თუ ადრე ქართული პოლიტიკური ცხოვრება შედარებით მრავალფეროვანი იყო, დღეს თითქმის მთელი პოლიტიკური სპექტრი ორ პოლიტიკურ ცენტრს შორის გადანაწილდა. პოლიტიკური პროცესებიც დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა და მთავარ თემებად ისევ და ისევ ამ ორი პოლიტიკური ძალის დაპირისპირების ნიუანსები რჩება. კვლავ აქტუალურია დასახიჩრებული საარჩევნო გარემო და პოლიტიკური კონკურენტებისთვის შექმნილი თამაშის არათანაბარი წესები. განსხვავება ჩვეულ წინასაარჩევნო გარემოსთან შედარებით მხოლოდ ერთია - თუ ადრე პოლიტიკური ბრძოლის სულისკვეთება პოლიტიკური ვაჭრობა-გარიგებებით ითრგუნებოდა, დღეს ეჭვის საფუძველი, რომ დათმობას და დანებებას რომელიმე მხარე აპირებდეს, ნაკლებია. როგორ შეიცვლება ეს სურათი არჩევნებამდე, რა მიმართულებით გამწვავდება ვითარება, ჯერ კიდევ რთულად პროგნოზირებადია. presage.tv მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უშიშროების ყოფილ მიმისტრს, ლაშა ნაცვლშვილს ესაუბრა.
„ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კოალიციის წარმომადგენელი შვეიცარიაში ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს შეხვდა და მის მიერ გავრცელებული ინფორმაციის დეტალებზე ესაუბრა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის შესაძლო მკვლელობის გეგმას ეხებოდა. რაკი კოალიციამ წარმომადენელი გააგზავნა შვეიცარიაში, როგორც ჩანს ეს თემა სერიოზულად აღიქვა. რამდენად რეალურია საფრთხე, რომ ხელისუფლებამ თუ რომელიმე სხვა ძალამ, მსგავსი ტერაქტი მართლაც დაგეგმოს?
- ძალიან სერიოზული საკითხია და სავსებით ვიზიარებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ასეთ დამოკიდებულებას, რომ ყველა ინფორმაცია მოიძიონ. კოალიციის ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოება არ არის სახუმარო საკითხი. ამ მენტალიტეტის ამ კრიმინალური წარსულის, ამ ავადმყოფური ჩაფრენილობის ხელისუფლებაზე და მისი დაკარგვის გაცნობიერებული შიშის მდგომარეობაში მყოფი ხელისუფლებისგან აბსოლუტურად ლოგიკური და მოსალოდნელია ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა.
ჩემთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ მაქვს არანაირი ხელშესახები ინფორმაცია, რაიმე კონკრეტიკაზე სალაპარაკოდ, ჩემთვის ცხადზე უცხადესია ერთი რამ - რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ან ფიზიკური ლიკვიდაცია, გაქრობა პოლიტიკური სივრციდან, ქართული სააზროვნო, სასამართლო სცენიდან, დაბრუნება ვითარებაში, როდესაც მიხეილ სააკაშვილი არის მონოპოლიურ მდომარეობაში და მას ხელს არ უშლის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ამ ხელისუფლების „ნაციონალური“ ოცნება და ამ „ნაციონალური“ ოცნების ასრულებისთვის ესენი არც კაცის კვლას რომ არ მოერიდებიან და არც უარესს, ამაში მე ერთი წუთით ეჭვი არ მეპარება.
წმინდა ფილოსოფია, საკუთარი გამოცდილება, ადამიანობა, მოქალაქეობა და არა სპეციალურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება მაძლევს ამისი თქმის საფუძველს. ამას გეუბნებით როგორც მოქალაქე. მე ამას ვგრძნობ სისხლით და ხორცით, კანით...
ალბათ მსგავსი სცენარი მართლაც განხილვადია, იმის გათვალისწინებითაც,რომ დღემდე ბურუსითაა მოცული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიასა და ივანიშვილივით პოლიტიკაში გადასული ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ფაქტები...
- ჩვენ შევიძლია ჩამოვყვეთ ძალიან გრძელ რიგს ხელისუფლების იმ ხელწერისა, რაც ჩაუდენიათ. ის, რაც ეჭვებს ტოვებს, არის ბადრი პატარკაციშვილი და ზურაბ ჟვანია, თუმცა გემახსოვრებათ, ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალებიდან ძალიან მალე, „ფაინეშენლ ტაიმსში“ გავრცელდა საქართველოს სპეციალური სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლისა და ტერორიზმში ბრალდებული უვაის ახმადოვის ჩანაწერი, როდესაც იგი უკვეთავდა ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაციას.
