეს, მაგრამ, როგორც ჩანს, ევა ჟოლი ამ შედეგის გამეორებას ვერ შეძლებს. ფრანგულ-ნორვეგიული წარმოშობის ყოფილმა მაგისტრატმა მხარდაჭერა დაკარგა მას შემდეგ, რაც უკომპრომისო პოზიციაზე დაიწყო საუბარი. ამან მწვანეთა რიგებშიც კი უკმაყოფილება გამოიწვია.
რამოდენიმე პრეზიდენტობის კანდიდატი ბრძოლას ადრევე გამოეთიშა, ვინაიდან ვერ მოახერხეს 500 არჩევადი თანამდებობის პირის ხელმოწერის შეგროვება, რაც საშუალებას მისცემდა მათ, მიეღოთ მონაწილეობა არჩევნებში. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, კორინ ლეპაჟე, რომელმაც კანდიდატურა ნიკოლა სარკოზის სასარგებლოდ მოხსნა, ასევე - რადიკალური პარტიის ლიდერი, ყოფილი მინისტრი, ჟან-ლუის ბორლოო და ყოფილი პრემიერ მინისტრი, დომინიკ დე ვილეპინი.
ხოლო ისინი, ვინც საკმარისი რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება მოახერხა (დიუპონ-ეინანი, არტო, ფილიპ პუტუ და ჟაკ შემიდანი), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხმათა 1%-ზე მეტის მოგროვებას შეძლებენ.
მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე რაუნდის შედეგები ცნობილი გახდება, გაიმართება ინაუგურაციის ცერემონიალი და ახალი პრეზიდენტი ელისეის სასახლეში გადავა საცხოვრებლად (ან გააგრძელებს ცხოვრებას). ივნისში ფრანგ ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოუწევს საარჩევნო უბნებთან მისვლა, ამჯერად უკვე ქვეყნის პარლამენტში დეპუტატების ასარჩევად, და შესაბამისად იმისთვის, რომ ახალ პრეზიდენტს მიეცეს საშუალება თავისი საკანონმდებლო პროგრამა ახლად დაკომპლექტებულ საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად განახორციელოს.