„ბატონ დიმიტროვს ვურჩევდი, ხელისუფლების ნდობა არ არის ყველაზე სწორი საქციელი“

„ბატონ დიმიტროვს ვურჩევდი, ხელისუფლების ნდობა არ არის ყველაზე სწორი საქციელი“

ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში ფილიპ დიმიტროვის გამოსვლას საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. კითხვა-პასუხს, რომელიც ერთ-ერთმა სააგენტომ გაავრცელა სათაურით - „ფილიპ დიმიტროვს ირაკლი ალასანიას ინფორმაცია არასარწმუნოდ მიაჩნია“ და რასაც სკანდალი მოჰყვა, უცვლელად გთავაზობთ:

ეკა ბერიძე: „ირაკლი ალასანიამ დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ხელისუფლება ქმნის რეგიონებში უკანონო შეიარღებულ ფორმირებებს და, შესაძლოა, არჩევნებში მარცხის შემთხვევაში ემზადებოდეს სამოქალაქო ომისთვის. მან მის ხელთ არსებული ინფორმაციები გაუგზავნა უშიშროების საბჭოს, თუმცა ხელისუფლებამ არ ჩათვალა ყურადსაღებად ეს ინფორმაცია. თქვენი აზრით, იყო თუ არა ასეთი სიგნალი მართლაც ყურადღებამისაქცევი?“ 
ფილიპ დიმიტროვი: „მე, რა თქმა უნდა, საკმარისად და თავისუფლად ვერ ვკითხულობ ქართულად და ამიტომაც არ განმიცდია ეს ინფორმაცია ქართული წყაროებიდან, მაგრამ ერთი რამ მსურს აღვნიშნო: ევროკავშირი საქართველოში ძალიან სერიოზულადაა წარმოდგენილი, არა მხოლოდ იმ წარმომადგენლობის მიერ, რომელსაც მე წარმოვადგენ, არამედ არის მაგალითად 200 ადამიანი, რომელიც მუდმივად თვალს ადევნებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით - კონფლიქტის ხაზის აქეთა მხარეს. ვინმე თუ შეეცდებოდა იმის დამტკიცებას, რომ არის საქართველოში პროცესები, რომლებსაც ევროკავშირის მონიტორინგის მისია ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, ევროკავშირი არ ვართ სანდო და ამას, რა თქმა უნდა, მისაღებად ვერ მივიჩნევ. ასე რომ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ეს ადამიანები იქ თავის საქმეს აკეთებენ და მეორე მხრივ, ძალიან სამწუხარო იქნებოდა, რომ მათსა და ხელისუფლებას შორის არ არის სათანადო კომუნიკაცია, რაც მეტ-ნაკლებად არსებობს. მე მგონი, ქართველებს კარგად ესმით, რომ მონიტორინგის მისია აქ იმიტომ იმყოფება, რომ ეს არის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისთვის, უპირველეს ყოვლისა, ის მნიშვნელოვანია ქართველი ხალხისთვის. ძალიან ადვილი იქნება ამ მისიის გაყვანა, ბევრად უფრო ძნელია აქ მათი შენარჩუნება, მიუხედავად ამისა, ჩვენ მათ ვინარჩუნებთ და მე მგონი, მათი როლი დაფასებული იქნება“.

მართალია ამ ინტერვიუს შემდეგ დიმიტროვის განცხადების ინტერპრეტაციებიც გავრცელდა, მაგრამ ბევრმა მიიჩნია, რომ დიმიტროვის ნათქვამიდან ცხადია, რომ მონიტორინგის მისიას ასეთი ფორმირებები არც შეუნიშნავს და თუ ასეთი ფორმირებები მართლაც არის და არ იციან, ეს მათ მიმართ უნდობლობას ნიშნავს.

ის ფაქტი, რომ სადამკვირვებლო მისიის ფუნქცია ასეთი ფორმირებების შემჩნევაა, ცალსახაა. თუ მისია ამაზე თვალს ხუჭავს ან ვერ ხედავს, ამისი აღიარება საკმაოდ რთულია, რადგან მათი საქართველოში ყოფნა აზრს კაგავს. მეორე მხრივ, თუ შენიშნავდნენ და ამის შესახებ განაცხადებდნენ, ეს მათ ურთიერთობას საქართველოს ხელისუფლებასა და ძალოვან სტრუქტურებთან ურთიერთობას საკმაოდ გაართულებდა. აქედან გამომდინარე, ბევრი მიიჩნევს, რომ ყველაზე მარტივი ვერშემჩნევის პოზიციაა.   
დიმიტროვმა ის მინიშნებაც გააკეთა, რომ თუ საკითხი ასე დადგა, მაშინ შესაძლოა, ევროკავშირის მისიის გაყვანაზეც დაიწყოს ლაპარაკი.

