მოლდოვის პრეზიდენტი შესაძლოა ქალი გახდეს

მოლდოვის პრეზიდენტი შესაძლოა ქალი გახდეს

მოლდოვაში, სადაც პრეზიდენტს პარლამენტის დეპუტატები ირჩევენ, 16 მარტს ქვეყნის მეთაურის არჩევნები შედგება. მოლდოვური მასმედიის ცნობით, ამ ეტაპზე უმაღლეს პოსტზე ოთხი პრეტენდენტია, მათგან ორი ქალია.

მასმედიის მოსაზრებით, ყველაზე რეალურ კანდიდატად მაგისტრატურის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ნიკოლაი ტიმოფტი ითვლება.

ლიბერალების ლიდერი, მიხაი გიმპუ კი მიიჩნევს, რომ მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტი ქალი გახდება. მისი მოსაზრებით გამარჯვებას ნაციონალური ბანკის ექს-ვიცე სპიკერი, ვერონიკა ბაკალუ მოიპოვებს. მეორე ქალი კანდიდატი, ლიბერალების მიერ შემოთავაზებული ლილია სნეგურიაკია. გასული წლის 28 ნოემბერს იგი პრემიერ-მინისტრის კაბინეტის დირექტორად დაინიშნა. პრემიერის კაბინეტი სახელმწიფო კანცელარიის სტრუქტურაა, რომელშიც რვა სახელმწიფო მოხელე მუშაობს: მრჩეველები და კონსულტანტები. ლილია სნეგურიაკი მათი მუშაობის კოორდინირებას ახდენდა.

ქვეყნის მეთაურის პოსტისთვის ბრძოლაში მონაწილეობას ასევე იღებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაღალჩინოსანი, ვერონიკა ბაკალუ.

შეგახსენებთ, რომ მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა, პრეზიდენტს კი პარლამენტის დეპუტატები ირჩევენ. ამასთან, კანდიდატურა შეიძლება წამოყენებულ იქნას იმ შემთხვევაში, თუკი 15 დეპუტატი მაინც უჭერს მას მხარს. პრეზიდენტის ასარჩევად დეპუტატთა ხმების 3/5 მაინც არის საჭირო (მინიმუმ 61 ხმა 101-დან). მოლდოვის მმართველ კოალიციას პრეზიდენტის დამოუკიდებლად ასარჩევად მხოლოდ 2 ხმა არ ყოფნის. ამ ხმების მოპოვების იმედი კოალიციას იმ სამ დეპუტატთან მოლაპარაკების გზით აქვს, რომლებიც გამოეყვნენ კომუნისტურ პარტიას და შექმნეს სოციალისტების ჯგუფი პარლამენტში.

უკვე ორ წელიწადზე მეტია, რაც მოლდოვაში არჩეული პრეზიდენტი არ ჰყავთ, ეს კი მსოფლიო რეკორდია. ამასთან დაკავშირებით ორი მოწვევის პარლამენტი იქნა დათხოვილი. უკანასკნელი ვადამდელი არჩევნები ქვეყანაში 2010 წლის 28 ნოემბერს გაიმართა, ქვეყნის მეთაურის არჩევის ბოლო მცდელობა კი 2011 წლის 16 დეკემბერს იყო. მოლდოვის პარლამენტმა მაშინაც ვერ შეძლო გადაწყვეტილების მიღება, ამიტომ განმეორებითი არჩევნები 2012 წლის 15 იანვარს დაინიშნა. თუმცა, 12 იანვარს  საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის ეს გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურად ცნო იმ მოტივით, რომ არ იყო წინასწარ უზრუნველყოფილი ხმის მიცემის ანონიმურობა. ამის გამო 15 იანვარს დაგეგმილი არჩევნებიც გაუქმდა.