დღეს presage.tv-ს (For.ge) პრეს-კლუბის სტუმარი „ამომრჩეველთა ლიგის“ წარმომადგენელი გოგა ხაინდრავა იყო. მან ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.
პირველი, რაზეც ხაინდრავამ ისაუბრა უკანასკნელ პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემაა და ხელისუფლების მიერ ე.წ. „მეორე რეზერვის“ შექმნას გულისხმობს. ხაინდრავას თქმით, ყველა ხელისუფლებას, რომელიც გრძნობს, რომ მისი დღეები დათვლილია, აქვს მცდელობა, რომ ყველანაირი მეთოდით შეინარჩუნოს ძალაუფლება, ეს არის სასოწარკვეთილის ნაბიჯი და იმაზე მეტყველებს, რომ ხელისუფლებას ხალხში აღარანაირი რესურსი არ გააჩნია, აღარც პოლიტიკური და აღაც საზოგადოებრივი. ერთადერთი რაც ამ შემთხვევაში ხელისუფლებას გააჩნია, არის უხეში ძალა და ხაინდრავას თქმით, როგორ მთავრდება ამ ძალასთან ურთიერთობა, ეს ყველას ნანახი გვაქვს - ეს არის სრული კრახი.
„იგივე მოუვა სააკაშვილს. ეს არის აბსოლუტურად განწირული ქმედება, რადგან არაფრის მაქნისი და არაფრის მომტანი ეს შეიარაღებული დაჯგუფებები არ არის უბედურების გარდა. ეს გამოცდილება ჩვენ გვაქვს, ეს არის ჩვენი ბნელი წარსული და არ მგონია, რომ ქართული საზოგადოება შეურიგდეს თავის ბნელ წარსულში დაბრუნებას. ამიტომ, ეს არის ფსიქოლოგიური ფანდი, ხერხი, რომლითაც სააკაშვილი ცდილობს საზოგადოების დაშინებულ მდგომარეობაში დატოვებას. მინდა გითხრათ, რომ ამას აბსოლუტურად არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია, რადგან კონტროლის პალატის ცნობილმა ქმედებებმა კარგად გამოააშკარავა, რომ ადამიანებს აღარ ეშინიათ, აღარც ადეიშვილის, აღარც სააკაშვილის, აღარც მერაბიშვილის.
ის მასიური ტერორი, რომელიც განხორციელდა, კონტროლის პალატის მიერ, რეალურად უშედეგოდ დამთავრდა. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ეს დრო გასულია და ყავლი აქვს გასული ამ ფანდებს.
რა თქმა უნდა, თვითონ ამ ფორმირებების შექმნა საგანგაშოა და მე ვფიქრობ, პირველ რიგში, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის მთელი ანატომია იმდენად გამოაშკარავებულია, რომ არ მგონია ამან რამე შემატოს, ან მოაკლოს არსებულ მდგომარეობას. მე საფრთხეს ამ ჯგუფებისგან ვერ ვხედავ“, - აცხადება გოგა ხაინდრავა.
მისი თქმით, დღეს ამერიკის შეერთებული შტატების დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ რადიკალურად არის შეცვლილი და ამის საფუძველზე ხაინდრავა ამბობს, რომ ძნელი წარმოსადგენია სააკაშვილი არჩევნებამდე მივიდეს.
„მას სპეციალურ ტანსაცმელს ჩააცმევენ და საგიჟეთში წაიყვანენ. არ ვხუმრობ, ამას ფსიქიატრობაც არ სჭირდება, რომ დააკვირდე რასაც ის კამერების წინაშე ბოდავს, ამას ნორმალური ფსიქიკის მქონე ადამიანი არ გააკეთებს“,-განაცხადა ხაინდრავამ.
მან ასევე გაიხსენა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და განაცხადა, რომ მაშინ სააკაშვილმა პირწმინდად წააგო ეს არჩევნები, მაგრამ ამერიკამ მაზე თვალი დახუჭა.
„საერთაშორისო თანამეგობრობამ 2008 წელს ჩვენ გაგვაუპატიურა, მთელი საზოგადოება. ამას სათავეში ედგა პრეზიდენტი ბუში, რომელიც 6 იანვარს გამოვიდა და თაღლითურად მოპარულ და მითვისებულ, უზურპირებულ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია მისცა. სააკაშვილმა 2008 წლის არჩევნები პირწმინდად წააგო და ეს იცის სუყველამ. ეს იმდენად ცხადი იყო, რომ ის თაღლითი თარხნიშვილიც კი სამი-ოთხი დღის განმავლობაში შედეგს ვერ აცხადებდა.
ჩვენ მაშინ გავაკეთეთ ბრაიზას სახელობის მუზეუმი, სადაც გამოვაკარით 900 გაყალბებული ოქმი და დავპატიჟეთ ევროკავშირის სტრუქტურები, ჟურნალისტები, საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები და მათ ეს ოქმები ვაჩვენეთ. მაშინ იმის საშუალებაც კი არ მოგვცეს, რომ გამოგვეყენებინა ის ვიდეოჩანაწერები, რომლებსაც სპეციალური კამერები არჩევნების მიმდინარეობის დროს აკეთებდნენ, ეს ყველაფერი წაშალეს. ამიტომ, მაშინ ბუნებრივია, რომ შედეგს ვერ მივაღწევდით, რადგან ნამდვილად არ გვეგონა, რომ ამერიკის ადმინისტრაციასთან მოგვიწევდა ბრძოლა.
ახლა მდგომარეობა რადიკალურად არის შეცვლილი. სააკაშვილი როგორც პოლიტიკური ფიგურა, წარმოადგენს გვამს საერთაშორისო ასპარეზზე და პირველ რიგში, ეს კარგად ჩანს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც პირდაპირი შეტევა მიდის სააკაშვილზე“, - აცხადებს ხაინდრავა.
მისი თქმით, ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სერიოზული პოლიტიკური ფიგურების მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მკაცრი განცხადებები კეთდება, ნიშნავს, რომ სააკაშვილს უკვე აღარ აქვს ამ ქვეყნის მხარდაჭერა, რაზეც იდგა მისი ხელისუფლება. გოგა ხაინდრავამ ასევე შეაფასა ის განცხადება, რომელიც ბარაკ ობამამ სააკაშვილთან შეხვედრის დროს გააკეთა. კერძოდ, ობამამ განაცხადა, რომ საქართველო ლიდერია რეგიონში. გოგა ხაინდრავა კი აცხადებს, რომ თუკი რეგიონს გადავხედავთ, დიდი არაფერი შეფასებაა ის, რომ საქართველოში აზერბაიჯანზე და სომხეთზე მეტი დემოკრატიაა, რადგან ამ ქვეყნებში ხელისუფლების ოპონენტები დღესაც ციხეში სხედან. გოგა ხაინდრავა ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სააკაშვილი ობამამ თავისთან ვიზიტზე პრეზიდენტობის ბოლო თვეებში მიიწვია, რაც ხაინდრავას თქმით, თავისთავად მეტყველებს იმ ფაქტზე, თუ როგორ აფასებენ სააკაშვილს ამერიკაში.
რაც შეეხება ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილებას, რომ სამეგრელოში წავიდეს და არჩევნებამდე იქ გააგრძელოს პოლიტიკური მოღვაწეობა, გოგა ხაინდრავა ამ საქციელს გაბედულ და ვაჟკაცურ ნაბიჯს უწოდებს.
