პაპუაშვილმა დიპლომატები გააფრთხილა და ვენის კონვენციის 41-ე მუხლი შეახსენა

პაპუაშვილმა დიპლომატები გააფრთხილა და ვენის კონვენციის 41-ე მუხლი შეახსენა

დღეიდან, საქართველოში ამოქმედდა წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული რეგულაციები, რომლებიც, სხვა საკითხებთან ერთად, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლო, ან საწინააღმდეგო აგიტაციაში მონაწილეობას ეხება. ვენის კონვენციის 41-ე მუხლის შესაბამისად, დიპლომატები ვალდებულნი არიან, პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებს, რასაც საქართველოს შემთხვევაში, დიპლომატები არღვევენ და პირდაპირ ჩართულნი არიან პოლიტიკურ საკითხებში.

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი მიმართავს დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ ქართველი ხალხის უფლებას - უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი.

„სამწუხაროდ, ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, ჭარბად ვიხილეთ წინასაარჩევნო აგიტაციაში უცხოელი პოლიტიკოსებისა და დიპლომატების მონაწილეობა, როგორც განცხადებებით, ისე აგიტაციის დაფინანსებით, რაც, როგორც ვენის კონვენციის, ისე საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა იყო. ეს აღარ უნდა განმეორდეს,

ამიტომ განსაკუთრებით მივმართავ საქართველოში აკრედიტებულ უცხოელ დიპლომატებს, დაიცვან ვენის კონვენცია, პატივი სცენ საქართველოს კანონმდებლობას და ქართველი ხალხის უფლებას - უცხოური ჩარევის გარეშე გააკეთოს არჩევანი. ეს არჩევნები იქნება ტესტი იმის დასანახად, თუ ვინ სცემს პატივს ქართველი ხალხის სუვერენიტეტს და ვინ - მხოლოდ, ხინკალს. ჩვენ, ამ საკითხს დეტალურად მივადევნებთ თვალ-ყურს“, - წერს შალვა პაპუაშვილი.

რა თქმა უნდა, საქართველოში მოქმედი არც ერთი დიპლომატი პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას არ გამოხმაურებია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიპლომატები ამ მავნე ჩვევაზე უარს არ იტყვიან. უმრავლესობის წევრი, დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა. საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირისა და გერმანიის ელჩების განცხადებები გაიხსენა.

„წინასაარჩევნოდ ევროკავშირის ელჩისგან იყო იმგვარი განცხადებები, რომლებიც, რა თქმა უნდა, განიხილება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევა. გერმანიის ელჩთან დაკავშირებით შეგვიძლია, არაერთი სამწუხარო ფაქტი გავიხსენოთ, როგორ არღვევდა ვენის კონვენციას საკუთარი ქმედებებით. ამიტომ, სრულიად ლოგიკური და სამართლიანია მოწოდება, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ გააჟღერა, იცავენ თუ არა დიპლომატები დიპლომატიურ ეტიკეტს და ვენის კონვენციას, თუ ცალკეული მათი აქტორი გადაქცეულია ოპოზიციის რუპორად, ოპოზიციის რეალურ და აქტიურ მხარდამჭერად“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარეს უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და ურჩია, ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე. სანიკიძე იმასაც ამბობს, რომ დიპლომატები არცერთ აქციებში არ ყოფილან წინასაარჩევნოდ და შესაბამისად, ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები.

„არ ვიცი, რა ვუპასუხო ამ კაცს? თუკი ისინი ჩარევას ეძახიან იმას, რომ მოგვიწოდებენ, ქვეყანაში იყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო, ადამიანის უფლებები - დაცული, არჩევნები არ ყალბდებოდეს, პოლიტიკური დევნა არ მიმდინარეობდეს და პოლიტიკური ოპონენტების ოფისების რბევისა და თავ-ყბის დალეწვით არ იყვნენ დაკავებულები, არ ვიცი, ამას თუ ეძახიან ჩარევას, არ მგონია, ეს ჩარევა იყოს.

სად ნახეს დიპლომატები აქციებში, წინასაარჩევნოდ? ეს არის თითიდან გამოწოვილი ბრალდებები. ქვეყანაში არ უშვებენ ეუთო-ს უმნიშვნელოვანეს გრძელვადიან მისიას, რომელიც უნდა დაკვირვებოდა ე.წ. საარჩევნო პროცესს. წმინდა წყლის რუსული სპეცოპერაცია ტარდება, სადაც შეუძლებელი იქნება, სულ რომ გაყალბება დასჭირდეთ, ამ გაყალბების დამტკიცებაც კი. შალვა პაპუაშვილმა ნაკლები ისაუბროს ხინკალზე და მეტი ისაუბროს ევროინტეგრაციაზე“, - ამბობს ლევან სანიკიძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე ფიქრობს, რომ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები არიან ინსტრუმენტები. სხვა ფუნქცია მათ არ აქვთ. ამას აკეთებს ევროკავშირის ბიუროკრატია და ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც არიან საქართველოში, გარდა უნგრეთისა, სლოვაკეთისა და სერბეთისა.