გავყვეთ ამ სიას და ვნახოთ, როგორ უსწორდება ხელისუფლება თავის პოლიტიკურ ოპონენტებს. გავიხსენოთ ის, რაც დამართეს ვალერი გელაშვილს, კობა დავითაშვილს, გაიხსენეთ ჩანაწერები, რომლებიც უკავშირდებოდა პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის აუდიოჩანაწერებს ბელორუსიელი ოპოზიციონერის, მილენკევიჩის შესაძლო განადგურებასთან დაკავშირებით. რამდენი გავიხსენოთ?! ავიღოთ შავაძის მკვლელობა, დახვრეტა...
ხელისუფლებას რომ სჩვევია საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებთან არასამართლებრივი, ძალადობრივი გზით გამკლავება, ამისი ბოლო მაგალითი ეს იყო 2011 წლის 26 მაისი, როდესაც სასტიკად გაუსწორდა საკუთარ მოქალაქეებს, რომლებმაც გაბედეს ქუჩაში გამოსვლა და პროტესტის გამოხატვა. ეს ხალხი დახოცეს, შემდეგ შემოაწყეს მაღაზიის თავზე და თქვეს, დენმა დაარტყაო.
ასეთი გამოცდილების მქონე მოქალაქეს, ასეთი რენომეს მატარებელი ხელისუფლების ხელში, როგორ შეიძლება არ მქონდეს ძალიან მაღალი ალბათობის ეჭვი, რომ ესენი ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოიცილონ ბიძინა ივანიშვილი. რა ნიუანსი არ მაძლევს მე ამის თქმის საშუალებას, რომელი რაციონალური არგუმენტი...
სხვათა შორის, ხელისუფლების მხრიდან მუქარა ამ ორი დღის წინაც გაისმა, როდესაც 9 აპრილის მემორიალთან მისულ ოპოზიციის წარმომადენლებს სპეცსამსახურებმა გზა გადაუღობეს, ამ სამსახურის წარმომადგენელი გია დგებუაძე, იგივე „მასტერა“ მათ დაემუქრა, არ გეყოთ, რაც 26 მაისს დაგმართეთ, გვაცალეთ კიდევ გადაგივლითო. აქედან ამომდინარე, რა მოლოდინები შეიძლება გაჩნდეს საზოგადოებაში...
- ვინც ამ ხელისუფლებას 2004 წლიდან დღემდე ადევნებდა თვალყურს და ჯერ დასკვნები არ გამოუტანია, ის ან საკუთარ თავს ატყუებს, ან ცდილობს ჩვენ მოგვატყუოს. ჩვენი ამოცანა იმის გამოცნობა კი არ არის, რას გვიპირებს „მასტერა“, რომელიც წეღან ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებით გავიხსენე.
ჩვენ, მოქალაქეები, რომლებსაც გაცნობიერებული გვაქვს, რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს ამ ხელისუფლების დარჩენა, უნდა გავერთიანდეთ, გავაკეთოთ თავისუფალი არჩევანი და დავიცვათ ეს არჩევანი, შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი გეგმა, ჩვენი კალენდარი, ჩვენი საქმე.
ამათ რა უნდათ, რვა წელია, აჩვენეს. ხომ ვხედავთ ცხადად და თვალნათლივ რა აკეთეს და რა უნდათ, რომ აკეთონ. ამიტომ უნდა დავანებოთ ამაზე მსჯელობას თავი და ჯანსაღი ადამიანები გავერთიანდეთ, მოვემზადოთ არჩევნებისთვის. პოლიტიკური არჩევანი, ცივილური არჩევანი გავაკეთოთ და შევცვალოთ ეს ხელისუფლება. ეს არის ჩვენი გეგმები და „მასტერას“ რა გეგმები აქვს, ძალიან ნაკლებად მაინტერესებს.
ზუსტად თუ არა, დაახლოებით მაინც ვიცი, რა გეგმები აქვთ ჩემს სამშობლოსთან და შესაძლოა პირადად ჩემთან დაკავშირებითაც...
რა გეგმები აქვთ?
