საპარლამენტო არჩევნები სლოვაკეთში 2012 წლის 10 მარტს შედგა. სლოვაკეთში ერთპალატიანი საკანონმდებლო ორგანოს, (Národná rada) 150 წევრს ირჩევდნენ. ქვეყნის პარლამენტში მოსახვედრად 5%-იანი ბარიერის გადალახვაა საჭირო.
წინა საპარლამენტო არჩევნები 2 წლის წინ, 2010 წელს შედგა. ეს კი ქვეყნის დამოუკიდებლობის შემდეგ მესამე ვადამდელი არჩევნებია. 2010 წლის არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა ოთხ პარტიული მემარჯვენე-ცენტრისტული მთავრობა, რომელსაც ივეტა რადიკოვა (Iveta Radičová) ხელმძღვანელობდა. ის გახლდათ სლოვაკეთის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი.
2006 წელს მემარცხენე-პოპულისტურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ რობერტ ფიცოს ხელმძღვანელობით ადგილების უმრავლესობა მოიპოვა და დაამარცხა პრემიერ მინისტრი, მიკულას ძურინდას (Mikuláš Dzurinda) ცენტრისტული-მემარჯვენე მთავრობა, რომლის სათავეშიც სლოვაკური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი იყო. ძურინდას პერიოდში სლოვაკეთი თავისი ევროპელი პარტნიორებისგან ხშირად იმსახურებდა შექებას მტკიცე სტრუქტურული რეფორმებისა და პრო-ევროპული ლიბერალური შეხედულებების გამო, მაგრამ ქვეყნის შიგნით ეკონომიკური პოლიტიკა აღიქმებოდა, როგორც ცალმხრივი და უსამართლო, მთავრობა კი - როგორც კორუმპირებული.
ფიცომ, რომელიც მონაწილეობას იღებდა არჩევნებში როგორც პოპულისტი და სარგებლობდა ყბედის იმიჯით, ჩამოაყალიბა საკმაოდ უცნაური და საკამათო კოალიცია ჟან სლოტას მემარჯვენე ნაციონალურ პარტიასთან და ყოფილი პრემიერის, ვლადიმირ მესიარის (Vladimír Mečiar) ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად. მესიარიმ, რომელსაც პრემიერის პოსტი 1992-1994 და 1994-1998 წლებში ეკავა, სლოვაკეთი ნახევრად ავტორიტარულ ქვეყნად აქცია კორუმპირებული ადმინისტრაციითა და სახელმწიფოს მიერ კონსტროლირებადი ეკონომიკური პოლიტიკით. 1998 წელს იგი ლიბერალურმა კოალიციამ დაამარცხა მიკულას ძურინდას ლიდერობით.
ფიცომ, მიუხედავად აქტიური კამპანიისა, ვერ მოახერხა ძურინდას ლიბერალური ეკონომიკური პოლიტიკის დაკნინება, დამკვირვებლები და ოპოზიცია კი თავის მხრივ ადანაშაულებდა მის მთავრობას პოპულისტური, შეუსაბამოდ მაღალდანახარჯიანი პოლიტიკის გატარებაში. ფიცოს მმართველობის დროს ბიუჯეტის დეფიციტი გაიზარდა და 2009 წლის რეცესიის ჩათვლით, ქვეყნის ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით არაფერი გამოსწორებულა მანამ, სანამ სათავეში ძურინდა არ მოვიდა.
ყველაფერი ამის გათვალისწინებით, თითქოს, ადვილად პროგნოზირებადი იყო არჩევნების შედეგები, მაგრამ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას სლოვაკეთის პოლიტიკა დიდმა სკანდალმა შეძრა. დაზვერვის მონაცემები, ე.წ „გორილა“ დეკემბერში გახმაურდა და ეხებოდა სატელეფონო მოსმენებს 2005-2006 წლებში პრივატიზაციის გარიგებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მიკულას ძურინდას მთავრობაში. ცნობილი გახდა კორუფციული გარიგებების შესახებ, რომელშიც ჩართული იყვნენ მინისტრები, უცხოელი ინვესტორები, ადგილობრივი საინვესტიციო ფონდი „პენტა“ და ოთხი პარტია ძურინდას კოალიციური მთავრობიდან, მმართველი ქრისტიან-დემოკრატების ჩათვლით.
