პროდუქციის მარაგები უკვე აღარ არსებობს

პროდუქციის მარაგები უკვე აღარ არსებობს

მოსხალეობამ რამდენი მიმართულებით უნდა გასწიოს ეკონომიკა, უკვე ძნელი საანგარიშოა. წლევანდელი ზამთარი ამ მხრივგამორჩეული იქნება.

ეკონომიკის დარგის ექსპერტები ფიქრობენ, რომ ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ხარჯვის შემცირება მოსახლეობის დიდ ნაწილს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის ხარჯზე მოუწევს. ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ ხარჯების შემცირების პარალელურად, გახშირდეს ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევებიც, რაც შემდეგ დამატებით თანხებს მოითხოვს.

 

ექსპერტი ავთო სილაგაძე ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში ეს იქნება ყველაზე მძიმე ზამთარი, რადგან წინა წლებში სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა და ხალხმაც, ასე თუ ისე, ზამთრის სეზონისთვის თანმდევი პრობლემების დაძლევა შეძლო.

 

„წლეულს უფრო რთული ფონია. შემოსავლების დარგში არსებულ ცვლილებებს თუ გავითვალისწინებთ, მოსახლეობა იძულებული იქნება კიდევ უფრო შეამციროს ელოექტროენერგიის მოხმარება. ამასთან, პირველადი მოხმარების საგნებზეც, გარკვეულწილად, შეზღუდოს მოთხოვნა საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის ხარჯზე.

 

გასული წლისგან განსხვავებით, წლეულს უფრო მძიმე მდგომარეობა იქნება, რადგან წინა ზამთარს ფასების ასეთი მკვეთრი ზრდა არ ახლდა. ბუნებრივია, გაიზრდება ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯები. კომუნალური გადასახადების გადახდას მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ საკუთარი მოთხოვნილების შეკვეცის ხარჯზე მოახერხებს, რასაც შედეგად მოჰყვება მისი საარსებო პირობების გაუარესება.

პირველ რიგში, ხალხი მაინც ხარჯებს შეზღუდავს. მაგალითად, თუ ადრე კარაქს ყიდულობდა, ახლა ამ პროდუქტის ნაცვლად,მარგარინის ყიდვას შეეცდება. ეს ელემენტარული მაგალითია იმისა თუ ვინ როგორ შეეცდება თანხების დაზოგვას. საქართველოს მოქალაქეებიდან ძალიან ბევრს მოუწევს ამგვარ დათმობებზე წასვლა“, - აცხადებს ექსპერტი.

 

ზამთრის პირზე განსაკუთრებულ პრობლემას ქმნის ის, რომ აგრარულ ბაზრებზე საკვები პროდუქტების დეფიციტია. მცირე მოსავლის გამო ყველა მარაგი უკვე ამოწურულია და მომხმარებელს ამა თუ იმ პროდუქტის უშედეგო ძებნა უწევს. ბაზარზე საძებნელია ხილი და ბოსტნეული, არადა ჯერ შუა შემოდგომაა. ეს პერიოდი, როგორც წესი, პროდუქტის სიჭარბით გამოირჩეოდა, მაგრამ ამჟამად საპირისპირო ვითარებაა.

 

პროცენტულად რამდენით არ ვიცი, მაგრამ მარაგების კლება არის ძალიან დიდი. მოუსავლიანობის გამო მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდა. შემომტანები არეგულირებენ სარეალიზაციო პროდუქციის რაოდენობას და სპეციალურად აძვირებენ. ვფიქრობ, მაღალი ფასი დიდხანს შენარჩუნდება, შესაძლოა, პროდუქცია მომავალშიც გაძვირდეს. ადრე მარცვლეული რუსეთიდან შემოდიოდა, ახლა იმპორტი უკრაინიდან ხორციელდება. როგორც ჩანს, შემოტანა ძველებურად არ ხდება. როცა მოთხოვნა-მიწოდების თანაფარდობა ირღვევა, საქონელიც ძვირდება“, - ამბობს ექსპერტი.

 

დედაქალაქის მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ პროდუქციის ის ნაწილი, რომელსაც ფასის ცვლილება შეეხო ბოლო პერიოდში, დაახლოებით, 10-15%-ით გაძვირდა. ამასთან, პროდუქციის რეალიზატორები არ გამორიცხავენ, რომ ფასების მატებას გარკვეულწილად გაყიდვების შემცირებაც მოჰყვეს, თუმცა რამდენით ამის წინასწარ განსაზღვრა უჭირთ.