ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ იმაზე მეტი კომპრომისული გადაწყვეტილება დაუგროვდა, ვიდრე მთლიანად მთელი თავისი მოღვაწეობის განმავლობაში. მისი დათმობები ძირითადად საარჩევნო გარემოს უკავშირდება. ზოგიერთისთვის ეს აღიქმება როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ მარცხი, ზოგისთვის იმისი მიმანიშნებელია, რომ ის ძალაუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებს.
ზოგიერთი ექსპერტი და პოლიტიკოსი იმასაც ფიქრობს, რომ სააკაშვილმა საკუთარ ამომრჩეველს, საკუთარ სახელისუფლებო ვერტიკალს და ჩინოვნიკებს ყოველ წუთს უნდა უმტკიცოს, რომ მის სიძლიერეს ჩრდილი არ მისდგომია და სულაც არ აპირებს იმ აკრძალული წესებით ბრძოლაზე უცებ თქვას უარი, რა წესებითაც უკვე 8 წელია მართავს ქვეყანას.
რა არის სააკაშვილის კომპრომისების მიზეზი და რისთვის სჭირდება იმ არადემოკრატიული გადასწყვეტილებების დემონსტრირება, რომელზეც რიგრიგობით უწევს უარის თქმა, ამ თემაზე მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძე გვესაუბრება.
როდესაც იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით, მეორე დღეს ყველა ელოდებოდა ოფიციალურ უარს სააკაშვილისგან. მოგვიანებით ითქვა, რომ საჯარო რეესტრის უარყოფთი დასკვნის შემთხვევაში დოკუმენტზე პრეზიდენტის ხელმოწერა საჭირო აღარ იყო. დარჩა შთაბეჭდილება, რომ თითქოს ამით სააკაშვილმა პირდაპირ უარის თქმას თავი აარიდა...
- არ ვიცი, ეს იურიდიული ნორმა იყო თუ არა ჩადებული, მაგრამ თავისთავად, მოქალაქეობის მიცემა რომ კანონის დარღვევა იქნება და ამის გამო, რომ კონსტიტუცია იცვლება, ეს რა თქმა უნდა, არის აბსურდი. გამოდის, რომ ფაქტობრივად, ერთი ადამიანისთვის იცვლება კონსტიტუცია, რაც კონსტიტიციის არსსა და სულისკვეთებას აზარალებს. გარდა ამისა, მათ ლოგიკასაც რომ გავყვეთ, ფაქტობრივად, მაინც აბსურდი გამოდის. გამოდის, რომ ადამიანი შეიძლება იყოს პარლამენტის წევრი, მას ამის საშუალებას აძლევს კონსტიტუცია და ამ დროს, მოქალაქეობას არ აძლევ. შეიძლება ადამიანი გახდეს პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და მაინც ვერ გახდეს მოქალაქე.
კონსტიტუციის შეცვლა ისეთი პრეცედენტია, რომ აქ უკვე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ რაღაც საკითხებზე.
რატომაც ჩამოართვეს ივანიშვილს მოქალაქეობა, ყველასათვის ცხადია, ამითი მისი პოლიტიკური პროცესებიდან ჩამოცილებას ცდილობდნენ, თუმცა საბოლოოდ ასეთი სურათი, მივიღეთ, რომ იუსტიციის სამინისტრომ უარი თქვა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭებაზე. „სამაგიეროდ ნაციონალურმა“ მოძრაობამ ანუ, პირადად სააკაშვილმა სასწრაფოდ მხარი დაუჭირა ქდმ-ს ინიციატივას და ივანიშვილის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის კონსტიტუცია იცვლება. რას ნიშნავს ეს ზურაბ ადეიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის უთანხმოებაა, და რაზეც უარი თქვა ადეიშვილმა ის სააკაშვილმა სხვა გზით მაინც გააკეთა?
- ყველაფერი არის ძალიან მარტივად, ხელისუფლებამ ერთი მხრივ პრინციპულობა შეინარჩუნა და მოქალაქეობა არ მისცა ივანიშვილს, მეორე მხრივ, კონსტიტუციის შეცვლით იგივე შედეგისკენ მიდიან.
