გასულ პარასკევს, 2 მარტს, ირანში საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ირანის ერთპალატიანი პარლამენტი - მეჯლისი 290 დეპუტატისაგან შედგება, საიდანაც 5 ადგილი რელიგიური უმცირესობებისთვის არის განკუთვნილი. ეს პარლამენტი ირანის ისტორიაში არის რიგით 32-ე და ირანის რევოლუციიდან – მე-9. არჩევნები ირანის ყველა, 31 პროვინციაში გაიმართა. 2007 წლიდან ირანი 207 საარჩევნო ოლქად არის დაყოფილი. ეს ოლქები გეოგრაფიული პრინციპით ყალიბდება, თუმცა გათვალისწინებულია ის მოთხოვნა, რომ თითოეული ოლქი ამომრჩეველთა რაოდენობით ერთმანეთს უთანაბრებოდეს. 5 საარჩევნო ოლქი რელიგიურ უმცირესობებისათვის არის გამოყოფილი და მათი ფორმირება ტერიტორიული პრინციპით არ ხდება. ირანის პარლამენტი 4 წლის ვადით, წინა პარლამენტის დაშლამდე ირჩევა. ახლადარჩეული პარლამენტი არჩევნებიდან სამი თვის ვადაში იკრიბება. არჩეულად ითვლება ის კანდიდატი რომელიც ყველაზე მეტ ხმას, მაგრამ ამომრჩეველთა არანაკლებ 25%-ს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ოთხი კვირის შემდეგ ტარდება არჩევნების მეორე ტური. დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში მისი უფლებამონაცვლის ასარჩევად არჩევნები 7 თვეში ინიშნება. პრედენდენტს უფლება აქვს მხოლოდ ერთ საარჩევნო ოლქში დარეგისტრირდეს. არჩევნებში კანდიდატად დასარეგისტრირებლად აუცილებელია შემდეგი მოთხოვნების დაკმაყოფილება: კანდიდატი ირანის მოქალაქე უნდა იყოს; ასაკი – 30-დან 75 წლამდე. უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი; უნდა იყოს ისლამის რესპუბლიკის ერთგული; უნდა იყოს მუსულმანი (გარდა აღნიშნული 5 ადგილის მაძიებლებისა); არ უნდა ჰქონდეს „ცუდი რეპუტაცია“ და უნდა იყოს ჯანმრთელი. თუ შსს–ს მიერ გადამოწმების შემდეგ გამოვლინდა, რომ კანდიდატს ფსიქიური დარღვევები აქვს, თუ იყო ან არის შაჰის და/ან კანონგარეშედ გამოცხადებული პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციის აქტიური მხარდამჭერი ან წევრი, თუ უარყო ისლამი, თუ არის კორუფციაში, ღალატში, ტყუილისა და მოსყიდვაში გარეული, ან არის ნარკომანი და ნარკორეალიზატორი, ასეთი კანდიდატი არჩევნებიდან მოიხსნება. კანდიდატების რეგისტრაცია ამ წლის 24 იანვარს დაიწყო და 30 იანვარს დამთავრდა. რეგისტრაციაზე განცხადება 5 405 ადამიანმა შეტანა, მთგან 1 006 პრეტენდენტი თეირანში, ხოლო ყველაზე მცირე - 39 პრედენდენტი ხორასანის ჩრდილოეთ პროვინციაში იყო. დეპუტატად არჩევის სურვილი 490 ქალმა გამოთქვა. მათი მონაცემები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაამუშავა, რომელიც არჩევნების ჩატარებაზეა პასუხისმგებელი. საბოლოოდ 2000 პრედენდენტზე მეტს უარი ეთქვა კანდიდატად დარეგისტრირებაზე. წინა ორი მოწვევის (2004 და 2008წწ.) პარლამენტში უმრავლესობა კონსერვატორებს, პრეზიდენტ მახმუდ აჰმადინეჯადის მომხრეებს ეკავათ. თუმცა თავად პრეზიდენტის პოზიციები პარლამენტში ერთგვარად შესუსტდა, რამაც ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში და მთავრობის ფორმირების საკითხში რამდენჯერმე იჩინა თავი. პარლამენტმა თავმჯდომარედ ალი ლარიჯანი აირჩია, რომელიც 2005 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ახმადინეჯადის კონკურენტი იყო. პარლამენტის მთავრობასთან უთანხმოება ჯერ კიდევ პარლამენტის არჩევნებიდან სამ თვეში დაიწყო, რის გამოც შინაგან საქმეთა მინისტრი ალი კორდანი გადადგა. დიდი ვნებათაღელვა გამოწვია 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმაც. ოპოზიციამ უარი განაცხადა ეცნო არჩევნების შედეგები. არჩევნებიდან მალე, 5 აგვისტოს, პრეზიდენტის მეორე ვადის დაწყების პარლამენტში გამართულ ოფიციალურ ცერემონიაში, პროტესტის ნიშნად დემონსტრაციულად არ მონაწილებდა 60 დეპუტატი. პარლამენტმა ასევე