ბიძინა ივანიშვილისათვის მოქალაქეობის მინიჭება - არმინიჭების საკითხი დღესაც გადაუწყვეტელია. ამის შესახებ დღეს ივანიშვილის იურისტთა ჯგუფმა (სანდრო ბარამიძე, არჩილ კბილაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი) სპეციალური განცხადება გააკეთა. მათი თქმით, 5 მაისამდე ისინი სასამართლოს მიმართავენ და ორ მოთხოვნას დააყენებენ. პირველი იქნება სამოქალაქო რეესტრის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც ივანიშვილს მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. ხოლო მეორე მოთხოვნა იქნება, დაევალოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოს.
ივანიშვილის იურისტების თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ სამოქალაქო რეესტრის მიერ უარყოფითი დასკვნის დადების შემდეგ სააკაშვილი ვალდებული აღარ არის ამ საკითხზე გადაწყვეტილება გამოიტანოს, სინამდვილეს არ შეეფერება და მხოლოდ პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მცდელობაა.
აქვე ადვოკატი სანდრო ბარამიძე კომენტარს აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რასაც ხელისუფლების წარომადგენლები ხშირად იმეორებენ, თითქოს ივანიშვილის ადვოკატებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც მოითხოვეს არა ორმაგი მოქალაქეობა, არამედ აირჩიეს ნატურალიზაციის გზა. ბარამიძე განმარტავს, რომ ორმაგი მოქალაქეობის თაობაზე მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში, პრეზიდენტი არ არის ვალდებული, ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ნატურალიზაციის წესით მოქალაქობის მინიჭების თაობაზე კი პრეზიდენტი ვალდებულია დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნა, თუკი მოქალაქეობის მსურველი პირი აკმაყოფილებს ყველა იმ კრიტერიუმს, რაც კანონით არის გათვალისწინებული.
სანდრო ბარამიძე აცხადებს, ივანიშვილს, რომ რომელიმე ეს კრიტერიუმი არ დაეკმაყოფილებინა, მას სწორედ ამ მოტივით ეტყოდნენ უარს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა და ამიტომაც ხელისუფლებას ყურით მოთრეული მიზეზი დასჭირდა იმისთვის, რომ ეს უარი დაესაბუთებინა.
რაც შეეხება ხელისუფლების მიერ დაგეგმილ საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, რომლებიც ივანიშვილს საშუალებას მისცემენ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, ამასთან დაკავშირებით, იურისტები აცხადებენ, რომ ამ საკანონმდებლო ინიციატივით ივანიშვილმა ბევრად უფრო აღმატებული რამ მიიღო, ვიდრე ითხოვდა, ანუ ვიდრე საქართველოს მოქალაქეობაა.
„საქართველოს ხელისუფლება იდგა არჩევანის წინაშე - ან უნდა მიენიჭებინა საქართველოს მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილისათვის, ან - არა. ხელისუფლებამ მეორე ვარიანტი აირჩია და ამ დროს დაუპირისპირდა საზოგადოებრივ აზრს და საზოგადოების დიდი ნაწილის სურვილს, რომ ივანიშვილი ყოფილიყო საქართველოს მოქალაქე. ამავდროულად, ხელისუფლება დაუპირისპირდა ჩვენი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ საარჩევნო გარემო ყველასათვის თანასწორი უნდა იყოს და მაშასადამე, მასში მონაწილეობა უნდა მიიღოს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა.
ამ ფონზე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ კონსტიტუციის საშუალებით მომხდარიყო ამ პრობლემის დარეგულირება. პრობლემის დარეგულირების არსი კი მდგომარეობს იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილისათვის არჩევნებში მონაწილეობის უფლება მიეცათ დღევანდელი მოცემულობით, ანუ რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის ბატონი ბიძინა, იმ ქვეყნის მოქალაქისთვის მიეცათ ეს უფლება. მინდა გითხრათ, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის პირად ასპექტში ეს ძალიან აღმატებული შედეგია.
მოგეხსენებათ, იგი აცხადებდა, რომ აუცილებლად გახდებოდა საქართველოს მოქალაქე და პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე წარსდგებოდა, როგორც საქართველოს მოქალაქე. როდესაც ამ სიტყვებს ამბობდა, იმ პერიოდში მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა ნიშნავდა პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის საშუალებას. ნაცვლად სიტყვებისა - „მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში“, „მე ვიქნები არჩეული და გავხდები პრემიერ - მინისტრი“, ამ სიტყვების ტოლფასად იგი ამბობდა, რომ იქნებოდა საქართველოს მოქალაქე, რადგან საქართველოს მოქალაქეობა ამ პოლიტიკური შინაარსის ტოლი იყო.
2012 წლის 4-5 აპრილს ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ასეთი პოლიტიკური უფლებების რეალიზების საშუალება ექნებოდა ასევე ევროკავშირი წევრი სახელმწიფოს მოქალაქეს, საქართველოში დაბადებულს, რომელსაც 10 წელი უცხოვრია საქართველოში. ამდენად, უკვე იმ შინაარს, რომელსაც ჩვენ ყველანი საქართველოს მოქალაქეობას ვეძახით, გაუჩნდა კიდევ მეორე სახელდება და ეს არის ის სამი პარამეტრი, რომელიც ხელისუფლების მიერ გაჟღერდა. ასე რომ, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო საქართველოს მოქალაქეობა იმ უფლებებით და იმ შინაარსით, რასაც ის გულისხმობდა. უფრო მეტიც, მან აღმატებულ ხარისხში მიიღო ის, რაც არ მოუთხოვია. ხელისუფლების მოთხოვნის მომენტისთვის, ბიძინა ივანიშვილი მზად იყო საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. დღეს კი მას შეუძლია იყოს საფრანგეთის მოქალაქეც, ანუ იყოს ამ სახელმწიფოს მფარველობის ქვეშ და ამასთანავე, მონაწილეობა მიიღოს ქართულ პოლიტიკაში“, - აცხადებს ადვოკატი არჩილ კბილაშვილი.
რაც შეეხება იმ ცვლილებებს, რაც კონსტიტუციაში უნდა შევიდეს, ივანიშვილის იურისტები ამბობენ, რომ თავად ამ ცვლილებების მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები, რადგან ამორალურად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ კონსტიტუციის შეცვლა უკავშირდება არა საზოგადოებრივ ინტერესს, არამედ ხელისუფლების პატივმოყვარეობის გადარჩენას. კბილაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება კონსტიტუციის მიმართ არის დამოკიდებულება ფარატინა ქაღალდის მიმართ.
„ამიტომ ერთმანეთისგან ვმიჯნავთ ჩვენს უარყოფით დამოკიდებულებას კონსტიტუციაში განსახორციელებელი ცვლილებების საფუძვლებისადმი და მეორე მხრივ იმ დადებით შედეგს, რაც კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილისათვის დგება“, - ამბობს ადვოკატი. ამასთანავე იგი აღნიშნავს, რომ საზოგადოების წინასააღდგომო განწყობას იყენებს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ამცნოს საზოგადოებას, რათა ყველამ იცოდეს, რომ მოვლენების განვითარების ეს სცენარი არანაირად არ არის წამგებიანი ივანიშვილისთვის და პირიქით, ახლანდელ შედეგს კბილაშვილი იმასთან შედარებით აღმატებულს უწოდებს, რასაც ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფი ითხოვდა.