ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტად 60 წლის ლეონიდ თიბილოვი აირჩიეს. უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის ყოფილმა ხელმძღვანელმა მეორე ტურში ხმათა 54,12% (15 786 ამომრჩეველი) მოიპოვა. რაც შეეხება მეორე კანდიდატს დავით სანაკოევს, მას ნდობა 42,65% (12 439 ამომრჩეველი) გამოუცხადა. ყველას წინააღმდეგ ხმა 0,96% მისცა. ახლადარჩეული „პრეზიდენტის ინაუგურაცია“ 19 ან 20 აპრილს გაიმართება.
დამარცხებულმა გამარჯვებულს წარმატება უკვე მიულოცა, ლეონიდ თიბილოვმა კი ცხინვალის საინფორმაციო ცენტრში გამართული პრესკონფერენციის დროს კონკურენტს თანამშრომლობა შესთავაზა.
ექსპერტების აზრით, ოსმა ამომრჩეველმა არჩევანი ახალგაზრდულ ენერგიასა და გამოცდილებას შორის გააკეთა. თიბილოვს მკაცრი და წესრიგის მოყვარული კაცის იმიჯი აქვს ცხინვალში. გარდა წესრიგისა მას იმ ამომრჩევლების აზრის გათვალისწინებაც მოუწევს, რომლებიც დანგრეული ქალაქის აღდგენას, დასაქმებას, სოციალურ-ეკონომიური პრობლემების მოგვარებას და კორუფციის დაძლევას მოითხოვენ.
ცხინვალში ჩატარებულ კენჭისყრაზე და შესაძლო ცვლილებებზე კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორს, გოგი ხუციშვილს ვესაუბრებით.
რა შეფასებას აძლევთ ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს და იქ ლეონიდ ხარიტონის ძე თიბილოვის გამარჯვებას?
– თიბილოვის გამარჯვება პრაქტიკულად მოსალოდნელი იყო. ამ კაცს პირველ ტურშიც მეტი ხმები ჰქონდა აღებული. მოულოდნელი ის იყო, რომ სანაკოევთან შედარებით ძალიან პატარა უპირატესობით გაიმარჯვა. მისგან უფრო მეტს ელოდებოდნენ. შესაბამისად, მათ შორის განსხვავება ძალიან შემცირდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ცხინვალის საზოგადოებაში ხმები და პოზიციები მაინც გაყოფილი იყო.
შეიცვლება თუ არა რაიმე თიბილოვის გალიდერებით თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობებში?
– პოლიტიკა და დამოკიდებულება დიდად არ შეიცვლება, თუმცა, საუბარია ლეონიდ თიბილოვის მხრიდან გარკვეული ინიციატივების შესაძლებლობაზე. მაგალითად ამბობენ, რომ მას ერგნეთის ბაზრობის აღდგენა სურს. მეც ვთვლი, რომ ეს კარგი ნაბიჯი იქნება, რადგან ხალხების, ადამიანების დაახლოებაში ძალიან დიდ როლს თამაშობდა. მაგრამ ეს ცალმხრივად ვერ გაკეთდება. ამისთვის ურთიერთობების ზოგადი ფონი უნდა შეიცვალოს.
რეალურად უნდა განხორციელდეს ის, რაც საქართველოს სტრატეგიულ დოკუმენტში იყო ჩაწერილი ურთიერთობების და თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე. ამისთვის ხელშემშლელია ის, რომ ჟენევის მოლაპარაკებებს არანაირი პროგესი არ მოაქვთ. პროცესში წინსვლა საერთოდ არ იგრძნობა.
ამას გარდა, ქართული–ოსური ურთიერთობების უკიდურესად დაძაბული ფონი, ძალიან აკნინებს თბილისისა და ცხინვალის სტრუქტურებს შორის შესაძლო ურთიერთობებს. ამიტომ, არ მგონია, ახალ ინიციატივებს ამ ეტაპზე განხორციელება ეწეროს.
მაინც რა პროცესებს შეუძლიათ გარკვეული გარღვევის შემოტანა ამ შეზღუდულ ურთიერთობებში?
– ჯერ ერთი, ფართო სპექტრით მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის უნდა დაიწყოს. ეს შექმნის დადებით ფონს იმისთვის, რომ მერე უკვე საქმიანი მოლაპარაკებები განვითარდეს ცხინვალთან და სოხუმთან. თბილისი–მოსკოვის ურთიერთობების დღევანდელი ფონი პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ ადგილობრივ დონეზე მოვლენები სხვანაირად განვითარდეს.