ამ სკანდალის გამო სერიოზულად დაზარალდა ყველა მმართველი პარტიის რეპუტაცია. ივეტა რადიკოვა გადადგა და მისმა პარტიამ რეფორმისტული, არაკორუმპირებული იმიჯი დაკარგა. ფიცოს სოციალ-დემოკრატიული პარტიაც ნახსენები იყო ჩანაწერებში, პარტიის ლიდერიც საკმაოდ ხშირად ხვდებოდა პენტას თანამფლობელს, იაროსლავ ჰასქაკს (Jaroslav Haščák), თუმცა ეს საკმაოდ დიდი ხნის წინ იყო და ამჟამად ფიცოს ყველანაირი კავშირი გაწყვეტილი აქვს ამ საინვესტიციო ფონდთან. საბოლოო ჯამში ეს სკანდალი ყველაზე ნაკლებად სწორედ სოციალ-დემოკრატებს შეეხო.
საბოლოო ჯამში, რობერტ ფიცო უცებ გახდა ევროპის ყველაზე წარმატებული მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის პოლიტიკოსი. საპარლამენტო არჩევნებში ფიცოს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ Smer-მა (მიმართულება), ხმათა უდიდესი წილი, 45 % და 83 მანდატი მოიპოვა 150 წევრიან ასამბლეაში.
სლოვაკეთის პოსტ-კომუნისტურ ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ერთმა პარტიამ პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა. Smer-ს მხოლოდ 7 ადგილი დააკლდა იმისთვის, რომ მიეღო მანდატთა 3/5, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ერთპიროვნულად შეიტანოს ცვლილებები კონსტიტუციაში. მიუხედავად ამომრჩევლების ცინიკური განწყობისა, სლოვაკების 60%-მა არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღო.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფიცოს მთავრობა ოთხი პარტიისგან შემდგარ მემარჯვენე ცენტრისტულ კოალიციას ჩაანაცვლებს, რომლებიც სათავეში სულ 2 წლის წინ მოხვდნენ. ექსპერტთა შეფასებით Smer-ის წარმატება ნაწილობრივ სწორედ საზოგადოების იმ უკმაყოფილების ასახვაა, რომელიც დაზვერვის ფაილებიდან გაჟონილ ინფორმაციას მოჰყვა.
სლოვაკეთის მემარჯვენე-ცენტრისტულმა კოალიციამ, ერთ დროს ნაქებმა ბრიუსელსა და ვაშინგტონში მისი რეფორმების კურსისთვის, დრამატული წარუმატებლობა განიცადა. Smer-ის უახლოესმა კონკურენტებმა, ქრისტიან-დემოკრატიულმა პარტიამ ხმათა 9% და 16 ადგილი მოიპოვა. OLANO-მ (უბრალო ხალხი და დამოუკიდებელი პიროვნებები), ამ ახალბედა და ენთუზიასტებით სავსე მოძრაობამ, რომელსაც ასევე ჰქონდა ამომრჩეველთა უკმაყოფილების გამოყენების იმედი, ქრისტიან-დემოკრატებთან ერთად მესამე ადგილი გაიყო.
ყველაზე წარუმატებელი, მიკულას ძურინდა, სლოვაკური პოლიტიკის ვეტერანი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გამოდგა. მისმა პარტიამ, რომელიც სამთავრობო კოალიციას ლიდერობდა, ძლივს შეაგროვა საკმარისი ხმები პარლამენტში მოსახვედრად. იგივე ბედი ეწია ულტრა-ლიბერალურ „თავისუფლებისა და სოლიდარობის“ პარტიას (SaS).
ზოგიერთი ექსპერტისთვის არჩევნების შედეგები იმას მოასწავებს, რომ სლოვაკური დემოკრატია საკმაოდ მომწიფდა. ნაცვლად იმისა, რომ არჩევნების დღეს უბნებზე მომხდარიყო დარღვევები და მაქინაციები, ამომრჩეველმა ნათლად დააფიქსირა თავისი პოზიცია და განუდგა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც კორუფციაში ჩათრეულად მიიჩნევდა.
