ნებაყოფილობითი რეზერვის ირვლივ ატეხილი სკანდალი არ ცხრება, რისთვის გახდა აუცილებელი მისი შექმნა ამ წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. მითუმეტეს, რომ ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვს კრიზისულ სიტუაციაში სამოქალაქო ხელისუფლების დაცვის ფუნქცია ეკისრება. ვერ დაგპირდებით, რომ ამ სტატიით ყველაფერს ნათელი მოეფინება, თუმცა მკითხველი ხელისუფლების ჩანაფიქრს, ალბათ, მაინც მიხვდება. presage.tv ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, გიორგი ღიბრაძეს დაუკავშირდა და სთხოვა განემარტა, რას ნიშნავდა ახალ კონცეფციაში ჩანაწერი, რომელიც ტერიტორიული თავდაცვის რეზერვის მიერ კრიზისულ სიტუაციებში სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენას ეხება. გიორგი ღიბრაძე: ეს არის ტექნოგენური კატასტროფა, მასობრივი ხანძარი და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, ის, რისი მიბმაც სურდათ, რომ პოლიტიკურ კრიზისთან ეს რაიმე კავშირშია, ეს არის აბსოლუტური აბსურდი და არასწორი ინტერპრეტაცია თვითონ ნათქვამისა. პოლიტიკური კრიზისი კრიზისად არ ითვლება? პოლიტიკურ კრიზისში რას გულისხმობთ? არა, აბსოლუტური აბსურდია. თქვენ ახსენეთ პოლიტიკური კრიზისი და ჩაგეკითხეთ... - მე არ მითქვამს პოლიტიკური კრიზისი, როდესაც ამ თემაზე კომენტარი გავაკეთე. უბრალოდ, შემდეგ წავიკითხე რამდენიმე კომენტარი, რომ კრიზისი შეიძლება იყოს პოლიტიკურიცო, რაც არის აბსოლუტური აბსურდი. სამოქალაქო ხელისუფლებისთვის დახმარების აღმოჩენა რას ნიშნავს, რაში ეხმარებიან საჯაროპირებს რეზერვისტები? - მაგალითად, გუბერნატორს ან თვითმმართველობის რომელიმე ერთეულს, რომელსაც ჰყავს სამაშველო სამსახურები, რომლებიც ვერ გაწვდნენ კრიზისს, რომელიც შეიძლება იყოს ბუნებრივი კატასტროფა და მათ სჭირდებათ დახმარება. ვთქვათ, მდინარის ნაპირია გასამაგრებელი, ამას პირობითად ვამბობ, და სჭირდებათ ქვიშა, ტომარაში ჩაყრილი, რომ წინაღობა გაუკეთოს წყალს, ნაპირიდან რომ არ გადმოვიდეს, აი მაგას ნიშნავს. დავუშვათ, რომ არის საარჩევნო პერიოდი და გუბერნატორსა და ოპოზიციის წარმომადგენლებსშორის მწვავე დაპირისპირება მოხდა, არის თუ არა ეს კრიზისული სიტუაცია? - არა, არავითარ შემთხვევაში, ეს არის სრული აბსურდი, არანაირი პოლიტიკური დაპირისპირება არ იგულისხმება, მაგისთვის ქვეყანაში არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რეზერვი ამასთან არაფერ შუაშია, ეს ეხება მხოლოდ ბუნებრივ, ტექნოგენურ კატასტროფებს, ამ დროს რეზერვი არის დამატებითი მუშახელი, რომელიც დაეხმარება ხელისუფლებას კრიზისული სიტუაციის გამოსწორებაში. ხომ შეიძლებოდა, კრიზისის ნაცვლად ჩაწერილიყო ის, რასაც ახლა მეუბნებით, რომ მაგალითად,სტიქიური და ტექნოგენური უბედურების ან ბუნებრივი კატაკლიზმების შემთხვევაში რეზერვივალდებულია, დაეხმაროს სამოქალაქო ხელისუფლებას... - ეგ დიდ პრობლემას არ წარმოადგენს და რაკი დავის საგანი გახდა, საბოლოო დოკუმენტში ასეც იქნება, ალბათ. ამ წუთას ვერ ვნახულობ, მაგრამ კანონმდებლობაში, როგორც მახსოვს, ზუსტად არის განმარტებული რას გულისხმობს კრიზისული სიტუაცია და ეს არის ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფა. არანაირ სხვა კრიზისზე ეს დოკუმენტი არ საუბრობს და არც შეიძლება საუბრობდეს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა. თქვენ კი მეუბნებით რომ კრიზისი პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს, მაგრამ როცა კონცეფციაში,დოკუმენტში არ არის დაკონკრეტებული, რა კრიზისზეა საუბარი, ბუნებრივია, რომ აქ შეიძლება,ყველა სახის კრიზისი იგულისხმებოდეს... - ამ შემთხვევაში, ნამდვილად ბუნებრივი კატასტროფების დროს მათი შედეგების ლიკვიდაცია და ამაში ცოცხალი ძალით დახმარება იგულისხმება. რომ არ მოხდეს თუ წყალდიდობაა მისი კიდევ უფრო გავრცელება, თუ ხანძარია მისი კიდევ უფრო გავრცელება. ესეც იმ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ ადგილზე არსებული ძალები ამას ვერ გაწვდება. ქვეყანაში არსებობს ოფიციალური სამაშველო სამსახური, რომელიც შესაბამისი ტექნიკითაც არისაღჭურვილი და დაფინანსებაც გააჩნია, მათი ფუნქცია სწორედ ასეთი სიტუაციების დროსდახმარებაა... - ეგ კიდევ ერთი არასწორი ინტერპრეტაციაა, წეღან გითხარით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ სამაშველო ძალა არ ყოფნის წარმოქმნილი კრიზისის შედეგების ლიკვიდაციას ან მის შემცირებას, ამ შემთხვევაში რეზერვი დახმარებას აღმოუჩენს ადგილობრივ ხელისუფლებას. თუ ყოფილა შემთხვევა, რომ რეზერვი ხელისუფლებას ხანძრის ჩაქრობაში დახმარებია? - აქამდე არ არსებობდა რეზერვი ასეთი ფორმით, ახლა იქმნება და რაც არ ყოფილა როგორ დაეხმარებოდა... რაკი რეზერვისთვის ასეთი ფუნქციის მინიჭება გახდა საჭირო, ალბათ, ეს მოხდა იმ სტიქიურიუბედურებებიდან გამომდინარე, რომელიც ხშირად ხდება საქართველოში და ხელისუფლებასაკუთარი ძალებით ვერ უმკლავდება, თუმცა არ მახსენდება ასეთი შემთხვევები და ეგებ თქვენშეახსენოთ მკითხველს, კონკრეტულად რის გამო გახდა საჭირო, რეზერვისთვის სამოქალაქოხელისუფლების დახმარების ფუნქცია მიენიჭებინათ... - ალბათ, იყო ასეთი შემთხვევები... საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ცუნამები ან ყოველთვე დამანგრეველი მიწისძვრებია, რომდამატებითი ძალა იყოს საჭირო... - თუ გახდება საჭირო, ჩვენ ასეთი ძალა გვეყოლება! ქართული სამხედრო რეზერვის ქრონოლოგია რა ხდება და რატომ არის რეზერვის თემა საყოველთაო მსჯელობის საგანი, ან რა შუაშია რეზერვი სტიქიასთან ბრძოლაში, უფრო გასაგები რომ იყოს, მივყვეთ ქრონოლოგიას. ნებაყოფლობითი რეზერვი პირველად, 2005-2007 წლებში გამოჩნდა. რეზერვში, ძირითადად, სახელმწიფო ჩინოვნიკებს იწვევდნენ, სავარაუდოდ, პიარისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აქტუალური გახდა სავალდებულო რეზერვის მომზადება, თუმცა შესაბამისი პროგრამა მხოლოდ 2010 წლის ოქტომბრიდან ამოქმედდა, რომელიც დღემდე ძალაშია. 2011 წლის ოქტომბერში უკვე ნებაყოფლობითი რეზერვის მომზადება გადაწყდა, სადაც ძალიან მარტივად, ინტერნეტის მეშვეობით იყო შესაძლებელი რეგისტრაცია. მოხალისეებს სატელევიზიო რეკლამებით იწვევდნენ, მოგვიანებით კი თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი განცხადებაც გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ თავდაცვის სამინისტრო მზადაა „ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები, თანახმად რეზერვის შესახებ მოქმედი კანონისა „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“. ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი.“ 2012 წლის15 მარტს დიპლომატებთან შეხვედრისას, კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამეგრელოში შეიარაღებულ დაჯგუფებებს ქმნის და არსებობს სამოქალაქო ომის საფრთხე. მეორე დღესვე, 16 მარტს საპარალმენტო უმრავლესობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა ამ თემასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, თუმცა მას არ უხსენებია, რომ რეზერვი სტიქიური უბედურებების შედეგის ლიკვიდაციაში დასახმარებლად იქმნებოდა. მან თქვა, რომ ამ რეზერვის შესახებ ინფორმაცია დაფარული არავისთვის არ არის და რამდენჯერმე ტელევიზიით გადაცემაც მომზადდა. წიკლაურის განმარტებით, ვინაიდან, ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, რეზერვის მომზადებას თავდაცვის სამინისტრო ახორციელებს და მისი ამოცანაა მოსახლეობის სამხედრო უნარ-ჩვევების ამაღლებაა. „ეს ნებაყოფლობითი რეზერვია, რომელიც გამჭვირვალეა. ეს არ არის მხოლოდ სამეგრელოში, არამედ, ასეთი შეკრებები იყო ქართლში და კახეთშიც. რეზერვის მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობას უნარ-ჩვებები ჰქონდეს, რომელიც კრიტიკულ ვითარებაში მათ დაიცავს“, - განაცხადა წიკლაურმა. 20 მარტს ირაკლი ალასანიამ გაახმაურა თითქოს ნებაყოფილობით რეზერვში გაერთიანებილი კონკრეტული პირების და მათი დისლოკაციის ადგილების შემცველი მასალები ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასცა. 20 მარტსვე თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს არა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებთან, არამედ ნებაყოფლობით რეზერვთან. „ამ ხალხს ვუკეთებთ ორგანიზებას, ვასწავლით ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებს, ვაძლევთ კონკრეტულ კოორდინაციის საშუალებებს და ყოველწლიურად, შემდგომ შევძლებთ ამ ხალხის გადამზადებას... ძირითადი სამუშაოები ჩატარებული გვაქვს ქვეყნის რამდენიმე რეგიონში და ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ არის 40 ათას მოხალისემდე, რეზერვისტამდე, რაც, ჩვენი გეგმით, ოპტიმისტური გეგმით, როგორც ახლა მიმდინარეობს, ალბათ, საბოლოო ჯამში, მიაღწევს 100 ათას რეზერვისტს“, - განუმარტა ჟურნალისტებს ბაჩო ახალაიამ. არც მინისტრი არ ახსენებს სტიქიურ უბედურებას, ტექნოგენურ კატასტროფას, მასობრივ ხანძარს, წყალდიდობას ზვავსა და მეწყერს. ის, ისევე როგორც ნუზარ წიკლაური ელემენტარულ სამხედრო უნარ-ჩვევებზე ამახვილებს ყურადღებას. იმავე დღეს უშიშროების საბჭომ გაავრცელა ინფორმაცია სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის შესახებ, რომლის თანახმადაც რეზერვს ახალი კომპონენტი - ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი ემატება. „სამხედრო სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფციის მიხედვით, რეზერვის ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული უშიშროების საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორმა, გიორგი