საქართველოს პოლიტიკურ წრეებში, ბოლო დროს, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ახალი ოპოზიციური პარტიის ჩამოყალიბებას გეგმავს. ამ ცნობებს განსაკუთრებული აქტუალობა შესძინა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებამ, რომლის მიხედვითაც, კონსულტაციები უკვე შედგა.
ხაბეიშვილის თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა (სავარაუდოდ, იგულისხმება ჯუანშერ ბურჭულაძე) ექსპრემიერს მოსთხოვა, რომ პარტია შეექმნა და თავისი პოლიტიკური „ქოლგის“ ქვეშ გაეერთიანებინა ის პირები, რომლებსაც „ივანიშვილის გუნდი დასაკავებლად ამზადებს“. გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა სწორედ „ოცნების“ ის ყოფილი ჩინოვნიკები უნდა შემოიკრიბოს, რომლებსაც კორუფციას ედავებიან.
თუმცა, ოპოზიციურ მედიასთან საუბარში, ჯუანშერ ბურჭულაძე კატეგორიულად უარყოფს, რომ პოლიტიკაში წასვლას, ან ახალ პარტიაში შესვლას აპირებს. ის ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ერთი-ორი კვირის წინ შეხვდა და „დაკავებებისა და დაკითხვების სერიის“ შესახებ ესაუბრა, მაგრამ მისი მტკიცებით, პარტიის შექმნა არც კი უხსენებიათ.
მიუხედავად ამ უარყოფისა, „ქართულ ოცნებაში“ მაინცდამაინც დარწმუნებულები არ არიან, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პარტიას არ შექმნის. როგორც გია ვოლსკი აცხადებს, ცხოვრებაში გამორიცხული არაფერია“, ანუ NEVER SAY NEVER. ვოლსკი, ფაქტობრივად, არ გამორიცხავს, რომ „ოცნების“ ყოფილ ჩინოვნიკებთან ერთად, ექსპრემიერმა მართლაც შექმნას ახალი პარტია.
„ცხოვრებაა, ნურაფერს გამორიცხავ. შენ არ იცი, როგორ განვითარდება ცხოვრება, შეკითხვა - ღარიბაშვილის ოპოზიციაში მოსვლას გამორიცხავ თუ არა, არის ერთადერთი მიზეზით შექმნილი, ეს არის თემის წამოწევა, რომ ყოფილი მინისტრები, ვიღაცები აყენებენ ამ საკითხს. მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ ხვალ, თქვენ, „ნაცმოძრაობის“ ლიდერი გახდეთ. ეს არის გამოგონილი, სულელი ადამიანები და არა „ტოპ ტვინები“ დასხდნენ და ეს შექმნეს. ვინ არის ბურჭულაძე?“, - ამბობს ვოლსკი.
პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კი კითხვაზე პასუხი საერთოდ არ გასცა და მხოლოდ ერთსა და იგივეს იმეორებდა, რომ გამოგონილ ინფორმაციაზე კომენტარს არ გააკეთებდა.
ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე, For.ge-სთან საუბარში, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნის შესაძლებლობას აფასებს. ბერიძე აღნიშნავს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად წესიერი, სინდისიერი და განათლებული ახალგაზრდაა, თუმცა პარტიის შექმნას და მის ლიდერობას ბევრად მეტი სჭირდება, ვიდრე, უბრალოდ, პიროვნული თვისებები.
„პარტიის ლიდერობას მარტო ეროვნული ლოზუნგები და მათი ხაზგასმა არ ეყოფა. ამას სჭირდებიან ლიდერები, რომლებიც, პირველ რიგში, საზოგადოებაში პოპულარულები არიან და მათთვის მისაღები ხედვები აქვთ. პოლიტიკურ ლიდერს უნდა ჰქონდეს გარკვეული სახის ქარიზმა და პოპულარობა. არც ის ვიცი, ვინ იქნებიან მისი თანამებრძოლები. ასე, ცარიელ ადგილზე პარტია არ იქნება, არც ლოზუნგებითა და სადღეგრძელოებით იქმნება. გარდა ამისა, არ ვიცით, ვისთან და რა ხალხთან ერთად უნდა დააფუძნოს პარტია, ასევე, ვის იმედად აფუძნებს მას. პოლიტიკას დიდი ფული სჭირდება. რისი იმედი უნდა ჰქონდეს პარტიის შექმნისას? ფინანსურად ძლიერი პარტია საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს, რომელსაც უძლიერესი გუნდი ჰყავს. ამ ხნის განმავლობაში, ამდენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს გუნდი მაინც ინარჩუნებს ხელისუფლებას“, - აცხადებს ბერიძე.
ბერიძის თქმით, ცოტა ხნით, ის მათთან მუშაობდა და იცის, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილის მიმართ დიდი პატივისცემა აქვს. ამიტომაც დარწმუნებულია, რომ ღარიბაშვილი მის წინააღმდეგ არასდროს წავა.
„მე არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს, ღარიბაშვილის სახით, ახლა „პროქსი პარტიის“ შექმნა სურს. რატომ სჭირდება ასეთი თამაში, როცა ამ ეტაპზე, ხელისუფლებას არანაირი პრობლემა არა აქვს? არ არსებობს პოლიტიკური კრიზისი და „ოცნება“ ახერხებს, ყველა გამოწვევას გაუმკლავდეს. არაერთხელ მითქვამს, რომ მართვადი ოპოზიცია ამ ქვეყანაში არ გაამართლებს. მით უმეტეს, თუ ეს ადამიანი ხელისუფლების კრიტიკოსად ნაკლებად მოიაზრება და ნაკლებად იქნება დამაჯერებელი, თანაც ღარიბაშვილი, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა ხელისუფლებაში და მის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები საზოგადოებაში დადებითად არ აღიქმება. ამიტომ, მე ვერ ვიღებ ამ ამბავს სერიოზულად. თუ ეს რეალობას შეესაბამება და ღარიბაშვილი იქნება დამოუკიდებელი, ან ივანიშვილის მხარდაჭერილი ფიგურა ოპოზიციურ ფლანგზე, ორივე შემთხვევაში, ეს არ გაამართლებს“, - ამბობს ბერიძე.
კითხვაზე, ხომ არ იზღვევს ივანიშვილი ამით თავს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, სწორედ ღარიბაშვილის გუნდი ხომ არ იქნება მისი დასაყრდენი ოპოზიციურ ფლანგზე, ბერიძე გვპასუხობს, რომ არც ამ ვერსიას იზიარებს. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი ორჯერ იყო პრემიერი და აქვს პოლიტიკური წარსული, ის არ არის დამოუკიდებელი პოლიტიკური მოთამაშე, რომელიც ოპოზიციურ ველზე თავის დამკვიდრებას დამოუკიდებლად შეძლებს.