თუმცა, პარასკევს ბრატისლავასა და სხვა ძირითად ქალაქებში დემონსტრაციები ნაკლებად ცივილიზებულად გამოიყურებოდა. აქციის მონაწილეების რაოდენობა მოსალოდნელზე ნაკლები იყო, მაგრამ - არანაკლებად ხმაურიანი. ისინი დასცინოდნენ ყველას, ვინც ცდილობდა მათ ლიდერებს შეწინააღმდეგებოდა.
აქციის ზოგიერთმა მონაწილემ ისიც კი განაცხადა, რომ შესაძლოა არც ერთი პოლიტიკოსი არ მოსწონდეთ, მაგრამ ძურინდას დასამარცხებლად ნებისმიერ მათგანს დაუჭერდნენ მხარს. „ის ფიქრობს, რომ უდანაშაულო და სუფთაა“ - აღნიშნა ჟოზეფმა, პენსიაში გასულმა ელექტრიკოსმა - ისე მოქცევა, თითქოს არაფერი მომხდარა, ამ ეტაპზე უბრალოდ სიგიჟეა“. ბატონი ძურინდა თავის მხრივ არ აღიარებს „გორილასთან“ დაკავშირებულ დარღვევებში მონაწილეობას.
Smer-ის შტაბში კი არჩევნების წინა ღამეს ბჭობდნენ იმაზე, თუ ვისთან შექმნიდნენ კოალიციას. დაახლოებით შუა დღის 2 საათზე ეს განხილვა შეწყდა, ვინაიდან ბევრისათვის გასაკვირად აღმოჩნდა, რომ პარტიამ შესაძლოა მარტომ მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა.
დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ჟურნალისტები მოწვეულ იქნენ პარტიის ოფისში, სადაც ლიდერები გამარჯვებას ხალხური სიმღერებით, ცეკვითა და შამპანურით აღნიშნავდნენ. ბედნიერი, მაგრამ აშკარად დაქანცული ბნ. ფიცო, რომელიც მხოლოდ კოკა-კოლას მიირთმევდა, მხარდამჭერებით იყო გარშემორტყმული.
ფიცომ გამარჯვების შემდეგ თავის გამოსვლაში სიფრთხილე გამოიჩინა. მან რამოდენიმეჯერ გაიმეორა, რომ ღია იყო სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვის. ფიცომ დადო პირობა, რომ შეინარჩუნებს პრო-ევროპულ ხედვას, დახარჯავს ძალისხმევას პოლიტიკური ოპოზიციის გასაერთიანებლად და სავაჭრო კავშირების, ბიზნესისა და სამოქალაქო-საზოგადოების საკითხებზე აქტიური რეფორმებს დაგეგმავს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბატონ ფიცოს მფლანგველისა და ძალაუფლების მოყვარულის რეპუტაცია აქვს. ზოგიერთს მიაჩნია, რომ მეორე ვადის განმავლობაშიც იგი კვლავ გადადგამს პოპულისტურ ნაბიჯებს. თუმცა როგორც ბევრს აქვს იმედი, სლოვაკეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება დაკისრებულ მოვალეობას.
რობერტ ფიცომ ქვეყნის პრეზიდენტის, ივან გაშპაროვიჩის დავალებით უკვე დაიწყო ახალი მთავრობის ფორმირება.
შედეგების გამოცხადებისთანავე ფიცომ პირველი კონსულტაციები გამართა პარლამენტში გასული პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან. მომავალი პრემიერი შეეცადა ოპოზოციურ პარტიებტან კოალიციური მთავრობის შექმნას, თუმცა ოპოზიციამ ამაზე უარი განაცხადა.
ფიცოს განცხადებით, მთავრობაში მინიმუმ ორი არაპარტიული მინისტრი იქნება. ეკონომიკისა და საგარე საქმეთა სამინისტროებს ჩაიბარებენ პირები, რომლებიც „სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები არ არიან და არც არასოდეს ყოფილან პარტიულ სტრუქტურებთან კავშირში“ - განაცხადა ფიცომ და დასძინა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მიროსლავ ლაიჩაკას ხილვას ისურვებდა.
ქვეყნის ახალი მთავრობა პირველ სხდომას სავარაუდოდ 4 აპრილს გამართავს.