ჩვენ სამართლიანად გავიმარჯვეთ“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა 4 მარტის საღამოს.
„ერთიანი რუსეთის“ ლიდერი, ვლადიმირ პუტინი არ დაელოდა ხმების დათვლას და კრემლთან გამართულ აქციაზე განაცხადა, რომ არჩევნებზე სამართლიანად გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების სამართლიანობის საკითხს არ ეთანხმება.
„ჩვენ ღია და სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვეთ“ - განაცხადა პუტინმა მიტინგზე მანეჟის მოედანზე მაშინ, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხმათა მხოლოდ მეოთხედი ჰქონდა დათვლილი.
წინასწარი შედეგების მიხედვით, მან ხმათა 63% მიიღო. კომუნისტური პარტიის ლიდერი, გენადი ზიუგანოვი მეორე ადგილს და ხმათა 17.9%-ს დასჯერდა. მესამე ადგილზეა მიხეილ პროხოროვი 7.9%-ით, შემდეგია ვლადიმერ ჟირინოვსკი (6.2%), და სერგეი მირონოვი ხმათა 3.8%-ით. ამომრჩეველთა აქტივობამ 65.3% შეადგინა.
„ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ და ჩვენი ამომრჩევლის დიდი მხარდაჭერის საშუალებით მოვიპოვეთ გამარჯვება. მე გპირდებოდით, რომ გავიმარჯვებდით. ჩვენ გავიმარჯვეთ! დიდება რუსეთს!“ - ამ სიტყვებით მიმართა აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს პუტინმა.
პუტინმა კვლავ გააკეთა მინიშნება იმის შესახებ, რომ მისი ოპონენტებს, უფრო კონკრეტულად კი მათ, ვინც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით გამოდიოდა, რუსეთის დაქცევა სურდათ.
„ჩვენ დავინახეთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მარტივად შეუძლიათ სიახლის სურვილის, ინოვაციის გარჩევა პოლიტიკური პროვოკაციისგან, რომლის მიზანიც რუსული სახელმწიფოს დაშლა და ძალაუფლების უზურპირებაა“ - განაცხადა პუტინმა.
ოპოზიცია კი არჩევნებზე დაფიქსირებული ათასობით დარღვევის შესახებ საუბრობს. შეტყობინებების გაანალიზებასა და დასკვნების გამოტანას დამოუკიდებელი დამკვირვებლები უახლოეს დღეებში გეგმავენ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ და პარტია "Яблоко" ჯერ კიდევ 16 საათზე აცხადებდნენ, რომ მათმა დამკვირვებლებმა დაახლოებით 3000 დარღვევა დააფიქსირეს.
ყველაზე ხშირად დარღვევებს შორის დამკვირვებლები ე.წ „კარუსელს“, ორგანიზებული ჯგუფების გადაადგილებას, რომლებიც რამდენიმე სხვადასხვა უბანზე აძლევდნენ ხმას.
„დარღვევებმა უკვე მასიური ხასიათი მიიღო. სამწუხაროდ, ახალი არაფერი მომხდარა – ფალსიფიკაციის მექანიზმი მუშაობს ისეთივე მასშტაბით, როგორც 4 დეკემბრის არჩევნებზე“- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში "Яблоко"-ს თავმჯდომარემ, სერგეი მიტროხინმა.
„ამომრჩეველთა ლიგის“ კოორდინატორმა, ანდრეი დიომინმა საკუთარი მოსაზრება უფრო ფრთხილად დააფიქსირა: “ჩვენ ვერ ვიქნებით სრულიდან დარწმუნებულნი იმაში, რომ არჩევნებმა სამართლიანად ჩაიარა“. დიომინის თქმით, „ლიგამ“ გააანალიზა შეტყობინებები დარღვევების შესახებ და „გააზრებულ“ შეფასებას 7 მარტისთვის მოამზადებს.
ამომრჩეველთა უფლებების დამცველი ასოციაცია „Голос“-მა ასევე განაცხადა არჩევნების დღეს მომხდარი მრავლობითი დარღვევების შესახებ. ასოციაციამ დაახლოებით 3700 შეტყობინება შეაგროვა მთელი რუსეთის მასშტაბით. მათ შორის არის შეტყობინებები არასამართლიანი შეტყობინებების შესახებ წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას.
„Голос“-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, გრიგორ მელქონიანცმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დარღვევებს შორის ყველაზე ხშირი „კარუსელები“ და საარჩევნო სიებით მანიპულაცია იყო.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის 4 მარტს პირველად რუსეთის ისტორიაში პრეზიდენტი 6 წლის ვადით აირჩიეს. უმაღლესი სახელმწიფო პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა: მთავრობის ხელმძღვანელი, ვლადიმირ პუტინი პარტია „ერთიანი რუსეთიდან“; კომუნისტური პარტიის უკვდავი ხელძღვანელი გენადი ზიუგანოვი; ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ექსცენტრული ვლადიმერ ჟირინოვსკი; „სამართლიანი რუსეთის“ დამაარსებელი სერგეი მირონოვი და მილიარდერი მიხეილ პროხოროვი, რომელმაც თვითონ წამოაყენა თავისი კანდიდატურა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, სულ არჩევნების დღეს თავისი პოზიციის დაფიქსირება რუსეთის 109 მილიონ მოქალაქეს შეეძლო.
დაახლოებით მილიონნახევარი ამომრჩეველი ქვეყნის ფარგლებს გარეთ იმყოფებოდა, ამიტომ სპეციალურად მათთვის მსოფლიოს 146 ქვეყანაში რუსეთის საკონსულოებში საარჩევნო უბნები გაიხსნა. რუსეთის მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა გერმანიაშია რეგისტრირებული - თითქმის ნახევარი მილიონი. მოლდოვაში, რომელიც ამ მხრივ მეორე ადგილზეა – 180 ათასი. მესამე ადგილზე ისრაელია - 160 ათასი. 58 ქვეყანაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ წინასწარი არჩევნების ჩატარება უზრუნველყო, მათ შორის ისლამურ ქვეყნებშიც, სადაც კვირა დღე სამუშაოა.
17 თებერვლიდან 3 მარტამდე ორგანიზებულ იქნა წინასწარი არჩევნები რუსეთის 36 რეგიონშიც - რთულად მისადგომ და იზოლირებულ ადგილებში. ეს ფაქტობრივად მთელი უკიდურესი ჩრდილოეთ ნაწილია, შორეული აღმოსავლეთის ცალკეული რაიონები, ციმბირი და ურალი. ასევე, ხმის წინასწარ მიცემა შეეძლოთ მათ, ვინც პოლარულ სადგურებზე, გემებსა და შუქურებზე მუშაობენ. წინასწარი არჩევნების შედეგები 4 მარტის საღამომდე საიდუმლოდ ინახებოდა.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების შედეგები 14 მარტამდე უნდა დათვალოს, ხოლო ოფიციალური შედეგები 17 მარტს უნდა იქნას გამოქვეყნებული.