ღიბრაძემ განუცხადა. ირაკლი ალასანიამ განცხადება უკანონო შეიარარებული დაჯგუფებების შესახებ იქამდე გააკეთა, ვიდრე საზოგადოება რეზერვის ახალი კონცეფციის შესახებ შეიტყობდა. „თან საინტერესოა, რომ ეს ჩანაწერი გაჩნდა სულ ორ-სამი დღეში, მას შემდეგ, რაც ირაკლი ალასანიამ გააკეთა თავისი ცნობილი განცხადება რეზერვთან დაკავშირებით. ანუ, პირდაპირი ბმა არსებობს, ხელისუფლება იძულებული იყო, ისევე, როგორც (შეიძლება ცუდი პარალელია) ივანიშვილის შემთხვევაში კონსტიტუციას მიადგნენ, რადგან სხვა გამოსავალი იმ წუთას ვერ მონახეს. ასევე, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საკანონმდებლო ბაზა შეიმნა იმისათვის, რასაც ირაკლი ალასანიამ ფაქტობრივად, ფარდა ახადა. აქედან გამომდინარე გაჩნდა ამ ჩანაწერის გაკეთების აუცილებლობა“, - ამბობს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე. თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია უარყოფს, რომ ჯერ ტერიტორიული რეზერვი შეიქმნა და სამართლებრივი ბაზის მოწესრიგება შემდეგ დაიწყო. როგორც ქუთელია აცხადებს, ტერიტორიული რეზერვის შექმნის საკითხი უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ სტრატეგიაში გაწერილი იყო. ექსპერტი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ ასეთი ჩანაწერი რომ არც არსებობდეს, ხელისუფლება მაინც ისე გამოიყენებს ამ რეზერვს, როგორც მოისურვებს. „ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, დღესაც არ წერია პოლიციის შესახებ კანონში, რომ პოლიცია უნდა იყოს პოლიტიკურად მიკერძოებული, პირიქით, ორგანულ კანონში პოლიციის შესახებ, პირდაპირ წერია, რომ პოლიცია უნდა იყოს დეპოლიტიზირებული. იგივე წერია თავდაცვის შესახებ კანონში, იგივე წერია ორგანულ კანონში პროკუტარურის შესახებ, მაგრამ ჩანაწერებს რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ ხელისუფლებისთვის და სახელისუფლებო პარტიებიც რომ დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ კანონის მოთხოვნებს, ეს ხომ ფაქტია. რა ეწერება იმ კანონში რეზერვისტებთან დაკავშირებით დიდი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ფაქტია, ვიცით როგორ შეიძლება გამოიყენონ რეზერვისტები, - ისე - როგორც გამოიყენეს პოლიციელები. თვითონ პოლიცია დღეს პოლიტიზირებულია და მიშა-მიშას სკანდირებს. თავდაცვის მინისტრი რომ ასეთ პრაქტიკას ნერგავს თავდაცვის სამინისტროში ეს რას ნიშნავს, ფაქტობრივად გაყო ხალხი ხელისუფლებამ წითლებზე და თეთრებზე - ეს ხომ ცხადია“, - ამბობს კახიშვილი. რისთვის არის საჭირო ახალი რეზერვი - საქართველოს პრეზიდენტმა სულ ახლახანს ისაუბრა რეზერვის შესახებ და სტიქიური უბედურებები არც მას გახსენებია. მიხეილ სააკაშვილმა საწარმო „დელტაში“ სტუმრობისას გარკვევით თქვა, რომ მათ რეზერვისტთა სისტემის აწყობა დაიწყეს და ფენომენალური შედეგი მიიღეს, რაც ქვეყნის მტრებს აღიზიანებს. „რეზერვისტთა სისტემის აწყობა ჩვენს მტრებს და მის ქართველ აგენტებს ე.