რა მოხდა და როგორ მოხდა, ეს ცალკე მსჯელობის საგანია და ალბათ, საზოგადოება იმსჯელებს, რატომ მოხდა ასე ეს ზეწოლის ბრალი იყო თუ რასთან გვქონდა საქმე. ცოტა ხნის წინ ხელისუფლება თავის კვლევებზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ივანიშვილი იყო ურეიტინგო პოლიტიკოსი, რომელსაც სულ რაღაც 10 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს, რომ ეს არის „გაზრპრომის“ წარმომადგენელი, პუტინის ნების აღმსრულებელი, ქვეყნის წარსულში დამბრუნებელი.
იმ ადამიანისთვის, რომელიც საქართველოს მოქალაქეც კი არ არის, კონსტიტუცია იცვლება და ამბობენ, რომ მას უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის საშუალება. თუ ეს ყველაფერი, რასაც ცოტა ხნის წინ ამბობდნენ, მართალი იყო, მაშინ საკითხავია, რატომ უნდა მიეცეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის უფლება? როგორც ჩანს, აქ სხვა ძალები არიან ჩართული და რაღაც ისეთი ხდება კულისებს მიღმა, რასაც ჩვენ კარგად ვერ ვხედავთ.
დასავლეთის ზეწეოლას გულისხმობთ?
- ჩვენივე ხელისუფლების სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩინეთი, კორეა ან სინგაპური ნამდვილად არ იქნებოდა, რუსეთიც არ იქნებოდა, იქიდან გამომდინარე, რა დამოკიდებულებაც აქვს ჩვენს ხელისუფლებას რუსეთთან და - რჩება ამერიკა.
ძალიან საინტერესო იქნებოდა, ვინმეს აეხსნა, ისე კი არა, როგორც ლაპარაკობენ, რომ თითქოს ძალიან აინტერესებთ ბიძინა ივანიშვილი არათანაბარ კონკურენტულ გარემოშია თუ არა, არამედ დამაჯერებლად. ეს არავის არ აწუხებდა თვეების განმნავლობაში და მითუმეტეს, რატომ უნდა შევუქმნათ თანაბარი პირობები, თუ ის პუტინის და „გაზპრომის“ კაცია? ასე შეიძლება, რუსეთში სხვამაც მოინდომოს კონკურენტული გარემოს შექმნა. თეთრი ძაფით ნაკერია და ბუნებრივია, აქ დასავლეთის ძალები იყვნენ ჩარეული.
თუ მიაქციეთ ყურადღება, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აბა გაბედოს და არ აღმიდგინოს მოქალაქეობაო. შემდეგ დღეებს ვითვლიდით, ერთი დღე იყო დარჩენილი, როდესაც ხელისუფლებამ განცხადება გააკეთა მოქალაქეობასთან დაკავშირებით და მეორე დღესვე გაჟღერდა ეს ინიციატივა, რომელიც იურიდიული და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს და საერთოდ, კომიკურია. როგორც ჩანს, ეს გზა ამჯობინეს ვიდრე მოქალაქეობის მიცემა.
თუ მაინც დათმობას აპირებდა, ხომ შეიძლებოდა სააკაშვილს პირდაპირ მიეცა მოქალაქეობა ივანიშვილისთვის და ამ საკითხს ასეთი აურზაური არ გამოეწვია, ბოლოს და ბოლოს, „ქართულ ოცნებას“ ხანგრძლივი პიარისთვის თემას მაინც არ მისცემდნენ.
- თითქოს, ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცას თმობენ, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას დემოკრატიულობასთან არ აქვს არანაირი კავშირი და ეს არის თითოეული მოქალაქის შეურაცხყოფა, ფაქტობრივად, ქვეყანას თავზე გადააფხრიწეს კონსტიტუცია. ერთი ადამიანიასთვის, ვინც არ უნდა იყოს ის, კონსტიტუციის შეცვლა არ შეიძლება და ხელისუფლებამ ფაქტობრივად, ბიძინა ივანიშვილი დააყენა რაღაც განსაკუთრებულ მდგომარეობაში თითქოს, ის მონარქი, ან განსაკუთრებული მდგომარეობის კაცია. თუმცა, ცოტა ხნის წინ ამტკიცებდნენ, საპირიოსპიროს, მაგრამ ამ კონსტიტუციის შეცვლით აღმოჩნდა, რომ ის არაჩვეულებრივი ადამიანია.
