ლოკომოტივების და, შესაბამისად, ქარიზმატული ლიდერების როლი ქართულ პოლიტიკაში, ჩვენი ხალხის დაბალი პოლიტიკური კულტურიდან გამომდინარე, კიდევ დიდხანს იქნება მნიშვნელოვანი. ლიდერების, პიროვნებების როლი საქართველოს ისტორიაში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო (ამაზე ჩიოდა გარკვეულწილად ილიაც, რომ ჩვენს ისტორიაში ხალხი არ ჩანსო. ამის მერე ბევრი არაფერი შეცვლილა. ხალხს ისევ მასის ფუნქცია აკისრია, თუმცა XX საუკუნიდან მსოფლიოში იგრძნობა “მასების ამბოხი” – როგორც იტყოდა ხოსე Oორტეგა ი გასეტი). ასეა ახლაც. დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ლიდერმა (პრეზიდენტმა) ლოკომოტივის ფუნქციები შეასრულა. ჯერ იყო ზვიად გამსახურდიამ, თავისი ავტორიტეტით, უამრავი ადამიანი მოიყვანა პარლამენტსა და ხელისუფლებაში, მერე – 1992-2003 წლებში-ეს ფუნქცია იტვირთა ედვარდ შევარდნაძემ, 2003-2008 წლებში კი-მიხეილ სააკაშვილმა. ახლა ეს ფუნქცია ბიძინა ივანიშვილს დაეკისრა. რა განსხვავებაა წინა ლიდერებიდან და რა არის დღევანდელი სპეციფიკა? ბიძინა ივანიშვილმა “ფორბსისათვის” მიცემულ (ბრწყინვალე) ინტერვიუში კვლავ გაიმეორა, რომ იგი 1,5-2 წლით აპირებს მხოლოდ ხელისუფლებაში დარჩენას (გამარჯვების შემთხვევაში). ჩნდება ბუნებრივი კითხვა, რატომ 2 წელი და არა ვთქვათ ერთი საარჩევნო ციკლი (4 წელი) მაინც? ასეთ ვითარებაში ხელისუფლებაში მოსული ლიდერისთვის ყველაზე მძიმე და არაპოპულარული სწორედ პირველი ორი წელია. ნუთუ დაგროვილი პოლიტიკური კაპიტალი ასე ტყუილად უნდა გაიფლანგოს? აქ, სავარაუდოა 2 ვერსია: პირველი: ბიძინა ივანიშვილმა უნდა შეასრულოს ლოკომოტივის ფუნქცია და პარლამენტში გაიყვანოს კოალიცია, რომლის სუბიექტები დამოუკიდებლად 5%-იანი ბარიერის გადალახვას ძნელად თუ შეძლებენ, არჩევნებში გამარჯვებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. თუ კოალიციამ გაიმარჯვა არჩევნებში (რაც, ნაწილობრივ, ქაოსისა და მათი პასიურობის, რეპრესიების, ფონზე პრობლემატურად გამოიყურება), მაშინ ივანიშვილი იკავებს პრემიერ-მინისტრის პოსტს და 2 წლის შემდეგ გადადგება და ადგილს დაუთმობს, სავარაუდოდ, ირაკლი ალასანიას, რომელიც განიხილება როგორც სააკაშვილის ამერიკული ალტერნატივა. მეორე ვერსია: ივანიშვილს აქაც ლოკომოტივის ფუნქცია აქვს დაკისრებული. მან უნდა შეიყვანოს თავისი კოალიცია სერიოზული წარმომადგენლობითი დოზით (30-35% პარლამენტში, რათა არ მიეცეს ნაციონალებს ერთპარტიული პარლამენტის შექმნის უფლება და შემდეგ არჩევნებში მათ უნდა ჩაანაცვლონ ნაციონალები (შედეგი: დასავლეთი ალაპარაკდება, რომ აქ უკვე არის სერიოზული დემოკრატიული ძვრები, რადგან ოპოზიციამ შეძლო ამდენი პროცენტის აღება არჩევნებში, წამოვიდეს ინვესტიციები, შეიძლება მოგვცენ მაპი (ნატოს წევრობას მხოლოდ რუსეთის თანხმობით ვეღირსებით). შექმნილი სიტუაცი, 4 წლით მაინც, ხელს აძლევს აშშ-საც, ევროკავშირსაც და რუსეთსაც, მაგრამ არა - ჩვენ). რა შედის ქართველი ხალხის ეროვნულ ინტერესებში? ცხადია, მეორე ვერსია ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის მრავალი მნიშვნელოვანი ფაქტორის ( სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული, აგრარული და სხვ.) გამო. რა უნდა გააკეთოს ივანიშვილმა და მისმა კოალიციამ? ივანიშვილი სწორად მოიქცა, როცა დასავლური ორიენტაციის ხალხი კოალიციაში დააბალანსა ფორუმით და თოფაძით, თუმცა ეს საკმარისი არ არის. მან დაუყონებლივ უნდა შექმნას თავისი პარტია და შეძლოს იქ პატრიოტი, საქმიანი ადამიანების თავმოყრა და მათი წამოწევა წინა პოზიციებზე. მან უნდა დაიწყოს გენერალური მზადება არჩევნებისთვის და იდეური შეტევა მოწინააღმდეგეზე (აქციების გამოყენებითაც, თუ ეს საჭირო იქნება). მან უნდა იბრძოლოს არჩევნებში გამარჯვებისთვის და მინიმუმ 2 საარჩევნო ციკლის განმავლობაში არ წავიდეს თანამდებობიდან. 8 წლის შემდეგ, როცა ქვეყანა ფეხზე დადგება, მან მართლაც შეიძლება გზა ახალგაზრდებს დაუთმოს (იმ დროს ნაციონალების საფრთხე, იმედია, ჩავლილი იქნება) თუ ივანიშვილს უნდა, რომ ქართველი ხალხის სიყვარული და პატივისცემა შეინარჩუნოს, მან მხოლოდ გამარჯვებისათვის უნდა იბრძოლოს.
|