„ყველას კარგად გვესმის, რომ ამ კლანური, მაფიოზური სისტემის, ამ აღვირახსნილი კრიმინალის ბუდე, რომელიც საქართველოში არის ჩამოყალიბებული, სამწუხაროდ იმ კუთხეშია, საიდანაც წარმოშობით მე და ირაკლი ვართ. ეს არის ახალაიების აბსოლუტურად ბინძური კლანი, რომელიც არაფრის წინაშე არ გაჩერდება და არასოდეს არ გაჩერებულა. თუ რამე მანკიერება და სიბინძურეა ამ წლებში ჩადენილი საქართველოში, დაწყებული პატიმრების წამებიდან და დამთავრებული ჯარისკაცების წამებით, ეს არის ახალაიების წარმომადგენლების განხორციელებული.
ყველას კარგად გვესმის რომ, ის არის ბუდე, რომლის ყველაზე დიდი იმედი აქვს სააკაშვილს. ამიტომ, ალასანიას გადაწყვეტილება, რომ ჩავიდეს და ეს ბუდე მოუშალოს სააკაშვილს, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, ძალიან ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა და მე დარწმუნებული ვარ ირაკლის ამის გაკეთების პოტენციალი გააჩნია“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
მისი თქმით, შეიარაღებული ფორმირებების შექმნით ვითარების მეტად დაძაბვა პრაქტიკულად შეუძლებელია. ხაინდრავა ამბობს, რომ მის კისერზე გადაიარა სამოქალაქო ომმა და ეს მის ცხოვრებას მძიმე ლოდად ადევს. ასევე იგი ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ამ ფორმირებებში არიან ტყის ძმები, მხედრიონელები, „ზვიადისტები“ და ა.შ. ეს ადამიანები კი ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ და ამიტომ, ასეთი გაერთიანება შეიძლება მხოლოდ ანგარებაზე იყოს დამყარებული. სხვა შემთხვევაში, ამ ადამიანების ერთად თავმოყრა გოგა ხაინდრავას შეუძლებლად მიაჩნია.
„ეს არის ანგარება და იმედი, რომ რაღაც პირად კეთილდღეობას მიიღებენ. ანგარებაზე აწყობილი ურთიერთობა ძალიან სწრაფად თავდება. ჩვენ ამის მომსწრე ვართ „ვარდების რევოლუციის“ დროს ზუგდიდში, ზუსტად იგივე დაჯგუფებები, ოღონდ მაშინ შევარდნაძის მხარეზე გამოვიდნენ ზუგდიდის ცენტრში და ატეხეს სროლა. ქალებმა მათ ჩამოგლიჯეს ნიღბები და მთელ საქართველოს დაანახეს, რას წარმოადგენდნენ ისინი. ამდენად, ისინი ერთ ქალს ვერ მოერივნენ. ამის შემდეგ კი რვა წელი გავიდა და ამდენად, ეს არის დაჩაჩანაკებული, არაფრის მაქნისი ადამიანების თავყრილობა“, - აცხადებს ხაინდრავა.
მისი თქმით, მომავალი არჩევნებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ეუთოს გრძელვადიანი მისიის ჩამოსვლას, თუმცა ხაინდრავას თქმით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციის და არანაირად ხელისუფლების დამსახურება, რომ ეს მისია საქართველოში ჩამოდის. ხაინდრავას თქმით, ასეთი მისიის ჩამოსვლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი საზოგადოების განწყობა, ჩვენი საზოგადოების დამოკიდებულება არჩევნებისადმი, რადგან ვერცერთი მისია, და ვერც ერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, ვერც ერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი ვერ შეცვლის საქართველოს მოსახლეობის განწყობას და ვერ გააკეთებს არჩევანს ჩვენს მაგივრად.
გოგა ხაინდრავა აცხადებს, რომ ვითარება არის რთულიც და მარტივიც, რადგან საზოგადოებამ უნდა გატეხოს სააკაშვილი. სააკაშვილის გატეხვა კი მთელი ამ სისტემის ჩამოშლას ნიშნავს, რადგან ეს სისტემა რეალურად დგას ერთ კაცზე და სააკაშვილის გარეშე არავინ არაფერს წარმოადგენს.