- არაფერი კარგი! ეს ქვეყანა საჯილდაო ქვად უნდათ, უნდათ საკუთარი ავადმყოფური კომპლექსების რეალიზაციას მიაღწიონ. ეს ქვეყანა მათ მეწველ ძროხად უნდათ, უნდათ დამონებულ, უუფლებო, გაღატაკებულ, გაუნათლებელ, ინფორმაცია-შეზღუდულ მასასთან ჰქონდეთ ძალადობრივი ურთიერთობა და რაღაცა ტიპის ერთმა პროცენტმა, რომელმაც დაიბრალა, რომ პროგრესულია, მართოს ეს ქვეყანა. უნდათ ძალადობა, უნდათ განცხრომა, რამდენად მივცემთ მათ ამის საშუალებას, ეს უკვე ჩვენი საქმეა. იმათ რა უნდათ ეს ჩვენ ვნახეთ 7 ნოემბერს, 26 მაისს და ვნახეთ 2008 წლის 7-დან 12 ავისტოს ჩათვლით.
თუმცა იქამდე, ვიდრე გავერთიანდებით და ერთად წავალთ არჩევნებზე, შესაძლოა, საკმაოდ რეალური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ქვეყანა. ერთი, რომ ხელისუფლება საკმაოდ ხშირად ლაპარაკობს რუსეთთან ახალ ომზე და მეორე – ე.წ. სამხრეთ ოსეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება, რომ ისინი ყურადღებით აკვირდებიან ქართული უპილოტო თვითმფრინავების გამოცდას და თუ ის საზღვარს გადალახავს, ჩამოაგდებენ. ანუ საფრთხე იმისა, რომ კვლავ პროვოკაციში აღმოჩნდეს ქვეყანა ჩართული, ყოველდღიურად არსებობს...
- ის, რომ სააკაშვილმა ხელისუფლებს შენარჩუნებისათცვის შეიძლება დიდ განსაცდელში შეიყვანოს ქვეყანა ამაში ეჭვი არ მეპარება, ამიტომ არის საჭირო ფხიზელი მონიტორინგი ქართული საზოადოების მხრიდან. ასევე უდიდესი მნისვნელობა ენიჭება საერთაშორისო მონიტორინგს, რათა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, არ დაუშვან ორი ტყუპი ძმის – სააკაშვილსა და პუტინს შორის გათამაშებული რაღაცა ტიპის ხანმოკლე ავანტურა, რომელიც ადამიანებს უჯდებათ სიცოცხლის, საკუთრების ფასად, ხოლო ავტორიტარ ლიდერებს, როგორებიც არიან პუტინი და სააკაშვილი, სკამს უმყარებს. ეს არ უნდა დავუშვათ არც ერთი მხრიდან, რამდენადაც კი ხელგვეწიფება.
დავუბრუნდეთ მოვლენებს, რომლებიც ბოლო რამდენიმე თვეა, საკმაოდ აქტუალურია. „ქართულმა ოცნებამ“ გაავრცელა განცხადება, რომ ივანიშვილი არ აპირებს სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით მიმართოს, ხოლო არასამთავრობო სექტორი კონსტიტიციაში შესატან იმ ცვლილებებს აპროტესტებს, რომლითაც ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ენიჭება...
- ეს კონსტიტუციის შეცვლა არ არის, ეს კონსტიტუციის გაუპატიურებაა, სააკაშვილმა თავზე დაიფხრიწა ეს კონსტიტუცია. ასე ექცევიან არა თუ კონსტიტუციას, საქვეუწყებო გარაჟის გამგე არ დახევდა საკუთარ ბრძანებას მორიგეობის შესახებ ისე, რა ფორმითაც ეს კაცი ამას აკეთებს. რაც შეეხება იმას, უნდა მიმართოს თუ არა ორმაგი მოქალაქეობის მოთხოვნით, ეს არის აბსოლუტურად ლეგალური, ლეგიტიმური ნაბიჯი.
ბიძინა ივანიშვილი არის და რჩება საქართველოს მოქალაქედ და რას დაჯღაბნის მიხეილ სააკაშვილი ფურცელზე, ან მისი სახეწაშლილი ჩინოვნიკი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ბიძინა ივანიშვილი არის უფლის ნებით, დაბადებით, სისხლით ქართველი. ის არის საქართველოს მოქალაქე, ის ჩემი თანამოქალაქეა და როგორი სტატუსუითაც არ უნდა იყოს ის, „ქართული ოცნება“ მიაღწევს წარმატებას, თუმცა ძალისხმევა, რომ აქტიური ხმის უფლების აღდგენა მოხდეს, საჭიროა.