დღეს, დიმიტროვის გამონათქვამებზე, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალლასანიამ ჟურნალისტებთან შემდეგი კომენტარი  გააკეთა:  „ტელეკომპანია  „მაესტროს“ პირდაპირი ეთერის შემდეგ,  მე ტელეფონით ვესაუბრე საქართველოში ევროკავშირის სრულუფლებიან ელჩს, ფილიპ დიმიტროვს და მან დაადასტურა, რომ ის სიტყვები, რომელიც რამდენიმე ქართული მედიასაშუალებით გავრცელდა, მას არ უთქვამს“.

ასე თუ ისე, გუშინდელი ეთერი დღეს განხილვის თემად იქცა, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, დიმიტროვის ის ფრაზა იყო, სადაც ის საქართველოს დატოვებაზე ალაპარაკდა. როგორც პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ამბობს, თუ ასეთი სცენარით განვითარდა მოვლენები, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება დაკარგავს მეგობრებს, ევროკავშირისა თუ კონკრეტული ქვეყნების სახით, მაგრამ ის, რომ არ შეუმჩნევიათ, მაგის იქით იმხელა ნაბიჯი მონიშნა დიმიტროვმა, რომ არშემჩნევის აღიარება ასე ადვილი არ არის.

„თუკი ასეთი ფორმირებები არსებობს და ეს ფორმირებები თუ მზადდება კონფლიქტური რეგიონებისთვის ან საგარეო მტრისგან თავის დასაცავად და ეს მართლაც არაფორალურია, მაშინ სავარაუდოა, რომ კონფლიქტის მოგვარებაზე საქართველო მხოლოდ ლაპარაკობს და არ ფიქრობს. თუ ეს ფორმალური გაერთიანებებია, მაშინაც იგივეა, მაინც მგონია, რომ რაკი ფორმალური გაერთიანებებია, შეიძლება შეუმჩნეველი დარჩათ ევროპელებს, იმიტომ, რომ ჩვეულებრივი სარეზერვო ფორმირებებია. მაგრამ თუკი ვიგულისხმებთ იმას, რაც იგულისხმა ალასანიამ, ჩვენთან სადაც პოლიციაც კი პოლიტიზირებულია ანუ, ერთი კონკრეტული პარტიის დამცავია, შეიძლება, რეზერვისტების ფორმირებებმაც ერთი კონკრეტული პარტია დაიცვან, ეს კიდევ უფრო მეტი დაშორებაა ევროპული ღირებულებებისაგან“, - აცხადებს საყვარელიძე.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ამბობს, რომ როდესაც განცხადებას ათნაირი ინტერპრეტაცია შეიძლება ჰქონდეს, რამის თქმა ძნელია.

„როგორც ჩანს, ბატონი დიმიტროვი ალასანიას განცხადებას არ მიიჩნევს სარწმუნოდ, მაგრამ ირაკლი ალასანიას განცხადებები არა თუ სარწმუნო, არამედ დოკუმენტურად დასაბუთებულია. მართალი გითხრათ, ბატონი დიმიტროვის განცხადებები, მე მგონი, უაღრესად ხშირად, ძალიან ხშირად არ ემთხვევა იმ ქვეყნების განცხადებებს, რომელსაც ის საქართველოში წამოადგენს. ამიტომ, ასეთი დიპლომატების მხრიდან გაკეთებულ განცხადებების ინტერპრეტაციას არანაირი აზრი არ აქვს“-აცხადებს ბერძენიშვილი.

რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ არის კიდევ ერთი მომენტი, რაც დევს ამ ფორმირებების შექმნის მოტივში. ძალიან ბევრი ხალხი ებმება ამ ფორმირებებში, ბევრი ახალგაზრდა, რომელთა ოჯახებს შემოსავლის ლარიანი წყაროც კი არ აქვს. რეგიონებში ვიცით, რომ ერთადერთი პენსიონერია, ვისაც ლარი შეაქვს ოჯახში და რეზერვისტების ანაზღაურება შეიძლება გახდეს ის ბერკეტი, რაც ამ რეზერტვისტებს და მათ ოჯახებსაც ხელისუფლების, „ნაცმოძრაობის“ მომხრეებს გახდის.

აწყობდათ თუ არა დამკვირვებლებს ასეთი ფორმირებების შემჩნევა, ან შეიძლებოდა თუ არა, მართლაც ვერ შეემჩნიათ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში, ორივე ვერსიის განხილვა უპრიანია.

