სამეგრელოს შემდეგ შეიარაღებული დაჯგუფებები უკვე კახეთშიც იქმნება

სამეგრელოს შემდეგ შეიარაღებული დაჯგუფებები უკვე კახეთშიც იქმნება

დასავლეთ საქართველოს შემდეგ შეიარაღებული ფორმირებები უკვე კახეთში იქმნება. ამის შესახებ ინფორმაციას პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.

„თავდაცვის სამინისტროს თელავის რეგიონალური სამსახურის თანამშრომელი ინგა პავლიაშვილი სოფელ ზემო ქედში აგროვებდა და წერდა ერთკვირიან რეზერვისტთა სიას განურჩევლად ასაკისა. კურსების გავლის შემდეგ, როგორც სამინისტროს წარმომადგენელი მოსახლეობას დაჰპირდა, მათ იარაღი დაურიგდებოდათ. მოსახლეობამ ვერ მიიღო კონკრეტული პასუხი, თუ რა მიზნით ხდება აღნიშნული ფორმირებების ჩამოყალიბება“, - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცლებულ განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ამგვარ ეჭვებს მოსახლეობაში ის გარემოებაც აძლიერებს, რომ ხელისუფლება არ აკეთებს კონკრეტულ განმარტებებს დასავლეთ საქართველოში შეიარაღებული ფორმირებების შექმნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე. მოგეხსენებათ, ირაკლი ალასანიას მიერ გავრცელებულ ამ ინფორმაციას ხელისუფლების მხრიდან ცინიკური განცხადებები მოჰყვა. ამასთანავე, არავინ უარჰყო, რომ შეიარაღებული ადამიანები სამეგრელოში მართლაც არსებობენ, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ეს ჩვეულებრივი რეზერვია. ამასთანავე, უშიშროების საბჭომ გამოაქვეყნა ის ინფორმაცია, რომელიც მას ირაკლი ალასანიამ გაუგზავნა.

ამ დოკუმენტში იყო ჩამონათვალი იმ პირების, რომლებზეც ირაკლი ალასანია საუბრობდა, ასევე მათი დისლოკაციის ადგილები და ხელფასები. უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ კი განაცხადა, რომ ეს ოფიციალურ ძალოვან უწყებებში დასაქმებული ადამიანების სიაა.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში იყვნენ ასევე ნასამართლევი ადამიანებიც, რამაც თავისთავად გააჩინა კითხვა, როგორ მოხვდნენ ნასამართლევი ადამიანები ძალოვან უწყებებში. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, ყველაფერი ეს თავისთავად ძალიან ბევრ კითხვას ბადებს მოსახლეობაში და ამ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემისთვის ხელისუფლებიდან თავს არავინ იწუხებს. სწორედ ამიტომაც არის, რომ ნებისმიერ ამგვარ აქტივობასთან დაკავშირებით საზოგადოება შეშფოთებულია.

კახეთში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, presage.tv „თავისუფალი საქართველო“-ს კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი მოსიაშვილს ესაუბრა.

გიორგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა (უფრო სარეზერვო სამსახურის თანამშრომლებმა) რამდენიმე სოფელში გამართეს შეხვედრები. ამ შეხვედრების დროს ისინი მოსახლეობას უხსნიდნენ, რომ სარეზერვო სამსახური უნდა შეიკრიბოს. მოსიაშვილის თქმით, მოსახლეობის კითხვაზე, თუ რას ემსახურება ამ რეზერვის შექმნა, მაინცდამაინც ნათელი პასუხი არ მიუღიათ.

„ამ შეხვედრაზე ადამიანებს უთხრეს, რომ თუ ქვეყანას დასჭირდებოდა სარეზერვო სამსახური, ამ შემთხვევაში იქნებოდა გამოყენებული ეს რეზერვი. დაისვა საკითხი, რომ ამ ადამიანებს ჩაუტარდებოდათ წვრთნა და ამ წვრთნის შემდეგ იარაღსაც კი დაურიგებდნენ. ეს ძალიან საშიში ტენდენციაა.“ - ამბობს გიორგი მოსიაშვილი presage.tv -სთან საუბარში.

მისი თქმით, ანალოგიური შეხვედრა გაიმართა თელავის რაიონის სოფელ აკურაშიც. ეს იყო ზეპირი გასაუბრება და შეკრებილ მოსახლეობას უთხრეს, რომ იმ ჯარისკაცებს, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გაწყვიტეს და სამინისტროსგან ჯარიმები აქვთ დაკისრებული, ამ ერთკვირიანი სარეზერვო შეკრების შემდეგ მოეხსნებოდათ ეს ჯარიმები.

მოსიაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა დაბნეულია, რადგან რაღაც არარეალურად ჟღერს, რომ ამგვარი რეზერვი შეიძლება დასჭირდეს სოფლის ან მუნიციპალიტეტის დაცვას.