წ. პოლიტიკოსებს ძალიან აღიზიანებთ, მაგრამ ყველა სოფელში, სადაც თავდაცვის სამინისტრო შევიდა, რეზერვში ყველა ზრდასრული მამაკაცი ჩაეწერა. ეს გამაოგნებელი შედეგია“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისივე პროგნოზით საქართველოს ზაფხულში 70 000 ნებაყოფლობითი რეზერვისტი ეყოლება, მომავალ წელს კი -150 000. სააკაშვილმა ისიც განმარტ“ა, რისთვის ხდება ამ ხალხის მობილიზაცია: ეს ნიშნავს, რომ ყველა სოფელს დაცვისთვის რაზმი ეყოლება და მშვიდობისთვის ეს ყველაზე მყარი გარანტიაა და 2008 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა არავინ გააკეთებს... ხშირად, თუნდაც უცხოელმა დიპლომატმა შეიძლება თქვას, რომ რეზერვისტთა სისტემა კარგად შეისწავლეთო, მაგრამ 2008 წელს ჩვენ კარგად შევისწავლეთ და ჩვენს საქმეს ჩვენს გარდა არავინ გააკეთებს. საქართველომ, პირველ რიგში, სამშობლოს დაცვაზე ჩვენი ხალხის მეშვეობით უნდა იზრუნოს“, - განაცხადა სააკაშვილმა. მოკლედ პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქუდზე კაცს სამშობლოს დასაცავად იძახებს და როგორც მიანიშნა, მტერი ერთია - რუსეთი. სააკაშვილს არ უთქვამს, რომ 100 ათასამდე შეიარაღებული ადამიანი ქვიშის ტომრების გასავსებად სჭირდება ქვეყანას. ის ომსა და თავდაცვაზე ლაპარაკობდა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ომზე, ვინ გვებრძვის, ან ჩვენ ვის ვებრძვით. „თუ მათი ფუნქცია ტექნოგენური და სტიქიური უბედურებების დახმარებაა, მაშინ ისინი უნდა იწვრთნებოდნენ სწორედ ასეთი მიმართრულებით. ინფორმაცია არ გავრცელებულა, რომ ისინი სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის მიმართულებით გადიან წვრთნებს. არავის უთქვამს, წყალდიდობის, მიწისძვრების ან სხვა ტიპის ბუნებრივი კატაკლიზმების დროს როგორი შეიძლება იყოს მათი აქტივობა. მე არ მახსოვს, რომ რეზერვს ამ მიმართულებით მიეღოს გამოცდილება და წვრთნა. ასეთ შემთხვევაში, სრულიად ალოგიკურია, როდესაც მიწისძვრა წყალდიდობა და ზვავია, ადამიანი დარბოდეს იარაღით. რაც მთავარია, რეზერვს იარაღის ხმარებას ასწავლიან, ზოგს ახსენებენ. თუკი ასწავლიან იმას, რაც არ გამოადებათ სტიქიური უბედურებების დროს და სამაგიეროდ სხვა ფუნქციით, ანუ ხელისუფლების ინტერესების დაცვის კუთხით შეიძლება იქნას გამოყენებული, გამოდის, რომ ასწავლიან იმას, რაც ასეთ შემთხვევაშია საჭირო. თუ მათი ფუნქცია მართლაც ეს არის“, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე. სამოქალაქო დაპირსპირების საფრთხეები ხელისუფლება ხან ომსა და ხანაც სტიქიას უკავშირებს ტერიტორიული რეზერვის შექმნის აუცილებლობას, მაგრამ საზოგადოებაში არსებობს ეჭვი, რომ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა ამ შეიარაღებულ რაზმებს არჩევნებისთვის გამოიყენებს. როცა სოფელში შეიარაღებული რაზმი დადის და თან გუბერნატორისა და გამგებლის ბრძანებებს ემორჩილება, ძნელია ის შიში დაძლიოს ხალხმა, რაც სააკაშვილის რეჟიმმა გაუჩინა წლების მანძილზე. ხათუნა ლაგაზიძე: პირველი საფრთხე არის ის, რომ არ არის დაკონკრეტებული რა იგულისხმება კრიზისულ სიტუაციებში, რაც ამ ცნების ფართოდ ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა და დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთმა ნუ ქნას და საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება სწორედ უშუალოდ ხელისუფლების ინტერესების დასაცავად. კახი