უმრავლესობა კალმახელიძის გამოცდაზე

უმრავლესობა კალმახელიძის გამოცდაზე

მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვა საგულდაგულოდ იყო დაგეგმილი, თუ ვის რა უნდა ეთქვა და როგორ დაეცვა, პირველ რიგში კი -სასჯელაღსრულების მინისტრი, მაინც გამორჩათ, რომ კენჭისყრაზე ქვორუმისთვის საჭირო დეპუტატები მიეყვანათ და ანგარიშის ცნობად მიღება მომავალი სესიისთვის არ გადაედოთ.

თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ დარბაზში მყოფი დეპუტატები ძალზე აქტიურად ცდილობდნენ სხვისი პულტების გამოყენებას და აშკარად ეტყობოდათ, რომ ანგარიშის ცნობად მიღების მოვალეობა როგორმე თავიდან მოეშორებინათ. მაგრამ პარლამენტში კენჭისყრები მაინც ჩავარდა.

კენჭისყრის ჩავარდნა კი ბაღათურიას ძალისხმევით მოხდა, რომელმაც რეგისტრაციის შემდეგ კოლეგები გადათვალა და დააფიქსირა, რომ ტაბლოზე დაფიქსირებულ დეპუტატთა რაოდენობა სხდომათა დარბაზში მყოფთა რაოდენობას არ შეესაბამებოდა. რეგისტრაცია კი სამჯერ დაინიშნა. თავდაპირველად, რეგისტრაცია 96-მა დეპუტატმა გაიარა. ამ დროს, სხდომათა დარბაზში მხოლოდ 61 დეპუტატი იმყოფებოდა. პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განმეორებითი რეგისტრაცია დანიშნა, თუმცა საჭირო ქვორუმი დარბაზში მაინც არ შედგა.

მესამე რეგისტრაციის დროს დარბაზში უკვე 65 დეპუტატი იმყოფებოდა, თუმცა ტაბლომ 80 დეპუტატი დააფიქსირა. საბოლოოდ, მანდატურებმა სიის გადამოწმების შემდეგ დაადასტურეს, რომ დარბაზში ქვორუმი არ იყო.

„რამდენიმე დეპუტატის პულტია გამოყენებული, რომელთაც ერთი თვის ხელფასი დაექვითება. მადლობა ბატონო ჯონდი, ვაფასებ, რომ პროცედურულ საკითხში დამეხმარეთ“, - მიმართა ბაქრაძებ ბაღათურიას.

კენჭისყრაზე კანონპროექტების გარდა დასამტკიცებლად სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ პარლამენტის დადგენილების პროექტი გადიოდა. ამასთან, „ქრისტიან-დემოკრატების“ ინიციატივით, კენჭისყრის შედეგად პარლამენტს ორი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ მოითხოვეს, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე ორი მინისტრის – ხათუნა კალმახელიძის და კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი დამდგარიყო, რადგან, მათი თქმით, „სახალხო დამცველის ანგარიშში არსებული ფაქტების მხოლოდ მოსმენა და ცნობად მიღება არ უნდა მოხდეს“.

„2010 წლის ანგარიშის მოსმენისას ჩვენ ორი მინისტრის გადადგომის საკითხი დავაყენეთ და მათ საპარლამენტო უმრავლესობა გადაეფარა. დღევანდელი ანგარიში პრაქტიკულად იმ დანაშაულებს იმეორებს, რაც მაშინ ხდებოდა. სამწუხაროდ, არაფერი გაუმჯობესდა. ამიტომ გამოვდივართ წინადადებით, პარლამენტმა დადგენილების ჩვენი პროექტი მიიღოს. გარდა ამისა, ვსვამთ ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ამ ადამიანებს რეალობის გაუმჯობესება არ შეუძლიათ“, - აცხადებს დეპუტატი გიორგი ახვლედიანი.

ისიც უნდა ითქვას, რომ ამ პოზიციას, გარკვეულწილად, სახალხო დამცველიც იზიარებს.  როგორც გიორგი ტუღუშმა სესიაზე განაცხადა, ნებისმიერი იმ მინისტრის მიმართ, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს, პოლიტიკური პასუხისმგებლობის დასმის საფუძველი არსებობს.

