შეიარაღებული ფომირებების შექმნის შემდეგ საგანგებო სიტუაციების გეგმა

შეიარაღებული ფომირებების შექმნის შემდეგ საგანგებო სიტუაციების გეგმა

17 აპრილს გორის საკრებულომ მიიღო დოკუმენტი სახელწოდებით „გორის საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმა“. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ განმარტა, საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმა, სხვა და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის შედეგად მიიღეს.

„მე როგორც მოქალაქე ვიტყვი, მართლაც, რომ საჭიროა ასეთი გეგმა, თუნდაც გავიხსენოთ, რამდენიმე წლის წინ მომხდარი ფაქტის დროს რაც იყო, მაშინ რომ გვქონოდა ეს გეგმა უფრო კარგი იქნებოდა. კარგია, რომ დღეს ამაზე ვმსჯელობთ“.

გამგეობის იურისტ მაია სურამელის თქმით, საგანგებო სიტუაციების დროს, ქალაქში რამდენიმე რისკი არსებობს. „სწორედ ამ რისკებზეა საუბარი. წარმოდგენილ გეგმაში წერია, თუ როგორ უნდა მოხდეს სიტუაციების თავიდან აცილება ან სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების გატარება. ეს გეგმა ძირითადად აგებულია ამაზე. საგანგებო სიტუაციებს ხელმძღვანელობას უწევს შტაბი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე. შტაბი დაკომპლექტებულია გორის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან. იქნებიან ასევე მოწვეული წევრები“.

ინფორმაციას ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, საკრებულოს წევრებმა, მათ შორის ოპოზიციონერებმაც ისე უყარეს კენჭი ამ დოკუმენტს, რომ მას არც გასცნობიან.

ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად presage.tv გორის საკრებულოს წევრებს დავით რაზმაძესა (რესპუბლიკური პარტია) და ზურაბ როსებაშვილს (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა) დაუკავშირდა. დავით რაზმაძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ დოკუმენტს დეპუტატებმა კენჭი ისე უყარეს, რომ მისი გაცნობის საშუალება არ ჰქონდათ. მისივე თქმით, ამ დოკუმენტის განხილვა 17 აპრილის სხდომის დღის წესრიში არ ყოფილა.

 „ზეპირად წარმოადგინეს ეს დოკუმენტი. საკრებულოს თავმჯდომარემ ასე თქვა, საგანგებო მდგომარეობები რომ შეიქმნა, მაგალითად, 2008 წელს და მოუმზადებლები შევხვდით, ეს ყველაფერი არის გათვალისწინებული, ამ დოკუმენტის მიღება ძალიან აუცილებელია, ჩვენს ქვეყანას ალბათ, ეს გეგმა გადაარჩენსო და ა.შ. დღის წესრიგში მისი შეტანა ვერ მოესწროო, მაგრამ ისეთი დოკუმენტია, რომ სასწრაფოდ მისაღებია, ამიტომ გვინდა, რომ ეს მივიღოთ და დროულად მოხდეს შემდეგ ამ პროექტით მუშაობაო“, - აღნიშნავს დავით რაზმაძე presage.tv-სთან საუბარში.

მისი თქმით, საკრებულოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ომს 2008 წელსაც არ ველოდით, მაგრამ ომი დაიწყო და ახლაც საჭიროა, რომ ყველაფრისთვის მზად ვიყოთ, ამ დოკუმენტში კი მოცემულია იგივე ევაკუაციის გეგმაო და ა.შ.

ქრისტიან-დემოკრატი ზურაბ როსებაშვილი განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ასეთი სწრაფი წესით მოხდა ამ დოკუმენტის მიღება და არც ის მიაჩნია უჩვეულოდ, რომ საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში ეს საკითხი არ ყოფილა.

„რატომ მიიღეს ასეთი დაჩქარებული ტემპით, მე ამაზე პასუხს ნამდვილად ვერ გაგცემთ. ამ დოკუმენტში გაწერილია საგანგებო სიტუაციების დროს ვინ რა ფუნქცია უნდა შეასრულოს და სხვა ისეთი არაფერია. მასში მიწისძვრა, სტიქიური უბედურებები და ომიც არის განხილული. საეჭვოდ რომ მომჩვენებოდა, ჩემი მუშაობის პრინციპი ისეთია, რომ აუცილებლად მოვითხოვდი გაცნობას და არ მივცემდი ხმას, მაგრამ საეჭვოდ არაფერი ნამდვილად არ მომჩვენებია“, - აცხადებს როსებაშვილი presage.tv-სთან საუბარში. აქვე განმარტავს, რომ სანამ დოკუმენტს კენჭს უყრიდნენ, იგი ნაწილობრივ გაეცნო ამ დოკუმენტს.

როგორც ჩანს, გორის საკრებულოს დეპუტატებს ამგვარი დოკუმენტის ასეთი სწრაფი ტემპით მიღება სულაც არ ეჩვენებათ საეჭვოდ და შეშფოთების საგანს ამაში ვერ ხედავენ. თუმცა, ამ ყველაფერს სულ სხვა თვალით უყურებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე, რომელიც გორის საკრებულოში განვითარებულ მოვლენებს ხელისუფლების მიერ ე.წ. ლოკალური რეზერვის რაც შეიძლება სწრაფად შექმნის სურვილს უკავშირებს და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ რეზერვში გაწევრიანებულ ადამიანებზე გაპიროვნებულია შესაბამისი შეიარაღება.  

აქვე ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ მართალია ქვეყანას აუცილებლად უნდა ჰქონდეს სამოქალაქო თავდაცვის სისტემა, მაგრამ ეს არ უნდა მოემსახუროს ხელისუფლების რაღაც საეჭვო მიზნებს.

