პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ოფისი საჩხერეში გაიხსნა. ოფისის გახსნას ,,ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, კოალიციის წევრები ირაკლი ალასანია, დავით ბერძენიშვილი და ზვიად ძიძიგური ესწრებოდნენ. საჩხერის ოფისს პერევის საჯარო სკოლის აწ ყოფილი დირექტორი გურამ შუკაკიძე უხელმძღვანელებს.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის მაკა გვარამიას თქმით, წვიმის, ცუდი ამინდის თუ დაბრკოლებების მიუხედავად, ოფისის გახსნას რამდენიმე ასეული ადამიანი მივიდა. ბიძინა ივანიშვილს საჩხერლები დახვდნენ "ქართული ოცნების" დროშებითა და შეძახილებით: "ბიძინა, ბიძინა".
,, ქართული ოცნების" წარმომადგენელი დაბრკოლებებში სახელისუფლებო სტრუქტურების ხელის შეშლას გულისხმობს, რომლებმაც მისივე თქმით, სოფლებიდან ხალხს ჩამოსვლაზე პრობლემები შეუქმნეს.
,,ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე მშობლიურ სოფელში ჭორვილაში იმყოფებოდა. ის ჭორვილაში ცამეტი ასურელი მამის სახელობის ტაძარში ლიტურგიას დაესწრო და ამ დღეების განმავლობაშივე, ,,ჩიხურის“ მატჩზე იმყოფებოდა, სადაც მოსახლეობა ოვაციებით, სკანდირებით და სიხარულით შეხვდა.
,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლის თქმითვე, საჩხერის ოფისის გახნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, იმის გათვალისიწნებით, რომ ეს ივანიშვილის მშობლიური რაიონია.,,საჩხერემ დაამტკიცა, რომ მხარს უჭერს ბიძინა ივანიშვილს“,-დასძინა მან.
საჩხერეში პოლიტიკური კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ოფისმა ფუნქციონირება დურმიშიძის ქ. #57 დაიწყო.
კოალიცია ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა საჩხერეში ,,ქართული ოცნების“ ოფისის გახსნაზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართა. მისი განცხადებით, სამ თვეში მოხერხდა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ, ამერიკამ და ევროპამ მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი სახე დაინახეს. ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ ივნისის ბოლოსთვის საქართველოში სიტუაციის გარდატეხა მოხერხდება.
"სამ თვეში მოხერხდა ის, რომ ამერიკელებს და ევროპელებს ვაჩვენეთ სააკაშვილის ცრუ დემოკრატია. მან დაკარგა რეალური მხარდაჭერა და გამოვაჩინეთ მისი მოძალადეობრივი სახე. პირველად საქართველოს ისტორიაში მივაღწიეთ იმასაც, რომ არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე საქართველოში ჩამოვლენ საერთაშორისო დამკვირვებლები. ეს საშუალებას მოგვცემს, დავაბალანსოთ სააკაშვილის ძალადობა; გავაქტიურდებით ჩვენც რეგიონულ შტაბებში, ჩვენთან ერთად გააქტიურდებიან სამოქალაქო საზოგადოება, ოპოზიციური მედიის წარმომადგენლებიც და ივნისის ბოლოსთვის გპირდებით, რომ სიტუაცია იქნება გარდატეხილი, ხოლო თქვენ მოგეცემათ საშუალება, თავისუფლად გამოხატოთ თქვენი აზრი. მოვახერხებთ იმასაც, რომ პოლიციამ საკუთარი ხალხის დათრგუნვას თავი დაანებოს“,-განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ოქტომბერში ჩვენი ოცნების მხოლოდ მცირე ნაწილი ასრულდება, შემდეგ კიდევ ბევრი რამ გვექნება გასაკეთებელი.
ივანიშვილის განცხადებით, აუცილებელია სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებები გადაანაწილონ და ყველაფრის ცენტრიდან მართვა არ უნდა მოხერხდეს.
,,დღეს სახელმწიფო სტრუქტურები ერთი კაცის ხელშია და სააკაშვილი უზურპატორად გვევლინება. ჩვენ უნდა გადავანაწილოთ სახელმწიფო სტრუქტურების ძალაუფლებები. უნდა მოხერხდეს ის, რომ ყველაფერი ცენტრიდან არ იმართებოდეს. უნდა გაძლიერდეს ადგილობრივი თვითმმართველობები და მათ უნდა ჰქონდეთ იმდენი უფლებები, რამდენის განხორციელებასაც შეძლებენ. საქართველოს პარლამენტი უნდა გათავისუფლდეს ძალადობისგან და ჩვენ ამას გავაკეთებთ, რადგან პარლამენტის დანიშნულება რეალურად ისეთი კანონების მიღებაა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას“, - განაცხადა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერი თავისი გუნდის მოვალეობად საქართველოს კონსტიტუციისთვის ღირსების აღდგენას მიიჩნევს, რომელიც "აბსოლუტურად შეურაცხყოფილია ერთი კაცის მიერ".
"სააკაშვილი მუდმივად ახერხებს ქვეყნის ძირითადი კანონის საკუთარ თავზე მორგებას და მას ფარატინა ქაღალდის დონის პატივს სცემს, რაც წარმოუდგენელია. გპირდებით, ეს მიდგომა შეიცვლება და მივაღწევთ აღმასრულებელი ხელისუფლების გადანაწილებას და დაბალანსებას. ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს და ხელისუფლება ჩვენს მიერ არის ნაქირავები. ის ანგარიშვალდებულია ჩვენთან და არა პირიქით. რეალური თვითმმართველობის დამყარების შემდეგ ჩვენ მოგვეცემა საშუალება, რომ თუ ჩვენს მიერ არჩეული დეპუტატი თავის მოვალეობას ვერ შეასრულებს, ის უკან გამოვიწვიოთ“,-განაცხადა ივანიშვილმა.
"ქართული ოცნების" ლიდერმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, რომლებიც მისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებდნენ და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად თავიანთი ნების გამოვლენისთვის საჩხერლები დაისაჯნენ.
კოალიციის ლიდერმა ასევე მიმართა პოლიციას, ნუ ემორჩილებიან მიხეილ სააკაშვილის უკანონო ბრძანებებს და ნუ არღვევენ კანონმდებლობას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ უკანონობაზე ისინი კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს.