ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმებმა, ალბათ, რეკორდი მოხსნა. 2005 წლის შემდეგ მას უკვე მეშვიდეჯერ დაესხნენ თავს და კვლავაც უვნებელია. თუ აქამდე მასზე თავდასხმის ფაქტები გამოუძიებელი იყო, ამჯერად დაკავებული თუ დასაკავებლად შემზადებული ეჭვმიტანილები ერთმანეთის მიყოლებით საეჭვო ვითარებაში იღუპებიან.
აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ერთ-ერთმა ეჭვმიტანილმა თემურ ხუტაბმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მან თავი სოხუმის საგამოძიებო იზოლატორში ჩამოიხრჩო. თავდასხმაში ეჭვმიტანილმა მეორე პირმა, აფხაზეთის ე.წ. ყოფილმა შს მინისტრმა ასლამბეი კჩაჩმაც სიცოცხლე, ასევე, თვითმკვლელობით დაასრულა. კჩაჩი მილიციის გენერალი და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის, ვლადისლავ არძინბას დაცვის უფროსი იყო. სამართლადამცავი ორგანოების თანამშრომლების დანახვისას, რომლებიც მასთან სახლში მივიდნენ, კჩაჩი გაგრაში თავის სახლში ჩაიკეტა და თავი პისტოლეტით მოიკლა. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერზე, ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმაში ეჭვმიტანილმა მესამე პიროვნებამ მურთაზ საქანიამ კი ყელი გამოიჭრა, თუმცა თვითმკვლელობა წარუმატებელი აღმოჩნდა.
გაგრძელდება თუ არა აფხაზეთში დაპირისპირება? რას ვერ ინაწილებენ აფხაზეთის მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკები? ანქვაბზე თავდამსხმელები მართლაც რეალურად საკუთარი ნებით ემშვიდობებიან სიცოცხლეს თუ მათ „ეხმარებიან“? ამის შესახებ Presage.tv ექსპერტს კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
ალექსანდრე ანქვაბზე რიგით მეშვიდე თავდასხმაში ეჭვმიტანილი პირები ერთმანეთის მიყოლებით საეჭვო გარემოებაში იღუპებიან. რატომ ხვდათ აფხაზ ყოფილ მაღალჩინოსნებს ასეთი ფინალი? 2005 წლიდან მოყოლებული, ანქვაბზე არცერთი თავდასხმა არ იყო გამოძიებული, ეს ბოლო შემთხვევა კი უმალვე გამოიძიეს.
- ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ანქვაბზე თავდასხმაში, ორ კატეგორიად შეიძლება დაიყოს. ერთია, უშუალოდ ვინც მონაწილეობდა თავდასხმაში, ანუ შემსრულებლები, და მეორე მთავარი კატეგორია - შემკვეთები. შემკვეთთა ზუსტი სახელები და გვარები უცნობია, მაგრამ ეს ჯგუფი ნაცნობია. ისინი არიან იმ ჩინოვნიკურ-ბიზნეს-კრიმინალურ სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც წლების განმავლობაში აბსოლუტურად დაუსჯელად გრძნობდნენ თავს, ძირითადად იკვებებოდნენ რუსეთიდან გადმორიცხული ტრანშებით და ბიუჯეტის ფულს „ჭამდნენ“. ყველა ეს ადამიანი, შეიძლება, მოვიაზროთ შემკვეთად, რადგან ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პრემიერ-მინისტრი და ვიცე-პრეზიდენტი იყო ანქვაბი, მაშინვე ერჩოდა ამ ხალხს. მათი შევიწროების გამო, სწორედ იმ დროს მოხდა მასზე რამდენიმე თავდასხმა. ახლა, მით უმეტეს, როცა ანქვაბი ხელისუფლების სათავეშია, უფრო გაშალა ფრთები და დაერია მათ.
ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ძალიან ბევრი ყოფილი მაღალჩინოსანი დაიბარა ანქვაბმა და ფულის უკან დაბრუნება მოსთხოვა. გარდა ამისა, იმ ობიექტთა დაბრუნება მოითხოვა, რომლებიც უკანონოდ არის პრივატიზებული ან მითვისებული. ახლა ნუ დაგვავიწყდება სერგეი სტეპაშინის ცნობილი გამოსვლა, როცა მან თქვა, რომ მოსკოვიდან გადარიცხული თანხა - 300 მილიონი რუბლი დაკარგულია, მოგვიანებით კი ფულის „დაკარგვა“ გაამართლა, და აღნიშნა, თითქოს ტარიფთა ცვლილების გამო მოხდა ასე, მაგრამ, სინამდვილეში, ფული მოპარულია.
ვინ იყო ის ხალხი, ვინც ანქვაბმა დაიბარა?
- ბევრი მათგანი წლების განმავლობაში აფხაზეთის პოლიტიკურ ოლიმპზე იმყოფებოდა. ანქვაბმა ისინი ნელ-ნელა ჩამოაშორა დიდ პოლიტიკას. ამის ნათელი ირიბი მაგალითია, რომ ახლანდელ საპარლამენტო არჩევნებში ერთბაშად შეიცვალა აფხაზური პარლამენტის ოთხივე ვიცე-სპიკერი, და პლუს სპიკერი. ასეთი რამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, პრაქტიკულად, არ ხდება, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე მაჟორიტარულ არჩევნებში მარცხდება, ნუგზარ აშუბა კი დამარცხდა, ეს ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ აფხაზური პოლიტიკიდან ხუთი კაცის ჩამოშორება ანქვაბის ჩარევის გარეშე არ მომხდარა. ჩემთვის ცნობილია სხვა ჩინოვნიკების გვარებიც, რომლებიც ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავარდნენ ანქვაბის ანტიკორუფციული პოლიტიკის გამო.
