კოალიცია „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ადიკო ივანიშვილის კადრის - კოტე შარაშენიძის დანიშვნამ ოზურგეთელი ოპოზიციონერები გააღიზიანა. განსაკუთრებული კრიტიკა კი, თავად ადიკო ივანიშვილს ერგო, რომელიც, ოზურგეთელი ოპოზიციონერების განცხადებით, პოლიტიკაში ჩაუხედავი პიროვნებაა და კადრების დანიშვნაში მონაწილეობას არ უნდა იღებდეს. აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ რეგიონალური პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი მამუკა არეშიძე ადიკო ივანიშვილს სწორედ კადრების შერჩევის გამო გაუნაწყენდა.
ადიკო ივანიშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ არეშიძეს არ იცნობს და მან არასწორი ინფორმაცია გაავრცელა:
- მამუკა არეშიძეს საერთოდ არ ვიცნობ. მასზე ძალიან ნაწყენი ვარ. ერთ-ერთი მედიასაშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მე წერილი გავუგზავნე და ის ჩემი მეგობარია. არადა, არც ერთი გამონათქვამი არ შეესაბამება სიმართლეს. თუ ვინმემ მართლა მიუტანა ჩემგან წერილი, ამხელა კაცმა როგორ არ გადაამოწმა? _ გვითხრა ადიკო ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ არც პოლიტიკაში ერევა და არც კადრებს ნიშნავს (?!).მამუკა არეშიძე ამბობს, რომ ინტერვიუ გაზეთში არასწორად გავიდა:
- მე ადიკო ივანიშვილს არა თუ არ ვიცნობ, თვალითაც კი არ მინახავს არასოდეს. ეს შეცდომა დაუშვა ერთმა ჟურნალისტმა, ჩემმა მეგობარმა კაცმა, რომელსაც სიტყვა-სიტყვით ვუთხარი შემდეგი: ჩემთან მოვიდა ჩემი მეგობარი _ ადიკო კი არ არის ჩემი მეგობარი, ჩემი მეგობარი მოვიდა,-მეთქი, რომელმაც მითხრა, რომ ადიკოსგან იყო გამოგზავნილი. მხოლოდ ეს მითხრა _ არავითარი წერილი არ მოუტანია. მაშინ დავამთავრე ამ ადამიანთან საქმიანი ურთიერთობა. ეს იყო პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე _ ხომ არ ერევა ადიკო შენ საქმეებშიო.
- არ ერევა ადიკო ივანიშვილი თქვენს საქმეებში?
- მე ხომ აღარა ვარ იქ.
- როცა იყავით?
- ამ ერთი შემთხვევის გარდა, არ ყოფილა მსგავსი რამ. თანაც, ის კაცი, რომელიც იყო მოსული, ახლა არ არის პოლიტიკაში.
- ორი დღის წინ, ადიკო ივანიშვილმა დაგვიდასტურა, რომ „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად მისი კადრი - კოტე შარაშენიძე დაინიშნა.
- არ ვიცი. ჩემთან არ ყოფილა კოტე შარაშენიძე და საერთოდ - ჩვენ სხვა პიროვნება გვყავდა გათვალისწინებული.
- ვინ იყო თქვენი კანდიდატურა?
- ნუ ჩავაგდებთ იმ ადამიანს უხერხულობაში. მე უკვე ერთი თვეა, ამ საქმიანობიდან გასული ვარ.
- რა იყო თქვენი წამოსვლის მიზეზი?
- ჩემი წამოსვლის უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ დროებით ვაკეთებდი ამ საქმეს. მე მაბარია რეგიონული პოლიტიკის და ეროვნული უმცირესობების მიმართულება საზოგადოებრივ მოძრაობაში და არა პოლიტიკურ პარტიაში. რადგანაც რეგიონული პოლიტიკა მებარა, დავიწყეთ რეგიონული სტრუქტურების კეთება საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, მაგრამ როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობის ოფისები აღარ გაიხსნა და პირდაპირ გადავიდა გაერთიანებულ შტაბებზე, ჩემი ფუნქცია ამოიწურა. მე მხოლოდ ფუნქცია ამომეწურა, თუმცა, ისევ საზოგადოებრივ მოძრაობაში ვარ და რეგიონული პოლიტიკისა და ეროვნული უმცირესობების თემატური ჯგუფის ხელმძღვანელი ვარ.
- ბატონო მამუკა, კოალიციის ახალდანიშნულ კადრებთან დაკავშირებით რას გვეტყვით? გურიაში მათ მიმართ უკმაყოფილებაა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ამ ადამიანებს შეუძლიათ „ქართული ოცნების“ გეგმების გახორციელება?
- უკმაყოფილების საფუძველი მეც მაქვს ბევრ კონკრეტულ შემთხვევაში. ვფიქრობ, რომ ზოგან არ არიან ისეთი ადამიანები, როგორებიც უნდა იყვნენ - უკეთესი ვარიანტიც იყო. ზოგან ნაჩქარევი გადაწყვეტილებაა მიღებული და ზოგ შემთხვევაში, ეტყობა, პარტიებმა საკუთარი პოზიციის დაცვა მოინდომეს და დანიშნეს მათი წარმომადგენელი, რომელიც არაფრით არ ჯობია ადგილობრივ კადრს, ოღონდ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს.
- ამით ვინ ზარალდება?
- საქმე.
- ეს ყველაფერი თუ იცის ბიძინა ივანიშვილმა?
- მე არ ვიცი, იცის თუ არა, ამ თემაზე მასთან საუბარი არ მქონია. ერთადერთი, რაზეც მე მქონდა საუბარი, არის ის რეგიონები, სადაც ეროვნული უმცირესობები არიან დომინანტური, მაგრამ ჯერ იქ არსად არ არის დანიშნული კადრები. განსაკუთრებით სამცხე-ჯავახეთს ეხება ეს. რაც შეეხება ქვემო ქართლს, რამდენადაც ვიცი, მხოლოდ მარნეულში დანიშნეს ხელმძღვანელი.
- გურიაში დანიშნულმა კადრებმა განხეთქილება გამოიწვია შიდა ოპოზიციურ სპექტრში - კოალიციაში შემავალი პარტიები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. საკმაოდ დაძაბული სიტუაციაა ოზურგეთში, კოტე შარაშენიძის დანიშვნის გამო.
- კოტე შარაშენიძის თაობაზე არაფერი არ მსმენია ინფორმაცია ჩემამდე არ მოსულა. მივიჩნევ, რომ ბევრ ადგილზე სხვა კადრი უნდა ყოფილიყო. დასავლეთ საქართველოში ნაკლებად - აღმოსავლეთზე უფრო მეტი ინფორმაცია მაქვს, რადგან ეროვნული უმცირესობებით დასახლებული ადგილები აქეთ უფრო მეტია. საწყენია, რასაკვირველია. აქტივთან საუბრის დროს, ბიძინა ივანიშვილს ნათქვამი აქვს, რომ იმ შემთხვევაში, თუ კი დაინახავს, ადამიანები ვერ ართმევენ საქმეს თავს, რაც იწვევს დაძაბულობას; ოფისი არის ღია და იქ ადამიანები არ შედიან, ამით დადასტურდება, რომ ის კონკრეტული პიროვნება ვერ მუშაობს და მას აუცილებლად შეცვლის.
- ამ კადრების შეცვლა შესაძლებელია?
- რასაკვირველია. მე ვიცი რამდენიმე რაიონი, რომელსაც ახლა არ ჩამოვთვლი, სადაც მივიდნენ ჩვენები სხვადასხვა მიზეზებით და ნახეს, რომ ოფისის ხელმძღვანელი მარტო იჯდა, სხვა არავინ იყო.
ეს ძალიან ცუდია. გურია პოლიტიზირებულია და ადამიანები, რომლებიც აქტიურები არიან პოლიტიკაში, ნებისმიერ პასიურობას და ნებისმიერ ნაბიჯს, თბილისიდან იქნება თუ ადგილებიდან, არ მიიღებენ, თუ ძირითადი მასისთვის არ იქნება მისაღები.