საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ძლევამოსილი მეტოქის წინააღმდეგ სასტიკ ზომებს მიმართავს და ამით ის რისკის ქვეშ აყენებს მის ორ ყველაზე დიდ სამიზნე ჯგუფს: ქართველ ამომრჩევლებს და ამერიკელ პოლიტიკოსებს.
უკვე ექვსი თვეა, რაც საქართველოს ერთადერთმა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესახებ განაცხადა, პარტიის, რომელიც, მისი თქმით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობას მოიპოვებს, რასაც შემდეგ მოქმედი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტისთვის გამოიყენებს. ივანიშვილის პერსონალური ქონება, რომელმაც ფული ლითონის და საბანკო ბიზნესში იშოვა, საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის ნახევარს უტოლდება. ოქტომბრამდე მისი ცხოვრება განდეგილისას გავდა, თუმცა ის აფინანსებდა წამყვან საჯარო პროექტებს და ათასობით ქართველის შემოსავალს. სააკაშვილმა, რომელმაც, როგორც ჩანს, ივანიშვილის ფაქტორის საფრთხე გააცნობიერა, ამას იმით უპასუხა, რომ მას პირადპირ მოქალაქეობა ჩამოართვა. ივანიშვილმა, რომელმაც მოულოდნელად ლეგალურად პარტიის შექმნა ვერ შეძლო, განაცხადი ნატურალიზაციის გზით მოქალაქობის მიღებაზე შეიტანა, რამდენიმე ცნობილი ოპოზიციური ჯგუფი თავისი დაგეგმილი პარტიის „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“ ირგვლივ შემოიკრიბა, თავის პოპ-მუსიკოს შვილს, ბერას კამპანიის ჰიმნის შექმნა დაავალა, და ვაშინგტონში სააკაშვილის საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებისთვის ლობისტები დაიქირავა. მაგრამ ამერიკის დედაქალაქი სააკაშვილის გავლენის სფეროა – მან, როგორც პრო-ამერიკელმა დემოკრატმა კავკასიის არასტაბილურ რეგიონში და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ აღმართულმა ბასტიონმა, რუსეთისა, რომელთანაც 2008 წელს ხანმოკლე ომი ჰქონდა, მთელ რიგ პოლიტიკურ ლიდერებთან, განსაკუთრებით რესპუბლიკური პარტიიდან, ახლო ურთიერთობები დაამყარა. ეს ომი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო კამპანიის საგარეოპოლიტიკურ თემად იქცა; გუბერნატორმა სარა პეილინმა მაშინ მოწოდება გააკეთა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესაძლებლობა უნდა მიეცეს (რაც ფორმალურად შეერთებულ შტატებს რუსეთისთვის ომის გამოცხადებას აიძულებდა), ხოლო სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა: „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“. 2008 წლის აგვისტოს ომამდე, ვაშინგტონის შებრუნება მისი ფავორიტი სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ, ნებისმიერი ადამიანისთვის, მათ შორის მილიარდერისთვისაც, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო. თუმცა იმან, თუ როგორ მოქმედებდა საქართველო ამ ომში, სააკაშვილის მიმართ ენთუზიაზმი გაანელა. მისი მიმდინარე კამპანია, რომელიც ხელისუფლების შენარჩუნებისკენაა მიმართული, იმის საფრთხეს ქმნის, რომ მან შეიძლება ვაშინგტონში თავისი მთავარი გადარჩენილი რესურსი, დემოკრატის რეპუტაციაც დაკარგოს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუკი სააკაშვილს საქართველოში გამარჯვება სურს, ის შეიძლება ამით შეერთებულ შტატებში დამარცხდეს. 