მართალია, თავი მოიკლა ყოფილმა შს მინისტრმა - კჩაჩმა, მაგრამ იმდროინდელი მთავრობის მეორე შინაგან საქმეთა მინისტრი ძიაპშიპა რუსეთში იმალება. ეს რაც ცნობილ პიროვნებებს შეხება და, რაც შედარებით ნაკლებად ცნობილ პიროვნებებს შეეხება, ასეთები უამრავნი არიან. ასე რომ, ანქვაბის ლიკვიდაციით აფხაზეთში ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული. ანქვაბის კონტრზეწოლის შედეგად თვითმკვლელობების სერია შედგა.
რეალურად მიაგაჩნიათ თვითლიკვიდაციის ფაქტები, რომელთა შორისაც ერთ-ერთი აფხაზეთის იზოლატორში განხორციელდა?
-ზოგიერთს, ვინც ციხეში დაიღუპა, შესაძლოა, მიეხმარნენ კიდეც. შესაძლოა, ბევრი რამ იცოდა და ხელი წაუკრეს ამ ამბავზე, მაგრამ ეს გადამწყვეტი არაა. ამას ვხედავთ ჩვენ მხოლოდ ზედა ნაწილში, სინამდვილეში, იქ უამრავი ხალხია, რომლებიც შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს გაფაციცებით ეძებენ. ბევრს უკვე ჩამოერთვა ქონება, ბევრს კიდევ ელოდება შევიწროება.
ასე რომ, აფხაზეთში ეს პროცესი გაგრძელდება? ციხეებში თვითლიკვიდაციის ფაქტები სახელს არ გაუტეხს აფხაზეთს?
- ეს პროცესია. არ გამოვრიცხავ, თვითმკვლელობათა სერია გაგრძელდეს. თუ გავითვალისწინებთ, რასთან გვაქვს საქმე და, რომ ამას სერიზული საფუძველი აქვს, არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. სახელს გაუტეხს თუ არა აფხაზეთს ეს ამბავი, ეს ერთი საკითხია. მეორე საკითხია, რომ აფხაზეთს სახელს ბევრად უფრო უტეხდნენ, როცა საშინელი კორუფციის დონე იყო იქ და ქურდობა და ყაჩაღობა იყო გამეფებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებაში.
მაგრამ რატომ გარისკეს ამ ადამიანებმა? ანქვაბი როცა ეუბნებოდა, დააბრუნეთ ქონება, დაებრუნებინათ, ხომ იცოდნენ, რომ იგი ანტიკორუფციულ ღონისძიებებს რეალურად გაატარებდა და ამ გზაზე არავის დაინდობდა?
- აქ დიდ ფულზეა საუბარი. ის ფული გადანაწილებულია და სხვადასხვა ხელშია მოხვედრილი, ახლა ყველაფერს ვერ დააბრუნებდნენ. კაცს რომ ასი მილიონი აქვს მოპარული, მას ახლა არ აქვს საშუალება, დააბრუნოს თანხა. ელემენტარულად, დახარჯა.
აფხაზები სტალინის აგარაკის გაყიდვას არ აპირებენ. ჩვენი ეკონომიკის სამინისტროსგან განსხვავებით, რომელიც თითქმის ყველა ობიექტს პრივატიზებისთვის ამზადებს, აფხაზები იოლად ვერ ელევიან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ობიექტებს?
- სტალინი აქ არაფერ შუაშია. ასე ბერიას აგარაკიც აქვთ, ნესტორ ლაკობას აგარაკიც, შევარდნაძის აგარაკიც და რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. დიახ, ჩვენი ეკონიმიკის სამინიტროსგან განსხვავებით, ისინი სახალხო სიმდიდრეს არ ყიდიან. არ ყიდიან ასეთი ტიპის ნაგებობებს, რომელზეც გვქონდა საუბარი, რომელსაც ისტორიულ-მატერიალური ფასეულობა აქვს. გარდა ამისა, არ ყიდიან, რაც მათთვის ყველაზე მთავარია, და რასაც რუსები, უკვე ამდენი წელია, დაჟინებით ითხოვენ მათგან - ეს სანაპირო ზოლია. ეს მათი სტრატეგიული სიმდიდრეა და ამას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან. ასეთი რამ აფხაზეთში არ იყიდება. ამის გაყიდვა რომ დაიწყონ, მაშინ რუსები მთელ სანაპირო ზოლს შეისყიდიან, აფხაზები კი პირში ჩალაგამოვლებულები დარჩებიან და მაშინ უნდა აბრუნდნენ მთაში.
აფხაზეთში არის კი რუსი ან თურქი ბიზნესმენების ადგილი, თუ საკუთარ, აფხაზ ბიზნესმენეს ანიჭებენ უპირატესობას?
- ისინი აფხაზ ბიზნესმენებს ანიჭებენ უპირატესობას, რუსული და თურქული კაპიტალი ნაკლებად არის აფხაზეთში. რასაკვირველია, ამ ქვეყნების კაპიტალი წარმოდგენილია აფხაზეთში, მაგრამ - ძალიან ცოტა. ხოლო კერძო ბიზნესში რუსული კაპიტალი თუ არის წარმოდგენილი, მათ უკან ეროვნებით აფხაზები დგანან, რომლებმაც მოსკოვში იშოვეს ფული, მერე დაბრუნდნენ აფხაზეთში. მოკლედ, იქაც ისეთივე სიტუაციაა, როგორც საქართველოში.