„მირჩევნია, ქვეყანა გადარჩეს და თუნდაც ჩემი ბიზნესი დაიღუპოს“

„მირჩევნია, ქვეყანა გადარჩეს და თუნდაც ჩემი ბიზნესი დაიღუპოს“

„საქართველო უფსკრულის პირასაა. ამას ყველა ხედავს. ბიძინა ივანიშვილს გააჩნია პოტენციალი, ვითარება შეცვალოს საქართველოში“, - ასეთია „მრეწველების“ ლიდერის გოგი თოფაძის პოზიცია. ამიტომაც დღეს ის ბიძინა ივანიშვილის გვერდითაა.

„ქართულ ოცნებაში“ „მრეწველების“ ოფიციალურ გაწევრიანებას ბიძინა ივნიშვილთან ექვსთვიანი მოლაპარაკება უძღოდა. თუმცა ასე გაჭიანურებული მოლაპარაკებების პროცესი სულაც არ ნიშნავს, რომ გოგი თოფაძე რაიმეს ყოყმანობდა. უბრალოდ, მას ახსოვდა, რომ ამ პროცესში იგი მარტო არ იყო და მის უკან ბიზნესი, ანუ საკუთარ თანამშრომელთა ოჯახები იდგა.

არ გამორიცხავს, რომ ჯერ სულ ახლახანს მიღებული გადაწყვეტილების გამო, შესაძლოა, მის ბიზნესს პრობლემები შეექმნას, მაგრამ Presage.tv-სთან საუბარში არ მალავს, რომ არჩევანი ქვეყნის გადარჩენასა და ბიზნესს შორის გააკეთა.

საბოლოო პოზიცია კი გუშინ ჩამოუყალიბდა, როცა კვლავაც მორიგი შეხვედრა გამართა „ქართული ოცნების“ ლიდერთან, ბიძინა ივანიშვილთან. ამას წინ უსწრებდა ბიძინა ივანიშვილის განაცხადი - კარგი იქნება, „მრეწველები“ ჩვენთან იყვნენო.

მას შემდეგ ორი ბიზნესმენი არაერთხელ შეხვდა ერთმანეთს, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებამდე ერთობლივად არ მივიდნენ.

„მეკითხებიან, რატომ გაჭიანურდა საკითხი. თავიდანვე რომ გამოაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, მოვდივარ პოლიტიკაშიო, იმავე დღეს ვთქვი, რომ მის გვერდით ვიქნებოდი. თუ აქამდე ეს არ გადაწყდა, იმიტომ, რომ კონკრეტული საკითხი იყო გადასაწყვეტი. მე ბიზნესმენი ვარ და თქვენ კარგად იცით, რა პრობლემების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს მსგავს სიტუაციაში ბიზნესი. ამიტომ გავმართე კონსულტაციები ჩემს თანამშრომლებთან, გუნდის წევრებთან, რეგიონულ წარმომადგენლებთან და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა კონსენსუსის საფუძველზე“, - აღნიშნა გოგი თოფაძემ.

„მრეწველთა“ ლიდერს ისიც გაცნობიერებული აქვს, რომ „ქართული ოცნების“ კოალიციაში შემავალ ძალებს, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით სრულიად განსხვავებული პოზიცია ჰქონდეთ, მაგრამ მათი მთავარი ამოცანა რეჟიმის შეცვლაა. განსხავავებულ ხედვას კი, როგორც გოგი თოფაძე ამბობს, ყოველთვის შეინარჩუნებს და ბოლომდე თავისი პრინციპების ერთგული დარჩება.

მაგალითად, ისევე, როგორც მთელი 15 წლის განმავლობაში, დღესაც იმეორებს, რომ ნატოში საქართველოს ინტეგრაციის წინააღმდეგია და მისთვის მიუღებელია, ავღანეთში ქართველი მეომრები იღუპებოდნენ. არც ნინო ბირჯანაძესთან დაკავშირებით იცვლის პოზიციას და „ქართულ ოცნებაში“ მის ლობისტად დარჩება, მაგრამ იმასაც აცნობიერებს, რომ ამ საკითხს კოალიციის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი თავად გადაწყვეტს.

გოგი თოფაძე იმედოვნებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, შეიქმნება კოალიციური ხელისუფლება, კოალიციური მთავრობა და, ასევე, კოალიციური პარლამენტი, რადგან ერთი პარტიული ორგანიზაცია სიკეთის მომტანი არასდროს იქნება.

რაც შეეხება ქდმ-ს ინიციატივას, ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მისანიჭებლად კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ, გოგი თოფაძე დარწმუნებულია, რომ ყოველგვარი ასეთი მცდელობების გარეშე ბიძინა ივანიშვილი მაინც მიიღებს საქართველოს მოქალაქეობას.

„მთელი დასავლეთი, ევროპა დაგვცინებს, რომ ასეთი კაცი, რომელმაც ამდენი რამ გაუკეთა ქვეყანას, საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დავტოვეთ. ამის შემდეგ როგორ შეხედავენ ქართველებს?“ - კითხულობს ბიზნესმენი და პოლიტიკოსი და დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს მოქალაქეობას ძალიან მალე დაუბრუნებენ. მეტიც, იძულებულნი გახდებიან, დაუბრუნონ.