„ბატონ დიმიტროვს ძალიან კარგად ვიცნობ, არის საქმეში ჩახედული და სერიოზული კაცი, მაგრამ დიპოლომატების ხელში არ არის ის ინფორმაცია, რომლითაც რამე დასტურდება ან არ დასტურდება. ირაკლი ალასანიას განცხადების დადასტურება თუ ვინმეს აინტერესებს, არის საგამოძიებო ორგანოები, პროკურატურა, მათ შეუძლიათ დაადასტურონ.

დიმიტროვს რა საშუალებები აქვს ეს დაადგინოს, არ ვიცი. მგონია, რომ დიპლომატმა თავისი აზრი გამოთქვა, და მგონი, იქ მეტი არაფერი არ იყო. ჩვენ ვიცით, რომელი ადამიანები რა ბანდფორმირებების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს სამეგრელოში და ახლა უკვე დანარჩენ საქართველოში.

ჩვენ ამის შესახებ გავაფრთხილეთ მთელი მსოფლიო და ირაკლი ალასანიას ეს განცხადება მნიშვნელოვანი იყო სწორედ იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იცის ახლა ეს და თუკი რამე მოხდება, ბუნებრივია, წინასწარი გაფრთხილება ყოველთვის სასარგებლოა“, - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

რამდენად დამაჯერებელია, რომ დამკვირვებლების თვალთახედვის არეში არც პოლიტიკოსთა განცხადებები და არც ამ თემასთან დაკავშირებული სიუჟეტები არ მოხვდა, ცოტა რთულად დასაჯერებელია.

„დიმიტროვმა რამდენჯერმე ისიც კი თქვა, საქართველოში საარჩევნო სისტემა იდეალურიაო და არ არის ეს დამაჯერებელი. რამდენიმე ელჩმაც უნდა თქვას ევროსაბჭოდან ან ევროკავშირიდან, ჩვენ უკეთ ვიცით, როგორ ვცხოვრობთ, რა არჩევნები ტარდება და რამდენი გვაქვს ხელფასი. გასაგებია, რომ ზოგი ახლოსაა ხელისუფლებასათან ზოგი - არა, მე არ მივაქცევდი დიდ ყურადღებას ფილიპ დიმიტროვის განცხადებებს. ისეთ რამეებზე ლაპარაკობს, რაშიც ის არ შეიძლება იყოს ჩახედული“, - ამბობს ბერძენიშვილი.

არსებობს კიდევ ერთი მომენტი, როდესაც ხელისუფლება ტერიტორიული რეზერვის შექმნაზე ალაპარაკდა, არ არის გამორიცხული, ასეთ არაფორმალურ გაერთიანებებს, ხელისუფლებამ სწორედ ტერიტორიული რეზერვისტების სტატუსი მიანიჭოს და ამით დასავლეთთან პრობლემაც გადაჭრას.

რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ტერიტორიული რეზერვის შექმნის შემთხვევაში ის ფორმირებებიც, რაზედაც ალასანია საუბრობდა, არაფორმალურად თუ ფორმალურად საკანონმდებლო სივრცეში ექცევა, ამდენად, არ არის გამორიცხული, შემდგომში ევროკავშირს მსგასვს დაჯგუფებებზე რეაქცია არც კი ჰქონდეს.

რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ ამის გათვალისწინებით ეს ევროპამ ასეც კი შეიძლება, შეაფასოს, რომ სახელმწიფომ თავისი სუვერენიტეტიდან გამომდინარე, მიიღო გარკვეული გადაწყვეტილება და.ა.შ. „მე კი მგონია, რომ დაფიქსირებულიც არის და ამ პოზიციის გამო, რომ არაფორმალური კი არ არის, არამედ სახელმწიფო უხდით ხელფასს და მისი კონტროლის ქვეშ არიან, ამიტომ  მკვეთრი ნაბიჯები არ გადადგან“, -აცხადებს საყვარელიძე.

„ვერ გეტყვი, როგორ შეიძლება საკანონმდებლო ბაზაში მოთავსდეს ეს ხალხი, „ტყის ძმები“ და სხვა ბანდიტები, რომლებიც კაცის კვლის გარდა არაფრით არ იყვნენ ცნობილი. რა საკანონმდებლო ბაზაში უნდა მოათავსონ“, -აცხადებს ბერძენიშვილი.

