ვიზნერის დამაფიქრებელი ვიზიტი

ვიზნერის დამაფიქრებელი ვიზიტი

ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რამდენიმე დღის წინ თავის ბიზნეს-ცენტრში გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ ელჩს, ფრენკ ვიზნერს შეხვდა. როგორც ივანიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ვიზნერთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო და აღმოჩნდა, რომ იგი ძალიან კარგად არის ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

„გაოცებული ვარ მისი ცოდნით საქართველოს შესახებ. საქართველოს კონსტიტუციაც კი მან გაცილებით უკეთ იცის, ვიდრე ჩვენმა ზოგიერთმა პოლიტიკოსმა და კარგად აცნობიერებს იმ ცვლილებებს, რაც ბოლო დროს განხორციელდა. მან საკმაოდ რთული კითხვები დამისვა და ვიმსჯელეთ იმაზეც, როგორი კრიზისი გველოდება 2012 და 2013 წელს შორის, საპარლამენტო არჩევნებში ჩვენი თეორიული გამარჯვების შემთხვევაშიც კი“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ასევე მან აღნიშნა, რომ ვიზნერი კარგად არის ინფორმირებული ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, მის მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ვიზნერს, მან ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ახლოს გაიცნო ბიძინა ივანიშვილი და კარგი გაკვეთილი მიიღო.

„საქართველოში ყოფნა დიდი სიამოვნებაა. ველოდები, რომ გვექნება თანამშრომლობის და ერთად მუშაობის საშუალება. ძალიან დაინტერესებული ვარ  საქართველოს დემოკრატიის მომავლით. ბოლო 20 წლის განმავლობაში თვალს ვადევნებდი თქვენს ისტორიას ისე მჭიდროდ, როგორც ამის გაკეთება ამერიკელებს შეუძლიათ. მე მჯერა იმ კურსის, რომელიც აირჩიეთ ძლიერი დემოკრატიისთვის, ისეთი დემოკრატიისთვის, რომელიც იქნება რეგიონში მშვიდობის გამავრცელებელი. ეს ჰარმონიაშია ევროატლანტიკური საზოგადოების და ჩემი ქვეყნის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. ამასთან დაკავშირებით, მე ღრმად ვრჩები ჩართული კერძო სექტორში და მთავრობაში. მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებული სიამოვნებაა, შევხვდე დღეს ბატონ ივანიშვილს. ყველა თქვენგანს გისურვებთ, მომდევნო რამდენიმე წელიწადში იპოვოთ თქვენი დემოკრატია, შექმნათ ინსტიტუტები, რომლებიც გამძლე ღირებულებებზე იქნება დამყარებული“,- განაცხადა ფრენკ ვიზნერმა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 31 იანვარს იგი აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ  ეგვიპტეში გაგზავნა ჰოსნი მუბარაქთან ეგვიპტეში ძალადობის შეწყვეტისა და გადადგომის შესახებ მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამიტომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოში ვიზნერის ვიზიტთან დაკავშირებით ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა მოსაზრება, ხომ არ შეიცავს ვიზნერის ვიზიტი რაიმე მესიჯებს საქართველოს მოსახლეობისათვის. ჟურნალისტებმა ეს კითხვა ვიზნერსაც დაუსვეს, რაზეც მან ასე უპასუხა:

„საქართველომ დაიწყო დემოკრატიის პროცესი. ახლა ჩვენ ყველას გვინდა, ვნახოთ რეალური, ღრმა დემოკრატია, რომელშიც ჩართული იქნება ყველა ქართველი, ხელისუფლება და ოპოზიცია. საქართველოს ამის გაკეთების გამოცდილება აქვს. საქართველოს მთელ მსოფლიოში ჰყავს მეგობრები და პარტნიორები. ახლო აღმოსავლეთი კი, ძალიან განსხვავებული გარემოა. ამდენად, უხერხულია რაიმე პარალელების გავლება. თქვენ უნდა გადახედოთ თქვენს გამოცდილებას, ისტორიას, მომავალს და ისე შეასრულოთ სამუშაო, რომელიც მნიშვნელოვანია თითოეული ქართველისთვის და ყველა ჩვენგანისთვის, ვინც ამ ქვეყანაზე ზრუნავს“.

როგორც მოგახსენეთ, ქართულ საზოგადოებაში გაჩნდა კითხვა, ხომ არ არის ჩვენს ქვეყანაში ვიზნერის ვიზიტი რაიმე განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელი. ეს კითხვა presage.tv-მ პოლიტიკოსებსა და ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს დაუსვა.

„ქართული ოცნების“ წევრი ვიტორ დოლიძე აცხადებს, რომ ფრენკ ვიზნერმა ივანიშვილს მისცა გარკვეული რჩევები პოლიტიკური კამპანიის და პოლიტიკური პროცესების თაობაზე. ასევე დოლიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ვიზნერი საკმაოდ ინფორმირებულია ჩვენს ქვეყანაში არსებულ კონიუნქტურასთან დაკავშირებით.

„არა მხოლოდ ბატონი ვიზნერი, არამედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მათ შორის ნატოს გენერალური მდივანიც ნათლად და მკაფიოდ ამბობენ, რომ მომავალი არჩევნები საქართველოსთვის იქნება ერთგვარი ტესტი, გამოცდა დემოკრატიის განვითარების გზაზე. ეს არის აბსოლუტურად მკაფიო გზავნილები ყველასთის. ამიტომ ბუნებრივია, ბატონი ვიზნერის შეფასებაც ნიშნავს, რომ საქართველოსთვის 2012 წლის არჩევნები იქნება ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი“, - აცხადებს ვიქტორ დოლიძე.

„თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერ კახა კუკავას მიაჩნია, რომ ივანიშვილისა და ვიზნერის ურთიერთობა მხოლოდ ფინანსურ საწყისებზეა დაფუძნებული. კერძოდ, კუკავას თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებში მიღებული ფორმაა, რომ გადამდგარი დიპლომატები და მაღალი რანგის ჩინოვნიკები შემდეგ ხან საუდის არაბეთის მეფეს და ხან სხვა მდიდარი ადამიანების მრჩევლები ხდებიან ხოლმე. „თავისუფალი საქართველო“-ს ლიდერი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ფრენკ ვიზნერს ამ შემთხვევაში თეთრი სახლის მანდატი არ აქვს. როდესაც იგი ეგვიპტეში იმყოფებოდა, ყველასათვის ცნობილი იყო, რომ იქ ვიზნერი თეთრი სახლის დავალებით იყო მივლინებული, ახლა კი ასეთი განცხადება ამერიკის მხრიდან არ გაკეთებულა. რაც მთავარია, კახა კუკავა აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საქართველოს ხელისუფლებისადმი დამოკიდებულების განმსაზღვრელი კრიტერიუმი არის არა კულუარული ჭორები, არამედ ამერიკის განცხადებები საკვანძო საკითხებთან დაკავშირებით. კუკავას მიაჩნია, რომ ეს დამოკიდებულება დიდად არ შეცვლილა.

„ივანიშვილს ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების დახმარების იმედი. ტელევიზიით გადიოდა რეკლამები - „დარჩა სამი დღე, დარჩა ორი დღე“ და ა.შ. მაგრამ ვნახეთ, რომ მან მოქალაქეობა ვერ მიიღო და ვერ მიიღო ზუსტად იმის გამო, რომ შეერთებული შტატების მთავრობას არანაირი ზეწოლა სააკაშვილზე არ განუხორციელებია. იგივე შეიძლება ითქვას საარჩევნო კოდექსზე, რაზეც ამერიკის საელჩო საერთოდ არ იღებს ხმას, იგივე შეიძლება ითქვას ადამიანის უფლებებზე, პოლიტპატიმრებზე, 26 მაისის თემაზე და შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების შეზღუდვაზე. ეგვიპტის მაგალითზე თუ ვისაუბრებთ, ასეთ ქვეყნებში, სადაც შეეთებული შტატების მთავრობა ერთგვარად მხარს უჭერს დემოკრატიულ პროცესებს, იქ ძალიან ღია განცხადებები კეთდებოდა. მართალია, მათ მუბარაქის გადადგომისათვის ბოლო მომენტამდე არ დაუჭერიათ მხარი საჯაროდ, მაგრამ მუდმივად კეთდებოდა განცხადებები, რომ მუბარაქმა ხალხს უნდა მოუსმინოს, მუბარაქმა არჩევნები უნდა დანიშნოს, ანუ იყო ღია ზეწოლა. ასეთ ზეწოლას ამერიკის მთავრობის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში მე დღეს ვერ ვხედავ.

ცალკეული მესიჯების დონეზე რაღაც ახალი ტონები განჩდა ამერიკის მთავრობის განცხადებებში, მაგრამ ვფიქრობ, ეს იმ გარემოებით არის გამოწვეული, რომ ამერიკის მთავრობა კარგად აცნობიერებს, რომ საქართველოში ანტიამერიკული განწყობა იზრდება. ამიტომ მათ საკუთარი იმიჯის გამოსწორება სურთ, რათა ქართველი ხალხის თვალში ჩანდნენ არა ცალსახად, როგორც სააკაშვილის მომხრეები, არამედ სურთ ნეიტრალურად გამოიყურებოდნენ. რეალურად ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ხელშესახები შედეგები შეერთებული შტატების მთავრობის ზეწოლას ქართულ პოლიტიკაში არ მოჰყოლია“, - აცხადება კახა კუკავა presage.tv -სთან საუბარში.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამგვარი ვერსიის გაჩენა, რომ თითქოს, ვიზნერის ვიზიტი საქართველოში რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, იმდენად მარტივად მოხდა, რომ სავარაუდოდ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამერიკული მხრიდან პროცესებში შემოდის ფიგურა, რომლის ზურგს უკან არის ჯერ საერთაშორისო ურთიერთობებში უზარმაზარი გამოცდილება და შემდეგ, ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორიც ეგვიპტეში იყო, მუშაობის გამოცდილება. ეს კი თავისთავად საინტერესო და საყურადღებოა.

საყვარელიძის აზრით, ეს ვიზიტი საინტერესოა კიდევ იმ მხრივ, რომ განსახილველია ზოგადი ქართულ-ამერიკული ბოლო წლების ურთიერთობის ზოგად ჭრილში.

„ბოლო ხანებში ეს ურთიერთობა ამერიკული მხრიდან საკმაოდ კრიტიკულია საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ოღონდ არ არის კრიტიკული პროცესების მიმართ. ამერიკული მხარე ითხოვს დემოკრატიის რაც შეიძლება მეტ მექანიზმებს. ასეთი მომთხოვნი დემოკრატიის თაობაზე ამერიკა არასოდეს ყოფილა. ამ ფონზე ეს ვიზიტი, რა თქმა უნდა, დამაფიქრებელია, მაგრამ ალბათ,, მეტისმეტად პრიმიტიული იქნება, ეს პარლალელი რომ გავავლოთ, თითქოს ვიზნერი იგივე ტექსტის სათქმელად ჩამოვიდა სააკაშვილისთვის, რაც თავის დროზე უთხრა მუბარაქს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.