თუმცა, ესეც მხოლოდ სასურველი ფონი იქნება. სინამდვილეში საჭიროა მეტი ჩართულობა და ორმხრივი, ძალიან აქტიური ინიციატივების განხორციელება აფხაზებთან და ოსებთან. ამას სჭირდება ნდობის აღგდენის ის ღონისძიებები და პროცესები, რომლებიც ქართულ სტრატეგიულ დოკომენტში თავიდანვე გათვალისწინებული იყო. თუმცა, ამ ყველაფრის მარგი ქმედების კოეფიციენტი ნულის დონეზე დავიდა, რადგან აღმოჩნდა, რომ იგი სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არც გამხდარა. დოკუმენტში დასახული თეორიული წიაღსვლები მხოლოდ სიტყვებად დარჩა.
მაგრამ სად არის გამოსავალი იმ პირობებში, როდესაც მოსკოვი სააკაშვილს არ ელაპარაკება?
– ამ სიტუაციაშიც კი არის გარკვეული გამოსავალი. რა თქმა უნდა, ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა, ლიდერებს შორის ურთიერთობა რომ ყოფილიყო. მწვანე შუქი აენთებოდა მხარეებს შორის გარკვეული ტიპის მოლაპარაკებებს. მაგრამ ამ ვითარებაშიც შესაძლებელია, თუნდაც ხელის არშეშლის რეჟიმი მოქმედებდეს; კონკრეტულ სტრუქტურებს შორის ურთიერთობა და კომუნიკაცია არსებობდეს;
იმ ახალ საკითხებზე, რომლებიც აქტიურად განიხილება.
მისასალმებელია თუნდაც ცალმხრივად სავიზო რეჟიმის გაუქმება; მაგრამ ეს მაინც პიარნაბიჯად რჩება, რადგან მას შემხვედრი სვლა არ მოჰყოლია. მეორე მხარე ძლიერის პოზიციიდან გამოდის და სასურველ დიალოგზე არ მოდის. მიუხედავად ამისა, ურთიერთობების ახალ ფაზაზე უნდა გადავიდეთ. ამისთვის, პირველ რიგში ლიდერებს შორის ანტაგონიზმის და დაპირისპირების ფონი უნდა მოიხსნას, რათა ახალი ნაბიჯებისთვის სივრცე გაიხსნას...
აქვე ცნობისთვის, ლეონიდ თიბილოვი – დაიბადა 1952 წლის 28 მარტს ქარელის რაიონის სოფელ ზემო დვანში.
1974 წელს დაამთავრა ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი.
1975 წლის ნოემბრიდან 1981 წლის აგვისტომდე განათლების სისტემაში მუშაობდა.
1981 წლის სექტემბერში ჩაირიცხა სსრკ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში. კგბ-ს უმაღლესი კურსი მინსკში დაამთავრა.
1992 წლის 28 მაისს სამხრეთ ოსეთის უშიშროების მინისტრად დაინიშნა.
1992 წლის 14 ივნისიდან 1995 წლის 1 იანვრამდე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შერეული ჯგუფების უსაფრთხოების სამსახურს ხელმძღვანელობდა. 1998 წელს გენერალ მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა.
1998 წლის აგვისტოში დაინიშნა სამხრეთ ოსეთის მთავრობის თავმჯდომრის პირველ მოადგილედ. ამავე დროს, 2002 წლის თებერვლამდე იყო ქართულ-ოსური კონფლიქტის დარეგულირების საქმეში შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარე.
მუშაობდა სამხრეთ ოსეთის პარლამენტის აპარატში. იყო სამხრეთ ოსეთის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე.
2004 წლის პირველი ნოემბრიდან სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის განკარგულებით ლეონიდ თიბილოვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭა.
იყო სამხრეთ ოსეთის მეორე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
2006 წელს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი იყო. ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში თიბილოვმა ხმების 0,9% მიიღო.
2007 წლის ივნისიდან 2009 წლის სექტემბრამდე იყო ცნობილი ბიზნესმენის, ალბერტ ჯუსოევის კუთვნილი „პირველი რესპუბლიკური ბანკის“ მმართველთ საბჭოს თავმჯდომარე.
2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის თებერვლამდე იყო ქართულ-ოსური ურთიერთობების პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის მრჩეველი.
დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე, ორი შვილი და ოთხი შვილიშვილი.