გაეროში გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის წამომადგენლების ცოლებმა ინტერნეტპორტალ იუთუბის საშუალებით ვიდეომიმართვა გაავრცელეს, სადაც სირიის პირველ ლედის მოუწოდებენ გამოვიდეს იმ სისხლისღვრის წინააღმდეგ, რომელიც სირიაში ხორციელდება. ისინი სთხოვენ ასმა ასადს, შეაჩეროს მისი მეუღლის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის ქმედებები.
ვიდეოში პირველი ლედის მდიდრული ცხოვრების კადრებთან ერთად შეტანილია, დაუცველი სირიელების, დაჭრილი ბავშვებისა და ქალების ფოტოები. ნაჩვენებია კადრები, როდესაც ასმა აეროპორტში თავის შვილს კოცნის. ამ კადრებს ენაცვლება დაღუპული სირიელი ბავშვის კადრები, პარალელურად კი ისმის ხმა, რომელიც ასმას მიმართავს-„ასმა, როცა შენ ძილის წინ ბავშვებს ჰკოცნი, სირიელი ქალები ხვდებიან, რომ მათ გვერდით არავინაა. ესენი თავისუფლად შეიძლებოდა შენი საკუთარი შვილები ყოფილიყვნენ.“
გაეროს მაღალი რანგის დიპლომატების ცოლები, აცხადებენ, რომ ვიდეო საკუთარი ინიციატივით შექმნეს. ვიდეოს წერილის სახე აქვს და ოთხწუთიან ფილმში ისინი პირადად პირველ ლედის ესაუბრებიან. ისინი ასმა ასადს მოუწოდებენ „აიმაღლოს ხმა სირიაში მშვიდობის დასაცავად“.
„ძვირფასო ასმა, ზოგიერთი ქალბატონი საკუთარი იმიჯისთვის იბრძვის, ზოგი კი, უბრალოდ, სიცოცხლის გადასარჩენად. ასმა დადექი მშვიდობის მხარეს, დააფიქსირე შენი აზრი ახალვე, შენივე ხალხისთვის, შეაჩერე შენივე მეუღლე და მისი მომხრეები. არავის აღელვებს შენი იმიჯი, ჩვენ მხოლოდ შენი მოქმედებები გვაინტერესებს“ - ნათქვამია მიმართვაში.