პარლამენტმა ქვეყნის კონსტიტუციის თითქმის ახალი რედაქცია საბოლოოდ დაამტკიცა. ახალი რედაქციით, ხელისუფლების შტოებს შორის ახლებური ბალანსი ყალიბდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად შესუსტებულია. მისი ძალაუფლების უმეტესობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადავიდა. პრეზიდენტი არსებითად შტოებს შორის არბიტრად გვევლინება.
ე.წ. რადიკალური ოპოზიციის შეფასებით, ახალი ცვლილებები კონსტიტუციაში პრეზიდენტ სააკაშვილის სამომავლო პოლიტიკურ ინტერესებზე არის მორგებული.
ისინი მუდმივად საქართველოში „პუტინიზაციის“ საფრთხეზე ამახვილებენ ყურადღებას. სააკაშვილი ამ პერსპექტივას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ყველას მოუწოდებს „დააცადონ მუშაობა, რომ ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს“.
ხელისუფლების აღფრთოვანებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით არ იზიარებს საპარლამენტო ოპოზიცია. ისინი 2004 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ მაშინაც ასეთივე პათეტიკური გამოსვლებით იქნა მიღებული ცვილებები, რომელმაც ქვეყანა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა.
საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გუშინ გამართულ კენჭისყრაზე 112 ხმით 5-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს.
ქვეყნის მოქმედ კონსტიტუციაში სულ 44 ცვლილება შევიდა. კენჭისყრას წინ უსწრებდა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მტკიცებით, დადებითია. თუმცა, ვენეციის კომისია მართალია პროექტს წინგადადგმულ ნაბიჯად აფასებს, მაგრამ მიიჩნევს, რომ რამდენიმე საკითხი მაინც დასარეგულირებელია.
კერძოდ, კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადება საკმაოდ რთულია. საკითხის დაყენება პარლამენტის ნაკლებ შემადგენლობას შეუძლია, თუმცა, თუ პარლამენტი ახალ პრემიერ-მინისტრს ვერ დაამტკიცებს, რისთვისაც უფრო მეტი ხმებია საჭირო, ვიდრე უნდობლობის საკითხის აღძვრისთვის, პრეზიდენტს შეუძლია, პარლამენტი დაითხოვოს.
ექსპერტებს ეს მუხლი უმოქმედო მუხლად მიაჩიათ და ამბობენ, რომ დათხოვნის შიშით, პარლამენტი მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესის დაწყებას ყოველთვის მოერიდება. აღნიშნულ საკითხზე ვრცელდება მოსაზრებაც, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ სამომავლოდ მეტ გარანტიებს იქმნის, რადგან თუ ახალი პარლამენტის შეკრებისას მოახერხებენ პრემიერ-მინისტრის საკუთარი კანდიდატურის გაყვანას, უმრავლესობის და/ან პარტიის დაშლის შემდეგ მათ მიერ არჩეულ მთავრობას პრობლემა აღარ შეექმნება.
საპარლამენტო უმრავლესობაში კი, ამ გადაწყვეტილებას ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნებით ხსნიან და როგორც აღნიშნავენ, თუ უნდობლობის პროცესი მარტივი იქნება, ეს ქვეყანაში მთავრობის ხშირ ცვლილებას გამოიწვევს, რაც მხოლოდ ქვეყანას ავნებს.
ვენეციის კომისიის მეორე ძირითადი შენიშვნა მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნას ეხება, თუმცა ეს შენიშვნაც არ არის გათვალისწინებული. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ერთი წლის განმავლობაში აქტიურად და ნაყოფიერად თანამშრომლობდა ვენეციის კომისიასთან და ბევრი შენიშვნა გაითვალისწინა, თუმცა ყველაფრის „ქოფი ფეისტით“ გადმოტანას საქართველოს არავინ ავალდებულებს.