როგორც ლევან ბერძენიშვილი განმარტავს, ბანდას რეზერვთან არანაირი კავშირი არ აქვს, ამით გვიმტკიცებენ თითქოს რეზერვზე იყოს ლაპარაკი და ვითომ შეეშალა ალასანიას.

„რა უნდა რეზერვში შენგელიას ან „ტყის ძმებს“ ან სხვა ბანდიტებს რომლებსაც 2000 კაცი მაინც ჰყავთ დახოცილი. ჩვენ ვიცით, რომ აქ რეზერვზე კი არა, უკანონო ბანდიტურ ფორმირებებზეა ლაპარაკი, სადაც თავს იყრიან ზვიადის ყოფილი მებრძოლები, ყოფილი ბანდიტები და კრიმინალები, ხალხი, რომელიც მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს და ახლახანს გაათავისუფლეს. გარდა ამისა, „სოდის“ და „კუდის“ თანამშრომლები, რომლებსაც რეზერვთან არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონდეთ. იმიტომ, რომ რეზერვი სულ სხვა სამინისტროს ექვემდებარება და მას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არანაირი კავშირი არ აქვს. გასაგებია რომ ვიღაცას შეიძლება ენდობოდე, ვიღაცას არა. მეც მაქვს რაღაც პრეტენზიები ბატონ დიმიტროვთან, რომელსაც მოსწონს საქართველოში საარჩევნო სისტემა. მე მირჩევნია ის სისტემა, როგორი სისტემაც მის ქვეყანაში, ბულგარეთში არის. მეც ძალიან კარგად ვიცი, როგორ ხდება ხოლმე ელჩების დაახლოება საქართველოს ხელისუფლებასთან. ეს არ არის, პირველი, მეორე ან მეჩვიდმეტე შემთხვევა. ამიტომ, როგორც ძველი მეგობარი, ბატონ დიმიტროვს ვურჩევდი, რომ უფრო თავი შეიკავოს ოპოზიციის ნდობა არნდობის საკითხებზე საუბრისას და უფრო მეტი ობიექტურობა მართებს მას. ხელისუფლების ნდობა და ვანო მერაბიშვილის ინფორმაციებზე დაყრდნობა არ არის ყველაზე სწორი საქციელი ისეთ საეჭვო ქვეყანაში, როგორიც საქართველოა“, - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.   

რაც შეეხება ევროკავშირის მისიის მიერ საქართველოს შესაძლო დატოვებას, რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ შეიძლება მსგავსი თემა სერიოზულად განიხილებოდეს.

„თუ საქართველოს პოლიტიკა აწყობილი იქნება ისე, რომ ამ დამკვირვებლებისა და ევროკავშირის არსებობას არ შეიმჩნევს და ევროკავშირის მოთხოვნებს არ გაუწევს ანგარიშს, მაშინ გაყვანა საკმაოდ ლოგიკურია“, - მიიჩნევს საყვარელიძე.

როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, ამას შეიძლება მოჰყვეს გამწვავება კონფლიქტურ ზონებში, ისეთი ინციდენტების გახშირება, რომელსაც ახლა თავს არიდებენ რუსებიც და სეპარატისტებიც, რადგან საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდათ, რომ სანდომიანად გამოიყურებოდნენ და ასეთი კონტროლი რომ მოიხსნება, მერე უკვე დაიწყება დარბევები დაწიოკებები, ის რაც ვიცით რომ ხდება ხოლმე კონფლიქტურ რეგიონებში, ყველა ეს უბედურება უფრო დიდი ხარისხით წამოყოფს თავს.

რაც შეეხება ეუთოს მისიის ჩამოსვლას, როგორც რამაზ საყვარელიძე ამბობს, არ შეიძლება, მუქარის ერთ ფრაზაზე ავაგოთ მთელი სცენარი.

„უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერჯერობით, ყველაფერი წავა მხოლოდ მითითებების და პოლიტიკური დაძაბულობის ფარგლებში. მისიების შეწყვეტა და მისი არგამოშვება ეს უკვე პრაქტიკული ნაბიჯებია, რომელიც არ მგონია, რომ ახლა იდგმებოდეს რომელიმე მხარის მიერ.

ევროკავშირის მისიები, გინდ ევროკავშირის კონფლიქტურ ზონაში სადამკვირვებლო მისია და გინდ შემდეგ საარჩევნო პროცესების სადამკვირვებლო მისია, რეგიონში გავლენაც არის. ასე, რომ ამ  მისიების გაყვანით ევროკავშირი უარს ამბობს გავლენაზე და გადის რეგიონიდან, ამაზე რა თქმა უნდა, არც ევროკავშირი არ წავა“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.