ომბუდსმენს შესაბამისი კითხვით „ქრისტიან-დემოკრატმა“ გიორგი ახვლედიანმა მიმართა. იგი დაინტერესდა გიორგი ტუღუშის მოსაზრებით, უნდა დადგეს თუ არა სასჯელაღსრულების მინისტრის, ხათუნა კალმახელიძის და დევნილთა და განსახლების მინისტრის, კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხი.

როგორც ამ კითხვის საპასუხოდ გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, ნებისმიერი მინისტრის მიმართ, რომელიც სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ჯეროვნად ვერ ასრულებს, პასუხისმგებლობის დასმის საფუძველი არსებობს, თუმცა, ეს პარლამენტის გადასაწყვეტი საკითხია.

„ამას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

რა თქმა უნდა, პარლამენტმა არც ოპოზიიციის მოთხოვნა გაითვალისწინა და არც სახალხო დამცველის რეკომენდაცია და პრინციპში, ასეც იყო მოსალოდნელი. აბა, კალმახელიძემ უმრავლესობის ლიდერები ტყუილად ხომ არ ავარჯიშა, ვის რა პასუხი გაეცა ანგარიშში დასმულ საკითხებზე.

ანგარიშის განხილვა ზუსტად კალმახელიძის მიერ დაგეგმილი სცენარით წარიმართა.

განხილვის წინა საღამოს უმრავლესობის ლიდერები ტრენინგზე, თუ ვის რა უნდა ეთქვა, თავად ხათუნა კალმახელიძემ გაატარა. შეხვედრა გასაიდუმლოებული კი იყო, მაგრამ რამდენიმე ჟურნალისტმა მაინც მოახერხა, მოესმინა, როგორ არიგებდა კალმახელიძე დეპუტატებს, ვის რა უნდა ეთქვა. მაგალითად, ერთ-ერთი აუცილებელი მესიჯი ის უნდა ყოფილიყო, რომ ევროპის ქვეყნებში იმაზე მეტი პატიმარია, ვიდრე საქართველოში, უნდა ეთქვათ, რომ ჩვენთან 12 ახალი ციხე აშენდა, სადაც ევროპული ქვეყნების სტანდარტებია და ა.შ.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში, სადაც სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გასულ წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საუბრობდა, დაახლოებით 40 დეპუტატი იმყოფებოდა. მათი დიდი უმრავლესობა კი ანგარიშის მოსმენის ნაცვლად ერთმანეთთან საუბრით იყო დაკავებული, ზოგიც რაღაცას წერდა ან კითხულობდა, ზოგიერთი მობილური ტელეფონებით ერთობოდა, ზოგი კი ყურებში გაჩრილი მოსასმენით რაღაცას უსმენდა.

სამაგიეროდ, ტუღუშმა გამოსვლა რომ დაამთავრა, ყველა ერთად გამოფხიზლდა იმ ტექსტის ჩასაბარებლად, რაც კალმახელიძემ მათ წინა საღამოს დაურიგა.

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდიას ინფორმაციით, მიმდინარე წელს პატიმრების კლების ტენდენცია შეიმჩნევა. მისი თქმით, 2011 წლის განმავლობაში, კანონმდებლობის ლიბერალიზაციას და არასაპატიმრო ღონისძიებების გამოყენებას მოჰყვა შედეგი, რომ პატიმართა რაოდენობის ზრდა არ მომხდარა და მეტიც, შემცირდა არასრულწლოვან პატიმართა რაოდენობა.

ხოლო 2012 წლიდან, თორდიას მტკიცებით, შეიმჩნევა პატიმართა რაოდენობის კლების ტენდეცია.

„სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2011 წლის ბოლოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში 24 244 პატიმარი იყო, ამჟამად კი, მიმდინარე წლის აპრილის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობა 23 985 –ია“, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

კობა ხაბაზმა კი, როგორც კალმახელიძემ დაარიგა, ამაყი ტონით განაცხადა, რომ საქართველოში 12 ახალი ციხე აშენდა, სადაც პატიმრები ევროპული სტანდარტების პირობებში ცხოვრობენ. ამასთან, მან სახალხო დამცველს სთხოვა, დაედასტურებინა, რომ სასჯელაღსრულებაში რეფორმები, სხვა ქვეყნებთან შედარებით, ძალიან სწრაფად ხორციელდება და რომ არსად აშენებულა უკანასკნელ წლებში 12 ახალი ციხე.