კითხვაზე, თუ რის მიხედვით შეირჩა ამ შეკრებებზე დაბარებული მოსახლეობა და სად შედგა ეს შეკრებები, გიორგი მოსიაშვილი პასუხობს:

„ერთი კონკრეტული ადამიანი, ან ერთი ჯგუფი კი არ დადის. ამას აქვს სხვადასხვა სამსახურებიდან მოსული წარმომადგენლების მოსახლეობასთან შეხვედრის სახე. სოფელ აკურაში, მაგალითად, ჩვენმა პარტიის წევრმა შემატყობინა, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მივიდა ვინმე ზაზა და განუცხადა, რომ ასეთი სარეზერვო შეკრებები უნდა გაიმართოს. ეს ზაზა კითხულობდა, ვინ მოისურვებდა ასეთ შეკრებაში მონაწილეობის მიღებას. დედოფლისწყაროსთან დაკავშირებით, ჩვენმა ადგილობრივი ორგანიზაციის წევრმა მითხრა, რომ შეხვედრა გაიმართა ზემო ქედში და იქაც უთხრეს ადგილობრივებს, რომ განურჩევლად ასაკისა ნებისმიერს შეუძლია ჩარიცხვა და ვინც ამ სამსახურში ჩაირიცხებოდა, მათ ექნებოდათ გარკვეული პრივილეგიები, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, ანუ თავდაცვის სამინისტროს მიერ დაკისრებული ჯარიმების გაუქმება“, - ამბობს გიორგი მოსიაშვილი.

მისი თქმით, ამ შეკრებებს ჰქონდა გასაუბრების ხასიათი. მოსიაშვილი ვარაუდობს, რომ, როგორც ჩანს, ჯერ ადგენენ სიებს და შემდეგ დაუკავშირდებიან ამ სიებში ჩაწერილებს და ალბათ, უფრო რეგიონის ცენტრში, ანუ თელავში გაივლიან ეს ადამიანები წვრთნებს.

Presage.tv დაინტერესდა გამოჩდნენ თუ არა მოხალისეები, რომლებსაც სურთ ამგვარ წვრთნებში მიიღონ მონაწილეობა. ამაზე მოსიაშვილმა გვიპასუხა:

„აკურის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ მოსახლეობა ძალიან სკეპტიკურად მიუდგა ამ საკითხს და თავი შეიკავა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის არავის გამოუთქვამს ამ სამსახურში ჩაწერის სურვილი.“

Presage.tv-სთან საუბარში გიორგი მოსიაშვილმა ისიც თქვა, რომ ეს ორი შემთხვევა მათ პარტიას გადამოწმებული აქვს, მაგრამ „თავისუფალ საქართველო“-ს ასევე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ახმეტის რაიონის სოფელ ზემო ალვანშიც ჩატარდა მსგავსი შეკრება, თუმცა, ვინაიდან, ამჟამად, მოსიაშვილი ამ ინფორმაციის გადამოწმების პროცესშია, ამ შეკრებასთან დაკავშირებით რამის თქმა დაბეჯითებით არ შეუძლია.

Presage.tv დაინტერესდა, რატომ ფიქრობენ „თავისუფალ საქართველო“-ში, რომ ეს შეიძლება იყოს უკანონო ფორმირებები.

„მოგეხსენებათ, ადრე სამხედრო სამსახურში გაწვევას ახდენდა კომისარიატი. დღეს კი ყველა მუნიციპალიტეტში არის გაწვევის სამსახური, რომელსაც შეუძლია ადამიანებს გაუგზავნოს გაწვევის წერილი და დაადგინოს, სურს თუ არა ვინმეს რეზერვში წასვლა. რეალურად კი, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ხდება. ლოგიკურია ჩნდება ეჭვი, რომ ეს ხდებოდეს კანონის გვერდის გავლით, რადგან ასე რომ არ იყოს, ასეთ შემთხვევაში, არც მოსახლეობას სჭირდება ზედმეტი განმარტებები და არც სოფელ-სოფელ სიარული. არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ შეიძლება ხელისუფლება ცდილობს ამ ქმედებით რაღაც დაძაბულობა და შიში დათესოს მოსახლეობაში. საფუძველს არ არის მოკლებული ჩვენი ეჭვი, რომ ეს ყველაფერი კანონის გვერდის ავლით ხდება.

ალბათ, რაღაც დონეზე ეს არჩევნებსაც უკავშირდება. ყველამ კარგად ვიცით, რომ შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებსაც ხელისუფლება რეზერვს უწოდებს, უკვე არსებობს დასავლეთ საქართველოში. როგორც ჩანს, ახლა ეს ტენდენცია კახეთსაც გადმოედო. მოსახლეობაში ნამდვილადა არის გარკვეული დაბნეულობა, რადგან მათ არ განუმარტეს, რომელი კანონის რა ნორმით იწვევენ მათ ამგვარ სარეზერვო სამსახურში“, - ამბობს გიორგი მოსიაშვილი.