უარყო აჰმადინეჯადის მეორე მთავრობის სამი მინისტრის კანდიდატურა. ყველა ეს „რეციდივი“ გამოხმაურება იყო პრეზიდენტსა და ქვეყნის სულიერ ლიდერს შორის უთანხმოებისა. აიათოლა და პრეზიდენტი თითქმის ყველაფერში ერთ პოზიციაზე დგანან გარდა ერთისა - ვინაა ქვეყნის ლიდერი. საქმე ის არის, რომ ირანში, კონსტიტუციის მიხედვით, ძირითადი ძალაუფლება რაჰბარს - ქვეყნის რელიგიურ ლიდერს ეკუთვნის. სწორედ მისი, აიათოლა ალი ჰამენეის მხარდაჭერით გახდა აჰმადინეჯადი ქვეყნის პრეზიდენტი 2005 წელს. ბუნებრივია, რომ პრეზიდენტისგან მადლიერების ნიშნად აიათოლა უსიტყვო მორჩილებას მოითხოვდა, თუმცა წარმატებით ფრთაშესხმულმა აჰმადინეჯადმა თავისი გავლენის გაზრდა და აიათოლას კონტროლიდან გასვლა გადაწყვიტა. როგორც ჩანს პრეზიდენტმა თავისი შესაძლებლობები ვერ გათვალა. სწორედ ამ დაპირისპირების ფონზე გამოჩნდა ერის სულიერი ლიდერის რეალური გავლენა პარლამენტზე და პოლიტიკურ პროცესებზე. როცა ერთი წლის წინ, პარლამენტის აზრის საწინააღმდეგოდ, პრეზიდენტმა დაზვერვის მინისტრი ჰეიდარ მოსლეხი თანამდებობიდან გადააყენა, ჰამენეიმ იგი თანამდებობაზე აღადგინა და ამ გადწყვეტილებას პარლამენტის სრული მხარდაჭერა მოყვა. ამ ფაქტების გათვალისწინებით შეიძლება ითქვას, რომ ამჟამინდელი არჩევნები გარკვეულწილად პრეზიდენტ აჰმადინეჯადის მიმართ ნდობის რეფერენდუმადაც შეიძლება ჩაითვალოს. რეალურად არჩევნებში ორი სახელისუფლო ძალა – პრეზიდენტის კონსერვატორები და აიათოლას ულტრაკონსერვატორები დაუპირისპირდა ერთმანეთს. „ისლამური რეოლუციის სიმყარის ფრონტი“ მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერ კოალიციას წარმოადგენდა, რომელშიც აჰმადინეჯადის მთავრობის ბევრი ყოფილი წარმომადგენელი გაერთიანდა. კონსერვატორთა ამ ჯგუფის ძირითად დასაყრდენად „ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი“ მიიჩნევა. „ფრონტს“ თავის მხარდაჭერას ორი აიათოლა – აჰმად ჯანათი და სეიდ აჰმად ჰატამი უცხადებდნენ. კოალიციის ლიდერი აიათოლა მისბახ იაზდი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე პატივსაცემ სულიერ და პოლიტიკურ ლიდერად ითვლება. „ფრონტის“ პროგრამა პრეზიდენტის შეხედულებებს გამოხატავდა, რომლის მთავარი პოსტულატიც სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ისლამის სულიერი პრინციპების ქვეყნის საზოგადოებრივ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე გაძლიერება იყო. პოლიტიკურად ამ შთაბმეჭდავ ძალას ასევე კონსერვატული ძალა, პრეზიდენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილი „კონსერვატორთა გაერთიანებული ფრონტი“ დაუპირისპირდა, რომლის ლიდერიც ირანის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი აიათოლა მაჰდავი კანია. ირანის კონტიტუციის მიხედვით, სწორედ ექსპერტთა საბჭო აკონტროლებს ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ჰამენეის საქმიანობას. სწორედ ამ საბჭოს აქვს რაჰბარის თანამდებობაზე დანიშვნისა და გადაყენების უფლებამოსილება. „კონსერვატორთა გაერთიანებული ფრონტში“ გაერთიანებული იყვნენ საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი მანუჩეხრ მოტაკი და აიათოლები – მაკარემ შირაზი და ჯავადი ამოლი. საგარეო პოლიტიკური კურსი ორივე ამ დაჯგუფებას ერთნაირი აქვს და ის „ისლამის მტრების“, ამერიკის შეეთებული შტატებისა და მათი მოკავშირეების დაპირიპირებაზე გადის. რაც შეეხება ოპოზიციურ ძალებს, მათმა უმრავლესობამ გადაწყვიტა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვათ, რადგან, მათი აზრით, „სამართლიანი და პატიოსანი“ არჩევნების ჩასატარებლად სათანადო პირობები არ არსებობდა. 