სახალხო დამცველის განცხადებით კი, ბოლო პერიოდში საქართველოში გაიხსნა 7 ახალი დაწესებულება და არა 12, ნაწილი დაწესებულებებისა გარემონტდა, ნაწილი კაპიტალურად, ნაწილი კი არაადეკვატურად. არაადეკვატურად გარემონტებულ დაწესებულებებში ტუღუშმა ქსნის ძველი ზონა დაასახელა, სადაც მისი შეფასებით, მძიმე ვითარება რჩება.

ასევე, ტუღუშმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დაწესებულება „გადარემონტდა“, მიუხედავად საწყის ეტაპზე განხორციელებული კაპიტალური რემონტისა.

„არავინ დაობს იმაზე, რომ ყველა ახალი დაწესებულება, გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტისაა, ვიდრე ძველი დაწესებულებები. მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ეს არის უმაღლესი ევროპული სტანდარტის ციხეები, შორს წაგვიყვანს, რადგან ევროპაში არის ცუდი ციხეებიც და კარგი ციხეებიც“, – განაცხადა ტუღუშმა.

მისი თქმით, დღეს საქართველოში 75 % პატიმარი ცხოვრობს გაცილებით უფრო უკეთეს ინფრასტრუქტურაში, ვიდრე წარსულში, თუმცა, კვლავ რჩება ისეთი დაწესებულებები, სადაც ადამიანის ხანგრძლივი დროით მოთავსება, არასათანადო და არაადამიანურ მოპყრობას უთანაბრდება. ასეთ საპყრობილეებად გიორგი ტუღუშმა, ზუგდიდის, ბათუმის, თბილისის პირველი და ქსნის ძველი ზონა დაასახელა, ხოლო ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლაითურის ციხის მშენებლობა არც დაწყებულა.

„საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი პერიოდი გაგრძელდება პატიმრების ყოფნა იმ დაწესებულებებში, რომელთა ლიკვიდაციასაც ვითხოვდი ჯერ კიდევ ორი წლის წინ“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ამასთან, ის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ფსიქოტროპული პრეპარატების უკონტროლოდ ბრუნვაზე საუბრობს.

ამის შესახებ ტუღუშმა ხაბაზის განცხადების საპასუხოდ განაცხადა. უმრავლესობის წევრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვა აღარ ხდება, რაც მსოფლიო პრაქტიკის ფონზე, გამონაკლისია.

სახალხო დამცველი ადასტურებს, რომ ციხეებში ნარკოტიკული საშუალებების ბრუნვის პრობლემა მოგვარებულია და „ზოგ დაწესებულებაში 100%-თაც კი“, თუმცა, არსებობს მეორე პრობლემა, რომელიც ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრებისთვის ექიმის მეთვალყურეობის გარეშე ფსიქოტროპული პრეპარატების დარიგებას უკავშირდება.

სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ მან არაერთხელ მიიღო განცხადება პატიმრებისგან, სადაც ისინი მიუთითებდნენ, რომ დაწესებულების ადმინისტრაციამ მათ ამ პრეპარატების მიწოდება შეუზღუდა, რამაც მათ სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

„აღნიშნულ პრობლემაზე დაფიქრება გვმართებს. სხვადასხვა პრეპარატების დარიგება ფაქტიურად უკანონოდ ხდება და ეს სამედიცინო პერსონალის მიერ მუდმივად არ კონტროლდება“, - აცხადებს ტუღუში.

უმრავლესობას კი იმაზე, რომ მათ კალმახელიძემ ტყუილი ათქმებვინა, უხერხულობაც კი არ უგრძვნიათ.

ლევან ვეფხვაძის ვარაუდით, დახურულ შეხვედრაზე სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ დეპუტატები ან მოატყუა ან თავად არ იცოდა კონკრეტული ფაქტები.

მისი თქმით, გაუგებარია როგორ შეიძლება დეპუტატები ერთდროულად უხდიდნენ მადლობას სახალხო დამცველსაც და სასჯელაღსრულების მინისტრსაც, როდესაც სახალხო დამცველი მინისტრის პასუხისმგებლობას ითხოვს.