კახიშვილი: ის, რომ რეზერვისტების მცდელობაც იქნება, იმ შემთხვევაში, თუ ძალიან დაიძაბა ვითარება, ცხადია, მაგრამ არის ერთი რაღაც - იგივე რეზერვში ჩვენი მოქალაქეები არ არიან? რეზერვი განსხვავებით პოლიციასა და თავდაცვის სამინისტროსგან არ არის ყოველდღიური მუშაობის რეჟიმში, აქედან ამომდინარე, არ მინდა ვიფიქრო, რომ ისე იქნება ეს რეზერვი გამოყენებული, როგორც ამაზე პოლიტიკოსები საუბრობენ, მაგრამ ერთი ძალიან კარგად ვიცი, რომ თუკი არსებობს მასალები, რომ ხელისუფლება აპირებს იმ რეზერვისტების სხვა მიზნებისთვის გამოყენებას, ალასანიას განცხადებას ვგულისხმობ, რომელიც შეიარაღებულ ხალხს ეხებოდა, ყოველდღიურად უნდა შეიტანონ მასალები არა უშიშროების საბჭოში, რომელსაც არ აქვს გამოძიების კომპეტენცია, არამედ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. კახიშვილი იმედოვნებს, რომ პროკურატურა რომელსაც გამოძიების ვალდებულება აქვს და თანაც გამოძიების მასალები არქივში რჩება, ოპოზიციას სათქმელსა და მოსადავებელს დაუტოვებს. „ამას იმიტომ ვამბობ, რომ თუ რეალურად არსებობს ეჭვები, რისთვისაც იქმნება ეს რეზერვი, ამას საზოგადოებამ ყოველდღიური მონიტორინგი უნდა დაუწესოს, იმიტომ, რომ თუ მართლაც რაღაც მოხდა, უკვე ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებით, რომ პოლიტიკაც დაგვავიწყდება და ყველაფერი“, - აცხადებს კახიშვილი. არის თუ არა ეს მიმართული სამოქალაქო ომისკენ ძნელი სათქმელია, თუმცა როგორც კახიშვილი ამბობს, როდესაც არსებობს რაღაც ჯგუფი იღებს იარაღს და მზად იქნება ხელისუფლების დავალების საფუძველზე ლულა მიუშვიროს თანამოქალაქეს, მარტო იმიტომ, რომ ხელისუფლებამ ჩაუნერგა, რომ ის მოქალაქე არის რუსეთის მიერ მართული, ეს, რა თქმა უნდა, კატასტროფა და სამოქალაქო დაპირისპირება იქნება. „კიდევ ერთხელ ვამბობ, არ მინდა დავიჯერო, რომ ასეთი რამ არსებობს“- ამბობს კახიშვილი. ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, თუკი მსგავსი რამ იგულისხმებოდა, რასაც ხელისუფლება ამბობს, არანაირი პრობლემა არ იდგა, რომ დაკონკრეტებულიყო და ამხელა ხმაურის ატეხვის საბაბი არ გამხდარიყო. „უბრალოდ ჩაეწერათ, რა კონკრეტულ შემთხვევაში ეძლევა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს სამხედრო რეზერვის სახით სამოქალაქო ხელისუფლების დახმარების უფლება, რაც ნონსენსია ზოგადად, იმიტომ , რომ თავდაცვის სამინისტრო არც ერთ ქვეყანაში არ არის აღჭურვილი უფლებით, რომ დაიცვას კონკრეტული ხელისუფლების ინტერესები. თუ ჩემი მსჯელობა არასწორია და ხელისუფლების მიზანი არ იყო იმ სიტუაციის გათეთრება, რაც წარმოიშვა, მაშინ უბრალოდ, უნდა მიმართონ ძალიან მარტივ ხერხს, ეს ჩანაწერი დააკონკრეტონ და ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა აღარ გაჩნდება, რაც მათი იმიჯისთვის ძალიან კარგი იქნება“, - მიიჩნევს ლაგაზიძე. კახი კახიშვილს კი საკუთარი ვერსია აქვს, რითაც ხელისუფლების უცნაურ ქმეწდებებს ხსნის. კახი კახიშვილი: გაუჭირდება ხელისუფლებას იმის ლეგიტიმაცია, რომ ისინი ხელისუფლებაში მოვიდნენ კანონის დარღვევის გარეშე. მხოლოდ და მხოლოდ ამისთვისაა გაკეთებული ასეთი ნაჩქარევი გადასვლა ქუთისში, თუნდაც ამ მოქმედი პარლამენტის, რომ თუ ოქტომბერში არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ხალხი გამოვა ქუჩაში, თბილისი პოლიტიკურად იმდენად აღარ იყოს ისეთი აქტუალური ხალხის გამოსვლების კუთხით, ვიდრე ქუთაისი. დავუშვათ ასეთი სცენარი, რომ თუნდაც ათიათასობით ადამიანი იქნება თბილისში მიტინგებზე და ქუთაისში დეპუტატების რაღაცა ჯგუფი ივლის სესიებზე და ისეთ ილუზიას შექმნიან, რომ ესენი აქ დგანან და აგერ ქუთაისში ხალხი მუშაობს. ამავდროულად, ქუთაისი-თბილისის მონაკვეთის გაკონტროლება ადვილია იმიტომ, რომ ერთი გზა არსებობს და მისი გადაკეტვის პრობლემა არ შეექმნებათ. ამიტომ, თავს იზღვევენ წინასრწარ და პრევენციას აკეთებენ, რომ დაძაბულობის შემთხვევაში მათ პრობლემა არ შეექმნათ. ყოველ შემთხვევაში, ფუნქციონიონირებას არ შეექმნას პრობლემა“. თუკი სცენარი მართლაც ასე განვითარდა, სამოქალაქო ხელისუფლების დაცვის უფლებით აღჭურვილი რეზერვი და პარლამენტის ქუთაისში გადატანა თითქოს, რაღაც ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის, მაგრამ მეორე მხარეს არის ხელისუფლება, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატიის პრინციპებისთვის არ გადაუხვევია და ამას არც მომავალში აპირებს, აქედან გამომდინარე, ასეთ სცენარებზე არც უნდა ვმსჯელობდეთ. „არ მინდა დავიჯერო, რომ მაგაზე წავლენ და მსგავს სცენარს საკმაოდ სკეპტიკურად ვუყურებ. რად გინდა ის ხელისუფლება, რომელიც საბოლოოდ ხალხისთვის სისხლიანი ხელისუფლება გახდება. რაც გინდა მოხდეს, სულ რომ ნახევარი საქართველო ამოხოცონ, ამას პირობთად ვიძახი, იქნება ის ხელისუფლება საკუთარი თავით კმაყოფილი? მე მგონი, არ იქნება. კიდევ ვამბობ, არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ამისთვის კეთდება, თუმცა მეც მსმენია ასეთი აქტიურობების შესახებ“, - აცხადებს კახიშვილი. მისივე მოსაზრებით, საჭიროა ხელისუფლების მხრიდან რეალური განმარტება რადგან ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური სუბიექტებისგან გვესმის, რომ შეიარაღებული ფორმირებები რეზერვისტების ეგიდით ყალიბდება, მაგრამ ხელისუფლების მხრიდან, განმარტება იმისა, რისთვის სჭირდებათ ამ წუთას რეზერვი, როდესაც არ სჭირდებოდათ 2008 წელს, 2009 წელს, არ მოგვისმენია. „მაშინ გაგვაცნოს, რა საფრთხეებია. თუ არ არის ასეთი საფრთხე, რატომ ქმნიან ასეთ რეზერვს მაინც და მაინც 2012 წელს, როდესაც არ შეუქმნიათ არასდროს? ვგულისხმობ არა იმ 15 დღიან რეზერვს, რომელიც არსებობდა, არამედ დღევანდელ, განსხვავებული ფორმის რეზერვს და ისიც აგვიხსნან, რატომ ხვდებიან ამ რეზერვში ისეთი პირები, რომლებიც წარსულში იყვნენ ნასამართლევი მძიმე დაშნაშაულისთვის“ , - ამბობს კახიშვილი. ხელისუფლებისგან რეზერვის ახალი ფორმით ჩამოყალიბების აუცილებლობის სხვადასხვა ვერსიების მოსმენის შემდეგ ეჭვები, რეალურად რისთვის იქმნება ეს ფორმირება, კიდევ უფრო ღრმავდება. ჩვენს ისტორიას ახსოვს ლეკიანობაც, თურქთა და ოსმალოთა მოულოდნელი შემოსევებიც, ქართულ სამეფოთა დაპირისპირებებიც, თუმცა, ამ საუკუნეში მსგავსი რამ აღარ ხდება და საზოგადოებისთვის კვლავ აუხსნელი რჩება, რატომ აგროვებს წინასაარჩევნოდ ნაციონალური ხელისუფლება ქუდზე კაცს. |