ამ ცვლილებით მას არათანაბარ მდეგომარეობაში აყენებენ იგივე საქართველოს მოქალაქეებთან, ვის გამოც კონსტიტუცია არ იცვლება, მითუმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის საქართველოს მოქალაქე. მეტიც, ინფორმაცია მომაწოდეს, რომელსაც ვენდობი, ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოში დაიბადა, ევროკავშირის მოქალაქეა და ბოლო 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, სულ ოთხი ადამიანია. ჩვენ კი ვიცით, რომ სინამდვილეში ერთი ადამიანისთვის ხდება, მაგრამ გამოდის, რომ ამ ოთხი ადამიანისთვის შეუცვლიათ კონსტიტუცია. ერთი და ორი ადამიანისთვის რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს, ამაზე მსჯელობა და ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლება.
შეხედეთ აშშ-ს კონსტიტუციას, 200 წელია აქვთ კონსტიტუცია და სულ 28 ცვლილებაა შეტანილი. ჩვენთან მგონი გადააჭარბა ერთ ასეულს და ეს უკვე კონსტიტუციაც აღარ არის თავისი არსით. უკვე ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოითხოვოს, ჩემი გულისთვისაც შეცვალეთ კონსტიტუციაო.
თუმცა, როდესაც ბოლოს შეიცვალა კონსტიტუცია, მაშინ ამბობდნენ, რომ ეს იყო ისეთი სრულყოფილი კანონი, რომელსაც შეცვლა აღარ დასჭირდებოდა...
- კონსტიტუციაში ხშირი ცვლილება თუ ის კანონისა და ლოგიკის დაცვით მიმდინარეობს, მაშინაც კი ძალიან მძიმეა და ძალიან კარგი დაფიქრება უნდა. მითუმეტეს, როდესაც ხდება კონსტიტუციის ფაქტობრივად, აბუჩად აგდება (ამას სხვა არაფერი ჰქვია, რადგან ამბობენ, რომ ერთ ადამიანს უნდა შეუქმნან ნორმალური საარჩევნო გარემო), ვინ კითხავთ მათ, და ვინ მისცა ამისი უფლება, რომ ერთი ადამიანის გამო, მთელ ქართველ ერს კონსტიტუცია თავზე გადააფხრიწონ, საიდან გადაწყვიტეს, რომ მათ ამისი უფლება ჰქონდათ?
პირველად, „ნაციონალური მოძრაობის“ ისტორიაში, გარკვეული პოლიტიკური ძალის, ამ შემთხვევაში „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ მას უწევს დათმობებზე წასვლა. ავიღოთ თუნდაც კანონი პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ, სადაც ხელისუფლებამ მნიშვნელოვნად დათმო. ბოლო დროს ამ დათმობებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო, მაგრამ ხელისუფლება მაინც აგრძელებს მისთვის ჩვეული ვოლუნტარისტული ინიციატივების დემონსტრირებას, ეს „ნაცმოძრაობას“ საკუთარი ამომრჩევლისთვის ხომ არ სჭირდება იმის საჩვენებლად, რომ ის უკომპრომისოა და ყველა მეთოდით იბრძოლებს გამარჯვებისთვის?
- როგორც ჩანს, ისინი არ აპირებდნენ მოქალაქეობის აღდგენას, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ იძულებულები გახდნენ, კონსტიტუცია შეეცვალათ. ნებისმიერ სხვა შემთხვევაშიც, ისინი სულაც არ აპირებდნენ დათმობას და ხდება ისე, რომ თმობენ.
როგორც ჩანს, ეს ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდის, მაგრამ ჩვენ ამას არ გვეუბნება, თუმცა ამის გამოვლინენებს ვხედავთ. ვნახეთ, რომ რაღაც წერილი „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა, ხან ელჩი გამოდის, ხან რაღაც კომენტარები კეთდება და როგორც ჩანს, საერთასორისო საზოგადოება აიძულებს ამ ხელისუფლებას, რომ რაღაც გადაწყვეტილებები მიიღოს და როგორც ჩანს, ერთ-ერთია კონსტიტუციის შეცვლა, რომელმაც ჩაანაცვლა მოქალაქეობის მინჭება, თუმცა, ძალიან ცუდი ფორმით.