„როგორ შეიძლება, ერთდროულად სახალხო დამცველსაც და სასჯელაღსრულების მინისტრსაც უხდიდეთ მადლობას, როდესაც გიორგი ტუღუში იმის გამო, რაც სასჯელაღსრულების სისტემაში ხდება, მინისტრის გადაყენებას და პასუხისმგებლობას ითხოვს. ხათუნა კალმახელიძემ უმრავლესობის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა, რომ 12 ახალი დაწესებულება გაიხსნა, არადა როგორც სახალხო დამცველი ამბობს, გახსნილია შვიდი დაწესებულება. ამ ქალბატონმა ან თავად არ იცის კონკრეტული ფაქტები ან თქვენ გაწვდით არასწორ ინფორმაციას“, - მიმართა უმრავლესობას ლევან ვეფხვაძემ.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის დასკვნის შედეგად გაირკვა, რომ გასულ წელს 10 ათასამდე ადამიანია დაკავებული.

„საქართველოს დღეს 24 ათას 500 პატიმარი ჰყავს და იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მათი რიცხვის შემცირებაზე იფიქროს, რეალურად არაფერს აკეთებს“, - აცხადებს ვეფხვაძე.

საპარლამენტო უმრავლესობა ერთდროულად სახალხო დამცველისა და სასჯელაღსრულების მინისტრისთვის მადლობის გადახდას იმით ხსნის, რომ „ყველა თავის საქმეს აკეთებს“.

„ჩვენ მივეჩვიეთ წინა წლებში, რომ ომბუდსმენის ანგარიშები პოლიტიზებული დოკუმენტები იყო ხოლმე, რომელიც მისთვის პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ემსახურებოდა და არა საქმეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა და დასძინა, რომ გიორგი ტუღუშის ანგარიში, მისი წინამორბედის ანგარიშისგან დიამეტრალურად განსხვავდება.

„სწორედ ამიტომ ხდება, რომ კოლეგებს სურვილი გაუჩნდათ, მადლობა გადაიხადონ“, – დასძინა ცისკარიშვილმა.

თუმცა, უმრავლესობისთვის ადმინისტრაციულ საქმეებზე შაბლონურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის კრიტიკა მიუღებელია.

ომბუდსმენმა აღნიშნა, რომ არაერთი პრობლემა სასამართლოს მიერ გამოტანილი შაბლონური გადაწყვეტილებებიდან გამომდინარეობს, რომლის გამოც პირი ადმინისტრაციულ პატიმრობაში ხვდება.

მის ამ განცხადებას კი უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი მინაშვილი გამოეხმაურა. მისი განცხადებით, შაბლონურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით პრობლემები რამდენიმე წლის წინ იყო, ახლა კი აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, მათ შორის სამოსამართლეო განათლებასთან დაკავშირებით.

მინაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ სახალხო დამცველი აღნიშნულ პრობლემასთან მიმართებაში საუბრობდა ადმინისტრაციულ პროცესზე და მისი აზრით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ამ შემთხვევაში ძალიან ბევრი მსგავსი და ანალოგიური საქმეებია ხოლმე.

„ასეთ შემთხვევაში შეიძლება დასაბუთებაც ანალოგიური იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ შაბლონური გადაწყვეტილებაა. ამაზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ მომავალშიც“, - დასძინა აკაკი მინაშვილმა.

სახალხო დამცველი ასევე რამდენიმე მნიშვნელოვან პრობლემასაც გამოეხმაურა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად მან დასაქმებულთა უფლებების დაცვა დაასახელა და „შრომის კოდექსის“ გადახედვა მოითხოვა.

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც აცხადებს მზადყოფნას, მოახდინოს სრული ინტეგრირება ევროკავშირში, მოუწევს გადახედოს იმ სტანდარტებს, რომელიც მოქმედი შრომითი კანონმდებლობით არის დადგენილი.

ასევე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულთა უფლებები და იმათი უფლებებიც, რომელთა დამსაქმებელთან ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კოდექსით, უნდა გადაიხედოს და მათი დაცვის სტანდარტი ამაღლდეს.