კონსტიტუციის ახალი რედაქციით, ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ახლებური ბალანსი ყალიბდება. პრეზიდენტის ინსტიტუტი, არსებულთან შედარებით, მკვეთრად შესუსტდა. პრეზიდენტის ძალაუფლების უმეტესობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადავიდა და ა.შ. პრეზიდენტი არსებითად შტოებს შორის არბიტრად გვევლინება.
ასევე, გაძლიერდა პარლამენტის როლი მთავრობის დაკომპლექტებასთან მიმართებაში, თუმცა, მომავალი პარლამენტის სიძლიერეში ექსპერტებსაც და საპარლამენტო ოპოზიციასაც ეჭვი ეპარებათ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ნაწილი, გამოქვეყნებდან მე-15 დღეს ამოქმედდება, ნაწილი კი 2011 წლის პირველი იანვრიდან. ასევე, სახელისუფლო შტოებს შორის ახლებური ურთიერთობების საკითხები, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა ძალაში.
საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა პარლამენტს კენჭისყრა გადაედო და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაეთვალისწინებინა, თუმცა ასე არ მოხდა.
პრეზიდენტი სააკაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გადადო დასამტკიცებლად. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ხელისუფლებას არავინ ავალდებულებდა, კონსტიტუციური ცვლილებების დამტკიცება გადაედო, თუმცა ეს გაკეთდა, რათა ხელისუფლების მოწინააღმედეგეებს ხელისუფლების საწინააღმდეგო არგუმენტები აღარ ჰქონოდათ.
„ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს ცვლილებები მორგებული იყო პირდაპირ პრეზიდენტზე, მაგრამ ყველაფერი გააზრებულად გაკეთდა. ჩვენ მაინც დაველოდეთ ვენეციის კომისიის დასკვნას. არ იქნა გაზიარებული მხოლოდ ერთადერთი შენიშვნა, რომელიც ეხებოდა პრეზიდენტის უფლებების შემცირებას, მაგრამ მოგეხსენებათ, რომ ეს ცვლილებები არ იქნა გაზიარებული საქართველოს რეალობიდან გამომდინარე. აწი მთავრობას დააკომპლექტებს არა ერთპიროვნული პრეზიდენტი, არამედ ხალხის მიერ არჩეული პარლამენტი“, - განაცხადა სააკაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, ეს ძალიან გაურთულებს მუშაობას მთავრობას, თუმცა ეს არის ქვეყნის განვითარების სწორი მოდელი.
„საქართველომ ბევრი გადაიტანა და ახლა დრო აღარ უნდა დაიკარგოს უაზრო კამათზე. ყველას მოვუწოდებთ, დაგვაცადონ მუშაობა, რომ ქვეყანა რაღაცას დაემსგავსოს. ჩვენ ბევრი რამ გადავიტანეთ, ახლა მაინც დაგვაცადეთ მუშაობა. როცა ამდენი სოციალური, ეკონომიკური პრობლემებია, მე არ მიმაჩნია, რომ ლაყბობაზე უნდა დავხარჯოთ დრო“, - აცხადებს სააკაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მტკიცებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ვენეციის კომისიამ საბოლოო დასკვნა უკვე გამოაქყვეყნა და ეს დასკვნა აბსოლუტურად დადებითია. მისი თქმით, ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნა ზუსტად ისეთივეა, როგორიც ამავე კომისიის მიერ გასულ პარასკევს გამოქვეყნებული მოსაზრებები, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დადებითად არის შეფასებული.
პარლამენტის თავმჯდომარემ პოზიტიურ მოვლენად შეაფასა ის გარემოება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის საბოლოოდ დამტკიცებამდე ვენეციის კომისიის პოზიტიური დასკვნა უკვე ცნობილია.