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აჰმადინაჯადის ორი კონკურენტი – მირ-ჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი – მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გააპროტესტეს, პრეზიდენტის უშუალო ჩარევით შინაპატიმრობაში იქნენ აყვანილნი. ოპოზიციის მაშინდელ საპროტესტო გამოსვლებს ადამიანთა მსხვერპლიც მოყვა. ოპოზიცია ამ ორი ლიდერის გათავისუფლებას არჩევნებში მონაწილეობის წინაპირობად აყენებდა, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ასეთი პოლიტიკური შიდადაპირისპირების ფონზე ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამომრჩეველთა მაღალი აქტიურობისთის მიეღწიათ. „მეცნიერებასა და ეკონომიკაში ჩვენი პროგრესი შენს ხმაზეა დამოკიდებული“ - მოუწოდებდა თეირანში გაკრული ლოზუნგი ამომრჩეველს. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ქვეყნის ხელმძღვანელმა აიათოლა ალი ჰამენეიმ ბრალი დასდო ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ისინი თავის მოკავშირეებთან ერთად ცდილობდნენ აიძულებინათ ირანელები თავი შეეკავათ არჩევნებში მონაწილეობისაგან. „არჩევნებში მაღალი აქტივობა დემონსტრირება იქნება ჩვენი მტრებისთვის იმისა, რომ ისინი ვერ შეძლებენ ჩვენი დიადი ხალხის წინააღმდეგ წასვლას“ - განაცხადა ჰამენეიმ. როგორც ჩანს, მოწოდებებმა მიზანს მიაღწია და არჩევნებში ამომრჩეველთა 64,2 პროცენტმა მიიღო მონაწილეობა. აქტიურობამ ცენტრალურ რეგიონებში – 52%, ხოლო თეირანში – 48% შეადგინა. ეს მაშინ, როცა ოთხი წლის წინ ამომრჩევლათა აქტიურობა მთლიანად ქვეყანაში – 55,4%, ხოლო თეირანში 33% იყო. არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ დამაჯერებელ გამარჯვებას აიათოლა ჰამენეის მომხრეებმა მიაღწიეს. მათ მომავლ პარლამენტში ადგილების თითქმის 75% ექნებათ. ეს ფაქტი შეიძლება პრეზიდენტ აჰმადინეჯადის სურვილზე, 2013 წელს პრეზიდენტად„თავისი კაცი“ გაეყვანა, ბოლო დარტყმა აღმოჩნდეს. ახლა პრეზიდენტის რეკომენდაცია ნებისმიერი კანდიდატისთვის „მგლის ბილეთის“ ტოლფასი შეიძლება იყოს. ჰამენეის კი, პირიქით – თამამად შეუძლია მთელი მმართველობის სადავეები ხელში აიღოს, როგორც ეს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. პრეზიდენტის ვა-ბანკზე წასვლა იმანაც განაპირობა, რომ ისლამურ ირანში სახელისუფლო ვერტიკალისათვის მიუღებელია ორი ცენტრის არსებობა. აჰმადინეჯადმა გარისკა, მაგრამ დეღევანდელი გადასახედიდან წააგო. იგი შეეცადა შეესუსტებინა რახბარის, სულიერი ლიდერის გავლენა „საერო“ საქმეებზე, მაგრამ – უშედეგოდ. პრეზიდენტის მარცხის სიმბოლური გამოხატულება მისი უმცროსი დის, ფარვინ აჰმადინეჯადის პრეზიდენტის მშობლიურ ქალაქში დამარცხება გახდა, სადაც მას სადეპუტატო სავარძელს ულტრაკონსერვატორი კანდიდატი შეეცილა. „მაჰმუდ აჰმადინეჯადს, მჭედლის შვილს, ჯერ კიდევ მხარს უჭერენ ქვეყნის ღარიბ ფენებში, მისი მოკრძალებული იმიჯისა და ფულის რეგულარულ დარიგების გამო“ - წერს საინფორმაციო სააგენტო REUTERS, მაგრამ მისი პოპულარობა თანდათან ეცემა, რასაც ქვეყნის შიგნით მძიმე სოციალური მდგომარეობა და 21%-იანი ინფლაციც განაპირობებს. ირანსა და დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს შორის დაპირისპირება არჩევნების შეფასებაზეც აისახა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უილიამ ჰეიგმა, გამოხატა რა თავისი დასავლელი კოლეგებისა და პარტნიორების პოზიცია, განაცხადა რომ ირანის არჩევნები „შიშის ატმოსფეროში“ ჩატარდა. მისი აზრით „რეჟიმმა არჩევნები წარმოადგინა როგორც ლოიალურობის გამოცდა და არა შესაძლებლობა ხალხისთვის, რათა მან თავისუფლად აირჩიოს თავისი წარმომადგენლები“. მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ „რეფორმატორული ფრთის დიდმა ნაწილმა უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, რამაც არჩევნები მმართველი რეჟიმის კონსერვატორთა შიდა შეჯიბრად აქცია“
|