რუსეთთან ომში დამარცხებიდან ორი წლის შემდეგ, თბილისს მოსკოვის პოლიტიკური ინტერვენცია აშინებს, რომელსაც ქართველი ოპოზიციონერები უახლოვდებიან.
შეთქმულების თეორია, თუ რეალური საფრთხე? რუსეთთან სამხედრო დამარცხებიდან ორი წლის შემდეგ საქართველო შეშფოთებულია. „რუსები ინტერვენციისთვის მიზეზს ეძებენ“ – შიშობს ალექსანდრე რონდელი, საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პოლიტოლოგი.
2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ გმირი, ისეთი სადაო პრეზიდენტი გახდა, რომ მოსახლოება შეშფოთებით აკვირდება უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ ცვლილებებს. საქართველოს მოკავშირე უკრაინაში, ანტი-რუსული რევოლუციის შემდეგ, მოსახლეობამ პრო-რუსი პრეზიდენტი აირჩია და ძალიან დაუახლოვდა რუსეთს.
„დღეს რუსებს ჩვენი ტერიტორიის 20% აქვთ ოკუპირებული“ – აცხადებს ალექსანდრე რონდელი – „ხვალ მან შეიძლება შესაფერისი მომენტით ისარგებლოს და ოპოზიციის ლიდერების დახმარებით თბილისს საკუთარი რეჟიმი მოახვიოს თავს…“
მოსკოვის მოხიბვლის ოპერაცია
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ორი სეპარატისტული რესპუბლიკა – სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი – მოსკოვის პირდაპირ კონტროლს ექვემდებარება. გარდა ამისა, ოპოზიციის ორი ლიდერი, მოსკოვის მოხიბვლას ცდილობს. ნინო ბურჯანაძე, რევოლუციის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა, რომელიც სააკაშვილის ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი გახდა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც ასევე მოწინააღმდეგეთა ბანაკში გადავიდა, ვლადიმერ პუტინს მოსკოვში ერთმანეთის მიყოლებით შეხვდნენ.
„რუსებს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურთ“ – ვარაუდობს სააკაშვილის ახლო მოკავშირე გიგა ბოკერია. მოსკოვისთვის მიუღებელია თანასწორი დიალოგი. რა თქმა უნდა კრემლში დიმიტრი მედვედევის მოსვლის შემდეგ, ჩვენ მისი წინაპრის ვლადიმერ პუტინისგან განსხვავებულ რიტორიკას ვგრძნობთ, რომელიც ომის დროს რეჟიმის დამხობას იმედოვნებდა, მაგრამ არსებითად, არც არაფერი შეცვლილა“.
მიხეილ სააკაშვილმა გზა გახსნა მოლაპარაკებებისკენ
ფორმალურად ორი ქვეყანა, რომლებსაც შეწყვეტილი აქვთ დიპლომატიური კავშირი, სიტუაციის დამშვიდებას ცდილობს. „საქართველო მზადაა ჩვენი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ყოვლისმომცველი მოლაპარაკებებისთვის ყოველგვარი წინაპირობების გარეშე“ – ახლახანს განაცხადა სააკაშვილმა. თავის მხრივ დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ურთიერთობები აუცილებლად მოგვარდება, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებასთან ყოველგვარი შეთანხმება გამორიცხა.
თბილისში განცხადება ასე თარგმნეს: სააკაშვილი უნდა შეიცვალოს. ”ერთი სიტყვით, ოპოზიციის ლიდერების მოსკოვში ვიზიტები „მეხუთე კოლონის“ ქმედებად შეფასდა…“ – ირონიულად აცხადებს ყოფილი მინისტრი და ხელისუფლებისადმი ლოიალური პოლიტოლოგი გია ნოდია – „ოპოზიციონერები პოლიტიკურ სცენაზე დარჩენისთვის ნიშას ეძებენ, მაგრამ ისინი რისკავენ, რადგან კონსერვატორ და ფატალისტ ქართველებს ოპოზიციის ეშინიათ“.
ქართველები რუსეთთან დიალოგს ითხოვენ
თუმცა, ქუჩაში უამრავ ქართველს შეხვდებით, რომელიც რუსეთთან დიალოგს ითხოვს. ასეთი მოწოდებები სულ უფრო ხშირად გაისმის მოსახლეობაში, სადაც ერთი წლის წინანდელი მოვლენების შემდეგაც უკმაყოფილება შენარჩუნებულია. „სააკაშვილის პოლიტიკის შედეგია ის, რომ სამხრეთ-ოსეთი და აფხაზეთი დღეს რუსეთის ხელშია“ – გაცხარებით საუბრობს ოპოზიციონერი ჟურნალისტი ირაკლი კორძაია.
„როგორი მტკივნეულიც არ უნდა იყოს, რუსეთთან პრობლემები უნდა გადავწყვიტოთ, მაგრამ ამის გაკეთება შეუძლებელია სანამ ხელისუფლებაში სააკაშვილია“ – აცხადებს ლიბერალური ოპოზიციის ლიდერი ირაკლი ალასანია.
რუსეთის მხრიდან ნდობის მოპოვებისთვის, ორივე პირველი ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობაზე საუბრობს. მართალია ალასანიას მოსკოვში წასვლა არ სურს, თუმცა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ის ევროპაში შეხვდა. „ბევრმა ქართველმა დასავლეთის მიმართ ნდობა დაკარგა“ – ამბობს დამოუკიდებელი ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი – „სააკაშვილი მოსახლეობას ჰპირდებოდა, რომ დასავლეთი და ნატო მათ დაეხმარებოდა”.
ასე არ მოხდა. ბევრ ქართველს, მიუხედავად იმისა რომ რუსეთის ეშინია, ესმის, რომ უკეთესია დიდ მეზობელთან მოლაპარაკების წარმოება. მენტალიტეტის შეცვლა საერთაშორისო ვითარების შეცვლითაა განპირობებული.
ახლახანს, სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის თბილი ვიზიტის მიუხედავად თბილისში, ობამას ადმინისტრაციის მხარდაჭერა ისეთი მტკიცე არ არის, როგორც ეს ბუშის მმართველობის დროს იყო.
foreignpress