ასეთი განწყობების მიუხედავად ახალ კონსტიტუციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრიც აკრიტიკებს. თამაზ დიასამიძის შეფასებით, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი რედაქციის კონსტიტუცია ქვეყნის მომავალი განვითარებისა და სტაბილურობის მოთხოვნებს არ პასუხობს. ასე განმარტავს დეპუტატი საკუთარ გადაწყვეტილებას კონსტიტუციის წინააღმდეგ ხმის მიცემასთან დაკავშირებით, თუმცა „პირWელთან“ საუბრისას დიასამიძემ საკუთარ მოსაზრებებზე დამატებითი განმარტებების და უფრო სიღრმისეული შეფასებისგან თავი შეიკავა.
„ეს არის კონსტიტუცია, რომელიც არ პასუხობს საქართველოს სამომავლო განვითარებას და სტაბილურობისათვის არსებულ საჭიროებებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ამ კონსტიტუციას მხარს არ ვუჭერ“, - განუცხადა „პირWელს“ თამაზ დიასამიძემ.
შეგახსენებთ, რომ დიასამიძე პარლამენტის იმ ოპოზიციონერ დეპუტატთა რიგებს შეუერთდა, რომელთაც ხმა კონსტიტუციური პროექტის წინააღმდეგ მისცეს. აქამდე დიასამიძე საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრის პროცედურაში მონაწილეობდა, თუმცა კონსტიტუციურ პროექტს ხმას არ აძლევდა. გუშინდელ საბოლოო კენჭისყრაზე კი დეპუტატმა პროექტის წინააღმდეგ ხმის მიცემის გადაწყვეტილება მიიღო.
რაც შეეხება უშუალოდ საპარლამენტო ოპოზიციას, მისი ნაწილი ხელისუფლების აღფრთოვანებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიღებასთან დაკავშირებით არ იზიარებს. მათი განცხადებით, ხელისუფლება ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ პროექტის მიღება ვენეციის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ მოხდა. ამის შესახებ განცხადებები საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და გია ცაგარეიშვილმა გუშინ სესიაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის კენჭისყრისას განაცახდეს.
„გასაკვირია ჩემი კოლეგების აღფრთოვანება, რომ ვენეციის კომისიის დასკვნამ მესამე მოსმენისთვის ჩამოგვისწრო. ასეც რომ ყოფილიყო, მესამე მოსმენისთვის არაფერი იცვლება და თანაც, მაინტერესებს, სად არის ეს დასკვნა გამოქვეყნებული“, - განაცხადა ბაღათურიამ.
ბაქრაძეს იმავე კითხვით მიმართა ლორთქიფანიძემაც და აღნიშნა, რომ მან ვენეციის კომისიის ვებგვერდზე აღნიშნული დასკვნა ბოლო წუთებამდე ვერ ნახა. ბაქრაძემ განაცხადა, რომ იგი პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ამ დასკვნის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, თუმცა პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ ვენეციის კომისიის სხდომა დილით ჩატარდა და ეს დაკსვნა არსებობს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ვიდრე დასკვნა არ გამოქვეყნებულა, იმაზე საუბარი, რომ ვენეციის კომისია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დადებითად აფასებს, არ შეიძლება.
„ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას ითქვა, რომ შენიშვნები აისახებოდა სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ეს შენიშვნები, რაც ამ დასკვნაში უნდა აისახოს, არ იძლევა იმის საშუალებას რომ საერთო ჯამში პროექტი დადებითად იქნას შეფასებული“, – განაცხადა მან.
ცაგარეიშვილი 2004 წელს საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების პროცესს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მაშინაც ასეთივე პათეტიკური გამოსვლებით იქნა მიღებული ცვილებები, რომელმაც ქვეყანა საშინელ შედეგებამდე მიიყვანა.
„პათეტიკა არის მხოლოდ ერთი პოლიტიკური გუნდის მიერ მოწონებული პროექტის გამო და თქვენ გინდათ, ეს ისე წარმოადგინოთ, რომ ეს არის ერის და ბერის მიერ მიღებული. სამწუხაროდ, ეს ასე არ არის და ვისურვებდი, რომ კონსენსუსისთვის მიგვეღწია“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.