„მე ვიყავი 2008 წელს რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული აგრესიის შემსწავლელი კომისიის წევრი. მე ღიად დავაყენე საკითხი, თუ რატომ არ განხორციელდა მოსახლეობის დროული ევაკუაცია და რატომ არის, რომ სამოქალაქო თავდაცვის წინაშე მდგარი ამოცანებისთვის ქვეყანა არ არის მზად.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სახელმწიფო 2005 წლიდან მიერთებულია ჟენევის 1949 წლის კონვენციას სამოქალაქო თავდაცვის შესახებ, რომელსაც განსაზღვრული აქვს სამოქალაქო თავდაცვის 15 ძირითადი ამოცანა, არც ერთი ამ საკითხის ამოხსნის გაცხადებული მიზნები საქართველოს მთავრობას არ ჰქონდა. ვგულისხმობ 2008 წლის რუსეთის აგრესიის პერიოდს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე presage.tv - სთან საუბარში.  

მისი თქმით, აგვისტოს ომის შემდეგ შემდეგ საუბარი წავიდა რეზერვის სისტემის შეცვლაზე. ლორთქიფანიძე განმარტავს, რომ რეზერვი და სამოქალაქო თავდაცვა არის ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ორი ძირითადი კომპონენტი. ერთ კომპონენტთან დაკავშირებით შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ სამოქალაქო თავდაცვის საკითხი საერთოდ არ არის გადაწყვეტილი.

რაც შეეხება მეორე კომპონენტს, დეპუტატის თქმით, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნიდან გამომდინარე ხელისუფლება მივიდა დასკვნამდე, რომ შექმნას ლოკალური ტიპის სარეზერვო სამსახური, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მკვიდრი მოსახლეობის მიერ ადგილებზე, სოფლების, დაბების, რაიონული ცენტრების დაცვა.  

„ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, პოლიტიკური კრიზისის დაწყების შემთხვევაში რა შედეგები შეიძლება ამას მოჰყვეს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ რეზერვში მობილიზებულ ადამიანებზე გაპიროვნებულია კონკრეტული აღჭურვილობა, რომელიც შესაბამისი კრიზისის დაწყების შემთხვევაში დაურიგდებათ. იარაღის დარიგებასთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს არამც და არამც არ უკავშირდება პოლიტიკურ კრიზისებს და კავშირში შეიძლება იყოს მხოლოდ სამხედრო მოქმედებებთან ან ტექნოგენური ხასიათის სტიქიურ მოვლენებთან. მაგრამ იქ არ არის ნახსენები ტექნოგენური მოვლენები, საუბარია ზოგადად კრიზისებზე. კრიზისის დეფინიცია კი ხელისუფლებამ შეიძლება ძალიან კარგად მოარგოს იმ ვითარებასაც, როდესაც ქვეყანაში შეიძლება ძალიან გამწვავდეს პოლიტიკური პროცესები, გამომდინარე მომავალი არჩევნებიდან, რომლის გაყალბებისთვისაც ხელისუფლება უკვე წინასწარ სერიოზულ თადარიგს იჭერს“, - აცხადებს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

რაც შეეხება ამ დოკუმენტის ასეთ ვითარებაში მიღებას, დეპუტატის თქმით, ეს არის იმის დადასტურება, რომ კონფლიქტურ ზონებში მუნიციპალიტეტებში საგანგებო გეგმის მიხედვით ხდება ღონისძიებათა გატარება. ეს არის ზუგდიდის და გორის რაიონები.

„ეს უკავშირდება იმას, რომ ამ რეგიონებში რისკფაქტორები ყველაზე უფრო მაღალია და ხელისუფლება ცდილობს რაც შეიძლება სწრაფად გაატაროს ლოკალური რეზერვის სისტემის წინაშე მდგარი ამოცანები, რაც გულისხმობს ადგილობრივი მოსახლეობისგან ფორმირებების შექმნას, რომლებზეც როგორც მოგახსენეთ, გაპიროვნებული იქნება შესაბამისი აღჭურვილობა“, - ამბობს ლორთქიფანიძე.

Presage.tv შეეცადა სხვა პოლიტიკოსებსაც გასაუბრებოდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ყველას ჰქონდა ერთი პასუხი, რომ არ იცნობენ გორის საკრებულოში განხილულ დოკუმენტს და ამიტომ, კონკრეტულ კომენტარს ვერ გააკეთებენ.

Presage.tv ასევე „ქართული ოცნების“ პრეს-სკიპერს, მაია ფანჯიკიძესაც დაუკავშირდა, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ პირველად ჩვენგან ესმის აღნიშნული დოკუმენტის შესახებ და ამიტომ, მასზე კომენტარისგან თავი შეიკავა.

რაც შეეხება დოკუმენტის სწრაფი წესით მიღებას, ამაზე მაია ფანჯიკიძემ ასეთი შეფასება გააკეთა:

„საქართველოს ხელისუფლება დაჩქარებული წესით კონსტიტუციას ცვლის და რა გაგიკვირდათ, თუკი საკრებულომ რაღაც დოკუმენტი მიიღო. ალბათ, ეს რაღაცაში სჭირდებათ. ამ ხელისუფლებას ახასიათებს ის, რომ რაც მას სჭირდება, იმას ერთ დღეში ღებულობს, ხოლო რაც არ სჭირდება, იმას უნდება ერთი წელი. კონტროლის პალატის მიერ ჩვენი დაჯარიმების შესახებ სასამართლო პროცესი და ყველანაირი განხილვა ხდება საათებში და ორ-სამ დღეში, ხოლო ჩვენს მიერ შეტანილი საარჩელის განხილვას უნდებიან საუკუნე“.