„ამაზე ვთანხმდებით და ჩემი სრული მხარდაჭერა გექნებათ ამ მიმართულებით, რათა რეალურად გადაიხედოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული სტანდარტები“, – განაცხადა სახალხო დამცველმა და დასძინა, რომ „შრომის კოდექსით“ ძირითადად მხოლოდ ფეხმძიმე ქალბატონების უფლებებია დაცული, თუმცა, ისიც მეტ-ნაკლებად.

ამასთან, სახალხო დამცველი გასული წლის 26 მაისის აქციის დაშლისას დაზარალებული ჟურნალისტების საქმეზე სამართლებრივი რეაგირებით უკმაყოფილოა.

გიორგი ტუღუშის განცხადებით, ჟურნალისტების საქმეზე მისმა აპარატმა ცალკე მიმართა მთავარ პროკურატურას და გამოძიება სისხლის სამართლის ხაზით მოითხოვა. მისი თქმით, პროკურატურისგან მიიღო პასუხი იმის შესახებ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუგზავნა.

„როგორც ჩანს პროკურატურამ არ ჩათვალა საჭიროდ გამოძიება, რაც მე შევაფასე არაადეკვატურ რეაგირებად აღიქვა“, – განაცხადა ტუღუშმა. მისივე თქმით, დღემდე თვლის, რომ პროკურატურას ამ საქმეზე რეაგირება, სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაბამისად უნდა მოეხდინა.

ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი, გიორგი ცაგარეიშვილი კი ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებით სახალხო დამცველის პოზიციით დაინტერესდა, თუ რატომ არ მოხვდა ეს საკითხი ანგარიშში.  

გიორგი ტუღუშის განცხადებით, მას რამდენიმე დღის წინ ჰქონდა შეხვედრა ბანკის წარმომადგენლებთან და მიიღო გარკვეული ბროშურა. მისი თქმით, სახალხო დამცველმა ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებული პროცესების შესწავლა დაიწყო. ამასთან, ტუღუშმა აღნიშნა, რომ მან ბანკის საინკასაციო მანქანასთან დაკავშირებით მოუსმინა პირებს, რომლებიც საგამოძიებო ორგანოების მხრიდან დარღვევებზე მიუთითებენ.

გიორგი ტუღუში პირობას იძლევა, რომ ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებულ საკითხებზე რეაგირება აუცილებლად ექნება.

„ამას გპირდებით, რომ ჩვენი მხრიდან მოჰყვება სრული რეაგირება და სახალხო დამცველი შესაბამისად წარმოადგენს საკუთარ ხედვას“, – განაცხადა ტუღიშმა და დასძინა, რომ ამ საქმეზე პასუხს მალე გასცემს „ქართუ ბანკს“ და არ დაელოდება იმ ანგარიშს, რომელიც პარლამენტს მომავალ წელს უნდა წარუდგინოს.

რაც შეეხება კანონში განხორციელებულ ცვლილებებს, რომელიც, ბანკ „ქართუს“ წინააღმდეგ მიღებულად ფასდება, მათთან დაკავშირებით სახალხო დამცველს ცალსახად უარყოფითი პოზიცია აქვს. აღნიშნული ცვლილებებით, პირველი რიგის იპოთეკარი არა ბანკი, არამედ საგადასახადო ორგანო განისაზღვრა. თუმცა, მოგვიანებით პარლამენტმა ეს კანონი ისევ შეცვალა და ძველი რედაქცია დააბრუნა.

„მე ვთვლი, რომ ეს კანონი საფრთხეს უქმნის სამოქალაქო ბრუნვას ქვეყანაში. თუმცა, იყო თუ არა ეს ცვლილებები „ქართუ ბანკის“ წინააღმდეგ მიმართული, ძალიან რთულია ამის გარკვევა, რადგან ეს არის კომერციული საიდუმლოება და ამას არავინ მომაწვდის“, – განაცხადა ტუღუშმა.

ბანკის რეპუტაციასა და ზარალზე კი სახალხო დამცველი აცხადებს, რომ ამ საკითხზე რეაგირება სახალხო დამცველის კომპეტენციას სცდება და ბანკმა ზარალის ასანაზღაურებლად სასამართლოს უნდა მიმართოს.