„დანარჩენები იმოქმედებენ ისე, როგორც აქამდე მოქმედებდნენ. ვინაიდან, მათ აქვთ დავალება იმ ძალებისგან, რომელი ძალების მიერაც მართულია თვითონ ევროკავშირი. ეს ევროკავშირი არის „უოლსტრიტის“ მიერ მართული, ანუ სამხედრო სამრეწველო კომპლექსის წარმომადგენლებისგან, რომლებმაც უბედურებაში ჩააგდეს უკრაინა, გაანადგურეს და ახლა ეუბნებიან, რომ წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეთ, ომით დაიბრუნებენ დაკარგულ ტერირორიებს, თუ საერთოდ დაიბრუნებენ.

ამიტომ, შალვა პაპუაშვილს, რომელიც სახელმწიფოში, ფაქტობრივად, მეორე პირია, ეს განცხადება აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, თორემ ისინი ისევ ისე იმოქმედებდნენ, როგორც მოქმედებდნენ 26 ოქტომბრის არჩევნებამდე და შემდეგ, როგორც მოქმედებდნენ დღევანდელ დღემდე. სანამ ევროკავშირი სათავეებში არ მოისპობა, არ განადგურდება ის ძალები, რომლებსაც თავის იდეოლოგიად აქვთ ომები და ლგბტ პროპაგანდა, მანამდე იქნებიან ისე, როგორც ამ დრომდე იყვნენ საქართველოს მიმართ. ამიტომ, რა თქმა უნდა, დიპლომატიისთვის ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო, მაგრამ მგელი მაინც ტყისკენ იყურება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას, ედიშერ გვენეტაძე.

უფლებადამცველი, პარლამენტის ყოფილი წევრი, დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ შალვა პაპუაშვილმა ჩვეული ქიზიყური, იუმორნარევი სიმართლე ახალა სახეში საქართველოს არაკეთილისმოსურნეთ, როდესაც უცხო ქვეყნების აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართა და მათ ვენის კონვენციის ძირითადი დებულების არსი შეახსენა.

„რაში მდგომარებს ვენის კონვენციის დედააზრი? ვენის კონვენცია დიპლომატიურ ურთიერთობებზე (Vienna Convention on Diplomatic Relations, 1961) არის ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს დიპლომატების უფლებებსა და მოვალეობებს, ასევე მიმღები სახელმწიფოსა და გამგზავნი სახელმწიფოს ურთიერთობებს. რატომ გახდა ამის შეხსენება საჭირო სწორედ ახლა, იმიტომ  ხომ არა, რომ  ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს საქართველოს აღქმა ზოგიერთი, პოლიტიკურად ანგაჟირებული დიპლომატის მხრიდან „ბანანის რესპუბლიკად“, რომლის ფარგლებშიც, გასტრონომიული თავისებურება კულტურულ ღირებულებას ფარავს და ერის, სახელმწიფოს პრინციპს უარყოფს“, - აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისი თქმით, იმ დღიდან, რაც საქართველომ დასავლურ მეტროპოლიას უნდობლობა გამოუცხადა და საკუთარი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა დაიწყო, რისთვისაც საკანონმდებლო ბაზა გააძლიერა და ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, უცხოური დაფინანსება მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შიდა პოლიტიკაში ჩარევად აღიქვა.

„ჩვენ, მთელი ქვეყანა აღმოვჩნდით გლობალური დასავლეთის ადეპტი  დიპლომატების დარტყმის სამიზნე! მეტიც, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის საქციელის მაგალითზე, იმ დასკვნის გაკეთებაც შეგვიძლია, რომ ეს უკანასკნელი, საკუთარ აგენტურულ ქსელს პოლიტიკურ ოპოზიციაში ახალისებდა უკანონო ფინანსური ინექციებით, რაც მოქმედ ახალ კანონმდებლობას უვლიდა რა გვერდს,  იწვევდა ღია კრიმინალური გარიგების პრეცედენტს! შეგახსენებთ, რომ ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით, უცხოური დაფინანსება მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში შიდა პოლიტიკაში ჩარევად აღიქმება და ამაზე უკვე არის მიღებული კანონები (FARA ს ქართული ანალოგია და გამჭვირვალობის კანონი),

ამიტომ არავის გაუკვირდეს, რომ 2025 წლის აგვისტოში, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა დაიწყო გამოძიება პეტერ ფიშერის წინააღმდეგ, მამუკა ხაზარაძის ოჯახიდან უძრავი ქონების ქირაობის კონტრაქტთან დაკავშირებით!  და ეს იქნება სამაგალითო პრეცენდენტი ელჩისთვის აგრიმანის გაუქმებისა და მისი  საქართველოდან გაწვევისა „მგლის ბილეთით“, როდესაც ის საერთაშორისო დიპლომატიურ წრეებში, აღარ ჩაითვლება სასურველ საკონტაქტო პირად“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას, დიმიტრი ლორთქიფანიძემ.