4 აპრილს, საქართველოს მთავრობას ივანიშვილის მიერ მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებულ განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამავდროულად, ამ დღიდან საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად ექვსი თვე რჩებოდა. სამოქალაქო რეესტრმა მისი მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით უარყოფითი რეკომენდაცია გასცა და განმარტა, რომ განაცხადი ორმაგ მოქალაქეობაზე უნდა გაკეთებულიყო, რადგან ის საფრანგეთის მოქალაქეცაა (ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებს პოლიტიკური პარტიების შექმნის უფლება არ აქვთ). მაგრამ ივანიშვილი ვერ შეძლებდა საფრანგეთის მოქალაქეობის დატოვებას ხელახალ ნატურალიზაციამდე, რადგან ასეთ შემთხვევაში ის მოქალაქეობის არქმონე უკანონო პირად რჩებოდა, ასე რომ, სააგენტოს განმარტება საეჭვოა. მოქალაქეობა ოფიციალურად გაიცემა პრეზიდენტის განკარგულებით, მაგრამ სააკაშვილი არ მიანიშნებს, დაადასტურებს თუ უარყოფს სააგენტოს რეკომენდაციას. თებერვალში ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ქართველების 70%-მა განაცხადა, რომ მათი აზრით ივანიშვილს მოქალაქეობა უნდა დაუბრუნდეს. სააკაშვილმა თავი კუთხეში მოიმწყვდია. თუკი ის სააგენტოს რეკომენდაციის საწინააღმდეგოდ ივანიშვილს მოქალაქეობას მიანიჭებს, გამოვა, რომ სააგენტოს თავდაპირველი გადაწყვეტილება მხოლოდ პიარ ფანდი იყო, რომელიც სააკაშვილს იმის შესაძლებლობას აძლევდა, რომ მას მტკიცედ და გულმოწყალედ ებოძა მისი მეტოქისთვის მოქალაქეობა. სააგენტოს გადაწყვეტილების მხარდაჭერით კი გამოჩნდებოდა, რომ ის შეშინებულია და მზადაა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ძალაუფლებით ბოროტად ისარგებლოს. სააკაშვილი ივანიშვილის მოქალაქეობის დაბლოკვით, ალბათ, პოლიტიკურად დაზარალდება და გაზრდის ივანიშვილის ისედაც სერიოზულ პოპულარობას. სახელმწიფოს მიერ ინიცირებულ უსამართლობას შეუძლია ოლიგარქის იმიჯი გამოასწოროს ისეთ ქვეყანაშიც კი, სადაც ისინი არ უყვართ, ხოლო ივანიშვილს მისი ქველმოქმედის რეპუტაცია განსაკუთრებით პოზიტიურად წარმოაჩენს. უცხოეთში, სააკაშვილის არადემოკრატიული საქციელი შეუმჩნეველი არ დარჩება, განსაკუთრებით რუდუნებით შეგროვილ მის დასავლელ მოკავშირეებში. სააკაშვილისთვის საშიშია ის, რომ ამ შიდა და საერთაშორისო რექციებმა შეიძლება ერთმანეთი განამტკიცოს. ეს პირველი დაბრკოლება არ არის, რომელიც სააკაშვილის სახელმწიფომ ივანიშვილს შექუმნა. საქართველოს პარლამენტმა უმალ შეცვალა პოლიტიკური კამპანიის დაფინანსების შესახებ კანონი, როგორც კი სუპერ მდიდარმა ივანიშვილმა პოლიტიკაში ჩართვის შესახებ განაცხადა. მას შემდეგ კონტროლის პალატა (აუდიტორული სააგენტო) თავის გაზრდილ ძალაუფლებას იყენებს იმისთვის, რომ დააჯარიმოს ის და მისი მხარდამჭერები დაკითხოს. ეს და სხვა დარღვევები ჩამოთვლილია კანონპროექტში „საქართველოს რესპუბლიკის დემოკრატიის აქტი 2012“, რომელიც 26 მარტს აშშ-ს კონგრესში იქნა წარდგენილი. კანონპროექტის თანახმად, შეერთებული შტატების საქართველოსადმი დახმარება 2013 წელს დამოკიდებული უნდა გახდეს იმაზე, ჩატარდება თუ არა საპარალამენტო არჩევნები „თავისუფლად და სამართლიანად“ და მოითხოვს ანგარიშს იმის შესახებ „შეძლებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნებში მონაწილეობას, და თუ არა, რატომ ვერ შეძლებს. ახალი კანონპროექტი, მიუხედავად იმისა, რომ საეჭვოა ის კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის განხილვის საგანი გახდეს (კანონპროექტების უმრავლესობასთან დაკავშირებით ასეც ხდება), მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასავლეთში მზარდი შეშფოთების ტენდენციის ნაწილია. ამის შესახებ საუბრობენ, როგორც ამერიკის მოქმედი ელჩი საქართველოში და მისი მემკვიდრე, ასევე ნატოს გენერალური მდივანი ანდერს რასმუსენი. შეერთებული შტატების უკმაყოფილება უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მხოლოდ დახმარებას – მას ქართული საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეუძლია. ნდობა, რომელიც სააკაშვილს შინ გააჩნია, დიდწილად ეფუძნება მისი, როგორც ისეთი ლიდერის იმიჯს, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებებით და ნატოში გაწევრიანებით. მისი დიდი ამბიცია რუსეთის ორბიტიდან საქართველოს მაქსიმალური დაშორებაა. ეს გაცილებით გართულდება, თუკი იგი დაიწყებს გაუცხოვებას იგივე დასავლელი ლიდერებისგან, რომლებთან დაახლოებაზეც მან ამდენი დრო დახარჯა, და ქართველებმა ეს იციან. შეერთებული შტატების ურთიერთობა საქართველოსთან საკმაოდ მტკიცე იყო 2008 წლამდე და სააკაშვილს გაუჩნდა იმედი, თუმცა ცრუ იმედი, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერდა მას რუსეთის წინააღმდეგ, მაგრამ იმ დამღუპველი ომის შემდეგ ურთიერთობები ძველებურად უღრუბლო აღარ გამხდარა. ნაწილობრივ სააკაშვილით აშაკარა იმედგაცრუების, ნაწილობრივ კი თითქოს იმ განცდის გამო, რომ რუსეთთან გადატვირთვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დემოკრატიის ხელშეწყობა რუსეთის განაპირა ქვეყანაში, შეერთებული შტატების თანამშრომლობა მაღალ დონეზე საქართველოსთან შეიზღუდა. სააკაშვილი ობამასთან ოვალურ კაბინეტში, მხოლოდ წელს, იანვარში მისი საპრეზიდენტო ვადის მესამე წელს მიიწვეს. შეხვედრა, რომლის შემდეგაც, სააკაშვილის თქმით, ურთიერთობა „ახალ საფეხურზე“ ავიდა, შედგა რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც ობამამ თავდაცვის შესახებ 2012 წლის იმ კანონპროექტის მიღება, რომელიც საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის პროცესის ნორმალიზებისკენ მოუწოდებდა, არასავალდებულო გახადა. მართალია, კონგრესი სტაბილურად განაგრძობს ბუტბუტს საქართველოს მხარდაჭერაზე, თუმცა პერიდოულად ეს თითქოს რუსოფობიით უფროა გამოწვეული, ვიდრე ქართველოფილიით. ქართული სახელმწიფო ტელევიზიების მიზანი, თითქოს ქართველებში სააკაშვილისადმი რწმენის შენარჩუნებაა. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა „საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012“ წარმოაჩინა ივანიშვილის მოღალატეობრივი კამპანიის შედეგად, რომლის ამოცანაც საქართველოსთვის ამერიკული დახმარების დასრულებაა. თუმცა, ივანიშვილს აქვს იმის რესურსი, რომ სააკაშვილის არადემოკრატიული ქმედებები საყოველთაო ყურადღების საგნად აქციოს – როგორც საქართველოს შიგნით, ასევე მის გარეთ. რაც უფრო დაეცემა სააკაშვილის რეპუტაცია საერთაშორისო საზოგადოების თვალში, მით უფრო დაეცემა ის ადგილობრივი საზოგადოების თვალში. თუკი ის არაპოპულარული გახდება შინ, შესაძლოა პროტესტის პირისპირ აღმოჩნდეს. თუკი ის ამ პროტესტს ძალადობრივად ჩაახშობს, როგორც ეს მომხდარა უახლოეს წარსულში, ამას დასავლეთიდან ამჯერად კიდევ უფრო მეტი კრიტიკა მოჰყვება. სააკაშვილი საქართველოს კვლავ დემოკრატიის ბასტიონად წარმოუდგენს დასავლეთის ლიდერებს და შინ ქართველთა მისდამი რწმენით ტრაბახობს. მაგრამ არადემოკრატიული ნაბიჯების გადადგმის მისეული მზაობა ასეთ ვარაუდს აჩენს – მან იცის, რომ დასავლეთში მისი პოზიცია შესუსტებულია. მართალია, საერთაშორისო პრესაში ის რეკლამას უკეთებს „საოცრად კარგ“ მიღებას ოვალურ კაბინეტში, თუმცა როგორც ჩანს, სააკაშვილმა დახურულ კარს მიღმა უფრო გრილი მოპყრობა იგრძნო. რადგან სააკაშვილი ვეღარ ხედავს დემოკრატიული საქართველოს იმიჯის პროეცირების საჭიროებას, ეს იმის ვარაუდს აჩენს, რომ მან იცის, თუ რა ცოტა აქვს დასაკარგი. |