ვარკეთილში რესტორან „ლაზურში” ვარკეთილის საჯარო სკოლების პედაგოგებთან მიმდინარე შეხვედრას შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი, მისი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, თბილისის მერი, გიგი უგულავა, უმრავლესობის წარმომადგენელი, რუსუდან კერვალიშვილი და სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა დაესწრნენ.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა რესტორან „ლაზურის" დატოვების შემდეგ განაცხდა, რომ პედაგოგებთან შეხვედრა პარტიულ ხასიათს ატარებდა.
„მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი საბჭოს წევრი და ეს იყო პარტიული შეხვედრა პედაგოგებთან. მათთან სასაუბრო და განსახილველი მართლაც, ძალიან ბევრი საკითხი გვაქვს“, - განაცხადა შაშკინმა.
თბილისის მერმა, გიგი უგულავამ განმარტა, რომ მერაბიშვილს კანონმდებლობით ყველანაირი უფლება აქვს ქვეყნის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მიიღოს.
„მინისტრ, ვანო მერაბიშვილის პედაგოგებთან შეხვედარაზე, უნდა აღვნიშნო, რომ ის არის პოლიტიკოსი. შსს მინისტრს კანონმდებლობით ყველანაირი უფლება აქვს ქვეყნის პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მიიღოს, შეხვდეს მოსახლეობას და გაესაუბროს მათ“, - განაცხადა უგულავამ.
რაც შეეხება, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვანო მერაბიშვილს მან პედაგოგებთან შეხვედრაზე დაახლოებით, 10 წუთი დაჰყო და რესტორანი „ლაზური“ უკომენტაროდ დატოვა.
სოციალური მომსახურებისა და კულტურის სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა კი, არ ფლობს ინფორმაციას, თუ ვინ აანაზღაურა პედაგოგებთან მთავრობის წევრების შეხვედრის ხარჯები.
ქაცარავამ პედაგოგებთან რესტორან "ლაზურში" გამართული შეხვედრას ,, პედაგოგებთან ჩვეულებრივი შეხვედრა“ უწოდა.
"მათთან საუბრის ძირითადი თემა იყო ის გამოწვევები, რომლებიც პედაგოგების წინაშე დგას. კარგად მოგეხსენებათ, რომ პედაგოგები დაზღვეულნი არიან. მათ დაზღვევის პაკეტებზე ვესაუბრეთ, თუმცა შეხვედრის ძირითად თემას ჯანდაცვისა და განათლების საკითხები წარმოადგენდა“, - განაცხადა ქაცარავამ.
„რაც შეეხება ფართს, რომელიც შეხვედრისთვის გამოიყო, აბსოლუტურად უსასყიდლოა და ამისთვის არავის არანაირი თანხა არ გადაუხდია“, - განაცხადა ქაცარავამ.
აღნიშნულ საკითხზე საუბრისგან პედაგოგები თავს იკავებენ.
უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი, გიორგი კანდელაკი პედაგოგებთან ,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების და კონკრეტულად, მინისტრების შეხვედრაში განსაკუთრებულს და ექსტრავაგანტულს ვერაფერს ხედავს და აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გადაჭარბებულ აჟიოტაჟს აქვს ადგილი.
„არანაირ აფიორას ადგილი არ აქვს. ზედმეტი აჟიოტაჟია. ეს ჩეულებრივი შეხვედრა იყო. უბრალოდ, ზოგიერთ შემთხვევაში შეხვედრისთვის ისეთი ადგილი იქნა შერჩეული, სადაც საკვები იყო“,- განაცხადა კანდელაკმა.
მისივე განცხადებით, შეხვედარში ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანებული პედაგოგები მონაწილეობდნენ.
„შეხვედრაში მხოლოდ პარტიის აქტივისტი პედაგოგები მონაწილეობდა, რომლებიც პარტიულები და პარტიის წევრები არიან. ეს არის და ეს. პედაგოგები ისევე როგორც სხვა პროფესიის ადამიანები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ გაწევრიანება ნებისმიერ პარტიაში შეუძლიათ“, - განაცხადა კანდელაკმა.
კანდელაკის მტკიცებით, არსებობს სხვა ბევრი პედაგოგი, რომელიც სხვა პარტიაშია გაწევრიანებული და ისინიც თავიანთ ლიდერებს სისტემატიურად ხვდებიან.
„დარწმუნებული ვარ, ბევრი პედაგოგი სხვა პარტიების წევრიცაა და მათ პარტიის ლიდერებსაც, სადაც მოისურვებენ იქ შეხვდებიან და ხვდებიან კიდეც. საერთოდ, ეს ინტერესესის საგანი რატომაა ვერ ვხვდები!“-აცხადებს კანდელაკი.
შეკითხვის პასუხად, რატომაა ეს შეხვედრა გასაიდუმლოებული კანდელაკის თქმით, რომ ეს შიდა პარტიული შეხვედრაა და არაა გასაკვირი, რომ მასზე ჟურნალისტები დაპატიჟებულნი არ იყვნენ.
„პარტიის შიდა შეხვედრები შესაძლებელია განსაკუთრებულ საიდუმლოს არ წარმოადგენდეს, მაგრამ შეიძლება ჟურნალისტები მაინცდამაინც დაპატიჟებულნი არ იყვნენ, რადგან ეს შიდა პარტიული მსჯელობაა. არაფერი ექსტრაორდინალური ამაში არაა“,-განაცხადა კანდელაკმა.