როგორც საფრანგეთის მოქალაქეს, მას უფლება აქვს, იყოს არჩეული, მაგრამ უფლება არ აქვს, აირჩიოს. გლებ პანფილოვსა თუ აქვს არჩევის უფლება და ბიძინა ივანიშვილს – არა, ასეთი საქართველო არ მინდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. ეს არის ზეწოლა ამომრჩევლის ნებაზე, ეს არის არაკონკურენტუნარიანი გარემო, ეს არის უსინდისობა და ეს უსინდისობა უნდა დავამთავროთ მშვიდად, კონსოლიდაციით და ჯანსაღი ნაბიჯებით.
თუ არ აღუდგინეს ივანიშვილს მოქალაქეობა და როგორც ბოლო დროს ხდება, ხელისუფლებამ გაითვალისწინა საზოგადოების მოთხოვნა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით და არ შეიტანა ცვლილება, რომლის თანახმადაც ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია, მაშინ რა ხდება?
- ბიძინა ივანიშვილი იქნება ქართული პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერი და მისი ხელმძღვანელობით პოლიტიკური კოალიცია გაიმარჯვებს. ქაღალდზე რა ეწერება, ამას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს და დარწმუნებული ვარ – არც საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობისთვის. ამიტომ, წაართმევენ ამ უფლებებს ფორმალურად თუ არა, ივანიშვილი იქნება საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი.
თბილისში, ასე თუ ისე, გასაგებია, რაც ხდება, რეგიონებში ხალხს ინფორმაცია არ აქვს და იციან ის რასაც ნაციონალური არხებიდან იგებენ, რომ ივანიშვილი პუტინის კაცია და ქვეყნის წარსულში დაბრუნება სურს, ან თუ იციან საკუთარი აზრის გამოხატვის ეშინიათ...
- გახურდება პოლიტიკური პროცესი და პოლიტიკოსებმა უნდა შეუწყონ ხელი მოქალაქეებს, რომ დავძლიოთ ეს საზღვრები, გავერთიანდეთ, კორუფციულ ძალებთან გათითოკაცებაზე უარი ვთქვათ და ბევრნი რომ ვიქნებით, ვერ მოგვერევიან. მთავარია, შიში გატყდეს, გატყდეს ნიჰილიზმი, გატყდეს განწყობა, რომ მაინც არაფერი გამოვა და მაინც გააყალბებენ, ვერაფერსაც ვერ გააყალბებენ, არაფერიც არ გამოუვათ.
რამდენად დაგვეხმარება ამ პროცესებში თუნდაც ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ჩამოყვანა?
- საარჩევნო პროცესი იწყება გაცილებით ადრე, ვიდრე არჩევნები, ეს უდავო ჭეშმარიტებაა და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ პრიცესს საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან. ასევე ადგილობრივი მონიტოორები ჩაერთვებიან ამ პროცესში და კარგი იქნება, ავკარგიანობა არჩევნებისა, როგორც პროცესისა, გაზომილი იყოს ამ დროიდან. საგანგაშო რომ არის დღევანდელი ვითარება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ამას ნათლად აჩვენებს როგორც საერთაშორისო პრესა, ასევე საქართველოში აშშ-ს მომავალი ელჩის მკაფიო განაცხადი და ა.შ.
თუმცა, უცხოელი დამკვირვებლები პირველად არ მოდიან საქართველოში და მათ რეაგირებას არასდროს შედეგი არ მოჰყოლია...
- დღემდე იყო სხვა ვითარება. ის, რომ სხვა ვითარება იყო ადრე, ამანაც შეუწყო ხელი იმ ნიჰილიზმს, რომელიც საზოგადოებაშიც არის და დასავლეთი ბოლომდე პირნათელი არ არის ქართველ ამომრჩეველთან. ასე მოხდა, ასეთი პრობლემები ჩვენ გვქონდა, მაგრამ დღეს დარწმუნებული ვარ, ვიმედოვნებ, რომ ასე არის. ერთ მატჩში რომ მსაჯმა კარგად ვერ იმსაჯა, ეს არ ნიშნავს, რომ შემდეგ ყველა მატჩს ასე ჩაატარებს.