„აი, ხომ ამბობენ, რომ ვანო ხერხემალია, ვანო ისეთივე ხერხემალია, როგორც მე ვარ ხელოვნური თანამგზავრი. ამიტომ როგორც კი სააკაშვილი აღარ არის, იმ წუთში მთლიანად სისტემა იშლება. ეს ჩვენ ვნახეთ „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ მაგალითზე, როდესაც გამსახურდიას გარეშე არავინ არაფერს წარმოადგენდა, ჩვენ ვნახეთ „მოქალაქეთა კავშირის“ მაგალითზე, რომელიც როგორც კი შევარდნაძე ჩამოშორდა, იმ წუთში ჩამოიშალა და დღეს არც არავის არ ახსოვს იგი. ზუსტად იგივე მოხდება ნაციონალურ მოძრაობასთან მიმართებაშიც“, - აცხადებს ხაინდრავა.
აქვე იგი აფასებს „ქრისტიან - დემოკრატების“ ინიციატივას, რომლითაც ევროკავშირის მოქალაქეს, რომელიც საქართველოშია დაბადებული და ათი წელი აქვს აქ ნაცხოვრები, საქართველოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება ეძლევა. ხაინდრავა ამ ინიციატივასთან დაკავშირებით სვამს კითხვას - რა დააშავეს ამერიკის, ავსტრალიის ან კანადის მოქალაქეებმა? გოგა ხაინდრავა გიორგი თარგამაძეს შტრეიკბრეხერს უწოდებს და ამბობს, რომ მისი პარტია თავიდანვე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შეიქმნა და ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ სააკაშვილის უკანონო ქმედებები „გააპრავოს“. აქვე ხაინდრავა აცხადებს, რომ ამერიკის კონსტიტუცია არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც შეიქმნა. საქართველოში კი კონსტიტუციას ლამის ყოველკვირეულად ცვლიან. მიუხედავად ამისა, ხაინდრავა დარწმუნებულია იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი არჩევნებში გაიმარჯვებს და ივანიშვილი პრემიერ - მინისტრი გახდება.
და ბოლოს, გოგა ხაინდრავა საუბრობს „ამომრჩეველთა ლიგის“ დანიშნულებაზე და ამბობს, რომ ეს ორგანიზაცია ითანამშრომლებს ყველა პოლიტიკურ სუბიექტთან, რათა ყველა ამომრჩევლის ხმა იყოს დაცული.
„ჩვენი გეგმით ყველა საარჩევნო უბანზე გვეყოლება სამი ათას შვიდასი დამკვირვებელი. ყველა უბანზე, ყველა რაიონში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში შევალთ, ყველას დაველაპარაკებით და ყველას ვეტყვით, რომ ჩვენ მანდ ვიქნებით და ჩვენ დავიცავთ მათ უფლებებს, დავიცავთ ზონდერებისგან, დავიცავთ უკანონობის ჩამდენებისგან დავიცავთ ყველა იმ ადამიანისგან, რომელიც არღვევს კანონს და თრგუნავს ქართველი ხალხის ნებას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ პოლიტიკურ წარმატებას ვერ მივაღწიეთ, უფრო სწორად მივაღწიეთ,მაგრამ ეს წარმატება უზურპირებილი და ძალით იყო მითვისებული. ჩვენ ვაჩვენეთ ბრძოლისუნარიანობა და მე ვფიქრობ, ნოემბერი-აპრილი მეტყველებს იმაზე, რომ ქართულ საზოგადოებას ჩვენი გარკვეული ნდობა აქვს. ბუნებრივია, რომ აქვს იმედგაცრუებაც, იმასთან დაკავშირებით რომ საბოლოო ჯამში ვერ მოვახერხეთ სააკაშვილის მოცილება, მაგრამ დროთა განმავლობაში, ურთიერთობა ჩვენსა და საზოგადოებას შორის იხვეწება. საზოგადოებამ იცის რაში უნდა გვენდოს და რაში არა“, - აცხადებს გოგა ხაინდრავა.