Presage.tv ესაუბრება „მრეწველების“ ლიდერს გოგი თოფაძეს.

კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ შემავალ ძალებთან - “რესპუბლიკელებთან“, „თავისუფალ დემოკრატებთან“, „ეროვნულ ფორუმთან“ და სხვებთან თანამშრომლობა როგორ გესახებათ, მით უფრო, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომელზეც, შესაძლოა, ვერ შეჯერდეთ?

- რადგან კოალიციაში შევედით, სადაც მთავარი პერსონა გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და მისი გეგმა და პროგრამაა მთავარი, ცხადია, ამას ვეთანხმებდით. დანარჩენებთანაც გამოვნახავთ საერთო ენას. მართალია, შესაძლოა, გარკვეულ საკითხებთან მიმართებით განსხვავებული აზრი გვქონდეს, მაგრამ ყველასთვის საერთოა მთავარი მიზანი და ამ მიზნის ირგვლივ გავერთიანდით სუყველა. სულ ეს არის.

ახლახანს გავრცელდა ვახტანგ კომახიძის ინფორმაცია, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო ლიკვიდაციის საფრთხესთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლება არ ერიდება არანაირ პროვოკაციას და ყველა მეთოდით ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას, გამორიცხავთ, რომ ბიძინა ივანიშვილს პრობლემებს რეალურად შეუქმნიან და არა - მხოლოდ ვერბალურ, მუქარის სახით?

- ბიძინა ივანიშვილს ამას ვერ გაუბედავენ. ეყო ამ ხელისუფლებას, რომ მსგავსი ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს.

გულისხმობთ პატარკაციშვილს და სხვებს?..

- დიახ, და ამიტომ ვერ გაბედავენ ამას.

ვინ იქნება ბიძინა ივანიშვილის სიცოცხლის გარანტი?

- ამ მხრივ არაფერს ვფიქრობ, არ ვიცი, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ამას ვერ გაბედავენ.

თქვენ ახსენეთ, რომ მოლაპარაკებებს აწარმოებდით თქვენს რეგიონალურ ოფისებთან, რადგან არსებობდა საშიშროება, კოალიციაში გაწევრიანების შემთხვევაში, თქვენს ბიზნესს პრობლემები შექმნოდა. რა გარანტია გაქვთ, რომ კოალიციაში გაწევრიანების შემდეგ ამისგან დაზღვეული იქნებით?

- ამის არანაირი გარანტია არ არსებობს. რას უნდა ველოდო ამათგან? მოვლენ და მომეფერებიან?! მე მირჩევნია, ქვეყანა გადარჩეს და თუნდაც ჩემი ბიზნესი დაიღუპოს. როდესაც არჩევანი დადგა ჩემს წინაშე, რა თქმა უნდა, ქვეყნის გადარჩენა ვამჯობინე. ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ. სხვა გამოსავალი ახლა არ არის.

ხელისუფლება თქვენს ბიზნესს მუდმივად პრობლემას უქმნიდა. თავის დროზე, როდესაც თქვენ ქალაქის მერის პოსტზე წამოაყენეთ საკუთარი კანდიდატურა, ასეთი აზრიც არსებოდა, რომ გარიგება მოხდა.

- არანაირი გარიგება. ის, რაც არ უნდა გადამეხადა, მაინც არ გადავიხადე ჯიუტად იმიტომ, რომ თავადაც მიხვდნენ, რომ ეს სისულელე იყო.

იმ დროს თქვენ აცხადებდით, რომ თქვენს პრინციპზე დარჩით და თანხა არ გადაიხადეთ.

- დიახ, ძალიან ბევრი გადასახდელი დაგვიტოვეს, მაგრამ რა ვქნათ ახლა, მაგათ ვერ ვერევით. რამდენი სასამართლო იყო, რამდენი სადავო კომიტეტი შედგა, მაგრამ არანაირი შედეგი... ამიტომ ვლაპარაკობ, რომ საქართველოში სასამართლო წარმოუდგენელია. დემოკრატიაზე როდესაც ვსაუბრობთ, პირველი რიგში, სასამართლოს ობიექტურობა უნდა იყოს, რაც ნამდვილად არ არის საქართველოში.

ერთხელ აღნიშნეთ, რომ კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გასაწევრიანებლად ნინო ბურჯანაძეს ლობირებას გაუწევდით. რა დაინახეთ ნინო ბურჯანაძეში ისეთი, რითაც შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს გადააფიქრებინოთ მის მიმართ ერთხელ უკვე ჩამოყალიბებული პოზიცია?

- ეს ბიძინას გადასაწყვეტია. ერთი რამ ვიცი, ნინო ბურჯანაძე ამ ხელისუფლებას არ შეეთამაშება, ისე, როგორც ჩვენ გვყავს ბევრი ფსევდოოპოზიციური პარტია, რომელთა შესახებაც თქვენ ჩემზე უკეთ იცით. ეს დიდი პლუსი აქვს ნინოს, ამიტომ მე გამოვაცხადე და ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, ნინო ბურჯანაძე „ქართულ ოცნებაში“ ყოფილიყო. დანარჩენი ბიძინამ გადაწყვიტოს.